ისტორიაპოლიტიკა

ამერიკის სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ 9 აპრილის ტრაგედიას

თუკი ჩვენ ცოცხლები გადავრჩით საბჭოთა ციხეებში, სწორედ ამერიკის დამსახურება იყო


ტრაგედიიდან 27 წლის თავზე, 2016 წელს,  IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) პირველად გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს შეეხება.

ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული ეს დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს და იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ მაშინდელ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარდგენილ ცნობებს.
როგორც საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, აშშ-ის ჩინოვნიკები ვაშინგტონს ინფორმაციას აწვდიან საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში არსებული განხეთქილების თაობაზე. ერთ-ერთ საინტერესო დოკუმენტად გამოყოფილია ქართველ დისიდენტს,ზვიად გამსახურდიასა და ლენინგრადში მოღვაწე შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცერს შორის გამართული დიალოგი, სადაც ზვიად გამსახურდია ღიად აკრიტიკებს იმდროინდელ საბჭოთა მთავრობას, პრეზიდენტ გორბაჩოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს, ორივეს საქართველოს მტრებად მოიხსენიებს და საუბარს იწყებს იმით, რომ „ქართველებს საფრთხე ემუქრებათ ბოროტების იმპერიისგან, რომელიც ცდილობს, მათი გენოციდი მოაწყოს“.
დოკუმენტების თანახმად, გამსახურდია ითხოვდა, შესრულებულიყო საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა – გაეროს ექსპერტების მიერ 9 აპრილის მოვლენების შესწავლის შესახებ, რადგან მთელი თბილისი მოწამლული იყო 9 აპრილს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით. იგი იმედოვნებდა, რომ აშშ-ის კონგრესი დაინტერესდებოდა და გამოგზავნიდა საგამოძიებო კომისიას თბილისში; ასევე, იმედოვნებდა, რომ აშშ-ის კონგრესი საქართველოს სსრკ-ის მიერ უკანონოდ ანექსირებულად აღიარებდა.
საინტერესოა ისიც, რომ აშშ-სთვის მიწოდებულ ანალიტიკურ მასალებში ქართველ დისიდენტებს ნაციონალისტებად მოიხსენიებდნენ.
გრძნობდნენ თუ არა ქართველი დისიდენტები ამერიკის თვალს იმ წლებში? რა შეიცვლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუკი ამერიკელები უტყუარ ინფორმაციას მიიღებდნენ პირველწყარო საქართველოდან და არა- საბჭოთა ან საერთაშორისო პრესის მიერ წარდგენილი ცნობებიდან? უღირდა კი იმ წლებში დასავლეთს საქართველოს დაცვა იმ ფასად, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთთან მიმართებით?

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი დახურული სივრცე იყო აშშ-ის ნულის ტოლფასი აგენტურით. შესაბამისად, ამერიკელებს არ ჰქონდათ მოვლენებზე საკუთარი თვალით დაკვირვების შესაძლებლობა.

ისინი მხოლოდ იმ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომელსაც მედია ავრცელებდა, ან დისიდენტები გადასცემდნენ. თუმცა აშშ-ს უფრო მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა საქართველოსთან მიმართებით, სურათი მაინც არ შეიცვლებოდა, რადგან ამერიკელებს არ ჰქონდათ ბერკეტები, ანუ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა.
„ამერიკელებს არც დღეს გააჩნიათ რეალური ბერკეტები, მით უმეტეს, მაშინდელ დახურულ სივრცეში საერთოდ არ ჰქონდათ რეალური ბერკეტი ჩვენს შიდა ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად და ამ პროცესებში ჩასართავად. უბრალოდ, მათ შეეძლოთ, გარედან მოეხდინათ ზეწოლა საბჭოთა ხელისუფლებაზე და ამას ახორციელებდნენ კიდეც, როცა საბჭოთა კავშირის დანაშაულებრივი ქმედებების შეზღუდვაში ეფექტურ მონაწილეობას ღებულობდნენ. საქართველოს ეროვნული მოძრაობისთვის ეს უდიდესი დახმარება იყო.
აშშ იყო ერთადერთი, რომელიც საბჭოთა კავშირისგან ჩვენი სიცოცხლის დაცვას მოითხოვდა, როცა ჩვენ, ახალგაზრდა დისიდენტებს, 1978-ში, 1981-ში ან 1983-ში გვიჭერდნენ. თუკი ჩვენ ცოცხლები გადავრჩით საბჭოთა ციხეებში, სწორედ ამერიკის დამსახურება იყო. ამერიკელებმა აიძულეს გორბაჩოვი, შეემცირებინა დაჭერები, დარბევები. ჩვენი დიდი ძალისხმევა იყო, 9 აპრილს გადაღებული ვიდეომასალა გაგვეშვა დასავლეთში. ვინც ეს მასალა გაიტანა, სიცოცხლის რისკის ფასად გააკეთა ეს საქმე“, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ და განმარტა, რომ 1991 წლისთვის ამერიკა დახმარებას შეპირდა საქართველოს ხელისუფლებას, თუკი საქართველოშიც განხორციელდებოდა ისეთივე რეფორმები, როგორც ბალტიისპირეთში (ანუ იქნებოდა საჯარო სივრცე, დემოკრატიული მდგომარეობა, ლუსტრაცია, ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება). თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა, თორემ საქართველო ჩაჯდებოდა იმ მოთხოვნების ნუსხაში, რომელიც დასავლეთმა წარუდგინა გორბაჩოვს და, რომელიც დაკმაყოფილდა ბალტიისპირეთის ქვეყნების სახით.

მანანა ნოზაძე    For.ge     2016-04-09

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *