საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციების ღია წერილი თბილისის მერს კახა კალაძეს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგამასთან დაკავშირებით

                  ქალაქ თბილისის  მერს, კახა კალაძეს

ღია წერილი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგამასთან დაკავშირებით

 

   მოგესალმებით, ბატონო  კახა,

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მომუშავე ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ – მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები თბილისის არქიტექტურის სამსახურს 28 თებერვალს ჩაბარდა.

ამ დოკუმენტის  საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თქვენ  მიერ მოწვეული  ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების  ექსპერტები არიან ჩართულნი  და მათი საბოლოო შეფასება მარტის ბოლოსთვის უნდა გახდეს  ცნობილი.

ჩვენ, ქვემორე  ხელის მომწერნი,  დიდი ხანია,  ვადევნებთ თვალს ე.წ. თბილისის გენგეგმის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხის შესახებ.

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გენგეგმის საკონკურსო დავალების თანახმად მგგ-ს  დოკუმენტი უნდა ყოფილიყო „თანხმობის დოკუმენტი“ და მისი განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა  საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპს, რასაც პროექტის პრეზენტატორებიც ხაზგასმით აღნიშნავდნენ.

ამა წლის 28.02.–დან – 02.03.–მდე ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებული გამოკითხვისას შეკითხვაზე: ხართ თუ არა ინფორმირებული, რომ უნდა დამტკიცდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რესპონდენტების  69,2 %- მა უპასუხა, რომ არ არის ინფორმირებული ამის შესახებ;  ხოლო   30,8 %- აღნიშნავდა, რომ იყო ინფორმირებული. გამოკითხული რესპონდენტების  81,7 % თვლის, რომ ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას წინასწარ მიაწოდოს  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მათი საკუთრების ან საცხოვრისის ფუნქციური ზონალობის ცვლილება.

გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, გაურკვეველია, ვისთან „თანხმობის“ დოკუმენტს გულისხმობენ მგგ-ს ავტორები. თუ საკუთარ და დაინტერესებულ პირთა ინტერესებს, მაშინ ეს ნამდვილად „თანხმობის“ დოკუმენტია, ხოლო თუ თბილისის მოქალაქეებთან თანხმობაა ნაგულისხმები, მაშინ ეს ნამდვილად არ არის ასე. გენგეგმის პროექტზე მუშაობის პერიოდში არავინ ჩათვალა საჭიროდ, მოსახლეობასთან შეხვედრების მოწყობა და  მათთვის ინფორმაციის მიწოდება, არადა, სწორედ უშუალოდ მათ შეეხებათ, გემგეგმის დამტკიცების შემთხვევაში, შექმნილი ახალი რეალობა. წარმოდგენილი დოკუმენტი, უხეში გათვლებით, 25-30 ათასი თბილისელის კერძო საკუთრებას უცვლის იურიდიულ ფორმატს და ამის შესახებ მათთვის არავის უცნობებია.

რიგ შემთხვევებში კი  „სითი ინსტიტუტი საქართველო“ პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონიერ მფლობელებთან მიმართებაში უნდა ამოქმედდეს  კანონი და, სახელმწიფოს საჭიროებიდან გამომდინარე, ადგილმონაცვლეობის პრინციპით შეთავაზონ მათ შესაბამისი ფართი ან გადახდილი იქნეს კომპენსაცია.

ეს კი არის აშკარა მცდელობა ქვეყანაში დაიწყოს კერძო საკუთრების გადანაწილების და ხელყოფის ანტიკონსტიტუციური პროცესი,  რასაც შეუძლია უმართავი პროცესები გამოიწვიოს საზოგადოებაში და დაუპირისპიროს ერთმანეთს კერძო მესაკუთრები და თბილისის მერია.

თუ სახელმწიფო თავისი საჭიროებისთვის და კანონიერად გადაწყვეტს, ჩამოართვას მესაკუთრეებს ქონება, ის ვალდებული იქნება, თავისი გადაწყვეტილება სასამართლოში დაასაბუთოს და, რაც მთავარია, გადაუხადოს მესაკუთრეებს ქონების ღირებულების საბაზრო ფასი, რაც, დაახლოებითი გათვლებით, მილიარ დოლარზე მეტი შეიძლება, დაუჯდეს სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში მერიას). თავის მხრივ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ეს მერიის პრობლემაა და არა მისი კომპანიის, რადგან მათ ძალიან „კარგი გენგეგმა დაწერეს“ და კომპენსაციის ფულის მოძიება და მესაკუთრეებთან ურთიერთობის გარკვევა მერიის თავსახეტია.

მგგ-ის მიხედვით,  ფუნქციური ზონები, ამა თუ იმ კონკრეტული  ტერიტორიისთვის, არ განისაზღვრება იმ კონკრეტული ტერიტორიების თავისებურების გათვალისწინებით. ხდება  ფუნქციურ ზონების ხელოვნური მორგება გარკვეულ სიმჭიდროვეებთან, მათი განსაზღვრა სამომავალო რენტაბელობის მიხედვით  და არა თბილისელების მოთხოვნების შესაბამისად.ზონალობები დგინდება დეველოპერების ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი კი ქალაქს განიხილავენ, როგორც საინვესტიციო ტერიტორიას (მაგალითად, ვერეს ხეობაში, მეცხრე საავადმყოფოსთან ჩასახვევი, ახალი გზა, რომელიც მიდის დიდი მაგისტრალისკენ,  გამწვანებულ ზონაში, რომელიც სარეკრეაციო ზონა უნდა ყოფილიყო ქალაქგანვითარების ყოველგვარი ლოგიკის გარეშე დანიშნულია მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა). მგგ-ს პროექტი არ განიხილავს თბილისს, როგორც თბილისელების  საცხოვრებელს, რომელშიც  ყველა ასპექტი თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი და სხვადასხვა ზონაში ცხოვრების სხვადასხვა წესი  უნდა იყოს დაგეგმილი იმისთვის, რომ მთლიანად ქალაქმა სწორედ  იფუნქციონიროს.

როგორც ჩანს,  მგგ-ს ავტორებისა  და მათ ზურგს უკან მდგომი ჯგუფებისთვის, მთავარია,  დამტკიცდეს ე.წ. საყრდენი რუკა, თავისი კონკრეტული პროექტებითა და სასურველი ზონალობებით. ეჭვი ჩნდება, რომ რეალურად ამ დოკუმენტის მთავარი დანიშნულებაა ლეგიტიმაციის ფონი შეუქმნას ქვეყანაში კერძო საკუთრების  ახალ გადანაწილებას, რაც გამოიხატება გენგეგმის პროექტში არსებული ბიზნესლოკაციების (ელიავას ბაზრობა და სხვ.)  ხელში ჩაგდების სქემის ჩადებით და ქვეყნის სტრატეგიული დანიშნულების ლოგისტიკური არტერიის – რკინიგზის დასუსტების აშკარა მცდელობით,  მისი სატრანსპორტო კომპონენტის გადატანის რეკომენდაციით ყოველგვარი კვლევების და გაანგარიშების გარეშე.

მგგ-ს განხილვის პროცესში ხშირად ისმოდა ქართველი სპეციალისტების, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების სამართლიანი კრიტიკა, მათი  დიდი ნაწილის  აზრით,  წარმოდგენილი გენერალური გეგმის პროექტი არ შეიძლება, გამოყენებული  იყოს,  როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი  და რომ დაუშვებელია მისი დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით. ეს არის საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტი, რომელიც არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური რეგულაცია.

ჩვენი პრინციპული და კატეგორიული  პოზიციაა, რომ ამ  ფორმით  მგგ-ის დამტკიცება  ყოვლად   დაუშვებელია. უკიდურეს შემთხვევაში, იგი  შეიძლება  მიიღებული იქნეს, როგორც საცნობარო დოკუმენტი მომავალი მგგ-ს მეთოდოლოგიის შესამუშავებლად,  როგორც – „იდეების ყუთი“ და არა ქალაქის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი და პროფესიულ  დონეზე მომზადებული სახელმძღვანელო.

დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ფორმით  მგგ-ის მიღება ეწინააღმდეგება თქვენ მიერ დაანონსებულ თბილისის განვითარების ახალი და თანამედროვე გენგეგმის შექმნას  და თქვენ სრულად გამოიყენებთ თქვენს მანდატსა და პოლიტიკურ ავტორიტეტს ამ პროცესის მართებულად წარმართვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის გაახსენდება „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები და მათ მიერ ქალაქისთვის „შემოთავაზებული“ მგგ-ს არაკვალიფიცირებული  დოკუმენტი და გვერწმუნეთ, რომ ხელს ყველა თქვენკენ გამოიშვერს. ამ შემთხვევაში თქვენი მერობის ხანა დედაქალაქს არც თუ ისე კარგად დაამახსოვრდება, ეს იქნება სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოებას, კერძო მესაკუთრეებსა და ქალაქის მმართველობას შორის დავისა და დაპირისპირების პერიოდი…

ა(ა)იპ  „სახალხო თვითმმართველობა“ – გიორგი ლორთიქფანიძე

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ – შოთა გულბანი

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ – არჩილ კაიკაციშვილი

ა(ა)იპ „ქართული სამართლის კორპუსი” ნათია ჯანელიძე

ა(ა)იპ „მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია ახალი თაობა“ – ნუგზარ ოდილავაძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *