განათლებამთავარი ბლოკიქალი და მამაკაცი

არის თუ არა აღზრდაში დაშვებული შეცდომა სექსუალური გადახრის მიზეზი – რა უნდა იცოდეს მშობელმა?!

სექსუალური საკითხების განხილვას, ყველა თავს არიდებს და ჰგონიათ, რომ ეს სირცხვილია. არადა, მსგავს თემებზე საუბარი, არა მარტო სავალდებულო, არამედ საჭიროა. დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, როგორ მიუდგეს შვილს, რომ სქესობრივ ცხოვრებაზე სწორი ინფორმაცია ბავშვობიდან მიაწოდოს და ამით მომავალში სექსუალური პრობლემები თავიდან აარიდოს. სწორედ ამ თემებზე საუბარი ვთხოვეთ, სექსოლოგიური კლინიკა „ლიგის” დირექტორს, პროფესორს, ბატონ არჩილ ბაქრაძეს, რომელმაც ნამდვილად გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

არჩილ ბაქრაძე:
აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქოსექსუალურ ჩამოყალიბებაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ძალიან დაბალ დონეზეა. მაგალითად, როცა ბიჭუნა ტირის, დედა კი ეუბნება: ნუ ტირი, გოგო ხომ არ ხარო, ესეც არასწორი სქესობრივი აღზრდაა. მთავარი ის კი არ არის, მაინცდამაინც  გენიტალიებზე ისაუბრო, როცა თემა სექსს ეხება, არამედ, სქესობრივი აღზრდა არის, ბავშვის სქესისთვის დამახასიათებელი ქცევის სტიმულირება. სხვათა შორის, აღზრდაში დაშვებული შეცდომაა სწორედ, სქესობრივი გადახრების მიზეზი. თუმცა, ამაში დიდ როლს მიდრეკილებები და სოციალური ფაქტორებიც თამაშობს, რაც ხელს უწყობს ადამიანში ჩადებულის გამოვლენას. სქესობრივი აღზრდის პრინციპია, გამონახოთ ისეთი სიტყვები, რომლითაც ბავშვს გასაგებ ენაზე აუხსნით სქესობრივ ცხოვრებაზე იმას, რითაც დაინტერესდება და რაზეც კითხვას დაგისვამთ. ისე უნდა უპასუხოთ შვილებს მსგავს კითხვებზე, რომ ლოგიკა არ დაარღვიოთ. თუ ბავშვი გეკითხებათ მსგავს რამეს და სისულელეს ეუბნებით, ის სულ მალე გაიგებს სიმართლეს, თქვენ კი აღარ დაგიჯერებთ. ამით, შეილახება თქვენი, როგორც მშობლის, ავტორიტეტი. ასე რომ, ტყუილი, არანაირად არ შეიძლება ასეთ საკითხზე საუბრის დროს. ამ დროს ბავშვიც იბნევა, ვერ ხვდება რაშია საქმე და რაც უფრო ემატება ასაკი, მით მეტად კომპლექსდება. ხშირია შემთხვევები, როცა წლების წინ დაქორწინებულ წყვილს, არ აქვს სექსუალური კავშირი. მოდიან ჩემთან და რომ ვეკითხები, აქამდე სად იყავით-მეთქი, გვრცხვენოდა მოსვლისო. ასეთი ლოგიკაც არსებობს, სამწუხაროდ. ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაში, სექსუალურ კულტურას დიდი როლი ენიჭება. სექსუალურად გათვითცნობიერებული ადამიანი, არ არის აგრესიული, ადვილად ამყარებს კონტაქტს საყვარელ ადამიანთან და არ ექმნება მსგავსი პრობლემები. ასეთები არასდროს არიან სექსუალური მოძალადეები.

– თუ ადამიანში ჩადებულია სექსუალური ქცევის გადახრა, ეს ბავშვობიდანვე შესამჩნევი ხდება? არის თუ არა ამის მიზეზი მშობლის არასწორი დამოკიდებულება შვილისადმი?

– ბავშვებზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად მისი გენეტიკური სქესისთვის დამახასიათებელი ქცევის შეჩვევა და იმავდროულად, სქესობრივი აღზრდაც მოქმედებს. თუ ბავშვში ჩადებულია სექსუალური ქცევის გადახრა, მისი გამოვლინება მოგვიანებით მოხდება. თუ არ არის მსგავსი რამ ჩადებული, კიდევ უფრო გამყარდება მისი სექსუალური ორიენტაცია. თუ დედა ამჩნევს, რომ ბავშვი ორიენტირებულია მისი სქესისთვის არადამახასიათებელ ნივთებსა და საქმიანობაზე, ასეთ დროს შესაბამის სპეციალისტთან გასაუბრება აუცილებელია. მთავარია, კარგად დააკვირდეთ შვილს და არ ატეხოთ  განგაში მის მომავალ სექსუალურ ორიენტაციაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი რამ არ ესმით სქესობრივ აღზრდასა და განათლებაზე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ქცევა აქილიკო ან დასცინო სხვას. თუ ბიჭი ინტერესს იჩენს ქსოვის, კერვის ან კულინარიის მიმართ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას მომავალში სექსუალური გადახრები ექნება. პირადად მე, ექვსი წლის ასაკში მოვუქსოვე დედას კაშნე და ვაჩუქე. ამით მინდოდა იმის დამტკიცება, რომ მასზე ვზრუნავ და ვუფრთხილდები. მამაკაცი თუ ქალურ საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას, ეს ჩვეულებრივი მომენტია და მას სექსუალურ პრობლემასთან არ აქვს კავშირი. აი, თუ მამაკაცს პრობლემები აქვს სექსთან დაკავშირებით, ის აგრესიული ხდება და არც ქალური და არც მამაკაცური ინტერესები ამაში არავითარ როლს არ თამაშობს. ხშირად, 20-25 წლის ბიჭები მოდიან ჩემთან და არიან დაბოღმილები, აგრესიულები, ჩაკეტილები და მათ ერთი პრობლემა აკავშირებთ – არასრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება. არა მარტო მამაკაცზე, ქალზეც სექსის უქონლობა ნეგატიურად აისახება. ეს პროფესიულ სფეროში და პირად ურთიერთობებშიც აშკარად ჩანს. ნორმალური ადამიანისთვის კვირაში ორჯერ სექსი აუცილებელია. ქალისათვის დამახასიათებელ თვისებებს თუ ავლენს მამაკაცი, ეს არც „სექსუალური შემოდგომის“ და არც სექსუალური პრობლემის ბრალი არ არის. შეიძლება, მასში გენეტიკურად არის ჩადებული მსგავსი თვისებები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ადამიანს რომ შევხედავ, როგორ დადის, დგას, ზის ან საუბრობს, ანუ, ქცევის მიხედვით ზუსტად ვხვდები, აქვს თუ არა მას სექსუალური პრობლემები. ამას გამოცდილი ქალები, მამაკაცის გამოხედვითაც ადვილად ხვდებიან. სხვათა შორის, მამაკაცი, ვისაც სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება აქვს, 12 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. ეს ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. თუმცა, სექსოლოგიაში ნორმა და სტანდარტი არ არსებობს (იცინის).

– თუ ბიჭს მამა არ ჰყავს და ადრეული ასაკიდან ქალების გარემოცვაში იზრდება, ეს აისახება თუ არა მის მომავალ სექსუალურ ცხოვრებაზე?

– ახლავე მოგახსენებთ. აი, მაგალითად, როცა დედა პატარა ბიჭს თმას უზრდის და მთელი ბავშვობა გრძელი თმით ატარებს, მაშინ ნუღარ წუწუნებს, თუ ის მოზრდილობაში ქალურ მანერებს აჩენს და საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას პრობლემები უჩნდება. მე, როგორც სექსოლოგი, ყველა დედას ვურჩევ, თუ ის გაშორებულია ქმართან, ნუ დაუშლის შვილს მამასთან ურთიერთობას. ხოლო, თუ მამა გარდაცვლილია და სახლში ბიჭი იზრდება, მაშინ აუცილებლად დაკიდეთ მისი ფოტო გამოსაჩენ კედელზე, რათა ბავშვმა ხშირად შეხედოს მამას. ეს მომავალში, იწვევს გარკვეულ სექსუალურ გავლენას ბავშვზე. მარტივად რომ ავხსნა, სახლში სადაც დედა, დეიდა და ბებია ზრდის ბავშვს, ასეთ გარემოში ქალის სიტყვას დიდი გავლენა აქვს ბავშვზე. ამიტომ, დიდი ალბათობაა, როცა გაიზრდება, ნებისმიერი ქალის გავლენის ქვეშ მოექცეს. ხოლო, როცა გარდაცვლილი ან დაკარგული მამაკაცის ფოტო კიდია სახლში, საკმარისია, მას მისმა შთამომავალმა შეხედოს, რომ იქიდან წამოსული მამაკაცური ძალა, ენერგეტიკა და ოჯახის წევრების მისადმი პატივისცემა იგრძნოს. ეს კი მის სექსუალურ ჩამოყალიბებაზე დადებითად აისახება. თუ ბიჭი ბავშვობაში დედის ფეხსაცმელს ხშირად იცვამს, იკეთებს სამკაულებს და სარკესთან იპრანჭება, ეს შესაძლებელია, ტრანსსექსუალიზმის გამოვლენაც იყოს და საჭიროა, სექსოლოგთან კი არა, ფსიქოლოგთან ვიზიტი. თუ ბავშვის ქცევა არ მოგწონთ და მიგაჩნიათ, რომ ეს მის სქესთან მიმართებაში გადახრაა, აუცილებლად მიიღეთ ზომები და მიმართეთ სპეციალისტს.

ნონა დათეშიძე

თეგები
იხილეთ მეტი