ასტროლოგია

არის თუ არა წყევლა მაწყევრისა და რა კავშირშია დედის ძუძუები შვილის წყევლასთან?

კოსმოსი – როგორც ბუმერანგი, ანუ იგივე ქვევრი, რომელიც საკუთარ სიტყვას უკან გიბრუნებს. თვალი თვალის წილ, შეძახილმა ხე გაახმო, წყევლა მაწყევრისააო და კიდევ უამრავი გამონათქვამი ამტკიცებს, რომ ადამიანის იღბალი თუ უიღბლობა საკუთარ სიტყვებსა და ემოციებზეა დამოკიდებული – ამაზე ასტროლოგი ნინო ხომერიკი პირადი გამოცდილებებითა და არგუმენტებით საუბრობს. 
ასტროლოგი ნინო ხომერიკი– ნინო, დაახლოებით ორი თვე გავიდა  შენი ოპერაციიდან. დაავადება დროულად აღმოაჩინე, რის შედეგადაც პრობლემა სწრაფად და წარმატებით დაამარცხე. რა დაგეხმარა ამაში, ადვილია, ადამიანი გაუმკლავდეს ასეთ პრობლემას?
– ამაში ჩემი პროფესია დამეხმარა. ასტროლოგიურად კარმული წლები მაქვს და ზუსტად ვიცოდი, ასე ადვილად ამ წლებს ვერ გადავიტანდი. ვიცოდი, ჯანმრთელობის მხრივ რაღაც სერიოზულის გადატანა რომ მომიწევდა. თითქმის ორი წელი „შპიონივით” ჩასაფრებული ველოდებოდი და სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, გამოკვლევების ჩატარება დავიწყე. ზუსტად ვიცოდი, რა პასუხიც იქნებოდა.
– სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდოდა ინტერვიუ ჩამეწერა და რადგან შენც ახსენე, მეც გკითხავ – თავად ხომ არ მოახდინე ავადმყოფობის პროვოცირება მუდმივად იმაზე ფიქრით, რომ აუცილებლად პრობლემა შეგექნებოდა?
– ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად ვიცოდი, რაც მელოდა  და ვცდილობდი, პრობლემიდან გამოსავლის პოვნას. სწორად უნდა ჩამებარებინა ცხოვრების ეს გამოცდა და არ ჩავვარდნილიყავი სასოწარკვეთილებაში. ჩვენ არ ვიცით, წინა ცხოვრებიდან რა ცოდვა გადმოგვყვა ან რომელი წინაპრის ნაჭამმა ტყემალმა მოგვჭრა კბილები. შესაბამისად, იმის დაჟინება, რომ – მე ხომ არაფერი დამიშავებია და რატომ მემართება ეს – არასწორია. რაც არ უნდა მძიმე იყოს, უცებ უნდა გაუსწორო თვალი რეალობას და ადეკვატურად იმოქმედო.
– ვინც ასტროლოგიაში ვერ ერკვევა და არც იცის, როდის აქვს კარმული წლები, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოსალოდნელი უბედურება თავიდან აირიდოს?
–  უბედურება თუ ზეცაშია გაწერილი, იმის თავიდან არიდება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ამ უბედურებასთან გამკლავება ისევ და ისევ საკუთარი ემოციების მართვით და ეს ემოცია პოზიტივს უნდა ასხივებდეს. მაგრამ, ზოგი ხშირად თავად იზიდავს უბედურებას თუ წარუმატებლობას, ისევე როგორც – პირიქით.
– შეძახილი ხეს ახმობს?
– ნეგატიურ შეძახილზე აუცილებლად გახმება და პოზიტიურ  შეძახილზე ახალ კვირტებს გამოისხამს, აყვავდება. ამიტომაც, ხშირად უნდა შეაქო ბავშვი და შეუძახო,  შენ ყველაფერს შეძლებო. ეს კიდევ ფართო განხილვის საკითხია, მაგრამ შეგიძლიათ, მარტივი ცდა ჩაატაროთ. აიღეთ ორი სხვადასხვა ყვავილი. ერთს ყოველდღე მოეფერეთ, პოზიტიური სიტყვები უთხარით, მეორეს კი, პირიქით – მთელი ჯავრი და ბოღმა ზედ ანთხიეთ. ცოტა ხანში ნახავთ, ყვავილი, რომელზეც აგრესია აფრქვიეთ, როგორ შეიცვლის ფერს – დაჭკნება და საბოლოოდ, მოკვდება. ამიტომ, თუ ადამიანი ყოველდღე, მიუხედავად პრობლემებისა, კოსმოსში დადებით ენერგიას გაუშვებს, ის აუცილებლად დადებითად დაიმუხტება და პოზიტივი უკანვე დაუბრუნდება.
– როგორ შევიქმნათ დადებითი ემოცია ყოველდღიური დუხჭირი ცხოვრებისა და გაჭირვების ფონზე?
–  რა თქმა უნდა, ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ თუ შიშს დაამარცხებთ, მაშინ სხვა არანაირი ძალისხმევა აღარ იქნება საჭირო. ყველაფრის მიზეზი შიშია. ჩვენი წუწუნი ცხოვრებისა თუ კონკრეტული სიტუაცების მიმართ, სწორედ, შიშით არის განპირობებული. თუ ჩაბნელებულ ოთახში ყოფნის გეშინია, იმიტომ რომ, მოჩვენებები მოვლენ,  შენ შეიძლება, მართლა დალანდო მოჩვენება, სადღაც, კუთხეში. მაგრამ, ეს მხოლოდ ფანტაზიაა, რომელიც მხოლოდ შენ გამოიძახე, შენვე წარმოსახე და ამიტომაც დაინახე. მაგრამ, არსებობს რეალიზებადი საშიში ფიქრებიც. ვიცნობდი ქალბატონს, რომელსაც სასტიკად ეშინოდა ფილტვების კიბოსი. მთელი ცხოვრება გაურბოდა მწეველებს და არა მარტო სიგარეტის კვამლს, არამედ მძაფრი სუნამოს სუნსაც კი. იცავდა სწორი ცხოვრების წესს და დაახლოებით 60 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
– რომ ამბობენ, წყევლა მაწყევრისააო, ეს როგორ აიხსნება?
– ქართველები ბრძენი ხალხი ვართ და დიდი სიბრძნე დევს ხალხურ გამონათქვამებსა თუ ანდაზებში. ეს გამონათქვამი თითქოს ყველამ იცის, მაგრამ არ ითვალისწინებენ. ესეც და სხვა ბევრი ხალხური ნათქვამი ამტკიცებს, რომ  ჩვენი წინაპრები გაცილებით ჭკვიანი და გათვითცნობიერებულები იყვნენ თუნდაც, ასტროლოგიაში. ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო, ნათქვამია, შესაბამისად, რასაც კოსმოსში გაუშვებ, იმასვე მიიღებ უკან. ხანდახან იბადებიან ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანები, რომელთა სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს და მათი აზრები რეალიზდება. კონკრეტულ ადრესატთან მომენტალურად მიდის და რაღაც პერიოდის მერე, თვითონ მაწყევარს უბრუნდება უკან. მერე, რა თქმა უნდა, უჩნდებათ კითხვები: რატომ ისჯებიან, რატომ მიატოვა ფორტუნამ და ვერ აღწევენ წარმატებას…
– ამბობენ, დედის წყევლა შვილის მიმართ განსაკუთრებით საშიშიაო, მაგრამ ხშირად დედები თავს იმით იმართლებენ: როცა ვწყევლი, ჩემი ძუძუები ლოცავენო და რომელია სიმართლე?
– ყველაზე დიდი ძალა შვილის მიმართ ნათქვამ დედის სიტყვას აქვს. ძველ ქართულ ფილმებსაც თუ გავიხსენებთ, ნახავთ, რომ ომში დედის დალოცვის გარეშე არ მიდიოდნენ. შვილისთვის დედის ლოცვის რიტუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დიდი ძალა აქვს წყევლასაც და ძუძუები აქ არაფერ შუაშია. ასე რომ, უნდა ვაკონტროლოთ როგორც სიტყვები, ისე აზრები და ფიქრები, რასაც კი შვილებისკენ მივმართავთ. მაგალითად, ძალიან ემოციურ სასწორებთან ურთიერთობაში უნდა ვეცადოთ: მუდმივად, წავახალისოთ; ვასწავლოთ ისე, რომ თავმოყვარეობა არ შევულახოთ, არ დავთრგუნოთ.
– სიბრაზის მართვა ადვილია?
– ადვილი რომ არ არის, ამიტომაცაა მოსახლეობის 90 პროცენტი დანევროზებული. ყოველთვის ვიღაცას ვაკრიტიკებთ, ბრალს ვდებთ, ვადანაშაულებთ და ვწყევლით, საკუთარ წარუმატებლობას სხვებს ვაბრალებთ და ჩვენში არ ვეძებთ პრობლემას. თუ დააკვირდებით, დღის განმავლობაში დიდი მოცულობის ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებთ – სოციალური ქსელებიდან, ტელევიზორიდან და ამ უარყოფითი ენერგიით ვიმუხტებით.  გვიჩნდება აგრესია ერთმანეთის მიმართ, ვიწყებთ წუწუნს, ვკარგავთ ერთმანეთის მოსმენისა და გაგების სურვილს. ამ სახით კი, ჩვენ ვაგზავნით და ასევე, ვიღებთ ნეგატიურ ტალღებს, რაც მოქმედების უნარს გვაკარგვინებს. აღმოჩნდება, რომ ჩვენც გვიჭირს, ჩვენც არ გვაქვს და ჩვენც ცუდად ვართ. ერთ ჩემს ნაცნობს პატარა მაღაზია ჰქონდა სხვა მაღაზიებთან ერთად რიგში და მხოლოდ ის დაიკეტა. იცით, რატომ? იმის გამო, რომ ვინმეს არ ეფიქრა, რა კარგი შემოსავალი  აქვსო, სულ წუწუნებდა: რომ მოგება არ მაქვს და ვკოტრდებიო. როცა არ უნდა შეხვედროდი, სულ მაღაზიას კეტავდა, იმიტომ რომ, კოტრდებოდა. ამასობაში კი, ბინა შეიძინა, სამი წლის განმავლობაში ორი მანქანა გამოიცვალა და შვილები კერძო სკოლაში გადაიყვანა. ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა ყველამ შეწყვიტა მისი წუწუნის გამო, მით უმეტეს, რომ აშკარა იყო მისი ფინანსური კეთილდღეობა. ცოტა ხნის ხნის წინ, მართლა დაიკეტა ის მაღაზია. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმდენი იძახა ვკოტრდები, არაფერი იყიდებაო, რომ მართლა გაკოტრდა.
– გამოდის, რომ ადამიანის წარმატება საკუთარ ფიქრებსა და აზრებზეა დამოკიდებული?
– უდავოდ. უფრო მეტს გეტყვით და ესეც სცადეთ: თუ ადამიანი პოზიტიური განწყობით, ანუ ბედნიერების შეგრძნებით იძინებს, გამორიცხულია, მეორე დღე წარუმატებელი ჰქონდეს ან ღამე ცუდი სიზმრები ნახოს. საღამოს აუცილებელი და უმარტივესი რიტუალია დღის განმავლობაში ნეგატიური ინფორმაციისგან გასათავისუფლებლად, ძილის წინ აბაზანის მიღება. წყალს აქვს ძალა, დღის განმავლობაში დაგროვილი ყველანაირი უარყოფითი ინფორმაცია თუ ენერგია წაიღოს. ამიტომ, ახალი დღე სხვა სიმსუბუქითა თუ პოზიტივით დაიწყება. ვისაც არ გჯერათ, შეგიძლიათ, სცადოთ. რამდენიმე საღამო შეეცადეთ, ნეგატიური ინფორმაცია არ მიიღოთ. ძილის წინ დაიმუხტეთ პოზიტივით, გადაივლეთ წყალი და ისე დაიძინეთ. ამის შემდეგ დააკვირდით ძილს და იმას, თუ მომდევნო დღე როგორ წარიმართება.

ბესო მახარაშვილი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები