ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძეპოლიტიკა

არც 30-35 წლის წინ ჯეროდა არავის რომ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა… – გოგი ლირთქიფანიძე

ეს არჩევნები არ არის უბრალოდ მორიგი არჩევნები, ჩვენ საქმე გვაქვს საეტაპო არჩევნებთან, რომელიც დიდი ალბათობით გადაწყვიტავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 15-20 წლიან მონაკვეთს. დღეს, საქართველოში შექმნილია არაერთგვაროვანი პოლიტიკური სიტუაცია. აქამდე ვერ/არ მოახერხდა წინახელისუფლების მიერ დანატოვარი პოლიტიკური და სისტემური კრიზისის დაძლევა. ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უწინდებური აგრესიით აგრძელებს ქმედებას არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციის და ძალაუფლების დაბრუნებისათვის. სამწუხაროდ, მათ ფონს უქმნიან ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასული და ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალებიც. ხელისუფლების უმოქმედობის და უუნარობის გამო კი, ნოყიერი ნიადაგი ექმნებათ სხვადასხვა რადიკალურ „ეროვნულ-რელიგიურ“ და აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი გეგმის შემადგენელი ნაწილია, რითაც მზადდება ნაციონალური მოძრაობისთვის ხელისუფლების უკან გადაბარების ნოყიერი ნიადაგი. ყოველივე ამის ფონზე, კი პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს რაიმე სახის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა, რომლის წევრებსაც ექნებათ ერთნაირი იდეოლოგიური და პროგრამული ხედვა საქართველოს, როგორც თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს, განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებას მინდა სახალხო პარტიის სახელით წარვუდგინო იმ თეზისების ერთობლიობა, რომელთაც სახალხო პარტია სამოქალაქო და პოლიტიკური თანხმობის საფუძვლად თვლის და რომელთა გარშემოც გაერთიანებასაც თავაზობს თანამოაზრეებს:
 
პრიორიტეტები: ეროვნული თვითმყოფადობა, ბიზნესის განვითარებაში სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობა, საგარეო პოლიტიკა ორიენტირებული განვითარებულ და დემოკრატიულ მსოფლიოში ინტეგრირებაზე, საქართველოს ინტერესების სრული დაცვით. ფასეულობები: ტრადიციული და რელიგიური ღირებულებები; კანონის უზენაესობა; პიროვნების თავისუფლება; სოციალური სამართლიანობა სახელმწიფო–ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული სახელმწიფო, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტი. პრინციპები:
 
1. საქართველო არის ერთიანი და სეკულარული სახელმწიფო,რომელიც თავის მოქალაქეებს ესაუბრება ქართველი ერის ერთობლივი ძალისხმევით საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სალიტერატურო ქართული ენით.
 
2. საქართველო არის და უნდა იყოს განუყოფელი (უნიტარული) სახელმწიფო ფართო და ქმედითი თვითმმართველობით, სახელწოდებით საქართველო და არა გრუზია, გეორგია ან რაიმე სხვა. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე.
 
3. საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი კი არის დიასპორა, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს – ინტეგრაცია ძალდატანებითი ასიმილაციის გარეშე.
 
4. ჩვენი მიზანია ეფექტური ინოვაციური რეფორმების გატარება ყველგან და ყველაფერში (კანონმდებლობაში,მმართველობაში, ბიუჯეტის კონტროლში, ტექნოლოგიებში, განათლებაში, ეკონომიკაში, დემოგრაფიაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.), რათა შესაძლებელი გახდეს ობიექტური პოლიტიკური, საკანონმდებლო და პრაქტიკული პირობების შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპტიმალური მოდელის შექმნის და განვითარებისათვის, რაც ავტომატურად გამოიწვევს ძველი საბჭოთა-ბოლშევიკური მართვის სისტემის ნგრევას.
 
5. ჩვენი მიზანია: სახელმწიფოში სამართლებრიობისა და სამართლიანობის სრულფასოვანი დამკვიდრება; სახელმწიფოს მართვაში სრულყოფილი წარმომადგენლობითი დემოკრატია; თვითმმართველობის დამკვიდრება და დემოკრატიის რეალიზება ანუ მართვის დეცენტრალიზაცია და ხელისუფლების რეალური არჩევითობა და კონტროლი ხალხის მიერ.
 
მიუხედავდ იმისა, რომ შექმნილ ვითარებაში თითქმის წარმოუდგენელია სისტემური გარღვევის მიღწევა, ჩვენ მაინც არ დავაკლებთ მცდელობას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან მივიტანოთ ჩვენი ხედვები და მოვამზადოთ საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს შექმნისთვის.
 
არც 30-35 წლის წინ ჯეროდა არავის რომ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ბევრი დღევანდელი ხელისუფალთაგანი დაგვცინოდა კიდეც ზურგს უკან, მაგრამ ჩვენ მაშინაც და ეხლაც გვჯეროდა და გვწამდა, რომ ჩვენი სამშობლო წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდებოდა და ეს აუცილებლად ასე იქნება.
იქნებ მოვახერხოთ და შევქმნათ სახელმწიფო.
 
                                                                    სახალხო პარტია ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები