კრიმინალი

ასეთი ბინძური საქმეა საიდუმლო სპეცსამსახური, განსაკუთრებით კი „კაგებე“…

გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან „სისხლიანი ორდენი“, რომელიც მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს გამოიცა ბრაზილიაში. მისი ავტორია „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკი, ვიტალი პროშკინი, რომელიც დასავლეთში გაიქცა. ის 1995 წელს არგენტინის საკურორტო ქალაქ მარ-დელ-პლატას სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში თავმოკვეთილი იპოვეს…

გაწელილი ოპერაცია

„კაგებეს“ უმთავრესი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბრძოლაა და ამ ქვეყნის დამარცხება კომუნისტების უპირველეს მიზანს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენი უწყება ყველგან და ყოველთვის ამ ორიენტირით ხელმძღვანელობდა და სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერ ტაქტიკურ სიბილწეს იყენებდა…

1970 წლის მაისში თბილისში ჯეიმს კრიბსი იყო ჩასული მეუღლითურთ, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ექვსი დღე დაჰყო. ეს ახალგაზრდა კაცი გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა პოლიტიკური ოლიმპისკენ. ჩვენმა ხელმძღვანელობამ ამ კაცის, ასე ვთქვათ, წინასწარი კომპრომეტაცია დაისახა მიზნად და ამ საქმის მოგვარება მე დამევალა. ჩემი მიზანი იყო კრიბსის მომხიბვლელი მეუღლის ცდუნება, რაც კინოფირზე უნდა დაფიქსირებულიყო და ამ დოკუმენტს სპეცარქივში შეგზავნიდნენ. შემდეგ კი საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ უკვე წარმატებული პიროვნების, (კრიბსის) წინააღმდეგ. ასეთ „აქციებს“ ჩვენ „გაწელილ ოპერაციებს“ ვუწოდებდით, რადგან ისინი მრავალი წლის მერე პოულობდნენ გაგრძელებას. ასეთი დოკუმენტებითაა სავსე „კაგებეს“ სპეცარქივი, რომელშიც ისეთი ადამიანების კომპრომატებია შენახული, რომ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს…

კრიბსის წინააღმდეგ მიმართული „გაწელილი ოპერაცია“ 1970 წლის 10 მაისს დაიწყო… ტემპერამენტიანი და გულღია ქართველების სტუმართმოყვარეობით შოკირებული ახალგაზრდა ამერიკელი ცოლ-ქმარი სასტუმრო „ივერიის“ ფეშენებელურ ნომერში ცხოვრობდნენ, საიდანაც მზიური ქალაქის თვალწარმტაცი ხედი იშლებოდა. მე მათთან გიდად წარმადგინეს და წყვილს გვერდიდან არ ვშორდებოდი. მშვენიერი, ტანწერწეტა ქეროლაინ კრიბსის საცდუნებლად სულ რაღაც 36 საათი დამჭირდა… ჩვენი პირველი სქესობრივი ურთიერთობა 11 მაისს, საღამოს 18 საათზე მოხდა თბილისის ფუნიკულიორის პლატოზე ტყეში. მას შემდეგ, რაც კრიბსების წყვილი, მე და კიდევ ჩვენი სამი თანამშრომელი, რომელთა შორის ორი ტანწერწეტა ქერათმიანი და შავგვრემანი გოგონა იყო მთაწმინდის პლატოზე, რესტორანში ვქეიფობდით… ქეროლაინ კრიბსისთვის უკვე მრავალი კომპლიმენტი მქონდა ნათქვამი და ოთხჯერ ძალიან ინტიმურადაც ვეცეკვე, საბოლოოდ კი მაშინ „დაიკერა“, როდესაც მისი შეზარხოშებული მეუღლე ჩვენს თანამშრომელ გოგონებს საკმაოდ უხამსად ებღლარძუნებოდა… ქეროლაინის თავმოყვარეობამ ამას ვერ გაუძლო, ჩემს დაჟინებას დაჰყვა და ერთი საათის განმავლობაში ტყეში ვესიყვარულებოდით ერთმანეთს, რასაც ოთხი ფარული კამერა აფიქსირებდა… ამის მერე მე და ქეროლაინმა მცხეთაში, სოხუმსა და ახალ ათონშიც მოვილხინეთ, რაც, ცხადია, არ „გამორჩენიათ“ „კაგებეს“ ფარულ კამერებს. კამერებმა ასევე დააფიქსირეს ჯეიმს კრიბსიც, რომელიც ორ ჩვენს თანამშრომელ გოგონასთან ერთად უკიდურესად აღვირახსნილად იქცეოდა. ამრიგად, კრიბსების წყვილი ყოველმხრივ კმაყოფილი გაემგზავრა საქართველოდან. „კაგებეს“ სპეცარქივი კი უძვირფასესი „კინომასალით“ შეივსო, რომელიც თავის დროს ელოდა. ეს დრო კი 1976 წელს დადგა…

შეიძლება ითქვას, რომ ორმაგად გაგვიმართლა. ჯეიმს კრიბსი სახელმწიფო დეპარტამენტში უმნიშვნელოვანეს პოსტზე დანიშნეს, ქეროლაინ კრიბსი კი „ცეერუში“ მონიტორინგის ჯგუფს ჩაუდგა სათავეში და მის ხელში უამრავი საიდუმლო ინფორმაცია იყრიდა თავს… 1976 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმავლინეს და ქეროლაინის გადმობირება დამავალეს. მას მე ვაშინგტონის ერთ-ერთ კაფეში ვითომ შემთხვევით შევხვდი და გამოვეცნაურე. ქალმა, რა თქმა უნდა, მიცნო, მაგრამ შევატყვე, რომ ჩვენი შეხვედრა, მით უმეტეს, ძველი ამბის გახსენება, არ ესიამოვნა. მე მას მოკლედ მოვუყევი ჩემი მისიის შესახებ და „კაგებესთვის“ მუშაობა შევთავაზე. ქეროლაინი დაფიქრდა, ყველაფერი აწონ-დაწონა და თანამშრომლობაზე დამთანხმდა. ის ორი წლის განმავლობაში აწვდიდა „კაგებეს“ უმნიშვნელოვანეს საიდუმლო ინფორმაციებს არა მარტო „ცეერუდან“, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტიდან, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა. 1978 წელს მე ბრაზილიაში გავიქეცი და ცოლ-ქმრის გაშიფვრით შეშინებულმა „კაგებემ“ ისინი სასწრაფოდ მოსკოვში წაიყვანა. საქმე ის იყო, რომ ჯეიმს კრიბსიც „კაგებეზე“ მუშაობდა (ის სხვა აგენტმა გადაიბირა) და 2 წლის განმავლობაში ცოლ-ქმარმა არაფერი იცოდა ერთმანეთის საქმიანობის შესახებ… საშინელებაა, არა?! როდესაც ორსულიან ოჯახში ორივე ფარულად მუშაობს „კაგებეზე“ და ამის შესახებ არაფერი იციან. აი, ასეთი ბინძური საქმეა საიდუმლო სპეცსამსახური, განსაკუთრებით კი „კაგებე“…
მოამზადა ნიკა ლაშაურმა.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები