ბლოგერებიმთავარი ბლოკინინო ხაჩიძეპოლიტიკა

ასოციაცია – კვერცხი, ანუ ღობე თუ საღორე?!

ნინო ხაჩიძე
თუმცა ერთ წელზე მეტი გაუვიდა არჩევიდან, დედაქალაქის მერიამ ინტენსიური სამუშაოები (აი, თვალს რომ მოხვდებოდა) სულ ახლახან წამოიწყო: საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რემონტსაც შეუდგნენ, სკვერების მოწყობასაც, გზების დაგება-ხიდების რეაბილიტაციასაც, ოღონდ ამ ამბავს შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფა კვლავ აკლია. ერთი ისაა, რომ მილიონ ხეს არა და არ უჩანს პირი თუ ძირი.
ერთი სიტყვით, ამ შრომა-ღვწაში ამ ჩვენს დედაქალაქში ახლებური გაზონებიც გამოჩნდა. კერძოდ, დაბალი ღობით შემორაგული, რამაც ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს საფლავის ასოციაცია გაუჩინა (თუმცა, თუ ფროიდს ვერწმუნებით, ასოციაციის სახეობა ასოციაციის პატრონზე უფრო მეტ ინფოს გვაწვდის, ვიდრე ასოციაციის გამომწვევზე).
ასეა თუ ისე, პოლიტიკური ოპონენტების პერფორმანსმაც არ დაახანა და ამ ჩვენს ახალ, შემოღობილ თბილისურ გაზონებზე წითელი კვერცხებიც გადააგორებინა.
სავსებით ცხადია, მწვანე საფარის შემოღობვა ჩვენს ერთ გამოკვეთილ არამოქალაქეობრივ თვისებას უკავშირდება – გაზონებზე უპრაგონოდ სიარულს, მაგრამ უფრო კრეატიული ღობის შემოვლებაც შეიძლებოდა (მაგრამ პირადად მე ვერაფრით მოვიფიქრე, მაინც როგორის).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ნაგვის ყრას დაჯარიმების შიშითაც ვერ გადავეჩვიეთ, ვერც სკვერებში ავტომანქანების გაჩერებას და ვერც მწვანე საფარის გადათელვას, იქნებ ღობეების ნაცვლად საღორეების დადგმა უფრო მოუხდებოდა ჩვენს (არა)მოქალაქეობრივ ქცევა-აზროვნებას?!

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები