ეკონომიკა

ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის

თბილისი (GBC)  – ბიზნესსექტორი  საგადასახადო  შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის.

მნიშვნელოვან ინიციატივებზე ყურადღებას ლევან სურგულაძე (ფინანსისტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ამახვილებს, რომლებიც  მიღებისთანავე, მყისიერად  დაიწყებს ეკონომიკის ზრდაზე მუშაობას.

„ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა მისასალმებელია. მცირე მეწარმის სტატუსისთვის, ბრუნვის 5-ჯერ გაზრდილი  ზღვარი, ₾100,000- დან ₾500,000 -მდე, გაცილებით მეტ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, უპრეცედენტო შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლოს, რომელიც გადასახადის 5-ჯერ, ანუ 1%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ხოლო უკვე რეგისტრირებულ მეწარმეებს უმცირებს საგადასახადო ტვირთს და უჩენს მეტ საბრუნავ კაპიტალს. და, შესაბამისად, ბიზნესის გაფართოების საშუალებას.

ეს მნიშვნელოვანი სტიმულია, რომელიც უფრო მეტ მეწარმეს წაახალისებს,  გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდეს, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკის ისე საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის  ხვედრითი წილის  ზრდას.

ასევე მნიშვნელოვანი ბენეფიტია  საგადასახადო აღრიცხვა/რეპორტინგის რადიკალური გამარტივება და   გადასახადის ავანსის სახით გადახდის წესის გაუქმება. აქვე, უნდა აღინიშნოს დღგ-ს გადამხდელად დადგომის არჩევანი და დღგ-ს ჩათვლა / ზედმეტობის რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ფინანსისტი  ავტომობილების (რე)ექსპორტის ხელშეწყობას  და  ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, აქციზის 100%-ის უკან დაბრუნების ინიციატივასთან დაკავშირებით.

„სატრანსპორტო საშუალებების (რე)ექსპორტს მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს ახალი ინიციატივა, ავტომობილების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან (განბაჟება) 90 კალენდარული დღის ვადაში ექსპორტისას, რა შემთხვევაშიც გადახდილი აქციზის თანხა გადამხდელს 15 დღეში სრულად (100%) უბრუნდება.

მოგეხსენებათ, საქართველო გამოკვეთილად იძენს რეგიონალური საავტომობილო „ჰაბის“ ფუნქციებს. იმპორტირებული ავტომობილები, მათ შორის დაზიანებული, მათი აღდგენის  შემდეგ რეექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვან სავალუტო შემოსავალს ტოვებს ქვეყნის ეკონომიკაში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 90 დღე ყოველთვის არ იყო საკმარისი ასეთი ავტომობილების აღსადგენად, რეექსპორტისთვის მოსამზადებლად და სარეალიზაციოდ. ახალი ინიციატივით,  90 დღის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი  შესაძლოა („დროებით“) განბაჟდეს და დამატებითი 90 დღის განმავლობაში დასრულდეს მისი რეექსპორტისთვის მომზადება და რეალიზაცია.

ახალი ინიციატივით, სააქციზიო გადასახადისგან 3 წელში ერთხელ თავისუფლდება, ავტომობილები, რომლებიც იმპორტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირადი გამოყენებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური, ისე , ავტოიმპორტიორების ბიზნესის თვალსაზრისითაც.

ნინო შუბითიძე –  gbc.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *