მეორეხარისხოვანი ბლოკიქალი და მამაკაცი

ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდე, ქურდია ჩემი საქმრო თუ კლეპტომანი?

გავიცანი ბიჭი, რომელმაც მაშინვე მომხიბლა თავისი გარეგნობით, დახვეწილი მანერებით, ინტელექტით, ჯენტლმენობით. ერთი სიტყვით, მისი მამაკაცური ხიბლის ტყვეობაში გაცნობისთანავე აღმოვჩნდი. ზუსტად ასეთ ბიჭზე ვოცნებობდი და ხელიდან როგორ გავუშვებდი! მით უმეტეს, რომ თვითონაც ძალიან დაინტერესდა ჩემით და მეორე დღიდან ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ რამდენიმე პაემნის შემდეგ, ყოველი შეხვედრის მერე, რაღაც მეკარგებოდა: ხან ფული, ხან რამე სამკაული, ხან – სათვალე. თავიდან მეგონა, რომ მეკარგებოდა, მაგრამ, ამ დაკარგვებმა სისტემატური ხასიათი რომ მიიღო, დავფიქრდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და, დედუქციის მეთოდით მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში გუგას ხელი ერია. ამ აღმოჩენამ ორმაგად შემაშფოთა. არაფრით არ მინდოდა, დამეჯერებინა, მაგრამ…

ძალიან დიდხანს ვებრძოლე საკუთარ თავს, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, გუგასთვის ყველაფერი მეთქვა და გამერკვია, რა ხდებოდა. ამ ახალი „აღმოჩენიდან“ მეორე დღესვე შევხვდი თუ არა, მაშინვე ყველაფერი ვუთხარი. თავიდან ცოტა კი შეკრთა, მაგრამ ბოლოს მითხრა, ყველაფერში უნდა გამოგიტყდეო და, მართლაც, გამომიტყდა, რომ, თურმე, ჩვეულებრივი ქურდი კი არა, კლეპტომანი ყოფილა. ისე გულწრფელად მიყვებოდა, რომ დავუჯერე და ძალიან შემებრალა, რადგან განიცდიდა და ბოდიშებს მიხდიდა, რომ თავიდანვე არ მითხრა ამის შესახებ. მე კარგა ხანს ვაწყნარებდი, დაბოლოს, როგორც იქნა, დავამშვიდე. მაგრამ, მეც მაქვს რაღაც-რაღაცეები წაკითხული კლეპტომანიის შესახებ, და, როგორც მახსოვდა, ჯერ ერთი, კლეპტომანი ამოჩემებულად ერთი სახეობის ნივთს იპარავს, მეორეც, მერე ამ ნივთებს აბრუნებს. ეს ყველაფერი გამახსენდა, მაგრამ თქმას ჯერ არ ვაპირებდი, მეგონა, წაღებულ ნივთებს თავისი აღსარების შემდეგ მაინც დამიბრუნებდა, მაგრამ ამის გაკეთება აზრადაც არ მოსვლია. მეც ვეღარ მოვითმინე და კლეპტომანიის შესახებ ვუთხარი. გუგამ პირველი ინფორმაცია მაშინვე უარყო – კლეპტომანები სხვადასხვა ნივთებს იპარავენო, მეორე ინფორმაციის გაგონებაზე კი ჯერ უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მერე კი შეწუხებული სახით მითხრა, რომ ვერაფერს დამიბრუნებდა, რადგან არ ახსოვდა, სად წაიღო. ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა, ცდილობდა, თვალი გაესწორებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაცას მიმალავდა, თუმცა, ვერაფრით გამოვტეხე. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ ვუთხარი, სანამ ჩემთან გულწრფელი არ იქნებოდა, აღარ შევხვდებოდი. გავაფრთხილე და შევასრულე კიდეც, მაგრამ ერთი კვირა ისე გავიდა, არც კი დაურეკავს. მისმა ასეთმა საქციელმა კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა იმაზე, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. მართალია, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ უნდა შევძლო. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდე, ქურდია ჩემი საქმრო თუ კლეპტომანი?

თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი არ მინდა.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები