ნინო ხაჩიძეპოლიტიკა

გაანეიტრალებს თუ არა ირანი რუსეთისა და თურქეთის ინტერესს საქართველოში

ნინო ხაჩიძე

რაკი ირანს სანქციები უკვე მოეხსნა და არა მხოლოდ საომარ მარაქაში გაერია ახლო აღმოსავლეთში, არამედ ეკონომიკურ გარღვევასაც გეგმავს მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ ველით ირანულ ინვესტიციებსაც და მისი სახით სამხრეთ კავკასიაში თურქეთრუსეთის გავლენის დამაბალანსებელ ძალას, რომელსაც ჩვენთან საზღვარი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიული პრეტენზიები არ გვემუქრება. უკვე ითქვა, რომ ირანი საქართველოში ჰესების მშენებლობის ინვესტირებითაა დაინტერესებული, თუმცა, სავარაუდოდ, ინტერესი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. როგორია საქართველოირანის ეკონომიკური ურთიერთობის პოტენციალი და მიმართულებები; რა ხეირს ვნახავთ ჩვენ და რა ხეირს ელის ირანი ოცდამეერთე საუკუნეში თავის ყოფილ კოლონიასთან კავშირით? –  ამ კითხვებზე დემურ გიორხელიძე გვიპასუხებს.

რატომ ვართ ჩვენ ირანისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი?

demur giorxelidzeმოდი, ასე ვთქვათ, საქართველო-ირანის რთული ურთიერთობის პერიოდი წარსულშია და ამიტომ მე ყოველთვის, მათ შორის, სანქციების პერიოდში ვამბობდი, რომ ირანი ძალიან პერსპექტიულია საქართველოსთვის. ეს კარგი ქვეყანა; რეგიონული ეგრეთ წოდებული „დერჟავაა“. იბრძოდა ამისთვის და მიაღწია კიდეც. ჩვენთვის ირანი ორ ასპექტშია საინტერესო: უპირველესი პოლიტიკური ასპექტია. ირანი კლასიკური მოთამაშეა სამხრეთ კავკასიაში თურქეთთან და რუსეთთან ერთად. ისტორიულად ამ სამ ძველ მოთამაშეს აქვს საკუთარი შეხედულებები ამ რეგიონზე. მათ დღეს დაემატათ ევროკავშირი და შეერთებული შტატები, რომლებსაც აქ გარკვეული ინტერესი გააჩნიათ. თურქეთის მომძლავრებისა და მისი აგრესიული მიზნების საპირწონედ ირანი შესანიშნავია, ასე რომ, ჩვენ ამ მხრივაც გვაინტერესებს ირანი.

თან, არც გვესაზღვრება.

არ გვესაზღვრება და არანაირი პრეტენზია საქართველოს მიმართ მას არ აქვს, გარდა იმისა, რომ გონივრული, უდიდესი კულტურის ქვეყანაა და ცდილობს, იმოქმედოს თავისი ინტერესების ფარგლებში, რომ საკმაოდ დიდ რეგიონში მის გარეშე არ გადაწყდეს საკითხები. აი, ეს იყო ირანის ბრძოლის არსი. ამიტომ გამაწონასწორებელ ურთიერთობაში, უპირველესად თურქეთთან, აუცილებლად მიმაჩნია ირანთან კარგი ურთიერთობა.

 რუსეთის გასაწონასწორებლად არა?

რუსეთი და ირანი გრძელვადიანი მოკავშირეები არიან. სხვათა შორის, საქართველოში ცუდად იციან ეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რუსეთმა უდიდესი როლი შეასრულა ირანისთვის სანქციების მოხსნაში. ამდენად, ირანისთვის სანქციების მოხსნა, როგორც ქართველ ვაი-პოლიტიკოსებსა და ეგრეთ წოდებულ მედასავლეთეებს მიანჩიათ, სულაც, არ იყო რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს იყო რუსეთის ინტერესი. ჯერ ერთი, ირანი რუსეთის დიდი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, რომელიც ახლა სირიის ტერიტორიაზე ვითარდება. ამიტომ აქ გაცილებით რთული და საკმაოდ ფაქიზი საკითხებია, რომლებშიც საფუძვლიანად გარკვევა გვმართებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს: ირანი მდიდარი ქვეყანაა. თანაც, ირანში უცხოელებისთვის ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ბიზნესის საწარმოებლად. ეს ჩვენ გვგონია საპირისპირო პროპაგანდის გამო, თორემ, ვინც კი ყოფილა და ვისაც კი საქმე ჰქონია ირანში, გრძნობს, რამდენად კარგი დამოკიდებულებაა მათდამი, ცხადია, როდესაც ყველაფერი კანონიერების ფარგლებშია. მეორეც –  ფული ირანში საკმაოა. ირანული ბიზნესისთვის საქართველო პოლიტიკური მოსაზრებების გამოა მნიშვნელოვანი და ისინი ამას ცდილობდნენ მაშინაც კი, როდესაც აქ არ იყო ხელსაყრელი პირობები.

ინვესტიციები დღეს სჭირდება ყველას. კიდევ რომელი ქვეყნისადმი ინტერესშია შემჩნეული ირანი?

თავისთავად ცხადია, ისინი ძალიან კარგად თანამშრომლობენ სომხეთთან.

როგორც ვიცი, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე საქართველოსთან.

დიახ და ეს იმის ბრალია, რომ საქართველო გაუგებარ პოლიტიკას ატარებს. საქართველოს პოლიტიკურ ელიტას კარგად არ აქვს წარმოდგენილი, რომ ეს არის სამხრეთკავკასიური სახელმწიფო და იდეაფიქსებს გამოკიდებულები არასწორ შეფასებებს აკეთებენ. სამხრეთ კავკასია, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, რომელიც არ არის იზოლირებული, ახლო აღმოსავლეთთან და შუა აზიასთან ერთად წარმოადგენს ერთ სტრატეგიულ სივრცეს, სადაც მომავალი 30-40 წლის განმავლობაში განვითარდება მსოფლიო მოვლენები, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ერთი პოლიტიკური გავლენა რომელიმე ზე ან ძლიერი სახელმწიფოსი ვერ იქნება ინტერესების მნიშვნელოვანი გადაკვეთების გამო. მსოფლიო პოლიტიკის მოთამაშეები აქ ერთმანეთთან დიდ კონკურენციაში იქნებიან და საქართველოს ხელისუფლებას მართებს გონივრული ნაბიჯების გადადგმა. ბედნიერებაა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში ხვდები, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი უბედურება არასწორი პოლიტიკის შემთხვევაში, რადგან ინტერესები დიდი პოლიტიკის დონეზე ძალიან დაუნდობელია და, როგორც წესი, შეცდომებს არავინ პატიობს. ამდენად, რთული სიტუაციაა. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ არ ვიცით, როგორ იქნება, რადგან განცხადებები, რომლებსაც პოლიტიკოსები აკეთებენ, მოწმობს, რომ კარგად არ გვესმის, რა სიტუაციაში გვიწევს ოპერირება.

გასაგებია, რომ ირანში არის დიდი ფული, იმ ფულის დახარჯვისა და დაბანდების ინტერესი, მაგრამ რატომ უნდა დაიხარჯოს იმ ფულის ნაწილი მაინცდამაინც საქართველოში?

ჯერ ერთი, საქართველო, მართალია, დაულაგებელი, მაგრამ ძალიან კარგი პერსპექტივის მქონე ქვეყანაა. ეს ძალიან კარგი სახელმწიფოა გეოგრაფიულად, კლიმატური პირობებით, ხალხით, თანამშრომლობის თვალსაზრისით. საქართველოს ერთადერთი პრობლემაა პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომელიც კომპრადორულ გზაზეა დამდგარი, ანუ მოვაჭრეა ქართული რესურსებით უცხოელების წინაშე საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. კავკასიაში ირანელებს თავიანთი ინტერსები აქვთ და ამის გამო ისინი ყოველთვის იაქტიურებენ რეგიონში. ეს აღმოსავლური ჭკუაა, რომელიც ძალიან ძნელად მისახვედრია დასავლელისთვის, მაგრამ ჩვენ ირანთან ურთიერთობის უნიკალური გამოცდილება გვაქვს. სხვათა შორის, ძალიან კარგი ირანოლოგები გვყავდა, რომლებმაც ზედმიწევნით იციან ირანის ისტორია და კულტურა. ამ რესურსის გამოყენება დასვლეთსაც შეეძლო, მაგრამ დასავლური, თითქოსდა ამპარტავნული შეხედულების გამო, რომ მათ იციან ყველაფერი, ეს რესურსი არ გამოუყენებიათ. სინამდვილეში მათ ყველაფერი არ იციან და უამრავ შეცდომას უშვებენ, მათ შორის, საქართველოშიც. ასე რომ, გასაგებია, ირანს, უპირველესად, აინტერესებს თავისი გავლენის გაფართოება; მას უნდა, იყოს ტრადიციული ინტერესების სფეროში მყოფი ტერიტორიების სიახლოვეს და ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური გავლენა.

ყველა იმ ქვეყანაში, რომლის მიმართაც ინტერესი არსებობს, დომინირებულია პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური და ეკონომიკური მოტივების ერთობლიობა არის ჩვეულებრივი მოვლენა. აქ მხოლოდ ფულის გასაკეთებლად არავინ შემოდის.

იმიტომაც ვიკითხე, საქართველო გამტარიც იქნება ირანული ფულისთვის, რატომ არ დააბანდებს პირდაპირ ევროპულ ქვეყნებში?

ირანი საკმაოდ ფართო არეალში მოქმედებს და ახლა, სანქციების მოხსნის შემდეგ –  მით უმეტეს. ირანის სტრატეგია არ არის, რომ საქართველოს გავლით გავიდეს დასავლეთისკენ. ირანს გაცილებით დიდი ინსტრუმენტები აქვს, რომ უშუალოდ იმუშაოს დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოში გაძლიერება მისი პოლიტიკური ინტერესია.

იმიტომ, რომ აღიდგინოს ძველი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე თუ, გამოიყენოს შავი ზღვა ევროპისკენ გასასვლელადან სხვა მიზნებისთვის?

შეიძლება, ეს მოტივიც არის, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში აქვს თავისი ინტერესები, ის ამ ინტრესებსა და გავლენებს გამოიყენებს. მართალია, ჩვენთან, ძირითადად, სუნიტი მუსლიმანები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ირანის გავლენა სუნიტურ სამყაროში ნაკლებია. ამიტომ ირანი ეცდება, საქართველოში ღონივრად იყოს წარმოდგენილი და არ დაუთმოს თავის კონკურენტ ქვეყნებს არეალი.

რომელი მიმართულებებით, რა სფეროებისკენ შეიძლება, ველოდოთ ირანულ ინვესტიციებს? ჰიდროელექსტროსადგურების აშენება ითქვა

ვფიქრობ, ასეთი ვიწრო ინტერესები არ ექნებათ. სამომხმარებლო სფეროშიც ჩადებენ ფულს, წარმოებაშიც, ენერგეტიკაშიც.

ევროკავშირის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გატანა არ შეიძლება, იყოს მათი ინტერესის საგანი? საქართველო მათთვის მისწრებაა ამ მხრივ?

თუკი ერთობლივი საწარმოები იქნება, ბოლოს და ბოლოს, აქ აეწყობა ან იწარმოება რამე და ქართული მარკით შეუზღუდავად გავა ევროპაში. თუმცა ჩვენ ეს უპირატესობა მაშინაც გვქონდა, როდესაც პრეფერენციების სისტემა მოგვანიჭა ევროკავშირმა და შეგვეძლო ჩინეთთან, რომელსაც შეზღუდვა აქვს დაწესებული ევროპის ბაზარზე, გამოგვეყენებინა, მით უმეტეს, რომ პრეფერენცია 7 200 დასახელების საქონელს ეხებოდა, ჩვენ კი მოვახერხეთ და მხოლოდ 60 დასახელების საქონელი გადიოდა, ისიც უმნიშვნელო პარტიებით, ევროკავშირში. მოკლედ, ბევრი რესურსი არ გამოვიყენეთ იმ ჩვენი მოუწყობელი მდგომარეობის გამო.

ამბობთ, რომ ირანი და რუსეთი ერთ ბანაკში არიან. ეს ხომ შელახავს ჩვენს ინტერესს, ხომ არ გააძლიერებს რუსეთის ზეწოლას ჩვენზე და რეგიონზე?

თუკი ღრმად გავიაზრებთ პოლიტიკას, რაკი მე გითხარით, რომ ისტორიული მოთამაშეები რჩებიან და კიდევ ორი დაემატა, აქ ყოველთვის იქნება კონკურენცია და ეს კონკურენცია შეიძლება იყოს ყველაზე დიდი დამცავი საშუალება. რაც შეეხება თურქეთს: ძალიან არ მომწონს იმ ქართველი საკმაოდ ჩიტირეკია ეგრეთ წოდებული მედასავლეთეების პოზიცია, რომ თითქოსდა თურქეთი „ნატოს“ ქვეყანაა და ამიტომ ჩვენ ლამის ერდოღანის თაყვანისმცემლები გაგვიჩნდნენ. ამას ჰქვია ანგაჟ ირებული მტრობა საკუთარი ქვეყნისა. ჯერ ერთი, თურქეთი ძალიან ამბიციური ქვეყანაა და მის მიერ გაცხადებული გეგმები არ შედის საქართველოს ინტერესებში, პერსპექტივაში კი ეს საშიში ქვეყანაა საქართველოსთვის და „ნატოს“ წევრობა არაფერს ცვლის. თუ საქართველოს თვალთახედვიდან დააკვირდებით, თურქეთს არასდროს დაუყენებია „ნატოს“ ინტერესები თურქეთის ინტერესებზე წინ, მათ შორის, არც 2008 წელს. ასე რომ, ასეთი ცალმხრივი და გაუგებარი პოლიტიკა ცუდია. ამ ფონზე, როდესაც პოლიტიკაში ასეთი არასწორი შეხედულებები დომინირებს, ირანის საქართველოში მოძლიერება ნორმალური და კარგია.

ქართველებმა რით შეიძლება, იხეირონ იქ, ირანში?

ირანთან ქართველებს არასდროს შეუწყვეტიათ ურთიერთობა. დემონტაჟი გაუკეთეს საქართველოში მსუბუქი მრეწველობის არაერთ საწარმოს, რომელიც დღეს ირანში წარმატებით მუშაობს და ქართველები იქ შესანიშნავად გრძნობენ თავს. ერთი-ორს პირადად ვიცნობ. მათ წაიღეს თავიანთი წარმოებები და იქ მუშაობენ. ჩვენს სპეციალისტებსაც, რაშიც გვქონდა გამოცდილება, ირანი საკმაოდ კარგად იყენებდა და ირანში სერიოზული პერსპექტივა აქვს ქართულ ბიზნესს.

 როდიდან ელით ირანული კაპიტალის აქტიურობას საქართველოში?

ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნების მშვიდობიან ჩატარებაზე.

რატომ არ უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად?

უნდა ჩატარდეს, მაგრამ ასეთ შეუმდგარ ქვეყანაში არჩევნები ყოველთვის არის მოსალოდნელი დესტაბილიზაციის წყარო. ჩვენ არ ვართ დასავლური ტიპის ქვეყანა, სადაც არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა და მეტი არაფერი.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები