კრიმინალი

გადაბარგების პროცესში, კედელში ჩატანებული ოქროს ზოდები, თვალ-მარგალიტი და ოქროს მონეტები უპოვიათ.

გთავაზობთ ნაწყვეტს ცნობილი ქართველი მზვერავის, ლევან ქავთარაძის წიგნიდან, „ორი სამყაროს დაპატიმრება“, რომელშიც ის საბჭოთა უშიშროების მიერ ჩატარებულ, უნიკალურ სპეცოპერაციებზე მოგვითხრობს…

თბილისი. 31.12.1939 წელი.

1969 წლის 1 აგვისტოს ალექსი ინაურმა თავის კაბინეტში დამიბარა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს „სუკის“ ხელმძღვანელი კარგად მიცნობდა (მან მე 1968 წელს წითელი ვარსკვლავის ორდენით დამაჯილდოვა თურქეთში შესრულებული სპეცდავალებისთვის), ლეგენდარულ გენერალთან გამოძახება მაინც ძალიან გამიკვირდა, რადგან წოდებით უფროსი ლეიტენანტი ვიყავი. ჩემ ზემოთ უამრავი ზემდგომი პიროვნება იდგა და ინაური ყოველთვის მათი მეშვეობით გადასცემდა ბრძანებებს ქვემდგომებს… სასწრაფოდ მოვწესრიგდი, მღელვარება დავიოკე და ინაურის მისაღებში დინჯად შევედი, შემდეგ კი კაბინეტში ამოვყავი თავი და გენერალს გამოვეჭიმე.

– გამარჯობა, ამხანაგო ლევან, – ხელი ჩამომართვა ინაურმა, დაჯდომის ნება მომცა და მითხრა, – გატყობ, გაკვირვებული ხარ ჩემთან აუდიენციით. მაგრამ მიღებულ წესს შეგნებულად გადავუხვიე და პირადად იმიტომ დაგიბარე აქ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალება უნდა მოგცე. არაა საჭირო, მის შესახებ ბევრმა ხალხმა იცოდეს…

ინაური ცნობილი და გამოცდილი ჩეკისტი იყო და, თანამდებობიდან გამომდინარე, შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ ემოქმედა. მაგრამ მისმა სიტყვებმა მაინც ძალიან გამაოცა. ასე გამოდიოდა, რომ ლეგენდარული ქართველი გენერალი თავის გამოცდილ, გამობრძმედილ და ჩინით ჩემზე ბევრად მაღალ თანამშრომლებზე მეტად მე, რიგით ლეიტენანტს მენდობოდა… ინაურს ჩემი აზრების გამოცნობა არ გასჭირვებია, გაეცინა და მითხრა:

– ახალგაზრდა კაცი ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და გამორიცხული არაა, მომავალში, სულ სხვა გარემოში მოგიწიოს ცხოვრება და მოღვაწეობა. ამიტომ, ჩათვალე, რომ ამ სპეცდავალების შესრულება შენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის სამსახურს ნიშნავს…

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს, – გამოვეჯგიმე ინაურს. მას კი ჩაეცინა და განაგრძო…

– საიმედო წყარომ მამცნო, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ივანე მოროზოვი, რაღაც ძალიან საგანგებო ღონისძიებისთვის ემზადება. ზუსტად რა ხდება, ეს წყარომ ვერ გაიგო, რადგან ის, სამწუხაროდ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა…

ალექსი ნიკოლოზის ძე ინაურის თქმით, მისი პირადი აგენტი, ვინმე „ლასო“, 52 წლის გენერალ-ლეიტენანტის, ივანე მოროზოვის 31 წლის ცოლის, ეკატერინას საყვარელი იყო და მისი მეშვეობით იგებდა მოროზოვზე ინფორმაციებს. დაღუპვამდე ორი დღით ადრე ლასოსთვის ეკატერინეს უთქვამს, რომ გალეშილი მოროზოვი შუა ოთახში დამდგარა და ცოლთან დაუტრაბახია, 31 დეკემბერს თბილისისგან ძალიან ვიხეირებო, შემდეგ კი იქვე ჩასძინებია, ფრაზის დასრულება ვერ მოუსწრია. ლასოს მოროზოვის განზრახვა უნდა შეეტყო ეკატერინეს მეშვეობით, მაგრამ ის ავტოავარიაში დაიღუპა და ეს მისია მე დამეკისრა…

31 დეკემბრამდე კიდევ ხუთი თვე იყო დარჩენილი, მაგრამ სპეცდავალების შესრულებას 2 აგვისტოს შევუდექი და 4 აგვისტოს ეკატერინა მოროზოვას უკვე კარგად ვიცნობდი. მე ის რუსთაველზე, კაფე „მეტროში“ გავიცანი, სადაც მას უყვარდა ყოფნა. 8 აგვისტოს კი ბათუმში შევხვდი და ის ღამე ერთად გავატარეთ… ასე გაგრძელდა სამი დღე. შემდეგ მე მოულოდნელად გავუჩინარდი და ქალს 25 აგვისტოს შევხვდი. ეკატერინა მოროზოვა, რომ იტყვიან, ცოფიანივით მეტაკა და, რადგან მისი ქმარი ერთი კვირით სამხედრო სწავლებაზე იყო წასული, ეს დღეები სრულ განცხრომაში გავატარეთ. გენერლის ცოლს, რომ იტყვიან, ყურებამდე შევუყვარდი და ქმრის დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე ჩავაწვეთე, შენთან ერთად სიამოვნებით გავიქცეოდი სადმე შორს, თუნდაც უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში, ამის ფინანსური საშუალება რომ იყოს-მეთქი… ეს საუბარი შესავლად მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ფორტუნა ჩემს მხარეზე ყოფილა და პირდაპირ „ათიანში“ მომირტყამს, რაზეც იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა. ეკატერინას გაეცინა და მითხრა:

– ფულიც არის და მეტიც. ჩემს კრეტინ ქმარს წამოსცდა, რომ დიდი სიმდიდრისთვის მიუგნია და მანაც შემომთავაზა სადმე, წყნარი ოკეანის კუნძულზე გაქცევა, მე კი იმ ბებერ პეტუხთან ერთად წასვლა არ მინდა, მომეხმარე, რომ დავითრიოთ ნაპოვნი ქონების ნაწილი და გავიქცეთო…

მოგვიანებით გაირკვა, რომ ალექსი ინაურს სხვებიც ჰყავდა ჩართული ამ სპეცოპერაციაში და მე ერთადერთი არ ვყოფილვარ. თუმცა, უმთავრეს როლს მაინც მე ვასრულებდი, რადგან ეკატერინას მე ვათქმევინე საიდუმლო… საიდუმლო კი იმაში მდგომარეობდა, რომ რუს გენერალ-ლეიტენანტს და მის ორ თანაშემწეს, როგორც ეტყობა, შემთხვევით, თავად ბარათაშვილის მიერ გადამალული ქონება აღმოუჩენიათ მოროზოვის კაბინეტში. გენერალი ახალი შტაბის აშენებამდე ბარათაშვილის სახლში მუშაობდა და, გადაბარგების პროცესში, კედელში ჩატანებული ოქროს ზოდები, თვალ-მარგალიტი და ოქროს მონეტები უპოვიათ. შტაბის ახალ შენობაში გადასვლა 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო და ამიტომ ტრაბახობდა მოროზოვი, 31-ში ავშენდებიო. მაგრამ, 1969 წლის 10 ოქტომბერს, მე და ჩემი შვიდი ახალგაზრდა კოლეგა მოროზოვის კაბინეტში შევიპარეთ, შენობაში კი თოკით ჩავედით და ექვს ტომარაში მოთავსებული ძვირფასეულობა სუკის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში მივიტანეთ, სადაც ის ინაურის რწმუნებულმა ჩაიბარა, მადლობა გადაგვიხადა და გამოგვემშვიდობა…

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები