იუმორი

გასეირნება გალში, ნაქურდალი მუსიკალური ცენტრი და გაოცებული მერაბ ბაღათურია….

მე და ჩემი სამი თანამშრომელი ზუგდიდში ვიმყოფებოდით მეგობრებთან და სუფრა გაგვიშალეს. ნასვამები ვიყავით და უკან რომ წამოვედით, გზაში ჩაგვთვლიმა. ჩრდილო ოსეთის ნომრიანი „ჟიგულით“ ვმოძრაობდით, რადგან პატრონს მანქანა ახალი ჩამოყვანილი ჰყავდა. დაახლოებით, თხუთმეტი წუთია გასული და ჩვენი მასპინძლის შეშფოთებული ხმა გვესმის, რომელიც ჩვენთან ერთად ბრუნდებოდა თბილისში:

– გალში ვართ, გზა შეგეშალაო…

როგორც ეტყობა, ჩრდილო ოსეთის ნომრები რომ გვქონდა, ქართველებმაც და აფხაზებმაც იმიტომ გაგვატარეს თავ-თავიანთ პოსტებზე, მაგრამ უკან დაბრუნება არ გინდა? თანაც, ყველას იარაღი გვაქვს და რომ გაგვაჩერონ და გაგვჩხრიკონ, დიდი შარი არ აგვცდება. ამიტომ, მანქანა გავაჩერეთ და გალიდან მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსს, მერაბ ბაღათურიას დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი, ანუ ყოველი შემთხვევისთვის, გავაფრთხილე. იმას კი ხუმრობა ეგონა და მითხრა, ბარემ გალში ხართ, მისამართს მოგცემთ და ნაქურდალი მუსიკალური ცენტრი ამოიღეთ ერთი ბინიდანო. ვიღაც გალელი ბიჭი ჰყოლია დაჭრილი მერაბს და იმას უთქვამს, ნაქურდალი გალში მაქვსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღნიშნულ მისამართზე მივედით, მუსიკალური ცენტრი მანქანაში ჩავდეთ, უკან გამოვბრუნდით. პოსტებიც კვლავ უპრობლემოდ გამოვიარეთ და სამმართველოში რომ გალიდან წამოღებული ნაქურდალი მუსიკალური ცენტრი მივუტანეთ მერაბ ბაღათურიას, სამმართველოს უფროსი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა…

პოლკოვნიკ გოჩა ალფაიძის ნაამბობის მიხედვით მოამზადა ნიკა ლაშაურმა.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები