პოლიტიკასიმონ კილაძე

გერმანიის ხელისუფლება ქართველ ქურდებს უფრთხის – სიმონ კილაძის facebook–ის გვერდიდან

Simon Kiladze

Die Welt» (გერმანია), 5 ივნისი, 2016 წელი
http://www.welt.de/…/Regierung-fuerchtet-georgische-Diebesb…
გერმანიის ხელისუფლება ქართველ ქურდებს უფრთხის
———
გერმანიის სამთავრობო წრეებში მატულობს უკმაყოფილება ევროკომისიის გეგმების მიმართ, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს (სავარაუდოდ, თურქეთის) მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონაში შესასვლელად ამჟამად არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებს, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტი“ საკვირაო, 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორები – მანუელ ბევარდერი და დენიელ შტურმი).
საქართველოსთვის ორგანიზებული დანაშაულობები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა ბუნდესტაგში დახურულ კარს მიღმა გამართული საპარლამენტო მოსმენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზერმა. მან, კერძოდ, ხაზი გაუსვა იმ ქართული კრიმინალური ჯგუფების აქტიურობას, რომლებიც დასპეციალებული არიან ბინების ძარცვაში. მისი ნათქვამის საპასუხოდ ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ საკითხის ღიად განხილვამ შეიძლება ევროკომისიის გეგმები საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გეგმები საფრთხის ქვეშ დააყენოსო.
ავტორები აღნიშნავენ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, ზემოაღნიშნული სამი სახელმწიფოს მოქალაქეთა ვიზა-ლიბერალიზებასთან დაკავშირებით ისეთ დებულების შემუშავება მიმდინარეობს, რომლის თანახმად, ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს საჭირო შემთხვევაში საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსათვის (ალბათ, თურქეთისთვისაც) უკვე მიცემული უვიზო რეჟიმის შეჩერების (დამუხრუჭების) ან გაუქმების უფლება ექნებათ. ასეთი ცვლილბა უნდა იქნეს შეტანილი იმ დადგენილების პროექტში, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს. გარდა ამისა, გერმანია ცდილობს, რომ ვიზა-ლიბერალიზების საკითხის განხილვა თითოეული ქვეყნის მიმართ ცალ-ცალკე მოხდეს და, შესაბამისად, ვიზებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გაუქმდეს.
სტატიაში ციტირებულია ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის დეპუტატის ვოლფგანგ ბოსბახის განცხადება, რომლის მიხედვით, მისთვის გასაგებია უკრაინელთა ევროპაში მიზიდვა ვიზების გაუქმების მეშვეობით, მაგრამ იმავდროულად დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს არალეგალური მიგრანტების მატებისა და უსაფრთხოების დონის შესუსტების რისკზე. მისი აზრით, თუ ბრიუსელი მაინც დათანხმდება უვიზო რეჟიმის დაწესებას, მაშინ საჭირო გახდება [შენგენის ზონაში] შესვლა-გამოსვლის რეესტრის შემოღება: „ჩვენ გვინდა რარაც ავარიული მუხრუჭი, რომელიც არალეგალური მიგრაციის ზრდას თავიდან აგვაცილებს“.
ბუნდესტაგის კიდევ ერთი დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, გერმანიის ფინასთა ყოფილი მინისტრი პერ შტაინბრიუკი, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ საქართველოს და უკრაინას უვიზო რეჟიმი დაუწესდეს. „მანამდე, სანამ ევროზონის პრობლემები არ მოგვარდება და მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალი არ მოიძებნება, სანამ რუსეთთან ურთიერთობა არ დარეგულირდება, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები ნატოში ახალი წევრების მიღებისა და დასახელებული ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმის მიცემის მიმართ“, – ხაზი გაუსვა მან.
პუბლიკაციაში გადმოცემულია ბავარიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის იოაჰიმ ჰერმანის თვალსაზრისიც: „მე კვლავ გავიმეორებ ჩემს ადრინდელ ნათქვამს: სანამ საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსათვის უვიზო რეჟიმს დავთანხმდებით, მანამ ისეთი მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ, რომლებიც თავიდან აგვაცილებს და არ დაუშვებს ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან ჩვენი სისტემის ბოროტად სარგებლობას, ვთქვათ, თავშესაფრის მიღების საკითხში“, – ამბობს იოაჰიმ ჰერმანი.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები