ბლოგერებიმთავარი ბლოკიპოლიტიკასიმონ კილაძე

გესმის, ხელისუფლებავ? დრო არ ითმენს. – სიმონ კილაძის facebook-ის გვერდიდან.

სუბიექტური ფიქრები ხმამაღლა,
ხელისუფლების გასაგონად
——————
სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებმა და სამთავრობო ჩინოვნიკებმა თითქმის სრულიად დაივიწყეს სიტყვა “თვითკრიტიკა” და მისი მნიშვნელობა. შევახსენებ მათ: თვითკრიტიკა ნიშნავს საკუთარი მუშაობის, ქცევის განსჯას უარყოფითი მომენტების გამოსავლენად, ნაკლოვანებათა აღიარებას საკუთარ საქმიანობაში – მათი გამოსწორების მიზნით.
დღეს ყველა ჩინოვნიკი და სახელისუფლებო პოლიტიკოსი, ვინც კი საჯაროდ გამოდის, აცხადებს, რომ ენერგიულად მუშაობს, დღეს და ღამეს ასწორებს, ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრით არ სძინავს (ან თუ სძინავს, მხოლოდ სამსახურში!) და რატომღაც მოსახლეობა მათ გაკეთებულს მაინც არ (ვერ) ხედავს, მთავრობას ამდენ შრომას არ უფასებენ. ამავე დროს ძალიან იშვიათად მინახავს, ან საერთოდ არ მომისმენია და არ წამიკითხავს, რომ რომელიმე სახელისუფლო პოლიტიკოსს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული ანალიზი გაეკეთებინოს და ეთქვას – ხალხო, ბოდიშს გიხდით, შეგპირდით, სიტყვა მოგეცით, ამას და ამას გავაკეთებდით, მაგრამ პატიებას გთხოვთ, რომ ვერ შევძელით… (თუ არის თვითკრიტიკული გამოსვლის მაგალითები, ვინმემ მითხრას!).
გასაგებია, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება საკმაოდ რთული საქმეა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი, ალბათ, ასე ფიქრობენ: “თუ ვიტყვი, რომ შეცდომებს ვუშვებ, ესე იგი, არაკომპეტენტური ვარ, შესაბამისად, ჩემს სახელსა და რეპუტაციას ჩრდილი მიადგება”. ძალიან სცდება, ვისაც ასე ჰგონია. მე მას ასე ვეტყოდი: „მაჩვენე, რომ მართლაც ცდილობდი საკითხის გადაჭრას, დამარწმუნე, რომ მართლაც ცდილობდი დაპირებების შესრულებას, ჩამომითვალე ღიად ის მიზეზები, რაც ხელს გიშლიდა მუშაობაში, დაასახელე ხელშემშლელი პირები და მერე დავასკვნი, რომ მართლაც ცდილობდი და ვერ შესძელი. ამით შენი სახელი და რეპუტაცია უფრო გამყარდება“.
თუმცა ამას ახლა მე სულ ტყუილად ვამბობ, რადგან ასე არავინ არ მოიქცევა. მოსალოდნელია, რომ ისევ ძველებურად თავის ქებას გააგრძელებენ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მათი ბაქი-ბუქის მომსწრენი გავხდებით…
არა, მე სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ მთავრობა საერთოდ არაფერს აკეთებს. უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ყველა ხელისუფლება მუშაობდა – “მოქალაქეებიც, “ნაციონალებიც”… რა თქმა უნდა, მუშაობს “ქართული ოცნებაც”. ახლა ამბობენ, რომ ხელისუფლება საკუთარი წარმატებების წარმოჩენაზე არ ზრუნავს და მოსახლეობა საქმის კურსში არ არის, იმდენი კარგი რამ ხდებაო. მესმის და ჩემთვის გასაგებია, რომ მთავრობამ თავისი საქმიანობის გარკვეული რეკლამირება უნდა მოახდინოს, ხალხს თავისი შრომის შედეგი აჩვენოს, მაგრამ ის, რომ თუ შრომის შედეგების ასახვა საჭირო დონეზე არ ხდება, ჩვენი, რიგითი მოქალაქეების ბრალი სულაც არ არის: ამისათვის მეტი მუშაობაა საჭირო იმ პრესსამსახურებისაგან, რომლებიც ხელისუფლების სტრუქტურებშია შექმნილი. ამისთვის მთავრობის წარმომადგენლებს მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ ხალხთან, მეტი ურთიერთობა, მეტი შეხვედრები ჟურნალისტებთან. მათვე უნდა დააინტერესონ კერძო ტელევიზიები, კერძო მასმედია კარგი საქმეების გასაშუქებლად.
თუმცა… ძალიან ხშირად ხელისუფლების ინიციატივებს ხელოვნურობის სუნი ასდის და მათი დადებითად გაპიარება სიტუაციას ვერ შეცვლის. აი, მაგალითად, პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მიზნით რომ ორიოდე თვის წინათ სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, დიდი აპლომბით და ოპტიმიზმით (აი, ახლა ნამდვილად ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას! იხარე ერო, გეშინოდეთ „ნაცებო“!), დავიჯერო, ამდენი ქონების უსამართლოდ ჩამორთმევა-მითვისების საქმის გამოძიება (პოლიტიკური მოტივებით დაჭერის საქმეებზე რომ არაფერი ვთქვათ), არჩევნებამდე მოესწრება? თუმცა რად გინდა, თვითკრიტიკის არარსებობის პირობებში, საკუთარი თავის ქებიდან გამომდინარე, გვეტყვიან: „ძალიან ვეცადეთ, მაგრამ ვერ მოვასწარით, ძალიან რთული საქმეებია, კიდევ აგვირჩიეთ და გავაგრძელებთო“.
ეჰ, ჩემო ძვირფასო ხელისუფლებავ… საერთოდ, კარგი იყო ამ საკითხზე პარლამენტში ადგილების დაკავებისთანავე გეფიქრათ, მაგრამ მაშინ გამარჯვების ეიფორია ძალიან გაგიგრძელდათ. კარგი იყო ამნისტიის შემდეგ მაინც დაფიქრებულიყავით, 2013 წლის იანვრიდან, როცა ამდენი ხალხი ჰაერში დაკიდებული მიატოვეთ და საქმეების გადასინჯვაზე უარი განაცხადეთ (მოტივი: “ვთქვათ და სასამართლომ გაგამართლათ, მერე კომპენსაციას მომთხოვთ და ფული არ გვაქვსო”). აი, ამაშია თქვენი დაპირებების ხელოვნურობა. პრემიებისთვის ხომ კარგად გამონახეთ იმავე 2013-2014 წლებში ფული? ორი თვის სამსახურდაწყებულმა ჩინოვნიკებმა რომ ათასობით ლარის ოდენობით პრემია აიღეს “სამშობლოსათვის თავგამოდებული და ენერგიული მუშაობის გამო”… ოპონენეტები მეტყვიან – პრემიებს წყეული “ნაციონალებიც” იღებდნენო. დიახ, ასე იყო, გეთანხმებით, მაგრამ იგივეს გამეორებას და თანაც ასეთი რაოდენობით მე პირადად “მეოცნებეებისაგან” არ მოველოდი. თუ ფიქრობთ, რომ ეს დაგვავიწყდება, ძალიან ცდებით.
სხვათა შორის, არც ის დაგვავიწყდება, რომ არჩევნების დროს ბევრი ისეთი პიროვნება აგვარჩევინეთ პარლამენტში, რომელიც არაფერს აკეთებს და გაყუჩებულია… სადაა მათი მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება, არჩევნების დროს მქუხარედ რომ აპიარებდით?
არც ის დაგვავიწყდება, რომ არჩევნების შემდეგ თქვენ ნეპოტიზმის დონე კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანეთ: სახელმწიფო სტრუქტურებში ფიქტიური კონკურსებით თუ ფაქტიურად უკონკურსოდ, წარმატებით დაიწყეთ “მაღალპროფესიული და გამოცდილი კადრების” (ნათესავების) მიღება, იმავდროულად კი უამრავი ძველი ნაციონალური კადრები დაიტოვეთ, რომლებიც ნელ-ნელა ძირს გითხრით… არა, მხოლოდ თქვენ კი არა, ჩვენც, მთლიანად საქართველოს…
ცივი გონებით თუ მივუდგებით, არაა გამორიცხული, რომ სახელმწიფო სამსახურში ვიღაცა ვიღაცის ნათესავი და ახლობელი იყოს, მაგრამ ყველა ისინი სამსახურში მიღებულნი უნდა იქნენ მკაცრი კონკურსის და გამჭვირვალე შერჩევის შედეგად, რომ არავის ეჭვი არ გაუჩნდეს. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ნათესავია, მაგრამ პროფესიონალია, თავისი საქმე კარგად იცის, მუშაობს მართლაც კეთილსინდისიერად და ბიძა-ბაბუის ზურგს არ ეფარება. მაგრამ დღეს რასაც ვაკვირდები…. მტერს არ ვუსურვებ ასეთ “გამოცდილ და პროფესიონალ, საქმისადმი თავგანწირულ სპეციალისტებს”! რასაკვირველია, ყველას არ ვგულისხმობ, პირადად ვიცნობ ზოგიერთებს, მართლაც თავიანთი საქმის მცოდნეები არიან, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტია არაობიექტური და მიკერძოებული პროტექციით მიღებულები სახელმწიფო სამსახურში. ჩვენი ცნობილი პოლიტიკოსები (გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ პარლამენტის წევრები არიან), ნეპოტიზმი რომ გაამართლონ, ამბობენ, რომ საქართველო პატარაა და ყველა ყველას ნათესავი და ახლობელია, რა მოხდა მერე, დიდი ამბავი, სიდედრ-სმიმარი თუ ცოლ-შვილი (ბიძა-ძმისშვილებზე არაფერს ვამბობ) სახელმწიფო სამსახურში დასაქმდაო. კი, საქართველო პატარაა, მაგრამ საბიუჯეტო სტრუიქტურებში მმართველი კოალიციის წევრთა ახლობლების დასაქმება დიდ ეჭვებს ბადებს. აი, კერძო სექტორში კი… რომელ პოლიტიკოსს ვინც სურს, თუ უნდა, მთელი ნათესაობა უკონკურსოდ დაასაქმოს, არავინ არაფერს იტყვის.
სამწუხაროა, რომ ასეთი “მაღალპროფესიული” მუშაობის ტენდენცია არამარტო საშინაოპოლიტიკურ ორგანოებში, არამედ საგარეოპოლიტიკურშიც, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც შეინიშნება. ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ უკრაინის მიმართულებით “წარმატებულმა” მუშაობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე იყო ცნობილი, რომ უკრაინაში “ნაცებს” პოზიციები საკმაოდ ძლიერი ჰქონდათ. მაგრამ სამინისტროს ყურიც არ გაუპარტყუნებია და ხელიც არ გაუნძრევია, მზერაც კი არ მიუპყრია კიევისათვის, სადაც ელჩად მიხეილ სააკაშვილთან ძალიან დაახლოებული პირი მუშაობდა. იგი თითქმის 2013 წლის აპრილამდე განაგრძობდა დიპლომატიურ წარმომადგენლად ყოფნას! “ნაციონალების” ერთგულნი იყვნენ საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ბევრი თანამშრომელი, რომელთაგან ზოგიერთები უკრაინის მასმედიით გამოდიოდნენ და “მეოცნებეებს” ლანძღავდნენ. ახლა გვიკვირს, რატომ არის იმდენი ქართველი იქ წასულიო… სხვა ფაქტორებთან ერთად, კიევში ქართველების მომრავლებას ხელი სწორედ ჩვენმა მაშინდელმა დიპწარმომადგენლობამაც შეუწყო…
შემდეგ დაინიშნა ახალი ელჩი, მაგრამ რად გინდა – როცა კიევში ჩასახლებულ “ნაცებს” საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით იქაური პრესა და ტელევიზია აკლებული ჰქონდათ, ჩვენი ელჩი დუმდა… არადა, ელჩის საქმიანობის მთავარი მიმართულება რა არის? სახელმწიფოს ინტერესების დაცვა… ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი რატომღაც ერიდებოდა (და ახლაც ერიდება) საჯარო გამოსვლებს, ინტერვიუებს… რატომ? განა მას კარნახი უნდა ჭირდებოდეს საქართველოს მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საჯარო ახსნა-განმარტებისათვის უკრაინის ხელისუფლებისა და უკრაინელთა წინაშე? განა მას რომელიმე გაზეთი ან ტელევიზია უარს ეტყოდა ინტერვიუსათვის? განა მას მართლაც თბილისიდან აქვს ნაბრძანები, ხმა არ ამოიღოო? აბას, რას მივაწეროთ ეს ყველაფერი? გამოდის, რომ აქ ჩვენები ბობოქრობდნენ, რატომ დანიშნეს “ნაციონალები” უკრაინის მთავრობაშიო, იქ კი ჩვენი ელჩი გაყურსული იჯდა. პარადოქსია, აბა რა არის…
ორიოდე თვის წინათ კიევში ჩვენი დელეგაცია იყო ჩასული. თვალს ვადევნებდი ინფორმაციებს, აბა, რას ეტყვიან უკრაინელ კოლეგებს და ქვეყნის ხელმძღვანელებს იმ საკითხზე, რომლის შესახებ აქ, თბილისში ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ, ყველაფერზე ილაპარაკეს, მაგრამ “ნაცების” დანიშვნებზე და გააქტიურებაზე სიტყვაც არ დაუძრავთ (“ეს მათი საშინაო საქმეა, ვერ ჩავერევით”). მესმის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი დასავლეთის მიერაა ნაკარნახევი – თბილისში რაც გინდათ ის თქვით შიდა მოხმარებისთვის და გულის მოსაფხანად, ხალხის დასანახ-გასაგონად, მაგრამ უკრაინის ახალ ხელისუფლებას ოფიციალური პროტესტის ნოტა არ გაუგზავნოთო… მაგრამ ვისთვისაა ეს კარგი? ჰოდა, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: სააკაშვილი და მისი გუნდი იქიდან გვემუქრება…. იქაური მინისტრები ჩვენს მინისტრებს ფეხებზე იკიდებენ და შეხვედრაზე უარს აცხადებენ… ჩვენი პროკურატურის თხოვნაზე და იქაურის პასუხზე აღარაფერს ვიტყვი…
ამ დღეებში უკრაინაში კიდევ ერთი ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა, ამჯერად მას პარლამენტის სპიკერი ხელმძღვანელობდა. ეს ყველაზე მაღალი დონის დელეგაციაა 2012 წლის შემდეგ. მასში, სხვათა შორის, “ნაციონალი” დეპუტატიც შედიოდა. საინტერესოა, შეხვდნენ თუ არა ჩვენი კანონმდებლები კიევში დასაქმებულ ქართველ „ნაციონალ “გასტარბაიტერებს”? ეჭვი მაქვს, რომ თუ შეხვდნენ, ალბათ, გაიხსენებდნენ ერთად ყოფნას “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პირველ პერიოდში და შეიძლება სამომავლო გეგმებიც დასახეს… პოლიტიკური პარტნიორობის მიზნით… თუმცა იქნებ ჩემი ეჭვები არ გამართლდეს.
ნამდვილად არ მინდა, რომ 2016-ის შემოდგომაზე ისევ 2003 წლის „დეჟა ვიუს“ მომსწრე გავხდე – არ მსურს, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობაში ისევ „ნაციონალები“ ვიხილო.
გესმის, ხელისუფლებავ? დრო არ ითმენს.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები