ისტორია

როგორ დაიღუპა აბვერის რეზიდენტი „კნიაზი“, რომელსაც საქართველოს მეფობის პრეტენზია ჰქონდა.

ქართველები მეორე მსოფლიო ომში – ეს თემა დღემდე არაა შესწავლილი. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ აბვერის რეზიდენტი ლენინგრადში (1941-1943 წლები) ქართველი თავადი ვასილ ბაგრატიონ-მუხრანსკი იყო. ამ საოცარ კაცზე გვესაუბრება მწერალი და ისტორიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკა თევზაძე.

– ვასილ ბაგრატიონ-მუხრანსკი პროფესიონალი ოფიცერი გახლდათ და მონაწილეობდა პირველ მსოფიოო ომში. გამოჩენილი სიმამაცისათვის კი ორდენიც დაიმსახურა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ჯერ დენიკინელთა რიგებში იყო, 1919 წელს კი, ქართული არმიის მხარეს გადავიდა. კნიაზი 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც იბრძოდა, მონაწილეობდა 1921 წლის ტაბახმელის ბრძოლაში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა, საქართველოში დარჩა და პარტიზანებს შეუერთდა.

– ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო?

– არა, კნიაზი ჭიათურის მახლობლად მოქმედ პარტიზანულ რაზმში იბრძოდა. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, ხოლო მისი ჩახშობის შემდეგ, ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა. ერთხანს ქუთაისში არალეგალურად ცხოვრობდა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის გაგრძელებას ცდილობდა. დარწმუნდა რა, რომ ეს შეუძლებელი იყო, საზღვარი არალეგალურად გადალახა და თურქეთში გადავიდა. იქიდან კი 1927 წელს გერმანიას გაემგზავრა.

– ბაგრატიონ-მუხრანსკი ქართველი ემიგრანტების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდა?

– მიხეილ ახმეტელი, რომელიც მას ახლოს იცნობდა, კნიაზს ახასიათებს როგორც პატრიოტ, მამაც, მაგრამ ძალზე ამბიციურ მოღვაწეს. „მეფური სისხლისა იყო და მეფობის პრეტენზია ჰქონდა,” – წერს ახმეტელი. შესაძლოა, ამიტომ კნიაზმა ვერც ერთ ქართულ ორგანიზაციასთან საერთო ენა ვერ გამონახა. ეს თანაბრად ეხება როგორც მენშევიკებს, ისე ეროვნულ-დემოკრატებსა და „თეთრ გიორგის”. ამავე დროს მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა უკრაინელ ნაციონალისტებთან, ხორვატ უსტაშებთან, მაკედონიელ ჩეტნიკებთან. კნიაზზე ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა უკრაინელ ნაციონალისტთა ერთ-ერთი ლიდერი – რომან სუშკო. ის ამტკიცებს, რომ კნიაზი ყველა მაშინდელი ქართული ორგანიზაციის საქმიანობას უარყოფითად აფასებდა და ცდილობდა, საკუთარი ორგანიზაცია შეექმნა. სუშკო წერს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკიმ რაღაც ჯგუფი მართლაც შექმნა. როცა კოლექტივიზაცია დაიწყო, საქართველოში შემოიპარა, რათა პარტიზანული მოძრაობა გაეშალა. თუმცა, ეს მხოლოდ სუშკოს სიტყვებია და ფაქტებით არ მტკიცდება. ფაქტია მხოლოდ ის, რომ კნიაზმა საკუთარი ორგანიზაციის შექმნა მართლაც სცადა, მაგრამ უსახსრობის გამო, ეს ჯგუფი მალე დაიშალა. კნიაზი იძულებული გახდა უცხოურ ლეგიონში ჩაწერილიყო. ის აფრიკაში გადაიყვანეს, სადაც იქაურ აჯანყებულთა წინააღმდეგ იბრძოდა. ამ დროს მან გაიცნო გერმანელი ოფიცერი ბერნ ფრანკე. ისინი დამეგობრდნენ. ფრანკე თავის მემუარებში წერს, რომ, როცა ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა, კნიაზმა ის ზურგზე მოიგდო და სიკვდილს გადაარჩინა. ამან ისინი დააახლოვა. ფრანკეც გამოუტყდა, რომ აბვერის აგენტი იყო და აფრიკაში სპეციალურ დავალებას ასრულებდა. გერმანიაში ისინი ერთად დაბრუნდნენ. ფრანკემ მიაღწია იმას, რომ კნიაზი თავად ადმირალმა კანარისმა მიიღო.

– ამის შემდეგ კნიაზი აბვერში მიიღეს?

– აბვერი სერიოზული სტრუქტურა იყო, ასე უბრალოდ, იქ ხალხს არ იღებდნენ. კნიაზსაც დიდხანს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ. ბაგრატიონ-მუხრანსკის ცხოვრების ამ პერიოდზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ცნობილი საბჭოთა მწერალი ვასილი არდამატსკი. მას სურდა, ბაგრატიონ-მუხრანსკი თავის ნაწარმოებში გამოეყვანა, მაგრამ ცენზურამ ნება არ მისცა. არდამატსკიც, როგორც დისციპლინირებულ ჩეკისტს შეშვენის, ბრძანებას დაემორჩილა – კნიაზი რომანიდან ამოიღო. თუმცა, მის შესახებ მართლაც უნიკალური მასალები შეაგროვა, კერძოდ, დაადგინა, თუ როგორ გახდა ის აბვერის თანამშრომელი. არდამატსკის ცნობით, კნიაზს გამოცდა მოუწყვეს. ის გერმანიის კრიმინალურმა პოლიციამ დააპატიმრა და საკანში სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ჩასვა. აბვერის ოფიცრები კნიაზს გულდასმით აკვირდებოდნენ. ადამიანის ხასიათი ხომ ექსტრემალურ ვითარებაში ვლინდება. ახლაც ასე მოხდა.

– ანუ კნიაზმა გამოცდა ჩააბარა?

– არდამატსკი ამტკიცებს, რომ კნიაზსა და მის თანამოსაკნეებს შორის ჩხუბი მოხდა. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ერთ-ერთს თავი გაუტეხა, მეორეს კი კბილებით გაუვსო პირი. ამის შემდეგ კნიაზს კარცერში ათავსებენ, სადაც თითქმის ორი კვირა დაჰყო. იქიდან ცოცხალ-მკვდარი გამოიყვანეს. მიუხედავად ამისა, როცა პოლიციელმა შესთავაზა „ხულიგნური” საქციელისათვის ბოდიში მოეხადა, უარი განაცხადა.

სპეცმომზადების შემდეგ, კნიაზს საცდელი დავალება მისცეს და საფრანგეთში გაგზავნეს. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ის ბრწინვალედ შეასრულა. ამის შემდეგ კნიაზს იუგოსლავიაში აგზავნიან. აბვერს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ბელგრადში მოქმედ თეთრი ემიგრანტების წრეში საბჭოთა აგენტი ტრიალებდა. აბვერის სპეცჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში ბაგრატიონ-მუხრანსკიც შედიოდა, პროვოკატორი გაშიფრა. ამის შემდეგ ის აბვერში ჩარიცხეს. მისი აგენტურული მეტსახელი „კნიაზი” გახდა.

– და ის რუსეთში გადმოისროლეს?

– მანამდე კნიაზმა აბვერის სხვადასხვა სპეც-დავალება შეასრულა. როგორც მზვერავი, ის იყო ლიტვაში, შემდეგ რუმინეთში. სამწუხაროდ, კნიაზის ლიტვაში ყოფნის დეტალების გარკვევა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მის რუმინულ თავგადასავლებს, ამაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ცნობილი რუმინელი კინორეჟისორი სერჟიუ ნიკოლაესკუ. მისი ფილმები კომისარ მიკლოვანის შესახებ თავის დროზე თბილისში ძალზე პოპულარული იყო. ნიკოლაესკუ წერს, რომ სურდა მიკლოვანზე გადაღებულ პირველ ფილმში „პოლიციის კომისარი ბრალს სდებს,” კნიაზიც გამოეყვანა. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ქართველი თავადი მჟავანაძე უნდა ყოფილიყო და კნიაზი მისი პროტოტიპი გახლდათ. ეს ნიკოლაესკუსთვის კინაღამ საბედისწეროდ დამთავრდა. რეჟისორით სეკურიტატე (ასე ერქვა კომუნისტური რუმინეთის უშიშროებას) დაინტერესდა.

– რატომ?

– ნიკოლაესკუ ამბობს, რომ ეს მწერალ ჰარლამპ ზინკეს გამო მოხდა, რომლის ერთ-ერთი რომანის ეკრანიზაციაზე ნიკოლაესკუმ უარი თქვა. როგორც ცნობილია, ზინკე როგორც საბჭოთა სუკთან, ისე სეკურიტატესთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. ამის გამო კი ყველას სძულდა. ზინკემ ნიკოლაესკუს სამაგიერო გადაუხადა. ფილმის „პოლიციის კომისარი ბრალს სდებს” სცენარში ასეთი ფრაზა ყოფილა: „ო, რა მატყუარაა ეს მჟავანაძე!” ზინკემ ეს თურმე დროშასავით ააფრიალა. აქაოდა, რეჟისორი ნიკოლაესკუ ანტისაბჭოთა დივერსიას აწყობსო. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდვანი ხომ მაშინ მჟავანაძე იყო. ამას გარდა, სცენარში სხვა ფრაზებიც ყოფილა. ასე მაგალითად, ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობდა: „ბატონო ტყემალაძე, უკაცრავად მჟავანაძე, ისე, მჟავე კიტრს უფრო ჰგავხართ.” ზინკემ ეს ზემდგომ ორგანოებს აცნობა. განსაკუთრებით კი იმას გაუსვა ხაზი, რომ აბვერის ჯაშუში იგივე გვარს ატარებს, რასაც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ნიკოლაესკუ სეკურიტატეში გამოიძახეს. დაიწყო დაკითხვები.

დაპატიმრებისგან მისმა საყვარელმა, ცნობილმა მსახიობმა, მარგა ბარბუმ იხსნა, რომლის თაყვანისმცემელთა შორის თავად ჩაუშესკუც იყო. ქალმა თავის კავალერს საქმე ჩაუწყო და სეკურიტატემ ნიკოლაესკუს კირკიტს თავი დაანება, თუმცა მჟავანაძე და მასთან დაკავშირებული ფრაზები სცენარიდან ამოიღეს. პრობლემებმა, რომლებიც ნიკოლაესკუს ამ ფილმთან დაკავშირებით შეემთხვა, განაპირიბა ის, რომ სურათი ეკრანებზე მხოლოდ 1973 წელს გამოვიდა. თუმცა, რეჟისორმა მასზე მუშაობა 1967-ში დაიწყო.

ნიკოლაესკუ ამტკიცებს, რომ ბაგატიონ-მუხრანსკი აბვერის სპეციალურ ჯგუფში შედიოდა, რომელმაც 1941 წელს რუმინეთში პრო-რუსული გადატრიალება ჩაშალა.

თუკი ნიკოლაესკუს დავუჯერებთ, გენერალმა ანტონესკუმ, რიმელიც ამ პუტჩის ჩახშობის შემდეგ რუმინეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა, კნიაზი ორდენითაც დააჯილდოვა. თუმცა ეს მხოლოდ ნიკოლაესკუს სიტყვებია. მათი დამადასტურებელი წყარო არ არსებობს.

– ამის შემდეგ გადაისროლეს კნიაზი რუსეთში?

– რუსეთში ის 1941 წლის ივნისში გადაისროლეს. კნიაზი ოცნებობდა, პარტიზანული ომი უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ეწარმოებინა. აბვერის დახმარებით მისმა ოცნებამ ფრთები შეისხა.

იმას, რომ კნიაზი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, როგორც რუსული, ისე გერმანული წყაროებიც ადასტურებენ. ჩეკისტები თავიანთ მოხსენებებში ხაზს უსვამდნენ, რომ კნიაზი იდეის გამო მუშაობს. მისი ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობააო. გამომდინარე აქედან, ასკვნიან, რომ კნიაზის მოსყიდვა ან შეშინება შეუძლებელია. ის ან უნდა დავიჭიროთ, ან უნდა მოვკლათო. მართლაც, ბაგრატიონ-მუხრანსკის მოსპობის ბრძანება პირადად პავლე სუდოპლატოვმა გასცა. მის ბრძანებაში ნათქვამია, როგორც განსაკუთრებით საშიში ელემენტი კნიაზი მოსპობას ექვემდებარება და თუკი ცოცხლადშეპყრობის შანსი არ არსებობს, ნებისმიერი ჩეკისტი მოვალეა, ის მოსპოს, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდესო.

არდამატსკი წერს, რომ ჯერ კიდევ ომამდე ჩეკისტებმა ლენინგრადში შექმნეს ფსევდოანტისაბჭოური იატაკქვეშეთი, რომელიც გერმანულ დაზვერვას დაუკავშირდა. ამ ხალხის მეშვეობით სუკმა გერმანული დივერსიული ჯგუფი „ზიგზაგი” (ადოლფ ჰიტლერის დროშა) გაანადგურა. ჩეკისტების ხელთ აღმოჩნდა გერმანელი რეზიდენტი, რომელიც ლენინგრადში ინჟინერ გორინის საბუთებით ცხოვრობდა. გორინის ნაცვლად რეზიდენტის ფუნქციები კნიაზს დაეკისრა. საბჭოთა მზვერავმა, რომელიც აბვერის რიგებში იმყოფებოდა, მოსკოვს აცნობა: ლენინგრადში გადასროლილა გამოცდილი მზვერავი მეტსახელად კნიაზი. საბჭოთა აგენტმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ ეს კაცი კავკასიელია, არისტოკრატი და რიგ ქვეყნებში აბვერის სპეცდავალებები შეასრულა. ჩეკისტებმა ვერც მისი გარეგნული ნიშნები დაადგინეს, ვერც ის, თუ სად, როდის უნდა მომხდარიყო კნიაზის ლენინგრადში გადასროლა. კნიაზმაც ლენინგრადამდე ჩააღწია. ერთხანს ვინმე კრუგლოვის ბინაში იმყოფებოდა. კრუგლოვი გერმანელთა ძველი აგენტი გახლდათ, რომელიც 1934 წლამდე დაკონსერვებული იყო. კნიაზმაც მას მიაკითხა და არც შემცდარა. იმ მომენტისთვის ლენინგრადში მოქმედი ბევრი გერმანელი მზვერავი ან დაპატიმრებული იყო, ან ჩეკისტების კონტროლქვეშ მოქმედებდა. კრუგლოვის ბინა კნიაზისათვის მართლაც საიმედი თავშესაფარი გახდა. აქ მან კარგად დაისვენა, შემდეგ აგენტების შემოწმებას შეუდგა. ამ დროს მას ფასდაუდებელი დახმარება გაუწია აგენტმა, მეტსახელად „ბეღურამ”. ის ლენინგრადის საოლქო პარტიულ კომიტეტში მუშაობდა და მაღალი პოსტიც ეკავა. სწორედ ამ კაცმა გაუხერხა კნიაზს ახალი საბუთები, უზრუნველყო საიმედო კონსპირაციული ბინით. ბეღურამ კნიაზს სუკის თანამშრომლის მოწმობაც მიართვა, თუმცა გააფრთხილა, ამით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლია, ისარგებლოო.

– ბეღურას ვინაობის დადგენა მოხერხდა?

– ჩეკისტებმა ამის დადგენა ვერ შეძლეს, თუმცა ლენინგრადში გახშირებულმა დივერსიებმა, საბოტაჟის აქტებმა ქალაქში არსებული მთელი უშიშროების ძალები ფეხზე დააყენა. ჩეკისტების გააფთრება მას შემდეგ გაიზარდა, რაც კნიაზის მიერ მიცემული ნიშნის საფუძველზე, გერმანულმა ავიაციამ პურის ბეღელი დაბომბა. ამის შემდეგ საბჭოთა უშიშროება კნიაზზე ნამდვილ ნადირობას იწყებს. პროვოკატორის მეშვეობით, თითქოს მის კვალსაც წააწყდნენ, მაგრამ კნიაზმა საფრთხე იყნოსა და პროვოკატორი ლიკვიდირებულ იქნა. კნიაზი ქალაქში კარგა ხანს დარჩა და ჩეკისტებს „კუკუდამალობანას” წარმატებით ეთამაშებოდა.

ჩეკისტებმა კრუგლოვი გაშიფრეს. ის უჩუმრად დააპატიმრეს, აწამეს. კრუგლოვმაც ყველაფერი დაფქვა. საქმე ისაა, რომ საერთო საფრთხემ კრუგლოვი და კნიაზი ერთმანეთს დაახლოვა. კნიაზმაც გულის ნადები გაუზიარა, უთხრა, რომ მისი ნამდვილი გვარი ბაგრატიონ-მუხრანსკია და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. დაკითხავებზე კრუგლოვი ამბობს: „კნიაზნმა მითხრა, რუსეთმა საქართველოში სისხლის ტბა დააყენა, რასაც ვერასოდეს დავივიწყებო”. სიტყვამ მოიტანა და ბეღურას შესახებაც ჩეკისტებს სწორედ კრუგლოვმა აცნობა. დაკითხვაზე მან განაცხადა, კნიაზი ერთხანს ჩემთან იმალებოდა. ახალი ბინით და საბუთებით ის გერმანელმა აგენტმა უზრუნველყო, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კნიაზმა მითხრა, ამ კაცის მეტსახელი ბეღურააო. ის ლენინგრადის საოლქო პარტიულ კომიტეტში მუშაობს და მაღალი თანამდებობაც უკავიაო.

კრუგლოვმა თქვა, თუ როდის უნდა მისულიყო მასთან კნიაზი. ჩეკისტების შემპყრობი ჯგუფიც მის ბინაში ჩასაფრდა. როგორც ჩანს, უკანასკნელ მომენტში კრუგლოვი სინდისმა შეაწუხა. ის ანაზდად წამოხტა და ფანჯრიდან ყვავილის ქოთანი გადმოაგდო.

– ანუ ამით კნიაზი გააფრთხილა?

– ქოთანი პირობითი ნიშანი გახლდათ. თუკი კნიაზი ფანჯრის რაფაზე შემოდებულ ქოთანს დაინახავდა, ეს ნიშნავდა, რომ საფრთხე არ არსებობს და ბინაში შესვლა შეიძლება. კრუგლოვმაც, ფაქტობრივად, თავი გასწირა. ქოთანი სწორედ კნიაზის ფეხებთან დაეცა, როდესაც ის უკვე სადარბაზოში შესვლას აპირებდა. ჩეკისტებმა კნიაზის შეპყრობა სცადეს, მაგრამ ამაოდ. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გაქცევა შეძლო. კრუგლოვის სახლთან მომხდარი სროლის შემდეგ კნიაზი ფრონტის ხაზზე გადასვლას შეეცდებოდა. მართლაც ასე მოხდა. ჩეკისტები ზუსტად მიხვდნენ იმასაც, რომ კნიაზი გაქცევას ფინეთის ყურით დააპირებდა. კნიაზმა პასუხად ცეცხლი გახსნა. ის მანამ ისროდა, სანამ ვაზნები არ გამოელია. უკანასკნელი ტყვია კი პირში დაიხალა.

ჟურნალი ,, თბილისელები”.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები