კრიმინალიმთავარი ბლოკი

დაყაჩაღებას გადარჩენილები

რამდენიმე წლის წინ, ასე ვთქვათ, თოვლის ბაბუად ვმუშაობდი ახალი წლის დღეებში. უამრავი გამოძახება გვქონდა და, ლამის დილამდე გვიწევდა ხოლმე ოჯახებში სიარული.

ღამის 4 საათი იყო, რომ ყველა შეკვეთა შევასრულეთ, ერთის გარდა, სადღაც დიდუბის ბოლოს უნდა მივსულიყავით კერძო სახლში. მეც და ჩემი ფიფქიაც დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვიდექით, თანაც, რაღა დაგიმალოთ და, ორივე (განსაკუთრებით – მე) კარგად შექეიფიანებულებიც გახლდით – მოგეხსენებათ, ყოველ ოჯახში მისვლისას ერთი-ორი ჭიქის დალევა გვიწევდა (ფიფქიაც კარგი ვაჟკაცი შემხვდა). ჩავალაგეთ ხურჯინში დამკვეთის მიერ მოტანილი საჩუქრები: პისტოლეტები, ავტომატები, „ხლაპუშკები“ – ერთი სიტყვით, მთელი არსენალი და გზას გავუდექით. ისეთი გასავათებულები ვიყავით, ჩვენი მანქანა სულ ზიგზაგებით მიდიოდა. კიდევ კარგი, ქუჩაში მოძრაობა არ იყო, თორემ აუცილებლად ავარიას მოვახდენდით.

დამკვეთის სურვილის თანახმად, ჯერ ჭიშკართან უნდა აგვეფეთქებინა ერთი მრავალჯერადი აფეთქების „ხლაპუშკა“, მერე ავტომატები უნდა გადაგვეკიდა მხარზე და „ბოევიკებივით“ მივდგომოდით სახლის კარს, ამ სათამაშო იარაღებიდან „მიგვეშვა“ რამდენიმე ჯერი და ასე ყიჟინით შევცვენილიყავით ოთახში (სხვათა შორის, იმ ავტომატებს მართლაც ნამდვილის ხმა ჰქონდა). ხომ გაგიგიათ, ყველა თავისებურად „უბერავსო“. ეტყობა, ჩვენი მასპინძელი მართლაც მაგრად „უბერავდა“, თორემ ასეთ უცნაურ დაკვეთას რატომ მოგვცემდა. თავიდან, როცა დაკვეთის შინაარსი გაგვაცნეს, გამიკვირდა, ბავშვებს გული რატომ უნდა გავუხეთქოთ-მეთქი, მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს „ხუმარა“ მასპინძელს (მერე გაირკვა, რომ ერთი ბობოლა „ახალი ქართველი“ ყოფილა) ამ ახალი წლის ღამეს თავისი რამდენიმე ბობოლა „ახალი ქართველი“ ჰყოლია სტუმრად და, ისინი რომ ცოტა შეეშინებინა და მერე თვითონ ეცინა, ამიტომ მოიფიქრა ასეთი „ორიგინალური“ მილოცვა.

ერთი სიტყვით, მივადექით უზარმაზარ ჭიშკარს, რომელიც შეღებული დაგვხვდა. ვიფიქრეთ, სპეციალურად დაგვიტოვესო, შევედით ეზოში. ფიფქიამ ასაფეთქებლებს აუყენა ერთი ბათქა-ბუთქი, მე კი ავტომატი მოვიმარჯვე, რამდენიმე ჯერი „მივუშვი“, წიხლი ვკარი სახლის კარს და ველური ყიჟინით შევვარდი შიგნით. ამასობაში ჩემმა ფიფქიამაც დაამთავრა გარეთა „ბომბარდიროვკა“ და არანაკლები ველური შეძახილებით მომყვა უკან. კიდევ კარგი, არავინ გვხედავდა, თორემ, პოლიციაში თუ არა, ფსიქიატრიულში ნამდვილად გვიკრავდნენ თავს.

მოკლედ, შევცვივდით. უზარმაზარ, მუზეუმივით მოწყობილ ოთახში არავინ დაგვხვდა. სუფრა კი იყო გაშლილი, მაგრამ კაციშვილი არ ჩანდა, თანაც იქაურობა ისე იყო მილეწილ-მოლეწილი, თითქოს ქარბორბალას გადაუვლიაო. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ საკმაოდ ნასვამები ვიყავით, თანაც, რაღა დაგიმალოთ და, როლებშიც შევიჭერით და, ასე პაპუასებივით ყიჟინით, წივილ-კივილითა და პისტოლეტ-ავტომატების სროლით დავიწყეთ ოთახებში სირბილი. მოვირბინეთ ყველა ოთახი და ბოლო კარს რომ ვკარით ფეხი ( მაინც ბოლომდე გვეგონა, რომ დამხვდურები გვეთამაშებოდნენ, ანუ მათი გაქრობა თუ დამალვა ჩვენი უცნაური მასპინძლის სცენარში შედიოდა) და ვიყვირეთ: ძირს დაწექით, თორემ დაგხოცავთ ყველასო, მოხდა სასწაული: იატაკზე მსხდარი რამდენიმე ღიპიანი მამაკაცი, რომლებსაც ხელები შეკრული ჰქონდათ, პირები – ჩვრებით გამოტენილი, თვალები კი – შიშისგან გადმოცვენილი, მაშინვე იატაკს გაერთხა, მათ შორის მორბენალი ორი პიროვნება კი, რომლებიც თოვლის ბაბუისა და ფიფქიას ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი (სხვათა შორის, ის „ფიფქია“ კაი ჯმუხი, დაკუნთული და წვერ-ულვაშიანი ყმაწვილი გამოდგა და, უნდა ვაღიარო, რომ საშინლად არ უხდებოდა ბანჯგვლიან და გაღუნულ ფეხებზე დაუდევრად ამოცმული გამჭვირვალე „კალგოტკა“ და ქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი, რომელიც ყოველ წუთს აქეთ-იქით უბრუნდებოდა და ხელს უშლიდა სწრაფად მოძრაობაში; აღარაფერს ვამბობ შავი წვერების აქეთ-იქით დაფენილ ხელოვნურ ქერა ნაწნავებსა და უზარმაზარ თავზე დადებულ თეთრ-წითელ ჩაჩზე), იატაკზე გაწოლილ მამაკაცებს ჯიბეებს უსუფთავებდნენ, თან აგინებდნენ და ურტყამდნენ კიდეც.

ჩვენ რომ შევცვივდით, მძარცველები ერთი კი შეკრთნენ, მაგრამ უცებ გაბრაზებულებმა გვიყვირეს, ხომ გითხარით, სანამ არ დაგიძახებთ, ნუ შემოხვალთო – და თავისი საქმე განაგრძეს, თან ერთმანეთს აჩქარებდნენ: დროზე ქენი, სახლი გვაქვს „დასაშმონიო“. რაღა დაგიმალოთ და, ჩვენც შეგვეშინდა. ყველაფერს მოველოდით ამის გარდა და დავიბენით, მაგრამ ეს დაბნევა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და სიმთვრალე მომენტალურად სადღაც გაქრა. ის იყო, ვაპირებდი, მძარცველი „ბაბუასთვის“ დამერტყა, რომ ჩემმა ფიფქიამ, რომელიც თურმე კარატეში რომელიღაცა ქამრის მფლობელი ყოფილა, ერთი დასჭყივლა, დაითრია თავისი „კოლეგა“ და, სანამ მე გონს მოვიდოდი, „ბაბუაც“ ისე კოხტად მიუწვინა გვერდით, მოგეწონებოდათ. ახლა, მთლად უქმად ხომ არ ვიდგებოდი, ჩემი წილი მეც ვუთავაზე ორივეს, მერე შებორკილი სტუმარ-მასპინძელი ავხსენი და ყველა სათითაოდ მოვასულიერე. მინდოდა, „სასწრაფო“ გამომეძახებინა, მაგრამ მასპინძელმა მთხოვა, არ მინდა, ეს ამბავი გახმაურდეს და, თუ ძმა ხარ, ნურსად მოყვებითო.

სანამ ყველა მოვწესრიგდით და დავშოშმინდით, ამასობაში გათენდა კიდეც ახალი წლის პირველი დღე. ჩვენ ჩვენი მოვალეობა მაინც შევასრულეთ – იქ მყოფები და ოჯახი დავლოცეთ და წამოვედით. გამოსვლისას მასპინძელმა მადლობა გადაგვიხადა, ძმად მიგულეთო – გვითხრა, ჯიბეში ორივეს რაღაც ჩაგვიტენა და ხვევნა-კოცნით გამოგვაცილა. მანამდე კი, მისივე თხოვნით, ორივე მძარცველი გონს მოვიყვანეთ, ჩვენს მანქანაში ჩავისვით და თან წავიყვანეთ (მერე სადღაც გზაში ჩამოვსვით და მკაცრად გავაფრთხილეთ, არსად არაფერი ეთქვათ).

ბანდიტები რომ ჩამოვსვით, მე და ფიფქიამ ჯიბეები მოვისინჯეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მასპინძელს ჩვენთვის 1 000-1 000 დოლარი უჩუქებია. იმ დროს ეს თანხა არც ისე ცოტა იყო, თანაც, აშკარად დავიმსახურეთ.

ამ ისტორიას რომ წაიკითხავთ, შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად მოხდა, თუმცა, გამოგიტყდებით, რაღაც-რაღაცეები შევცვალე და გავაფორმე – არ მინდა, ვინმე დაახლოებით მაინც მიხვდეს, ვის შეემთხვა ეს ამბავი. იმედია, თუ ამ წერილს ჩემი მაშინდელი მასპინძელი და მისი სტუმრები წაიკითხავენ, არ მიწყენენ. უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ და ახლა ეს ისტორია მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის ვინმეს.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები