კატეგორიამთავარი ბლოკირელიგია

დიდუბის ეკლესიის მთავარი ღვთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია
შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღვთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარმა დაანგრია. 1880-1884 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა. მისი არქიტექტურა რუსული სტილის ნიმუშია. ინტერიერი 1978 წელს ალექსანდრე ბანძელაძის მიერ მოიხატა. სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1900 წელს აიგო. ეკლესიის გვერდით პანთეონია, სადაც დაკრძალულნი არიან საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, მსახიობები და პოლიტიკოსები, მათ შორის: პლატონ იოსელიანი, მიხეილ თამარაშვილი, პაოლო იაშვილი, არტურ ლაისტი, დიმიტრი არაყიშვილი, დავით კაკაბაძე, ჯაბა იოსელიანი, ზურაბ ჟვანია და სხვანი.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები