ისტორიამთავარი ბლოკინინო ხაჩიძე

ესეც უკანასკნელი ღამე სოხუმში.

Nino Khachidze. facebook-ის გვერდიდან.

აკაკი გასვიანი: 26 სექტემბერს, საღამოს სამთავრობო აგარაკზე შტაბის სხდომა გაიმართა. ბატონი ჟიული დაღვრემილია, ხმას არ იღებს, იგრძნობა, რომ მძიმე განწყობა აქვს. ყველა სამხედრო ხელმძღვანელი იქ არის. გაუთავებელ ლაპარაკში საათები გადის. ვეღარ ვითმენ და ვეკითხები: მთავრობის სახლს რა ვუყოთ, დავრჩეთ, თუ გამოვიდეთ? ქალაქიდან გასულია ჯარი, უშიშროება, არავინ აღარ არის, მხოლოდ მთავრობის სახლი და კომენდატურა დარჩა. პასუხად დუმილია. ვაგრძელებ: ჩვენ დავრჩებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ადგილებს დაიკავებენ ჩვენი ბატალიონები. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ შესვლას აზრი არ აქვს. განწირულები ვართ. სხდომას ესწრებიან: გია ყარყარაშვილი, ჯაბა იოსელიანი, ზაურ უჩაძე, პაატა დათუაშვილი. ერთი სიტყვით, ყველა იქ არის. მთანხმდებიან, ანაწილებენ ბატალიონებს, მაგრამ გენო ადამიაა წინააღმდეგი, ქალაქს ვერ დავიცავთ და მე არ დავიკავებ პოზიციასო. სხვათა შორის, ჯაბა იოსელიანი და გენო ადამია იმ სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამის გამო. გენო წავიდა, მაგრამ ამის შემდეგ გამოვიდა ბატონი ედუარდი და თქვა: გენო დაიკავებს ამ ადგილს და მის ნაცვლად მე მოვაწერ ხელსო. ყველა მეთაურმა მოაწერა ხელი ობიექტების დაცვის გადაწყვეტილებას.
— დავაზუსტებ, ედუარდ შევარდნაძემ გენო ადამიას ნაცვლად მოაწერა ხელი?
აკაკი გასვიანი: დიახ… ჩვენც დავმშვიდდით. ამით დამთავრდა შტაბის სხდომა. ამასობაში თითქმის შემოგვათენდა, დაახლოებით დილის ექვსი საათი იქნებოდა, ჩემთან მოდის კანცელარიის უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი და მეუბნება: ბიჭებმა დამირეკეს, მინისტრთა საბჭოს შენობა დაიცალა, დაცვა წავიდაო. ჩავსხედით მანქანაში და წავედით. შენობაში, მართლაც, არავინ იყო. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ავტომატები გვქონდა და დავათვალიერეთ ყველაფერი: ოთახები, კიბე, დერეფნები და ამის შემდეგ ვაცნობეთ, რომ მთავრობის შენობის დაცვა აღდგა. დილის ცხრა საათზე ბატონი ედუარდი მოდის, გარეთ ვხვდები მას. მეუბნება: მთავრობამ უნდა იმუშავოს, ხალხი რეკავს, მას ხელმძღვანელობა სჭირდება. შემდეგ მემშვიდობება და მპირდება, რომ დაცვას მოგვაშველებს. მართლაც, ნახევარ საათში მოდის ავღანელთა 32 კაციანი ჯგუფი გურამ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით. ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ.
— ბატალიონები სად არიან ამ დროს?
აკაკი გასვიანი: ჯერ არაფერი ვიცი ბატალიონების შესახებ. ამასობაში, ბატონი ჟიულიც მოვიდა. გზაში ასცდა ბატონ ედუარდს. დამიბარა და მკითხა, როგორ არის საქმეო. დავიწყეთ ბატალიონების ძებნა, მაგრამ არ ჩანან. შევფიქრიანდით. ქალაქში სამარისებური დუმილია.
— არც შეტევაა?
აკაკი გასვიანი: არა, დუმილია ქალაქში გამეფებული, მაგრამ გაუთავებლად რეკავს ხალხი, ვერ ავუდივარ სატელეფონო ზარებს.
— შტაბის სხდომაზე არაფერი თქმულა მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ?
აკაკი გასვიანი: არ გადაწყვეტილა ეს საკითხი… როგორც გითხარით, ცუდად მენიშნა, რომ არავინ გამოგვეხმაურა ბატალიონებიდან და, პრაქტიკულად, გუმანით ვგრძნობ, რომ საქმე ცუდადაა…
— მოსახლეობას რას პასუხობთ?
აკაკი გასვიანი: ყველას ვეუბნები, რომ აიღეთ რაც გაქვთ და სასწრაფოდ წადით ქალაქიდან… და დაიწყო ხალხის ნაკადმა დინება. ორი ქუჩით მიდის მოსახლეობის ტალღა. ვთქვათ, არაფერი მომხდარიყო, სამხედრო წესით დასჯას ვიმსახურებდი, რადგან თვითნებურად მივიღე ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ დავტოვე მოსახლეობა ალალბედზე. რამდენი მხვდება დღესაც და მეუბნება, თქვენ რომ არ გეთქვათ, ქალაქიდან გადით, დღეს მკვდარი ვიქნებოდიო.
“დილის თერთმეტ საათზე მტერმა მინისტრთა საბჭოს შენობას შემოუტია. შენობაში ვიმყოფებოდით: თანამშრომლები, დაცვის თოთხმეტკაციანი ჯგუფი და ავღანელები. ძლიერ ცეცხლს ჭურვები მოჰყვა. შენობაში ხანძარი გაჩნდა, ტელეფონები გაუჩერებლად წკრიალებდა. ხალხი გამუდმებით რეკავდა და პასუხს ითხოვდა. ყველას ვეუბნებოდით, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი. უკვე აშკარა იყო, რომ ბატალიონებმა არ შეასრულეს ბრძანება და ვერ გაამაგრეს პოზიციები. მინისტრთა საბჭო, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა. მინისტრთა საბჭოს დაცლა დამარცხებას ნიშნავდა, ამიტომ ბოლო წუთებამდე ველოდით მაშველ ძალებს. კოორდინატები გადავეცით, მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა. როდესაც ქალაქიდან მოსახლეობის გასვლა შეწყდა, ბატონმა ჟიულიმ გასცა ბრძანება: დავცალოთ შენობა და დავიხიოთ უკან. გურამ ჯანიაშვილმა შემოგვთავაზა, ჯგუფებად გავნაწილებულიყავით და ცალ-ცალკე გავსულიყავით შენობიდან, რადგან ერთიანად მტერი ადვილად ამოგვიღებდა მიზანში. ვიდრე სატელეფონო კავშირი არ გაწყდა, ჩემი კაბინეტი არ დამიტოვებია. შემდეგ გამწარებულმა დავანარცხე ტელეფონი და ჯგუფს ჩამოვყევი.
მინისტრთა საბჭოს წინ სროლები იყო. კიბეზე იდგნენ: ბატონი ჟიული, რაულ ეშბა, გურამ გაბისკია და დაცვის ბიჭები. თავზე სვანური ქუდი მეხურა, როგორც ჩანს, სნაიპერმა მიზანში ამომიღო და მე დავინახე ჰაერში მფრინავი აალებადი ტყვია. იქვე იყო შინაგანი ჯარის ბატალიონის უფროსის მოადგილე გურამ კვარაცხელია, რატომღაც, დამიძახა: ბოძისკენ წამოდითო. მაგრამ, ბოძს ნაღმმტყორცნი ესროლეს და ჩვენ ბოტანიკური ბაღისკენ გადავინაცვლეთ, მაგრამ იქაც მტერი იყო გამაგრებული და ცეცხლი გაგვიხსნეს. ასე აღმოვჩნდი შენობის გარეთ. ბატონი ჟიულისგან მინისტრთა საბჭოს შენობა გვყოფდა. გადავწყვიტეთ, როგორმე კომენდატურამდე მიგვეღწია. იქ მეომრები მეგულებოდა. მე, როგორც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორს, ბრძანების გაცემის უფლება მქონდა. რათა ზღვისპირა ქუჩებიდან ერთი ტანკი ან ჯავშანტრანსპორტიორი დაძრულიყო მინისტრთა საბჭოს მიმართულებით, გაეკეთებინა დერეფანი და შენობაში დარჩენილები გამოეყვანა. ამის გაკეთებას, სულ რაღაც, ათი წუთი სჭირდებოდა.
დღესაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი ცოცხალი. მაგრამ, რა არის, იცით?! შიშის გრძნობა ჯერ კიდევ დილით გადავლახე, სიკვდილს ვიყავი შეგუებული და გონება კომპიუტერივით მუშაობდა. ამიტომ უკვე აღარ მიკვირს, რატომ ხდებიან ბრძოლაში მეომრები უშიშრები.
ჯვარედინ ცეცხლში ხტუნვა-ხტუნვით გადავჭერი ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი. მინისტრთა საბჭოს შენობის კიბეზე გურამ ჯანიაშვილი იდგა რამდენიმე მეომართან ერთად. ხელი დავუქნიე. შვიდი კაცი გარღვევაზე წამოვიდა. ბატონმა ჟიულიმ და დანარჩენებმა ვერ შეძლეს, რომ მათ გამოჰყოლოდნენ. ასე მოვწყდით ძირითად ჯგუფს და გეზი კომენდატურისკენ ავიღეთ.
კომენდატურაში სამი კაცი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ წითელ ხიდთან გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა და კომენდანტი მერაბ გამზალია იქ იყო გამაგრებული. როდესაც გამოვედი, გურამ ჯანიაშვილი და მისი ჯგუფი იქ აღარ დამხვდა და მარტო წავედი წითელი ხიდისკენ. მთელ ქალაქში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასობაში შევეყარეთ მერაბ გამზარდიას, ნუგზარ ქოიავასა და კოტე ზაქარაიას. ერთად წავედით წითელი ხიდისკენ… გზაზე მივადექით რუსეთის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ბაზას, ვაჩვენეთ საბუთები და ვთხოვეთ, რომ გავეტარებინეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. მოვნახეთ ვიწრო ბილიკი და შევუერთდით გენერალ ვალერი ქვარაიას ჯგუფს. ავუხსენი მდგომარეობა და გადავეცი კოორდინატები, თუ რა მიმართულებით უნდა ემოძრავა მძიმე ტექნიკას, რათა გაკეთებულიყო დერეფანი და მინისტრთა საბჭოში დარჩენილი ხალხი გამოგვეყვანა.
ამის შემდეგ გადავედი სინოპში, სადაც გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი ვნახე. ვუთხარი, რომ მინისტრთა საბჭო ალყაში იყო მოქცეული. დამპირდნენ, რომ ყველაფერს იღონებდნენ ალყის გასარღვევად. გია ყარყარაშვილს, მართლაც, გაუგზავნია ერთი ავტობუსით მეომრები, მაგრამ წითელ ხიდზე ვერ გადასულან. ვიცოდი, რომ პრეზიდენტი აგუძერაში იმყოფებოდა, ამიტომაც მისკენ გავემართე, რომ მთავარსარდლისთვის ვითარება მომეხსენებინა. პრეზიდენტი მარტო იყო შენობაში. მან მითხრა, რომ დაურეკა ბორის პასტუხოვს და იგი დაჰპირდა, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებს შეაგზავნიდა და ასე გამოიყვანდა ბატონ ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებს. დავმშვიდდი. ვირწმუნე, რომ პასტუხოვი სიტყვას შეასრულებდა, მით უფრო, რომ კომკავშირული და პარტიული წარსულიდან გამომდინარე, იგი თავს ბატონი ჟიულის მეგობრად აცხადებდა… კოდორის ხეობაში წავედი, რათა 100 კაციანი ჯგუფი მაინც წამომეყვანა, რომ მდინარე მაჭარაზე გავმაგრებულიყავით. მეორე დღეს, როდესაც გასვლას ვაპირებდით, ჩვენ გავხდით ქართველთა იძულებითი უკუქცევის მოწმენი. ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა. სისხლგამშრალი ვიდექი და ვუყურებდი ჯარს: სად იყვნენ ისინი 27-ში? სად იყო ეს მძიმე ტექნიკა სოხუმის დაცემის დღეს? 27 სექტემბერს სოხუმი ცარიელი იყო…
კოდორის ხეობაში გავიგე შემზარავი ამბავი: ბორის პასტუხოვმა სიტყვა არ შეასრულა. მიუხედავად ჩემი ამდენი მცდელობისა, ვერ მოიძებნა ერთი ტანკი თუ ჯავშანტრანსპორტიორი, რომ ეს კაცი-ლეგენდა გამოეყვანათ ალყიდან.
მტრის ბატალიონებმა მინისტრთა საბჭოს შენობა აიღეს. ტყვედაყვანილები ორ ჯგუფად გაყვეს და ორი ავტობუსით გაიყვანეს შენობიდან… ბატონი ჟიული დახვრიტეს უახლოეს და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან. იგივე ბედი ეწია მეორე ჯგუფსაც… მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა — იური გაავა, იგი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. იური გაავა მისმა აფხაზმა მეომრებმა იხსნეს, რომელიც მტრის მხარეს იბრძოდა.”[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები