მთავარი ბლოკირელიგია

ეს სახელები, ილია ჭიღლაძე, იერონიმე, ირინეოსი და სხვანი იყვნენ საცნობელი ქართველი ერისთვის, როგორც ცილიმწამებელნი და ცრუნი. – ღია წერილი პატრიარქს

ხატის მცველების ღია წერილი პატრიარქს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ უპირველესყოვლისა გილოცავთ ქრისტეშობას, დღესასწაულს უდიდესი სიხარულისა. ძალიან ძნელია მართლმადიდებელმა და ქრისტეს მოყვარულმა კაცმა სიტყვით გადმოსცე ქრისტეშობის სიხარული. როდესაც ეს დღესასწაული მოდის და ახლოვდება არა გონებით, არამედ გულით გრძნობ ამ სიხარულს, შენდაუნებურად იწყება ბედნიერების დუღილი სისხლში და ხვდები, რომ წინ გელოდება დღე, როდესაც ბეთლემში შობილი ყრმის მოვლინებას ზეიმობ. ქრისტეშობის დღესასწაულს არამხოლოდ ადამიანები არამედ ბუნებაც კი სიხარულით და სიყვარულით ეგებება და არც თუ ისე იშვიათად ამოიკითხავ, რომ შობის ღამეს ზოგგან ყინულშიც კი აყვავილდებიან ერთეული ყვავილები თუ ბუჩქები. როდესაც გულწრფელი ხარ უფლის სიყვარულში ფიქრობ, რომ ასეთივე ზეიმია სხვის გულებშიც, რომ სხვანიც ასე ელოდებიან ყრმა იესოს მოვლინებას, მაგრამ ხშირად აღმოაჩენ, რომ ეს ასე არ არის, რომ ვიღაცისთვის ქრისტეშობის აღნიშვნა მხოლოდ ფორმალობა ან სულაც მარხვის დასრულება და კარგი დანაყრებაა. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ასეთი ფორმალობით ქრისტეშობას აღნიშნავენ არა საერო არამედ სასულიერო პირები. ქრისტეშობის დღესასწაულის წინ, მარხვის ბოლო კვირას, როდესაც ალბათ ერიცა და ბერიც უფრო მეტად უნდა იყოს გაძლიერებული ლოცვასა და მარხვაში, როცა უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რაოდენ დიდი სიყვარულის გამოვლინების აქტია უფლის მიერ შობა მაცხოვრისა ჩვენისა, მეტადრე თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ სიყვარულის აქტს ჩვენ ჯვარცმით ვუპასუხეთ, სწორედ შობის დღესასწაულის წინ, ჩვენ დავდექით უმძიმესი განსაცდელის წინაშე ეგრედწოდებული „სასულიერო პირების“ მხრიდან. კერძოდ დღესასწაულის წინ დეკანოზი ილია ჭიღლაძე აქვეყნებს ვიდეო ჩანაწერს, რომელზეც ასახულია ჩვენი შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან. ცხადია ამაში ცუდი არაფერია და ეს ჩანაწერი არაერთხელ გაშუქდა ტელევიზიითაც და ხშირად გავრცელებულა სოციალურ სივრცეშიც, მაგრამ აქ მთავარი მოტივაცია და პირდაპირი მტრობის დემონსტრაციაა ეკლესიის და ზოგადად ქვეყნის მიმართ. ჩანაწერის შინაარსი ასეთია, შეხვედრის დროს ჩვენ იერუსალიმის პატრიარქს ვაჩვენეთ ის ძვირფასი საეკლესიო შესაწირი, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩვენთან ერთად გააკეთა წმინდა მიწისთვის, ესენია დიდი და მცირე დაფარნები, იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძრისთვის, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისთვისა და იერუსალიმის ჯვარის მონასტრისთვის, ასევე მაცხოვრის საფლავზე გადმოსაფარებელი ხავერდი წარწერით „ქრისტე აღსდგა“ რომელიც ტრადიციულად მუდმივადაა ჩამოფარებული უფლის საფლავზე. ასევე იერუსალიმის პატრიარქს საჩუქრად გადავეცით ილორის წმინდა გიორგის ძვირფასი ხატი. შეხვედრის დროს იერუსალიმის პატრიარქმა ჩვენ მოგვცა საშუალება რომ ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღგვენიშნა ოკუპირებული აფხაზეთის სტატუსი და დასვა კითხვა დამოუკიდებელია ახლა აფხაზეთი?! რაზეც ჩვენ მივუგეთ, აფხაზეთი ოკუპირებულია, რუსეთის მიერ. ჩვენი პასუხის შემდეგ პატრიარქი იმეორებს, დიახ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამის შემდგომ კიდევ გრძელდება შეხვედრა და იერუსალიმის პატრიარქი ნიშნად უდიდესი სიყვარულისა ქართველების მიმართ გვთავაზობს, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს ტაძარში გამოგვიყოს ადგილი და მოგვცეს საშუალება იერუსალიმში ყოფნის დროს საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“ საპატიოდ იქნას დაბრძანებული ტაძარში და შევძლოთ მრევლის მიღებაც, ასევე იერუსალიმის ჯვარის მონასტერში შეიქმნა ქართველთა კუთხე და იქ ჩვენ მიერ დაბრძანებულია „ხატი დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის“ პირველი ასლიც. და ეს ყველაფერი მოხდა სწორედ იერუსალიმის პატრიარქის ხელშეწყობითა და სიყვარულით.

ჩვენ ორ ქართველს გვქონდა ის ბედნიერება, რომ უფლის საფლავის გახსნის დროს ვყოფილიყავით იქ და ჩამოგვებრძანებინა იერუსალიმიდან უდიდესი სიწმინდე, იმ კლდის ნაწილი, სადაც უფლის სხეული ესვენა და რომელიც უკვე მრავალი საუკუნეა უფლის საფლავის სახელითაა ცნობილი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უდიდესი სიხარულისა და სიყვარულის მიზეზია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რაოდენ რთული მისაღწევია იერუსალიმში ერთი პაწაწინა ადგილის მოპოვებაც კი და ჩვენ ეს უდიდესი სიყვარულით შევძელით რაზეც მუდამ მადლიერნი უნდა ვიყოთ იერუსალიმის პატრიარქისა. სამწუხაროდ დეკანოზ ილია ჭიღლაძისათვის ეს არა სიხარულის, არამედ ინტრიგისა და ბოროტების საფუძველი გახდა მხოლოდ. მან არაერთხელ მოახდინა ამ ვიდეო მასალის ტირაჟირება ისე, რომ დაედანაშაულებინა იერუსალიმის პატრიარქი და წაეკიდა ორი ეკლესია ერთმანეთისთვის. შობის წინა დღეებში მან ასეთი სიტყვები წაუმღძრვარა ვიდეო ჩანაწერს „იერუსალიმის პატრიარქს აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰგონია (თუ მიაჩნია?!)“ „ასევე ეს იმის მაგალითიცაა, თუ რა ზერელე წარმოდგენა აქვს მას საქართველოს შესახებ“ წერს დეკანოზი. „ეს ბატონები რა გასარჩევია, არც ვიცი ვინ არიან, თეოფილეს სიტყვები გაარჩიეთ“. თქვენო უწმინდესობავ, ჯერ ერთი, რატომ უნდა იქცეოდეს ზოგადად ასე ანტისახელმწიფოებრივად და მტრულად დეკანოზი? მერეც მეორე საერთოდ არავის სჭირდება მისი ნაცნობობა, მაგრამ ის ცრუობს როცა ამბობს, რომ არც კი იცის ვინ ვართ, რადგან ჩვენ კომუნიკაცია წლების წინაც გვქონია, და ადრეც როდესაც მან, ასევე მტრული განწყობით დაიწყო ვიდეო ჩანაწერის ტირაჟირება მე პირადად შევეხმიანე მას და გვქონდა დიალოგი, სადაც ვკითხე, რომ ჩანაწერში ამდენი სიკეთეა იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან და რატომ ავრცელებს სიცრუეს და ფარავს პატრიარქის სიკეთეს. როგორ შეიძლება ასეთ მატყუარა ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა მრევლს ან საერთოდ იყოს სასულიერო პირი?! და მესამე, ნუთუ სჯულის კანონით ან ზოგადად საზოგადოებრივი ზნეობრივი ნორმებით ასე ხელწამოსაკრავად სასაუბრო უნდა იყოს დეკანოზის მხრიდან ქრისტიანობის აკვანი, იერუსალიმი და მისი პატრიარქი, ან ზოგადად პატრიარქი?! როგორც ჩანს ჩვენში მისაღები გახდა პატრიარქების ცილისწამება და ამას ყველაფერს აკეთებენ არა საერო, არამედ სასულიერო პირები. ალბათ აქ დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ამ საკითხს კიდევ უფრო მძიმე კრიმინალის სახე, რომ არ მიეღო. ამ ყველაფერს ეხმიანებიან ბერები, რომლებიც ცნობილინი არიან სკანდალებითა და უზრდელობით იერონიმე და ირინეოსი, ისინი საჯაროდ გვდებენ ბრალს რუსეთის აგენტურაში, გვიწოდებენ სამარცხვინო, უზრდელ და თავხედ პიროვნებებს და ასევე ვითომდა ჩვენი სულიერი მასწავლებლები არიან ათონის ესფიგმენის სქიზმატური მონასტრის წევრები. მე არ ვიცი რომელ სახარებაში კითხულობენ ასეთ სიტყვებს სასულიერო პირები, ან რატომ აქვთ ასეთი ბინძური ლექსიკა. რატომ უნდა იყვნენ მატყუარები და იგონებდნენ რაიმე კავშირებს ესფიგმენის მონასტერთან, ეს ხომ სიცრუეა უბრალოდ და ხალხის მოტყუება, გაბოროტება. რაც შეეხება რუსეთის აგენტობას ისინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბრალს უყენებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც, რადგან თუ სახელმწიფოში ჩვენი სახით არიან აგენტები, რატომ არაფერს აკეთებს ეს სამსახური ქვეყნის საკეთილდღეოდ და თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ინფორმაცია ჩვენი აგენტურული მუშაობის სესახებ, მაშინ ეს მასალები კანონდარღვევით როგორ აღღმოჩნდა ე.წ. ბერების ხელში და რატომ მოხდა მასალების უკანონოდ გადაცემა მესამე პირებზე?! იმედია ამ საკითხს თავად უპასუხებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რასაკვირველია საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაშაული იკვეთება, არც იერუსალიმის პატრიარქისა და არც ჩვენი, არამედ სახეზეა არა საეკლესიო სამართლის დარღვევა, არამედ უბრალოდ კრიმინალი, როცა სასულიერო პირები თავს უფლებას აძლევენ დაადანაშაულონ თავის ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები სახელმწიფოს ღალატში. ეს ადამიანები ცდილობენ მუდმივად განხეთქილება ჩამოაგდონ როგორც ჩვენი ეკლესიის შიგნით, ისე გარეთაც. ამ ხალხს არაფერი აქვს საერთო არც ქრისტესთან და არც რაიმე ფასეულობებთან. ისინი მუდმივად ასე ჩასაფრებულნი არიან სოციალურ ქსელებში და სწყურიათ სისხლი და ხორცი, მაგრამ არა ქრისტესი, არამეთ საკუთარი თანამემამულეებისა. ცდილობენ ვინმე წამოიკიდონ, ლანძღონ ჭკუა ასწავლონ და რეალურად კი დისკრედიტაციას ეწეოდნენ ეკლესიისას. როდესაც ბერი მომწერს, რომ „პასუხს მაგებინებს“, იქნებ ის მაინც აუხსნას ვინმემ, რომ მოქალაქე პასუხისმგებელია კანონის წინაშე და ის ფორმა რასაც ისინი იყენებენ არის პირდაპირი მუქარა. უკვე ხშირად მესმის, რომ არ ღირს სასულიერო პირებთან საქმის დაჭერა, რადგან ისინი საშიშნი არიან და გარკვეულწილად ვეთანხმები ამ აზრს, რადგან სწორედ ასეთი წამოკიდებებისა და გადაკიდებების შედეგია ის სუიციდები, რომლებიც ასე გახშირდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ასეთ ადამიანებს მიჰყავთ სხვა ადამიანები უმძიმეს გადაწყვეტილებამდე. არ ვიცით, რატომ ან ვის სჭირდება ასეთი პიროვნებების ეკლესიის წიაღში ყოფნა, არ ვიცით რატომ გაჩაღდა ეს „სეილემის პროცესი“ და არც უნდა გვაინტერესებდეს ეს ყველაფერი ჩვენ, რადგანაც ეკლესიას აქვს თავისი დანიშნულება და მის წიაღში მყოფნი არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. რაც შეეხება იერუსალიმის ეკლესიას, იქნებ ამ პირებს ვინმემ აუხსნას, რომ იერუსალიმის ეკლესია ჩვენთვის დედაეკლესიასავითაა, არა იმიტომ მხოლოდ, რომ იქ მოხდა მაცხოვრის შობა და ამაღლება, არამედ იმიტომაც, რომ ქართველებმა უდიდესი როლი ვითამაშეთ იერუსალიმის ეკლესიაში. ვაშენებდით ეკლესია მონასტრებს, ვქმნიდით უნიკალურ წიგნებს და სულ რომ არაფერი იერუსალიმის ბიბლიოთეკის უმეტეს ნაწილს, ჯვარის მონასტრის ბიბლიოთეკა წარმოადგენს. თუნდაც ის აუხსნას ვინმემ, რომ აღდგომის ტაძარს 1808 წლის ხანძრამდე ჩოლოყაშვილის შებმული კარი ება. იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ ხალხს, რაოდენ დიდი ღვაწლი გასწია ქალბატონმა ელენე მეტეველმა, რომელმაც პრაქტიკულად ახლიდან აღმოაჩინა ყველაფერი, გრიგოლ ფერაძემ, ალექსანდრე ცაგარელმა, ტიმოთე გაბაშვილმა, თამილა მგალობლიშვილმა და დღეს უკვე არაერთი წელია, რაც ჩვენ ვმუშაობთ უნიკალურ მასალებზე, მოკვლეული და გამოქვეყნებული გვაქვს არაერთი უნიკალური ფაქტი ქართველთა როლზე წმინდა მიწის ისტორიაში, თუმცა არც მიკვირს ამ ახალგაზრდათა ასეთი უცოდინრობა, მაშინ როცა არცერთი სასულიერო პირი არ შეგვხმიანებია და არ დაინტერესებული საკუთარი ისტორიით. ალბათ ის ყველაფერი რაც წმინდა მიწაზე დავკარგეთ, დავკარგეთ ამათი მსგავსი სასულიერო პირების გამო, რომლებიც თავისი განცხრომისთვის, ვალს ვალზე იღებდნენ ან სულაც ჩუქნიდნენ მონასტრებს სხვებს, თუმცა რასაკვირველია ყველაფერი ამ ვალების გამო არ დაკარგულა და ბედის უკუღმართობით დაგვიდგა ის გარემოება, როცა პრაქტიკულად არაფერი გვაქვს საკუთარი წმინდა ქალაქში. ამ დროს კი როდესაც იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან ქართველი ხალხის სიყვარულის ნიშნად ჩვენ მცირედი მაინც გამოგვიყვეს, სწორედ ამ პატრიარქს ვწამებთ ცილს, ვლანძღავთ და კიდევ უფრო ვამძიმებთ ურთიერთობას ეკლესიათა შორის. უნდა დასრულდეს ეს მანკიერებანი, არ შეიძლება ამ ხალხს მხოლოდ სასპეკულაციოდ ჰქონდეთ თავიანთი წოდებები, უკვე ერში სასაცილოდ გახადეს რომ ხელდასხმა აქვთ და აქ რასაც შეჰკრავენ, ზეცაშიც ვერ გახსნის უფალი, მაგრამ ის კი არ იციან, რომ აქ რომ შეჰკრა, ჯერ საკუთარ ბაგეთა შეკვრა უნდა შეგეძლოს, რათა დაამარცხო სიბოროტე შენივე თავში. თავმდაბლობა და მორჩილება ბერთათვის მაკრატლის მიწოდების ჟამს კი არ მთავრდება, არამედ იწყება. პრაქტიკულად 2016 წლიდან მოყოლებული მუდმივად ცუდს ისმენს ადამიანი ტელევიზითა თუ მედიის სხვა საშუალებით სასულიერო პირებზე, ხალხი დაიღალა და ჩვენც დავიღალეთ ამდენი დევნითა და მათი მხრიდან შეურაცყოფით. მუდამ ისე აყენებენ საკითხს, რომ ეკლესია არიან თვითონ და ხალხი კი სხვაა. ვერც ეკლესიის განმარტება ვერ უსწავლიათ და ერისკაცნი მტრად მიაჩნიათ, დღეს არ გაუშვებენ ვინმე რომ არ გალანძღონ. თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგებებში არაერთხელ აღნიშნეთ ჟამი ახლო არსო, და ამ ჟამისთვის ყველაზე დიდი დამახასიათებელი ალბათ მაინც არის უსიყვარულობა და დიდი განდგომილება, მაგრამ როგორ არ განუდგები ასეთ ადამიანებს? ხალხს შველა სჭირდება ახლა, თანადგომა და არა ფეოდალური ინსტიტუტი, რომელიც ერისკაცს მდაბიოდ მიიშნევს და მისგან შორს მდგომად. ეს ვითარება არ იყო ადრე, თუმცა მათ ეს საიდან ეცოდინებათ, როდესაც ჩვენ უკვე ეკლესიის მრევლი ვიყავით, იმ ხანად ათიოდე ეპისკოპოსი თუ ჰყავდა ჩვენს დედაეკლესიას, მაშინ ესენი ზოგნი ერისკაცები იყვნენ, რომელთაც ეკლესიის გზაც არ იცოდნენ და ზოგნი არც კი იყვნენ დაბადებულნი. ბევრი რამის გამოვლა მოგვიწია და ეკლესიამ მოაღწია ჩვენს მხრებზე აქამდე და რასაკვირველია თქვენთან ერთად და თქვენი ლოცვაკურთხევით. მაშინ ლუკმაპურის ფული არ გაგვაჩნდა ხალხს და უკანასკნელ გროშებს ვიღებდით, რომ თუნდაც საეკლესიო ინვენტარი შეგვეძინა, საეკლესიო წიგნებიც კი არ იყო ქართულად საკმარისი, მღვდლები ვერ იმოსებოდნენ, რადგან არც ქსოვილი იშოვებოდა და არც სამკერვალო იყო. სწორედ მაშინ ვისაც რითი შეგვეძლო, ოჯახებში ჩვენი ხელით ვაკეთებდით ყველაფერს და ეკლესიებისა და სატრაპეზოების შენება-აღდგენისას, ჩვენი ხელით ვეზიდებოდით ქვასა და აგურს. მე პირადად ვიყავი იმ რამოდენიმე კაციან ჯგუფში, როდესაც კულტურის მინისტრთან ერთად როგორც იქნა შევაღწიეთ ომის შემდგომ სამაჩაბლოში, რათა გვეპატრონა ჩვენი ეკლესიებისთვის. ბევრმა რამემ გამოიარა ჩვენს მხრებზე და მეტადრე თქვენსაზე, შესაბამისად კარგად მიხვდებით ამ წერილში რასაც ვგულისხმობ, რა დღეებსაც. უმადურებამ და ამპარტავნებამ შვა დაცემული ანგელოზი და ასეა ახლაც. ვინც რა უნდა ის სთქვას, ვერაფერი შეგვაჩერებს ჩვენ, ვიღვაწოთ საკუთარი ქვეყნისთვის, მაგრამ გუშინ გამომცხვარი ბასილები, თავისი ქვეყნის მოამაგეების სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას ვერ უნდა ბედავდნენ, არ უნდა აუფასურებდნენ ხალხის თვალში დედა ეკლესიას. ჩვენ არასოდეს შეგვიწუხებიხართ და არც ახლა მოგწერდით ღია წერილს, რომ არ იყოს უკიდურესი ვითარება. ეს პროცესი უნდა დასრულდეს სასწრაფოდ. ყოველდღიურად უფრო მეტ ადამიანში იწვევენ გაღიზიანებას და პრაქტიკულად აგდებენ ეკლესიის წიაღიდან მრევლს. მხოლოდ მდაბიო და კერპთაყვანისმცემელი თუ დადგება მათ სადიდებლად, დიახ სადიდებლად რადგან მათ არა უფლის, არამედ საკუთარი თავის დიდებისთვისა და კეთილდღეობისთვის სურთ ყველაფერი. ასე თუ გაგრძელდა ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ხალხი ამხედრდება და გახდება ქმედითი. არშეიძლება სოციალური ქსელებიდან სტიქაროსნები იგინებოდნენ დედას, არ შეიძლება ისინი ლანძღავდნენ სხვებს და ერეოდნენ ბოროტად სხვის ცხოვრებაში, ბევრი რამ არის რაც არ შეიძლება, მაგრამ ამათთვის ყველაფერი არის დასაშვები, მიღებულიც კი. არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ სულ ეს არის ჩვენი ეკლესიის სახე, რასაკვირველია არა, უფლის მადლითა და თქვენი დაუღალავი შრომით საქართველოს ეკლესიას ყავს სასულიერო პირები, რომელთაც სიამაყით შეგვიძლია მამები ვუწოდოთ, რომლებიც ძალიან ძვირფასნი არიან ყველა ჩვენგანისთვის და ეს ორი მუჭა კრიმინალი არ უნდა ასხავდეს ლაფს მათ სახელსაც, მრევლს უნდა ჰქონდეს უფლება განაგრძოს სულიერი ცხოვრება ამ ავაზაკების გარეშე.
თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ თხოვნით უმოკლეს დროში მიიღოთ ზომები, რათა აღიკვეთოს ეს უმსგავსობა ეკლესიის წიაღში, ხალხს ისედაც დიდი ხანია ყველა სიტყვაზე რუის-ურბნისი აკერია და უკვე სირცხვილიც კია, რომ არაფერს ვაკეთებთ საკუთარი ხვალინდელი დღის გასაუმჯობესებლად. ამ კრიმინალის შემდეგ ჩვენ უპირველესად, როგორც სულიერ მამას მოგმართეთ თქვენ და არ წავსულვართ თქვენი გადაწყვეტილების წინ და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პიროვნებები, რომელთა საქმეც როგორც ჩვენთვის ცნობილია უკვე განიხილება ზნეობრივ საბჭოზე, ვეღარასოდეს ვეღარ ისარგებლებენ საქართველოს ეკლესიის სახელით, სხვათა დასადანაშაულებლად და შეურაცხყოფის მისაყენებლად. ჩვენ, ჩვენი მხრიდან კი გავაკეთებთ იმას, რომ ყოველი საფრთხე ავარიდოთ ჩვენს თანამოძმეებს და ეს სახელები, ილია ჭიღლაძე, იერონიმე, ირინეოსი და სხვანი იყვნენ საცნობელი ქართველი ერისთვის, როგორც ცილიმწამებელნი და ცრუნი. გვინდა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და გიცხადებთ ყოველმხრივ თანადგომას, თუ თქვენი ნებასურვილი იქნება, რომ დაიწყოს ეკლესიის გაჟანსაღების პროცესი, ავაზაკნი განერიდონ დედა ეკლესიას და ცნობადნი გახდნენ ის უკეთილშობილესი მღვდლები და ბერ-მონაზვნები, რომლებიც დღეს სოფლებში სხედან, შრომობენ და სხვის გასაჭირში არიან შეხიდულნი.

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *