საზოგადოება

ვინ დაატარებდა სულთა საუფლოში არტურ მაზარჟანს ავსულთა სანახავად

ავთანდილ ახვლედიანი, პროფესიით არქიტექტორია, ცხოვრობს ჭავჭავაძის გამზირზე, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი… მისი ფათერაკებით აღსავსე ოთხდღიანი მგზავრობა, რომელიც 1990 წლის 29 ივლისს დაიწყო, მაშინვე აღმოჩნდა ანომალიურ მოვლენათა მკვლევარი მეცნიერების განსჯის საგანი. ბატონ ავთოს შენახული აქვს იმდროინდელი რუსული ჟურნალ-გაზეთები და მისი უცნაური თავგადასავლის ამსახველი წიგნები (მეცნიერული გამოკვლევები), რითაც თავის ფსიქიკურ სიჯანსაღეს ყველა სკეპტიკოსს უმტკიცებს.

ავთანდილ ახვლედიანი: მე და არტური მოსკოვში მივლინებით მივემგზავრებოდით. ბილეთები ვერ ვიშოვეთ და საფოსტო ვაგონის გამცილებელ ქალს – რიმას ვთხოვეთ დახმარება. საქმე მალე მოვაკვარახჭინეთ და ორადგილიან კუპეში დავბინავდით. შინიდან წამოღებული ნობათი რომ გავშალეთ, მატარებელი კრასნოდარში შევიდა. სიგარეტის მოსაწევად დერეფანში გამოვედით. ვაგონში 19-20 წლის შავგვრემანი, საშინლად გამხდარი გოგო ამოვიდა. სომეხი ჩანდა, უგემოვნოდ იყო ჩაცმული… ჩემი ყურადღება მისმა არაბუნებრივმა, მრავალწახნაგოვანმა თვალის ჭრილმა, შავმა, შუშასავით ცივმა თვალებმა და ყელზე ზოლად შემოხაზულმა ნაიარევმა მიიპყრო. მგზავრი ჩვენს კუპესთან შეჩერდა და მეცამეტე ადგილი იკითხა. ეს კუპე ჩვენ გვერდით იყო. არტური თანამემამულეს სომხურად გაესაუბრა, ადგილი უჩვენა და მერე სუფრასთან მოიპატიჟა. გოგო ხარბად შეექცეოდა საჭმელს და თან სომხურად ლაპარაკობდა. ამბობს, საჭმელი არასდროს მიჭამიაო, – ასე მითარგმნა არტურმა, – სომხეთის პროვინციიდანაა, დედინაცვალს სახლიდან გამოუგდია, კატასტროფაში დაღუპული მამისა და ძმის საფლავის სანახავად მიდის როსტოვშიო; რაღა ბევრი გავაგრძელო, ვიღაც მიუსაფარია, საცოდავი, ღამის გასათევიც არ ჰქონიაო. მალე გოგო სომხურიდან რუსულზე გადავიდა.

– რამდენი წლის ხარ? – ვკითხე.

– 1771 წელს დავიბადე.

აქ უნებლიე შეცდომა არ გეგონოთ, მართლაც ასე მიპასუხა, ძალიან ბუნებრივად და მშვიდად. ჩვენს გაოცებულ სახეებს რომ შეხედა, საბუთიც გამოგვიწოდა – ეს იყო სასოფლო საბჭოს მიერ გაცემული რუსულად დაწერილი „ცნობა“… უცებ 200 წლის ადამიანი სუფრიდან ადგა, დერეფანში გავიდა და მშობლიურ ენაზე სიმღერა წამოიწყო. მუსიკალური განათლება მაქვს და შევნიშნე, მისი ძლიერი, სასიამოვნო ხმის ტემბრი. ჩემი მეგობარიც გავიდა კუპედან და ფანჯარასთან დადგა. ცოტა ხანში უკანვე შემოვიდა და მითხრა:

– ნახე, ავთო, გოგოს თვალებიდან სისხლი სდის, მოსთქვამს და მამის სულს ელაპარაკება: ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს, თავი უნდა მოვიკლა. მატარებლიდან გადავხტებიო. არტური მართალს ამბობდა, გოგოს თვალები სისხლიანი ჰქონდა, სახე კი გაფითრებული.

მერე უცნაური მგზავრი და არტური კუპეში მარტო დარჩნენ. არ ვიცი, იქ რაზე ისაუბრეს, მაგრამ ცოტა ხანში არტური კუპედან გაოგნებული გამოვიდა და მითხრა, გული ცუდს მიგრძნობს, ეს გოგო ხათაბალაში გაგვხვევსო. მეც შიშმა ამიტანა: რა ვიცი, ვინ ოხერია, მართლა არ გადახტეს მატარებლიდან და უბედურებას არ გადაგვყაროს-მეთქი. ამ ფიქრებში ვარ და ვხედავ, ქალი ტამბურისკენ მიდის, უკან არტური მიჰყვება, მეც გულაჩქარებული დავედევნე. გოგო ტამბურში გავიდა, არტურიც გაჰყვა და უეცრად მოტრიალდა:

– ვაჰ, ეგ ალქაჯი გადახტა!

– როგორ თუ გადახტა? რას ამბობ?!

– ალბათ, გადახტა, აღარ არის, აღარ ჩანს!

არტური დანამდვილებით ვერაფერს ამბობდა, მართლა გადახტა გოგო თუ გაუჩინარდა… თავზარდაცემულები დავბრუნდით კუპეში, ერთმანეთს შევყურებდით და ხმას ვერ ვიღებდით…

ფანჯარასთან ვდგავართ, მეზობელი კუპის კარი ნახევრად ღიაა. რატომღაც თვალი იქითკენ გამექცა. ვხედავ, ჩემი უცნაური სომეხი დგას და თმას ივარცხნის. ენით აუწერელი შიში დამეუფლა.

ვეუბნები:

– რა გინდა, რას გვერჩი, რას გვაშინებ-მეთქი.

– რა მოხდა, რაშია საქმე? – მშვიდად გვეკითხება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

ღამის 3 საათზე მატარებელი როსტოვის რკინიგზის სადგურში შევიდა. სამივენი დერეფანში ვდგავართ. მე ისევ კუპესკენ მიჭირავს თვალი. შევდივარ, ვათვალიერებ – ჯერჯერობით არაფერი. კვლავ გამოვდივარ და ვხედავ, გოგო არტურის გვერდით აღარ დგას. მოვიკითხე, – რა იქნა-მეთქი. არტურმა მიპასუხა, გაქრაო. სასწრაფოდ ტამბურში მდგარ გამცილებელს დავეკითხეთ.

– როსტოვში ჩავიდა, – გვითხრა რიმამ.

გაოგნებული დავრჩი, ისე როგორ ჩავიდა, რომ არტურმა ვერ შეამჩნია, ისინი ხომ ერთად იდგნენ? კუპეში შეშინებულები მოვბრუნდით. მაგიდაზე აღარ დაგვხვდა თეფში, რომელზეც დაჭრილი ძეხვი და პომიდორი ეწყო. არტურს ვუთხარი, მომშივდა, ცოტა წავიხემსოთ, რა დროს ხუმრობაა, სად გადამალე-მეთქი თეფში. განცვიფრებულმა შემომხედა. ეტყობა, იმავეს თქმას აპირებდა ჩემთვის. უეცრად რაღაც ძალამ ორივე ზემოთ წამოგვაგდო. კუპედან კისრისტეხით გამოვცვივდით. სანამ გონს მოვეგებოდით, ფანჯრიდან უცნაური ხმა შემოგვესმა, შამპანურის ბოთლს რომ მოხდი საცობს, დაახლოებით ისეთი. უნებურად მზერა მაგიდას მივაპყარით. მისი ზედაპირიდან დაახლოებით ოცი სანტიმეტრის სიმაღლეზე „გამქრალი“, მაგრამ უკვე ცარიელი თეფში ეკიდა, მერე კი უხმაუროდ დაეცა მაგიდაზე. ჩვენი რეაქცია ხომ წარმოგიდგენიათ?! ამ უცნაურმა მოვლენებმა მთელი მატარებელი პანიკაში ჩააგდო, დაკეტილი კუპედან მეორე დაკეტილ კუპეში ხვდებოდა სხვადასხვა ადამიანის ნივთები… ძალიან რომ შევწუხდით ჩვენი ნივთების ჯერ გაუჩინარებით და მერე ჩაკეტილ სივრცეში შემოგდებით, არტურმა მეზობელი კუპეს კარზე დააკაკუნა, უნდოდა, მგზავრები გაეღვიძებინა, რომ ამ ანომალიათა თვითმხილველები და მოწმენი ისინიც ყოფილიყვნენ. კარი ახალგაზრდა სომეხმა გაგვიღო. მაშინვე თავს გადამხდარის მოყოლას შევეცადეთ. ჩვენი მეზობელი ჯერ შეშინდა, რატომღაც, ჯერ ბანდიტები ვეგონეთ, მერე – აფერისტები, ბოლოს, როცა აღარ მოვეშვით, შემოგვიერთდა. საუბარი დასრულებული არ გვქონდა, რომ რაღაც ძალამ ისევ შემოგვატრიალა და ჩვენ წინ საგანი ჩამოვარდა. ის პარფიუმერიული კრემის ფლაკონი აღმოჩნდა, რომელშიც მარილი ეყარა.

– ჩემი სამარილე აქ საიდან გაჩნდა? გაიოცა ჩემმა მეზობელმა, რომელიც ვერაფრით ვანუგეშეთ. ამაში ნამდვილად ეშმაკეულია ჩაბუდებულიო, კიოდა არტური და ფლაკონი ფანჯრიდან მოისროლა. წამიც არ გასულა, რომ „სამარილე“ იმავე ტრაექტორიით ისევ შემოვარდა ფანჯარაში და ჩვენ წინ დაეცა. კვლავ ნერვიულმა კანკალმა აგვიტანა. არტურმა ფლაკონი აიღო და ტამბურში გავედით. დაიძინეთ, ხალხო, რა გჭირთო, – გვსაყვედურობდა გამცილებელი ქალი. ამაოდ ვცდილობდით, რიმა რამეში დაგვერწმუნებინა. მაგრამ მის თვალწინაც მოხდა ხილული სასწაული: არტურმა ვაგონის კარი გამოაღო და კიდევ ერთხელ მთელი ძალით მოისროლა წყეული „სამარილე“ ფანჯრიდან, რომელიც რამდენიმე წამში უკან დაგვიბრუნდა, ტამბურში ღუმელს მიენარცხა და დაიმსხვრა. ატყდა ერთი ყვირილი და ალიაქოთი. ხმაურზე მგზავრებიც და მეზობელი ვაგონის გამცილებლებიც მოვიდნენ. ამათ სულ გადაგვრიეს: ვაგონ-რესტორანში საფერფლეები დაფრინავდნენო. ამ ფაქტის თვითმხილველ მგზავრებს ბარგი მიუტოვებიათ და როსტოვში მატარებლიდან ჩასულან. ეტყობა, მათ გაიტანეს ეს ამბავი და მატარებელში ჟურნალისტთა არმიები შემოგვესივნენ. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში მატარებელში ყველა მგზავრის საათი გაჩერდა, ერთ დროზე გაიყინა. ვიდეოკამერამ აღბეჭდა ჰაერში გაყინული საგნები, რაც მაშინდელმა საინფორმაციო გადაცემა „ვრემიამ“ გააშუქა. მოკლედ, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდით. მთელი დღე-ღამის განმავლობაში ასე დაფრინავდნენ მგზავრთა საგნები. ვარკვევდით, ვისი რა იყო და უკან ვუბრუნებდით. მგზავრები ორ წყებად გაიყვნენ: ნაწილი თანაგვიგრძნობდა, ნაწილს კი ჩვენ მივაჩნდით ჯადოქრებად – მე და არტური.

მოსკოვში მატარებელი 11 საათის დაგვიანებით ჩავიდა… ვიფიქრეთ, რომ დამთავრდა ეს კოშმარი, მაგრამ უჩინმაჩინმა დიდხანს არ დაგვანება თავი. მოსკოვში ნაცნობ ქალბატონს უნდა შევხვედროდით და ახლობლისგან გატანებული ჩანთა გადამეცა. ჩვენს დამხვდურს კაბის ელვაშესაკრავი ბოლომდე ჰქონდა ჩახსნილი და ბიკინი უჩანდა. უცებ ქალმა დაიხედა და მოგვიბოდიშა სახლიდან მოწესრიგებული წამოვედი, თქვენთან შეხვედრამდე ცოტა ხნის წინ სარკეშიც ჩავიხედეო. ელვა გაფუჭებული ჰქონდა და უშედეგოდ წვალობდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალბატონი სხეულის დაფარვას. როგორც კი ფარ-ხმალი დაყარა, კაბა თავისით შეიკრა.

არტურის ირგვლივ კი საშინელებები არ წყდებოდა. ამის გამო ცოლ-შვილმაც მიატოვა. მეცოდებოდა მარტოსულად ქცეული კაცი და იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებოდი. ყოველ შეხვედრას ახალი სიურპრიზი ახლდა. მიყვებოდა, რომ მარკიზა (ასე შეარქვა ამ ამოუცნობ ძალას) დაასეირნებდა სულეთის სამყაროში და ავსულებს ახვედრებდა.

„მარკიზა“ არტურს დროდადრო ასვენებდა. თავისი „უჩინარი“ რისხვა მხოლოდ მაშინ ატყდებოდა თავს, როდესაც სამიჯნურო ეროტიკულ ურთიერთობებს აჩაღებდა ქალებთან. ყველაფერს, თურმე, თავზე ამხობდა… ბოლოს სამი წლის წინათ ვნახე არტური. აეროპორტთან ახლოს ვცხოვრობო, – მითხრა, – ტაქსის მძღოლად ვმუშაობო…

– რას ამბობენ ამ ფაქტზე ანომალიურ ისტორიათა მკვლევრები? როგორც ვიცით, ამ შემთხვევას უამრავი მეცნიერი იკვლევდა…

– აზრთა სხვადასხვაობაა, მეცნიერთა დიდი ნაწილი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლად მიიჩნევს ჩვენს უჩინმაჩინს, ეკლესიის მსახურნი – ეშმაკეულ ხილულ ძალად, მე კი ანომალიურ მოვლენათა ლიტერატურის კითხვამ სხვა სარწმუნო ვერსიამდე მიმიყვანა და რუდოლფ შტაინერის მოძღვრება ამაღებინა ხელში… მიმაჩნია, რომ ჩვენი უჩინარი სასწაულის ავტორები გარდაცვლილთა სულები იყვნენ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გახდნენ ხილულნი, რომ მათი არსებობა ვირწმუნოთ.

– არტურს რატომღა მიესივნენ?

– ალბათ, ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად, ტაძარში მისაყვანად… ყოველ შემთხვევაში, არტური ასე ფიქრობს… ამ აზრს იზიარებდნენ უფოლოგიის კვლევის ცენტრში მოღვაწე მეცნიერებიც… ბოლოს ერთს გეტყვით; რომ არა ასტროსოფოსიით ჩემი დაინტერესება და ჩემს თავს გამხდარი მოვლენების ამ კუთხით შეფასება, დიდი ხანია, გავხდებოდი სურამის კლინიკის ბინადარი, ახლა კი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ.

გიგა დანელია. ჟურნალი ,,თბილისელები”.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები