მეორეხარისხოვანი ბლოკიპოლიტიკაუკატეგორიო

ვინ დაკარგა შულერთა სამყარომ კობა ხაბაზის სახით და რა აქვს მას საერთო ცნობილ შულერებთან

< კობა ხაბაზი:< ჩემს სამეგობროში ხშირად ვთამაშობ „პრეფერანსსა“ და „ჯოკერს“. ყველა ამბობს: კობას კარტში არ უმართლებს, მხოლოდ ტიტანური ძალისხმევის ფასად იგებსო. თამაშის დროს ვიმახსოვრებ მოთამაშეთა ყველა მოძრაობას, მათ შორის, კარტის ჩადების თანმიმდევრობასაც კი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზუსტად ვიცი, რა კარტი წავიდა, რომელი კარტი ამოიღეს პირველად, ვითვლი ყველა კომბინაციას და ასე შემდეგ. ასე ვარ ნარდშიც – ყველა სვლის ალბათობის გამოთვლა შემიძლია. ასე რომ, არ ვარ ცუდი მოთამაშე. მე ვიგებ მხოლოდ და მხოლოდ ამ გამოთვლების შედეგად…

გამოთვლა პარტნიორებმაც კარგად იციან, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მე არ ვიტყუები. მე მხოლოდ ის მანიჭებს სიამოვნებას, როცა ჩემი ნიჭიერების ხარჯზე ვიგებ. მე ვერ ვთამაშობ ისეთ ხალხთან, რომლებიც „ისე რა“ თამაშობენ. მე მიყვარს მოგება მათემატიკოსებთან და სხვა ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებთან, რადგან ჩვენ შორის ნამდვილი შეჯიბრება იმართება ხოლმე. კაზინოში ვყოფილვარ, მაგრამ სათამაშო მაგიდას არასდროს მივკარებივარ, მეგობრებს ვგულშემატკივრობ და საკუთარ შესაძლებლობებს ვამოწმებ ხოლმე. კაზინოზე უფრო „იოლი“ ადგილია ტოტალიზატორი, მაგრამ არც ტოტალიზატორში დამიდევს ფსონი. არასდროს წავალ კაზინოში სათამაშოდ, რადგან მიმაჩნია, რომ მას ბევრი უპირატესობა აქვს ჩემთან შედარებით. მაგრამ, თუ თავხედობაში არ ჩამომართმევს, სიამოვნებით ვითამაშებ გარი კასპაროვთან, ოღონდ, არა ჭადრაკს, არამედ „პრეფერანსს“. ის თუ მომიგებს, მომიგებს ჭკუის ხარჯზე და ეს მშვენიერი თამაში იქნება. თამაშის დროს ბევრი ნიძლავი მაქვს მოგებული, „პრეფერანსს“ ფულზე ვთამაშობთ, მაგრამ ფულს არასდროს ვიღებ – მოგებული ფულით წაგებულთან ერთად სადმე მივდივარ. ფულს არ „ვიბარებ“ (იცინის).

ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შემხვდა ლატარიის ბედნიერი ბილეთი. ჩემმა მეგობარმა „ბინგოში“ ორმოცდაათამდე ბილეთი დააგროვა, ერთი ბილეთი მე მომცა და სწორედ იმ ბილეთმა მოიგო მუსიკალური ცენტრი – ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მოგება. საერთოდ არ ვთამაშობ ლატარიას, რადგან ძალიან კარგად ვიცი: კობა ხაბაზისთვის კარგი რომ უნდოდეთ, აიღებდნენ და პირდაპირ მაჩუქებდნენ ტელევიზორს. არასდროს მიფიქრია, რომ ამ მხრივ იღბლიანი ვარ და სოლიდური პრიზი შეიძლება მოვიგო.

ზუსტად ვიცი, რომ ჩემგან ბიზნესმენი არ დადგება, არასდროს არანაირი კომერციული საქმიანობის სურვილი არ მქონია. არსებობს ორი პოსტულატი: 1) ბიზნესმენი შეიძლება დადგე, თუ დროის 80 პროცენტს ფულზე ფიქრში ატარებ და 2) თუ შეგიძლია, რომ ორი ლარიდან ერთი შეინახო. მე ფული მახსენდება მარტო მაშინ, როცა ჯიბეში რაც მაქვს ბოლომდე მითავდება და, თუ ვშოულობ ათ ლარს, ვხარჯავ ათივეს. სხვათა შორის, არც ვალები მიყვარს, მაგრამ ვალი ხშირად მაქვს ხოლმე. ამას გარდა, იმდენი კარგი თემაა, რაზეც ფიქრი შეიძლება, ფულზე როგორ ვიფიქრო? ჩემთვის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ისაა, რომ არასდროს წინ ცუდად არ დამხვედრია არც მამის და არც ბაბუას სახელი. ყველაზე იღბლიანი ვარ იმით, რომ მყავს ზუსტად ისეთი შვილები, როგორებიც მინდოდა, რომ მყოლოდა. მათ ყველა კარგი თვისება აქვთ აღებული ჩემგან და ყველა ცუდი – გამოსწორებული. იღბალი მაქვს იმაშიც, რომ მყავდა და მყავს ბევრი ერთგული მეგობარი, რამდენადაც ვითვლი თამაშში ყველაფერს, ისე აბსოლუტურად არაფერს ვითვლი და არ „ვანგარიშობ” ადამიანურ ურთიერთობებში. ამ მხრივ ჩემს ცხოვრებაში, გათვლის გარეშე, ბევრჯერ მოვიდა „დუ-შაში“.


ქვეყნდება შემოკლებით. ჟურნალი ,,თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები