კრიმინალი

ვინ და რატომ გაგუდა ცელოფნის პარკით ცნობილი თბილისელი იუველირი მისსავე სახლში

მილიციელის მკვლელობა

ლეიტენანტმა ზაქრო ლომიძემ ავტოინსპექციის მანქანა შესახვევის კუთხეში შეაჩერა და მეწყვილეს, 21 წლის ვანო იაშვილს უთხრა:

– იმ თეთრ „ჟიგულს“ ხომ ხედავ?

– რომელს?

– აი, იმას, აკაციასთან რომ დგას.

– ვხედავ.

– მანქანიდან გადადი, მიდი და საჭესთან რომ ახალგაზრდა ბიჭი ზის, საბუთები მოსთხოვე.

– მძღოლი რომ არ ჩანს, რა იცი, ვინ ზის?

– ვიცი, ვიცი. ეს მანქანა ჩემია. მძღოლი კი, ჩემი უმცროსი ძმაა, რომელიც ჩემი არყოფნით სარგებლობს ხოლმე და როგორც კი გამიგულებს, მანქანა გამოჰყავს, მეგობრებთან ერთად აღმა-დაღმა დაქრის ქალაქში. მიდი, შეაშინე!

ვანო იაშვილს ახალი დამთავრებული ჰქონდა ინსტიტუტი და თბილისის ავტოინსპექციაში პირველ მორიგეობას ასრულებდა. უმცროსი ლეიტენანტი, რომელიც ახალთახალ ფორმაში იყო გამოწყობილი, მანქანიდან გადავიდა, ორიოდე მეტრი ფეხით გაიარა, „ჟიგულს“ მიუახლოვდა და საჭესთან მჯდომ ახალგაზრდას უთხრა:

– თქვენი საბუთები მაჩვენეთ!

ახალგაზრდამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცურა და ვანო იაშვილს სამი ტყვია ესროლა. შემდეგ მანქანა დაქოქა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა… ზაქრო ლომიძე გაოგნებული ადევნებდა თვალყურს ამ სცენას და მანქანით შემთხვევის ადგილზე მიგრიალდა, თუმცა უმცროსი ლეიტენანტი იაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მას ორი ტყვია მუცელში ჰქონდა მოხვედრილი, ერთი კი – გულში…

ავტოინსპექტორის ჩვენება

მიუხედავად იმისა, რომ იაშვილი ადგილზევე მოკლეს, ლომიძემ ის სასწრაფოდ მანქანაში ჩააწვინა და „არამიანცის“ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანა. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ გამომძიებლისთვის მისაცემი ჩვენება საფუძვლიანად მოეფიქრებინა.

მილიციელ იაშვილის მკვლელობა 1973 წლის 29 აპრილს მოხდა და იმ პერიოდში მსგავსი დანაშაული განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამიტომ, ფეხზე დადგა მთელი მილიცია. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა და ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა მაშინდელმა „ცეკას“ პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და გამოძიება გივი ფურცელაძეს დაევალა. მაიორი ფურცელაძე მძიმე დანაშაულების გახსნის უბადლო ოსტატად ითვლებოდა და ზაქრო ლომიძე საფუძვლიანად დაჰკითხა… ლომიძის ჩვენებაში ვკითხულობთ: „მანქანიდან მოსაშარდად გადავედი, ვანო იაშვილმა კი მითხრა, სიგარეტს ვიყიდიო. სანამ მე მოფარებულში გავედი, მოვშარდე და შარვალს ვიკრავდი, სამი გასროლის ხმა გავიგონე, შემდეგ კი – საბურავების წუილი და მანქანის ადგილიდან მოწყვეტის ხმა. მე ჩვენი მანქანისკენ გავიქეცი, მაგრამ აკაციას რომ გავხედე მიწაზე დაგდებული იაშვილი დავინახე. იმ საცოდავის გარდა, იქ არც მანქანა იყო და არც ვინმე ადამიანი. იქამდე მანქანით მივედი. დაჭრილი ლეიტენანტი მანქანაში ჩავაწვინე და „არამიანცის“ საავადმყოფოში წავიყვანე“.

გივი ფურცელაძემ ყურადღებით წაიკითხა ლომიძის ჩვენება და ის სახლში გაუშვა. შემდეგ თავის ხელქვეითს, პრაქტიკანტსა და ექსპერტ-კრიმინალისტს, ნოდარ ხარაძეს უთხრა:

– წადი და სინჯის ასაღები მოწყობილობებით ჩემს მანქანაში დამელოდე, შემთხვევის ადგილზე მივდივართო…

მაიორი ფურცელაძე, კლასიკური ტიპის გამომძიებელთა კატეგორიას ეკუთვნოდა. ძალადობა და ჩვენებების ცემით ჩამორთმევა მისთვის უცხო იყო. სამხილებს ის ყოველთვის ძიების და ანალიტიკური აზროვნების შედეგად მოიპოვებდა, და თავის მოსწავლეებსაც იგივეს ასწავლიდა. მან ნოდარ ხარაძეს უთხრა.

– მე მგონი, ლომიძე ტყუის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი ზუსტად და თანმიმდევრულად აქვს აღწერილი თავის ჩვენებაში, ვფიქრობ, მაინც გამოვიჭერთ ტყუილში. ძალიან მაეჭვებს ეგ მოშარდვის ამბავი და სწორედ იქ მივდივარ შესამოწმებლად.

ფურცელაძე და ხარაძე ლომიძის მიერ მინიშნებულ ადგილზე მივიდნენ, ყველაფერი გულდასმით დაათვალიერეს და მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა მშრალი იყო, მიწის სინჯები მაინც აიღეს და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გაგზავნეს. გივი ფურცელაძემ ხელქვეითს უთხრა:

– თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რაღაც ჩახლართულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და პირდაპირ თუ არა, ლეიტენანტ ლომიძეს, ირიბად მაინც აქვს მასთან შეხებაო.

ნათხოვარი „ჟიგული“

ვანო იაშვილის მკვლელობიდან 8 საათი იყო გასული, როდესაც ლეიტენანტი ზაქრო ლომიძე სახლში დაბრუნდა. ძმები, ზაქრო და მალხაზ ლომიძეები, ობლები იყვნენ და ორთაჭალაში ცხოვრობდნენ. მალხაზ ლომიძე 18 წლის იყო და პროფტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა. ზაქრო „ტაქსიდან“ გადავიდა, ეზოში შევიდა და თუთის ხესთან მდგარი თავისი „ჟიგული“ რომ დაინახა, თავი გააქნია და სახლში ავიდა, მალხაზი შეეგება უფროს ძმას და უთხრა:

– რა ადრე მოსულხარ, ზახარჩიკ, მოხდა რამე?

ზაქრო ლომიძემ გამომცდელად შეხედა უმცროს ძმას და ჰკითხა:

– სად იყავი დღეს?

– არსად, – მხრები აიჩეჩა მალხაზმა.

– რა არსად, სიმართლე თქვი!

– რა სიმართლე, არსად ვყოფილვარ.

– როგორ არ ყოფილხარ, ქალაქში ჩემი მანქანა დავინახე, მაგრამ ვერ მოვასწარი გამოდევნება. სად იყავი, სიმართლე მითხარი!

– ეტყობა, მოგეჩვენა.

– რა მომეჩვენა, სიმართლე თქვი, სად იყავი!

– არსად.

– ტყუი!

– მე არსად, – თავი ჩაღუნა მალხაზმა, – ზაროს ვათხოვე. ასე მითხრა, საცოლეს გავუვლიო და ვერ გავუტეხე. მართლაც, მალე მოიყვანა, სულ რაღაც ერთ საათში.

– სადაა ახლა ზარო?

– აბა, მე რა ვიცი. მანქანა ზუსტად 11 საათზე მოიყვანა, გასაღები მომიტანა და წავიდა.

ზაქრო მიხვდა, რომ მალხაზი არ ტყუოდა. უმცროსი ძმა გვერდით მოისვა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და უთხრა:

– გაიგე ახლა, რა მოხდა? კრინტი არავისთან დაგცდეს. სახლში იჯექი და გარეთ ცხვირიც არ გაჰყო…

იუველირის მკვლელობა

1973 წლის 30 აპრილს, ანუ ვანო იაშვილის მკვლელობის მეორე დღეს ცნობილი თბილისელი იუველირის, მოსე სეფიაშვილის ცხედარი მისსავე კერძო ბინაში აღმოაჩინეს, რომელიც იმავე შესახვევში მდებარეობდა, სადაც ახალგაზრდა მილიციის ინსპექტორი ჩაცხრილეს. იუველირი მისმა დამ, სვეტამ აღმოაჩინა. მოსე სეფიაშვილი მარტოხელა იყო და მარტოდმარტო ცხოვრობდა. სვეტა კი ძმას ხშირად აკითხავდა ხოლმე. საკუთარი გასაღები ჰქონდა და ბინაში რომ შევიდა, მაგიდასთან დაგდებული, ხელ-ფეხშეკრული, გაგუდული ძმა აღმოაჩინა.

იუველირის ცხედრის გაკვეთამ ცხადჰყო, რომ სეფიაშვილი სასტიკად იყო ნაწამები. სხეულზე მას სიგარეტის ნამწვავებისგან მიღებული კვალი აღმოაჩნდა, ბოლოს კი ცელოფნის პარკით გაუგუდავთ… სვეტა სეფიაშვილმა მილიციას განუცხადა, რომ ბინიდან რამდენიმე ანტიკვარული ნივთი იყო წაღებული, ოთხი ბრილიანტის ბეჭედი და 80 სანტიმეტრის სიგრძის ოქროს ჯაჭვი, რომლის წონაც 950 გრამი იყო. მოკლულის დამ მილიციის ოპერჯგუფის თვალწინ ძმის საიდუმლო სეიფი გახსნა, რომელიც წიგნების თაროში იყო ჩამონტაჟებული და მისი დათვალიერების მერე განაცხადა: „აქედან არაფერია წაღებული.“

მოსე სეფიაშვილის საქმეს მაიორი მერაბ კიკაბიძე იძიებდა, რომელიც გივი ფურცელაძის კოლეგა და ახლო მეგობარი იყო. ამიტომ სამსახურში დაბრუნებისთანავე გივის კაბინეტში ეწვია და უთხრა:

– როგორც ჩანს, უმცროსი ლეიტენანტი იაშვილი იმავე ხალხმა მოკლა, ვინც – იუველირი და ის უცნობი მანქანა, ალბათ, მათ ელოდებოდა.

30 აპრილს, საღამოს 22 საათზე, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ანალიზის შედეგები ჯერ არ იყო ცნობილი, ფურცელაძე და კიკაბიძე ქალაქ თბილისის პროკურორს კაბინეტში ეწვივნენ, ყველაფერი უამბეს და ლეიტენანტ ზაქრო ლომიძის დაპატიმრების სანქცია გამოართვეს…

გაუჩინარებული ლეიტენანტი

მაიორები, გივი ფურცელაძე და მერაბ კიკნაძე, ოპერჯგუფთან ერთად მივიდნენ ორთაჭალაში ზაქრო ლომიძის ასაყვანად, მაგრამ სახლში მხოლოდ მისი უმცროსი ძმა მალხაზი დახვდათ, რომელმაც შეშფოთებული იერით უთხრა ფურცელაძეს:

– მოხდა რამე?

– შენი ძმა სადაა? – ჰკითხა გივი ფურცელაძემ მალხაზს, მას მერე, რაც ის ბინაში ვერ აღმოაჩინა.

– სამორიგეოდ. რაშია საქმე?

– დღეს ის ისვენებს. სადაა?

– მე რა ვიცი. მე მეგონა მუშაობდა, – მხრები აიჩეჩა მალხაზმა, – არ მეტყვით, რა მოხდა?

– შენი ძმა უნდა დავაკავოთ და თუ გამოჩნდა, ან დარეკა, ჩემგან გადაეცი, რომ ნებაყოფლობით გამოცხადდეს მილიციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჩვენ კანონის მთელი სიმკაცრით დავსჯით.

– რატომ, რა დააშავა? – იკითხა მალხაზმა.

– რა და – ეჭვი გვაქვს, რომ დანაშაულის თანამონაწილეა, – მიუგო ფურცელაძემ და კოლეგებთან ერთად ლომიძეების ბინა დატოვა.

მალხაზი ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე და გული ცუდს უგრძნობდა. თუმცა, იმდენი შეძლო, რომ გამომძიებლების წინაშე არაფერი შეემჩნია და უპრობლემოდ გაისტუმრა ისინი.

მალხაზ ლომიძემ მთელი ღამე თეთრად გაათენა და ფიქრობდა, რომ მისი უფროსი ძმა უკვე ცოცხალი აღარ იყო. მისი აზრით, ზაქრო ლევან ზარიძემ ან მისმა მეგობრებმა მოკლეს. სწორედ ლევან ზარიძეს ათხოვა მალხაზმა ძმის მანქანა ორი დღის წინ და ეჭვი ჰქონდა, რომ დანაშაული ნათხოვარი „ჟიგულის“ დახმარებით იყო ჩადენილი.

დილით მალხაზმა ლევან ზარიძეს მიაკითხა, რომელიც გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა. მაგრამ, ლევანის ოჯახის წევრებმა მას უთხრეს, რომ იგი წინა დღით სოფელში გაემგზავრაო. მალხაზმა კიდევ ორი დღე დაიცადა და გაუჩინარებული ძმა რომ არ გამოჩნდა, მილიციაში წავიდა. გივი ფურცელაძეს შეხვდა და ყველაფერი მოუყვა.

ლიკვიდაცია

მალხაზ ლომიძის აღიარების მერე, თბილისის მილიციის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი შეიქმნა და 21 წლის ლევან ზარიძეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მილიციელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ზარიძეს კიდევ რამდენიმე თანამზრახველი ჰყავდა. თუმცა, მათი ვინაობა დაუდგენელი იყო და ჯერჯერობით მხოლოდ ზარიძეს ეძებდნენ… 5 მაისს, ანუ ძებნის მეხუთე დღეს, ავლაბარში მცხოვრები მილიციის აგენტი, მეტსახელად „გონჯი“, მილიციის სამმართველოში გივი ფურცელაძეს ეახლა და უთხრა:

– უფროსო, ჩემს მეზობლად, არტურ პეტროსიანის სახლში საეჭვო პირები იმალებიან და ერთ-ერთი სწორედ იმას ჰგავს, ვისი სურათიც თქვენ ადრე მანახვეთო.

ფურცელაძემ „გონჯს“ ზარიძის სურათი ანახა. აგენტი სწორედ მასზე ელაპარაკებოდა. თუმცა, მაიორმა აგენტს ჰკითხა:

– შენ რა იცი, ხომ არაფერი გეშლება?

– არა, უფროსო. ჩემი თვალით ვნახე. რაც დამავალეთ, მას მერე არტურას „ბაითს“ ვუთვალთვალებდი. მაგას კერძო სახლი აქვს ავლაბარში და ბუჩქებიდან დავინახე, როგორ შევიდა ის ეზოს ტუალეტში.

არტურ პეტროსიანი ძველი რეციდივისტი იყო და ფურცელაძეს სულაც არ გაჰკვირვებია, „გონჯის“ ინფორმაცია. დიდი ოპერჯგუფი შეკრიბა და საღამოს 6 საათზე ავლაბრისკენ გაემართა. არტურ პეტროსიანის სახლს ალყა შემოარტყეს და აგენტის ინფორმაციის გადამოწმებას შეუდგნენ…

მილიციელები მოთმინებით ელოდნენ თავიანთ კოლეგას, რომელიც „თელასის“ ინკასატორის საბუთებით ეახლა პეტროსიანს და მრიცხველის შემოწმების მიზნით, სახლში შეღწევა მოინდომა. თუმცა, პეტროსიანმა ის ბინაში არ შეუშვა, მეტიც, პისტოლეტი დაუმიზნა. ამიტომ, ოპერჯგუფმა პეტროსიანის სახლის იერიში დაიწყო. თითქმის ათწუთიანი ურთიერთსროლის შემდეგ 2 მილიციელი დაიჭრა, ხოლო 4 ბანდიტი დაიღუპა. მხოლოდ მძიმედ დაჭრილი ლევან ზარიძის გადარჩენა მოხერხდა… ზარიძე ორი თვის შემდეგ მოვიდა გონზე და ფურცელაძეს განუცხადა, რომ ლეიტენანტი ზაქრო ლომიძე მისი მოკლული იყო. მან ვანო იაშვილის მკვლელობაც აღიარა და გამომძიებლებს აუწყა, რომ იუველირი მოსე სეფიაშვილი არტურ პეტროსიანმა გაგუდაო. მან კიდევ სამი მძიმე დანაშაული აღიარა და მას მერე, რაც უმაღლესმა სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, არტურ პეტროსიანის პირსისხლიანი ბანდის ერთადერთი ცოცხალი წევრი ორთაჭალის ციხეში დახვრიტეს.

მოამზადა ნიკა ლაშაურმა. ჟურნალი ,,თბილისელები”

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები