კატეგორიამთავარი ბლოკირელიგია

ვინ და როდის ააგო ვერაზე ლურჯი მონასტერი

ლურჯი მონასტერი

ტაძარი დგას ნიკო ნიკოლაძის ქუჩის ბოლოში, ხევის პირას, რომელიც მტკვრისკენ გადის. ასეთი სახელწოდება კი, იმიტომ მიიღო, რომ გუმბათი ლურჯი ფერის კრამიტით იყო დაფარული. მშენებლობის მოთავე ქართლის მთავარეპისკოპოსი ბასილი ყოფილა. ეს ირკვევა ლურჯი მონასტრის სამხრეთის კარის თავზე შემონახული წარწერიდან. ტაძარი ანდრია მოციქულის სახელზე ბასილის აუგია თავის საგვარეულო სამარხად – „ნაცვალსაგებლად თავისთვისა და თავის საყუარლოსა ძმისა”. ეს ძმა გახლდათ ერისთავთ-ერისთავი, ქართლის ამირთ-ამირი, „რუისთვისა და შვიდთა მთეულთა პატრონი” აბულასანი. ეკლესია აშენებულია თამარის მეფობის დროს, მეთორმეტე საუკუნის მიწურულს.
ეკლესია, თავდაპირველად, გუმბათიანი გახლდათ. ის დროთა განმავლობაში რამდენჯერმე აღადგინეს და გადააკეთეს. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში იმ დროისთვის დანგრეული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და თუმცა, გეგმა უცვლელად დატოვეს, კედლების დიდი ნაწილი ახლად ამოუყვანიათ და წრიული ტარები შეისრულით შეუცვლიათ. ორქანობიან სახურავქვეშ მოქცეული სივრცე სამ ნავად დაიყო. მეცხრამეტე საუკუნეში ეკლესია ერთხანს დენთის საწყობად აქციეს. 1872 წელს არქიტექტორ ჩიჟოვის პროექტით, ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციებისთვის უცხო ფორმების მქონე, „ხახვისებრი” გუმბათი დაადგეს. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა. საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო გახსნილი, მოგვიანებით კი, მედიცინის ინსტიტუტის მუზეუმი. 1990 წელს ღვთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვის „ხახვისებრი” გუმბათი კარვისებრი გადახურვით შეიცვალა. ლურჯი მონასტრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია. ის კავკასიის მეფისნაცვლის – გოლიცინის დაკვეთით აიგო 1989-1901 წლებში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას მდგარა მეშვიდე საუკუნეში დაარსებული იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი. ეკლესიაში წირვა-ლოცვა რუსულ და ქართულ ენებზე აღევლინება.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები