მთავარი ბლოკისაზოგადოებაშოუ-ბიზნესი

ზურა ბეგალიშვილი: ,,ცხოვრებაში ისეთი „გრუბი“ და მკაცრი არ ვარ, როგორც ეკრანზე.”

სვანი“, „ქუჩის დღეები“, „ორმაგი სახე“, „ლაქა“, „ცხელი ძაღლი“, „ქაღალდის ტყვია“, „ყავა და ლუდი“… ამ ფილმებიდან და სერიალებიდან, მსახიობ ზურა ბეგალიშვილს, მაყურებელი უარყოფითი როლებით იცნობს. მასზე თითქმის არაფერი დაწერილა, თუ არ ჩავთვლით ფილმების ტიტრებს ან სინოფსისს. ბავშვობიდან, როგორც ბადრის შვილს ისე იცნობდნენ. „თეთრ ბაირაღებში“ მოშიაშვილის როლს რომ თამაშობს, იმის შვილიაო… „ყოველთვის მინდოდა, რომ ზურა ბეგალიშვილი ვყოფილიყავი და არა ბადრი ბეგალიშვილის შვილი. ეს მომენტი დღესაც მაქვს, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ბადრის შვილი თამაშობს ამ სპექტაკლში, ბადრის შვილი თამაშობს ამ ფილმში.“

წინამძღვრისშვილის 46 ნომერში დაიბადა. მათი გვარი თეატრთან და კინოსთან ასოცირდება. მამა – ბადრი ბეგალიშვილი, „თეთრი ბაირაღებით“ და „ჩირიკი და ჩიკოტელა“-თი ახსოვს მაყურებელს. დედა, ბაბუა და სამივე შვილი მსახიობები არიან. თუმცა ამ პროფესიაზე არასდროს უფიქრია. მთელი ბავშვობა ფეხბურთს თამაშობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სპონტანურად გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის გაგრძელება, მაგრამ პირველ წელს არ გაუმართლა. „სამიანების ატესტატი მქონდა და ამის გამო ნახევარი ქულა დამაკლდა. სკოლაში მარტო ორ საგანს – ისტორიას და ლიტერატურას ვსწავლობდი. მოსწავლე კი არა, ხულიგანი ვიყავი. ძველ ბიჭებთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მიძველბიჭია, უბრალოდ, ძველი ბიჭები პატივს მცემდნენ და ვუყვარდი, როგორც „ბეგალა“. ეს ზედმეტსახელი დღემდე შემომრჩა. 1981 წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და ოთხი წელი ვისწავლე. ყველაზე ბედნიერი დრო, რასაც ხშირად ვიხსენებ, სტუდენტობა იყო. დღემდე შევნატრი იმ დროს“. ზურა ბეგალიშვილის კინოკარიერა, რეჟისორ ალეკო ცაბაძეს უკავშირდება. 1985 წელს რეჟისორმა „ლაქა“-ში, ერთ-ერთ როლში დააკავა. შემდეგ იყო „ღამის ცეკვა“, „ორმაგი სახე“ „ჭერი“, „ორფეოსის სიკვდილი“, „კალომასობა იოანესი“, „ნუცას სკოლა“… „სერიალებს თუ არ ჩავთვლით, სულ, დაახლოებით 27 ფილმში და 16 სპექტაკლში ვითამაშე, მაგრამ მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იცით რა არის? ხალხის სიყვარული. შეიძლება სულ სამი როლი ითამაშო, მაგრამ თავი ყველას დაამახსოვრო. სამი წელი, ფოთის თეატრში, მანამდე კი თუმანიშვილის თეატრში ვიყავი. ჩემდა სამწუხაროდ, რომელ სპექტაკლებშიც ვთამაშობდი, ყველა მოიხსნა. ახლა არც ერთ დასში არ ვირიცხები, მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ ხალხი მცნობს, მესალმებიან და მესიყვარულებიან… რამდენიმე კვირის წინ „ქუჩის დღეები“-ის სატელევიზიო პრემიერა იყო, ქუჩაში რომ გავედი, მანქანებს მიჩერებდნენ. მსახიობისთვის ყველაზე მაგარი რაღაც ეს არის. ჩემი ახალი როლის შემფასებელი ხალხია.“

ზურა ბეგალიშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ „ღამის ცეკვა“-ში, საქართველოს კინო-აკადემიის პრიზი „ნატო“ აქვს მიღებული. აღმოსავლეთ-ევროპის III კინოფესტივალზე კი ფილმ „თენდება“-ში თამაშისთვის გრან-პრი.

„პროტესტი არასდროს გამჩენია“

ცხოვრებაში ისეთი „გრუბი“ და მკაცრი არ ვარ, როგორც ეკრანზე, ღმერთმა დამიფაროსო. მაყურებელი, მას როგორც „ძველ ბიჭს“, ნარკომანის და ლოთის როლების შემსრულებელს ისე იცნობს. რატომ მაინცდამაინც სულ ასეთი როლები? ამის გამო პროტესტი არასდროს გასჩენია. „ყველა ფილმში სხვადასხვა ტიპი ვარ. სხვათა შორის რამდენიმე დადებითი როლიც მითამაშია. „ აქ თენდება“-ში ბექას როლს ვთამაშობ, რომელიც საკუთარ შვილს გადაარჩენს. „ღამის ცეკვა“-ში მოსეს, რომელიც მკაცრია, მაგრამ ყველას უყვარს. ,„კალომასობა იოანესი“-ში ბერის როლს ვთამაშობ… მაგრამ, ძირითადად, ფილმებსა თუ სპექტაკლებში, უარყოფითი პერსონაჟი ვარ. ყველაზე საშინელი როლი კი ბოლოს, ალეკო ცაბაძის ფილმში ვითამაშე – „რენე მიდის ჰოლივუდში“. ამ ფილმს მაყურებელი სექტემბერში ნახავს. მსახიობისთვის საოცნებო როლი რომელია? რა ვიცი, ზოგისთვის რა და ზოგისთვის რა. მე მაქვს ჩემი საოცნებო როლი „მაჰარა“, დავით აღმაშენებლის გამზრდელი. იმედი მაქვს, რომ როდისმე ვითამაშებ. არ აქვს მნიშვნელობა მთავარი როლია, ეპიზოდური, დადებითი თუ უარყოფითი, ყველა როლი ჩემია და მიყვარს. ცხოვრებაში არასდროს მითამაშია, სცენაზე და კინოშიც მყოფნის. რაცა ვარ, ესა ვარ. ჩემ თვალწინ, ბევრს უთამაშია, თან ისე მაგრად, რომ მითქვამს კიდეც, „მალადეც“! შეიძლება ვინმეს მოატყუონ, მაგრამ მე ვერ გამომაპარებენ. ამის გამო ადამიანებიც დამიკარგავს. ტყუილი ვერ ვაპატიე რამდენიმეს.“

წამალი, პლანი, არაყი და აბსტრაქტული სამყარო…

გადაღება როცა არა აქვს, სასმელს ეძალება. ფილმებიდან შემოსული ჰონორარი არც ისე ბევრია და ამის გამო ხშირად ფინანსურ კრიზისშია. „შვილი, რომ „სნიკერსს“ გთხოვს და ვერ ყიდულობ, საშინელებაა. არაყი არ არის გამოსავალი, მაგრამ ვითომ მშველის. მე და არაყი დიდი ხნის მეგობრები ვართ… ვიცი, რომ არ უნდა დავლიო, სულ ფორმაში უნდა ვიყო, ხომ შეიძლება უცებ რამე როლი შემომთავაზონ და ამის გამო „გავმაზო“? რამდენჯერმე მომივიდა ასე, მაგრამ არ ვნანობ… წამალიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა „ლომკა“ არასდროს მქონია. მაშინ 24 წლის ვიყავი. მორფინისტების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება რომ ვნახე, შემზიზღდა, საბოლოოდ ვთქვი უარი და 20 წელია არ გავკარებივარ. აბსტრაქტული სამყაროა, ჰალუცინაციაა, „უბერავ“ და სხვაგან ხარ… დღე და ღამე ფხიზელი უნდა იყო, ამას არაფერი სჯობს. „პლანი“ დღესაც მევასება, მერე ვიძინებ, ან ვკითხულობ…

– სასმელი, რომ არა, უფრო მეტს შეძლებდით?

– რაშია იცი საქმე? ეს ლოთობაც „ტეხავს“, მაგრამ, რომ გითხრა, სასმელის გამო, არ გადამიღეს-მეთქი, ასეთი რაღაც ორჯერ მოხდა. ისეთი როლები იყო, რომ მე თვითონ არ მინდოდა. მე, ფულის გამო არ ვთანხმდები ყველა ფილმში მონაწილეობას. ნასვამსაც ბევრჯერ მითამაშია, სცენაზეც და ეკრანზეც, მაგრამ ვერ შეუმჩნევიათ. ერთხელ მიშა თუმანიშვილმა შემატყო და მითხრა: – ბიჭო, დილით ნუ სვამო, ეს არ დამავიწყდება… განუმეორებელი ადამიანი იყო. ბატონ მიშასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ბევრ რამეს ვნანობ, თუნდაც იმას, რომ სასმელმა ორი ოჯახი დამინგრია. არაყი ვარჩიე ორივეს… არ მინდა ვინმემ იგივე გაიმეოროს. ალკოჰოლის გამო, ბევრ ადამიანს მოვაკელი სიამოვნება. „ზაპოის“ დროს, სასმელი რომ გიტრიალებს თავში, იქ უკვე ვეღარ ფიქრობ ვერაფერს. ბავშვებს სწყინთ ჩემი სასმელთან დამოკიდებულება, მაგრამ, რომ არ „ჩავარტყა“, ცუდად ვხდები. როგორც მანქანას ბენზინს უსხამ, ასეა რა, 100 გრამს ჩაარტყამ, და ეგ არის. მერე მთელი დღე აზრზე მოდიხარ. ბევრჯერ მიფიქრია, სასმელის გადაგდება და ერთწლიანი კოდიც გამიკეთებია, მაგრამ ვერა… პირველად ექვსთვიანი კოდი გავიკეთე და საერთოდ არ დამილევია. ბოლოს ერთწლიანი გავიკეთე და შვიდი თვის თავზე დავლიე, საშინელი რეაქცია მომცა, მაგრამ როგორღაც გადავიტანე. ფხიზელი ზურა სხვანაირია. ამ დროს წყნარი, მშვიდი და კეთილია… არა, გრადუსშიც არა ვარ აგრესიული, მაგრამ „ლომკაში“ აფორიაქებული ვარ. დღეს, რომ არ დავლიო, დეპრესიაში ჩავვარდები და სახლში ჩავიკეტები. სამი წლის წინ ტროტუარზე დავეცი. ცხვირზე შრამი იქიდან მომყვება, ესეც ლოთობის ბრალია…“

„გული სწყდებათ, ერთად რომ არა ვართ…“

მსახიობს ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. პირველი ცოლი მინიატურების თეატრის მსახიობი ლუარა ჩუქუაა, რომელთანაც 27 წლის ზვიადი ჰყავს. მეორე მეუღლესთან, ნელიკო მახარაძესთან – 14 წლის ირინა და 10 წლის დათო. „ზვიადიკო, ეგვიპტეშია. მსახიობობას გოგო აპირებს, კარგად ცეკვავს და ვნახოთ რა იქნება. ორივე ბიჭთან ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. ირინკას და დათუნას, უნდათ, რომ მე და ნელიკო შევრიგდეთ. გული სწყდებათ ერთად, რომ არ ვართ. ნელიკო დღესაც ისე მიყვარს, როგორც ადრე. გატეხილის შეწებებაც შეიძლება…“{jcomments on}

“Prime Time”-ის არქივიდან.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები