მთავარი ბლოკიპოლიტიკასაზოგადოება

თბილისის გენგეგმის ფარული მხარე, ანუ დედაქალაქში არსებული უწესრიგობის დაკანონების მცდელობა

მიხეილ ჯიბუტი: „მთელი სისტემა მუშაობს ბოლო 25 წელია, იმ მიზნით, რომ თბილისში არაფერი მოწესრიგდეს და ეს უკავშირდება თბილისის მიწას“  

 

დედაქალაქს რომ უამრავი პრობლემა აქვს, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია: სუნთქვა ჭირს, გადაადგილებაც და თვალსაც გვარიანად აწუხებს უწესრიგოდ ჩაყრილი მაღალსართულიანი შენობები. თითქოს პრობლემების მოსაგვარებლად დედაქალაქის მერიამ ტენდერიც გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც წარმოადგინა, რომლის შინაარსიც მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებისთვისაა ცნობილი, იმ მარტივი მიზეზით, რომ დოკუმენტი უვრცელესია (1 000 ერდზე მეტი) და, ამას გარდა, ინფორმაციის არც თუ მცირე ნაწილი რუკებზეა  დატანილი, რომლის წაკითხვაც არასპეციალისტისთვის ჩინური იეროგლიფებია. პროფესიონალთა დიდი ნაწილი შემოთავაზებულ გეგმას კეთილი სურვილების ასხმას უწოდებს, ვინაიდან დოკუმენტი არანაირ დასაბუთებას არ  მოიცავს, რასაც, როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი ამბობს, კონკრეტული მიზანი აქვს: დედაქალაქში არსებული ქაოსის შენარჩუნება, რაც მავანთა კონკრეტულ მატერიალურ ინტერესებს ემსახურება. უფრო კონკრეტულად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ თავად მიხეილ ჯიბუტი გვესაუბრება

თქვენ ამ დოკუმენტს უწოდეთ „გულგრილთა შეთქმულება თბილისის წინააღმდეგ“. ბრალდება საკმაოდ სერიოზულია. რა არის თქვენი ასეთი შეფასების მიზეზი?

თბილისში მუდმივად მაცხოვრებელმა არ შეიძლება, არ იგრძნოს ის, რომ ხდება რაღაც ისეთი, რაც ართულებს ამ ქალაქში ცხოვრებას. ეს შეიძლება, ერთისთვის  არის უკონტროლო მშენებლობები, მეორისთვის – ფეხითმოსიარულეთა გზა, მესამეთათვის –მანქანების ტრაფიკი, ზოგისთვის – უმუშევრობა, გამქრალი ქარხანა-ფაბრიკები, ცუდი ჰაერი და ასე შემდეგ. ანუ ქალაქში, სხვადასხვა მაჩვენებლებით, არის ურბანული კრიზისი. ერთ მაგალითსაც გეტყვით: მოსახლეობის ერთ სულზე მწვანე ნარგავების ფართობი ნორმაზე 7-ჯერ ნაკლებია, რის გამოც განსაკუთრებით ზარალდებიან მოწყვლადი ჯგუფები: ბავშვები, ორსულები, მოხუცები…

როგორ მივიდა დედაქალაქი ასეთ მდგომარეობამდე? საკანონმდებლო ვაკუუმში ხომ არ ვცხოვრობთ?

თბილისს, როგორც ნებისმიერ ქალაქს, ურბანს, აქვს თავისი სიცოცხლე და ისტორია. ნებისმიერი ქალაქი იბადება, ვითარდება და ამ განვითარებაში ჩანს მისი მდგომარეობა. ზოგი ქალაქი ბერდება, ზოგი – კვდება, მაგალითად, ისეთები, რომლებიც წყალზე იყვნენ მიბმულები და წყალი რომ დაშრა, ქალაქიც მოკვდა. თბილისსაც აქვს თავისი სიცოცხლე. ყველაზე მეტად თბილისი საბჭოთა პერიოდში გაიზარდა და გადიდდა, მაგრამ საბჭოთა თბილისი იყო ქალაქი, რომელიც დაფუძნებული იყო საბჭოთა იდეოლოგიას: ანუ იდეოლოგიზებული ქალაქი გახლდათ. ის უნდა ყოფილიყო კულტურის, მეცნიერების ცენტრი, მაგრამ მთავარი იყო, რომ უნდა ყოფილიყო შრომისა და ინდუსტრიალიზაციის ცენტრი. ამიტომაც შენდებოდა ამ ქალაქში უზარმაზარი ქარხნები და მათ ირგვლივ მუშათა დასახლებები. ეს იყო ცეტრალიზებულად გეგმური პროცესი და ქალაქის ისეთი ისეთი ბაზა, როგორიცაა მიწა, წყალი, შენობა-ნაგებობები, იყო სახელმწიფოს საკუთრება და ძლივს გადარჩა ქალაქის ისტორიული უბნები. ქალაქი იმართებოდა და ვითარდებოდა ქალაქის გენერალური გეგმებით, რომლებიც, ძირითადად, იყო განაშენიანების გეგმები და, ამდენად, არქიტექტორების სამოქმედო არეალი. თბილისის განაშენიანების ბოლო გეგმა 1972 წლით თარიღდება, რომლის მოქმედების ვადა 2000-წლამდე იყო.

ესე იგი, დამოუკიდებლობის შემდეგაც თბილისის განვითარების საფუძველი საბჭოთა იდეოლოგიზებული გეგმა იყო? ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არანაირი გეგმით არ ვითარდებოდა, ფაქტობრივად?

–მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ქვეყანამ ამისთვის ვერ მოიცალა და დაიწყო საბჭოთა ქალაქის – თბილისის კრიზისი, იმიტომ რომ მოიშალა ის პრინციპი, რაზეც იყო დაფუძნებული ქალაქის განვითარება, ახალი კი არ იყო.  საწარმოები გაჩერდა, რასაც მოჰყვა უმუშევრობა და მიგრაციული პროცესები. თბილისი გამოიცვალა შინაარსობრივად, მოსახლეობის, მიგრაციისა და მართვის თვალსაზრისით და მის განვითარებაში ჩარევა უკავშირებოდა ჯგუფურ, კერძო ინტერესებს და ის ვითარდებოდა წერტილოვნად, სპონტანურად, მისი განვითარება არ იყო თანმიმდევრული და გეგმასთან დაკავშირებული.

გასული საუკუნის 90-წლებში დაიწყო ბინების პრივატიზაცია, 1999 წელს კი – მიწების პრივატიზება. და, თუ მანამდე ვიღაც სახლს თუ ააშენებდა, სასადილოს ან რესტორანს, 1999 წლიდან გაჩნდა დიდი პროექტები: სასტუმროების, მარკეტების, მრავალსართულიანი სახლების, რადგან გაჩნდა მიწის ბაზარი. ამის შემდეგ ქალაქი მთლიანად დაემორჩილა საბაზრო პრინციპებს, ანუ მოგებას და ამდენად, ბიზნესი აშენებს იქ, სადაც პოულობს მოგებას და ამის შემაფერხებელი მექანიზმი არ არსებობდა. არადა, როდესაც ქვეყანა ემორჩილება მხოლოდ საბაზრო ეკონომიკას, ანუ მხოლოდ მოგებას, საზოგადოებრივ ინტერესს: გამონაბოლქვი ხელს მიშლის სუნთქვაში, მაღალი სახლი მიფარავს მზეს, ჯობნის მოგების ინტერესი. მეორე მხრივ, მსოფლიოში ყველაგანაა ასეთი მისწრაფება, მაგრამ ყველგან ცდილობენ, რომ აი, ეს საბაზრო მოთხოვრები, მოგებაზე ორიენტაცია დააბალანსონ საზოგადოებრივი სიკეთით. რადგან ეს საზოგადოებრივი სიკეთე სჭირდება არა მხოლოდ ღარიბს, არამედ მდიდარსაც. ქალაქი სჭირდება ყველას, ამიტომ ყველა ქალაქს აქვს თავისი განვითარების ხედვა, თუ რა უნდა, რა ამბიცია აქვს. აი, ასეთ დაგეგმვას საბაზრო პირობებში საფუძვლად უდევს სივრცობრივ-ტერიტორიული იდეა, რომ ბაზარმა არ წალეკოს ყველაფერი.

ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც მსგავს იდეას ატარებს?

– გვაქვს ასეთი კანონი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ, რომელიც 2005  წელს მიიღეს, თუმცა 2009 წელს მიიღეს დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა. მაგრამ მან ვერ იმუშავა, რადგან პოლიტიკური გარემო არ უწყობდა ხელს, თან წინააღმდეგობაში მოვიდა 2005 წლის კანონთან, ამიტომ 2014 წელს გადაწყდა ეგრეთ წოდებული დედაქალქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება. მაგრამ, რადგან მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ამ მოთხოვნებს არ პასუხობს და თბილისის ურბანული კრიზისიდან გამოყვანის საშუალებას არ იძლეოდა, გამოცხადდა ტენდერი მისი განახლების შესახებ. და აი, აქ უკვე იწყება ისტორია: მერიამ გამოაცხადა, რომ მასალები ჩაბარდა, მაგრამ ეს დოკუმენტი არ არის ის, რაც უნდა იყოს, რადგან გენერალური გეგმის განახლებული პროექტი ამ მასალებში წარმოდგენილი არ არის. დოკუმენტი1 000 გვერდზე მეტია, მასში უამრავი საინტერესო მასალაა მოცემული, რის საფუძველზეც შეიძლება, დაიწეროს გენერალური გეგმა. მაგრამ არ არის მითითებული, თუ რა რით უნდა შეიცვალოს, რა უნდა დაემატოს, რა უნდა გამოაკლდეს.

თუ დოკუმენტში არ არის კონკრეტიკა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას?

–აქ კიდევ ერთი რთული საკითხია: სივრცით მოწყობას მხოლოდ ეს ერთი გეგმა არ ჰყოფნის. იმიტომ რომ კანონით განსაზღვრულია არა მარტო მიწათსარებლობის, არამედ განაშენიანების გეგმის აუცილებლობაა. ანუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სრულყოფილიც რომ იყოს, ის არ იქნებოდა საკმარისი. 25 წლის განმავლობაშია მოუწესრიგებელი ეს საკითხები და მას შემდეგ, რაც კონკურსი გამოცხადდა, თბილისში პროცესები ხომ არ შეჩერებულა?! თბილისში ისევ ის ხდება, რაც ხდებოდა.  კიდევ სხვა კვლევის საგანია, ვინ რა თანხა მიიღო ამ არასრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებაში, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მთელი სისტემა მუშაობს ბოლო 25 წლის განმავლობაში იმ მიზნით, რომ თბილისში არაფერი მოწესრიგდეს და ეს უკავშირდება თბილისის მიწას. ეს გამოჩნდა იმითაც, რომ თბილისში მიწის ფასმა აიწია და ერთი კვადრატული მეტრის ფასი მერყეობს 50-დან 1 000 აშშ დოლარამდე. ანუ, სანამ ეს საკითხი არ მოწესრიგდება, თუ ფული გაქვს, გექნება წვდომა ნებისმიერ მიწაზე. მდენად, საკითხის მოუწესრიგებლობა არის ინტერესების მოჯადოებულ წრეში. და ის, რაც თბილისში ხდება, გადადის პერიფერიებზეც და ამიტომაც არ არის საქართველოში მიღებული მიწის კოდექსი.  არადა ყველაფრის კოდექსი გვაქვს, გარდა მიწისა. მიწის კოდექსის არარსებობა და თბილისის მიწებისადმი ასეთი მიდგომა არის ძველი მიდგომის გაგრძელების სურვილი, რის შედეგსაც ჩვენ ვხედავთ თბილისის კრიზისის სახით.

რაც შეეხება ამ კონკურსს: ვიღაცამ კონკურსი გამოაცხადა, ბიუჯეტიდან ფული დახარჯა და ახლა ცდილობს, ამას მისცეს რაღაც ფორმა, რომ ვითომ შეიქმნა დოკუმენტი. სინამდვილეში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იდეალურიც რომ იყოს, ის არ მოიცავს რეგულირების მთელ სპექტრს. შესაბამისად, მარტო ეს დოკუმენტი ვერ იმუშავებს ისევე, როგორც ვერ იმუშავა 2009 წლის გენგეგმამ. ამდენად, საინტერესოა, რა ხდება ამის უკან.

და რა ხდება ამის უკან, რა ინტერესები იკვეთება? თუ სწორად გავიგე, ამბობთ, რომ გენგეგმა მორგებულია კონკრეტულ ინტერესებს და არა თბილისის საჭიროებებს?

–ეს ჩანს რუკებზე, რომელიც თან ახლავს ამ დოკუმენტს. ამ ბოლო 25 წლის განმავლობაშმ თბილისის გენგეგმის არშედგენის ძირითადი მიზეზი არის თბილისის ძირითადი ქონების მოუწერიგებლობა, იმიტომ რომ ეს უზარმაზარი ქონებაა და მისი ასეთი მოუწესრიგებლობა ძალიან საინტერესოა საბაზრო ეკონომიკის პირობებში მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ქცევისთვის.

დავაკონკრეტოთ, რომელ ქცევებს გულისხმობთ: მშენებლობებს ყველგან, მიწის ნაკვეთების იაფად შეძენას…

–ეს ეხება ყველაფერს: მაგალითად, ნებართვებს; თუ მოუწესრიგებელია, ნებართვას ვერ იღებს ადამიანი და უნდა გაარკვიოს ვიღაცასთან ეს საკითხი& სპეკულაციის საგანი რომ ხდება მიწა, იმითაც ჩანს, რომ ვიღაც მას ერთ ლარად ყიდულობს და ათ ლარად ჰყიდის მერე. მიწის საკითხის მოუწესრიგებლობა იმისთვისაა საინტერესო, ვისაც აქვს ძალაუფლება. ამიტომაცაა საინტერესო ხელისუფლებაში მისვლა. ბიზნესისთვის მოგებითაა საინტერესო, რომ ააშენოს იქ, სადაც არ შეიძლება აშენება. დღეს ბიზნესი ნაყარ მიწაზე აშენებს მრავალსართულიან სახლებს, ხევებია ჩამარხული მიწაში და ამიტომაც მომრავლდა ტრაგედიები თბილისში. ეს სისტემური პრობლემაა და მას ჰყავს მიმწოდებელიც და მომხმარებელიც. და ორივე კმაყოფილია ამ მოუწესრიგებლობით. სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არავინ, ვინც მოაწესრიგებდა. ხოლო წარმოდგენილი გენერალური გეგმის მასალები არის ამ მოუწესრიგებლობის დაკანონების კიდევ ერთი მაგალითი, რომ ეს მოუწესრიგებლობა კიდევ გაიწელოს დროში.

რით ასაბუთებთ თქვენს ამ მოსაზრებას?

– ეს არ არის სამუშაო დოკუმენტი: 1 000-ზე მეტ გვერდზე ჩამოწერილია უამრავი საინტერესო, ეგზოტიკური ინფორმაცია, დაწყებული იმით, თუ როგორი იყო თბილისი ვახტანგ გორგასლის დროს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, შევადაროთ ძველ გეგმას, რომ ვნახოთ, რას ვცვლით და რატომ. იქნებ მისცენ ნორმატიული აქტის პროექტის ფორმა ამ დოკუმენტს, მაგრამ დღეს ეს არ არის საპროექტო დოკუმენტი და თბილისი ისევ საბაზრო მექანიზმებით განაგრძობს ფუნქციონირებას, რაც ძალიან ცუდია ქალაქისთვის, სადაც შემჭიდროებული ურბანული სივრცეა და რაც ხდება, იმის გამოსწორება შეუძლებელი ხდება.

ესე იგი, რკინიგზის თბილისის ზღვაზე გადატანაც ეგზოტიკური ლირიკაა?

–ეს იდეა ახალი არ არის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირისდროინდელია. საერთოდ, ამ დოკუმენტში ყველა ასეთ პროექტზე ლაპარკია ზოგადად, თან არ ახლავს გათვლები, როგორ მოხდება, რა იქნება შედეგი. რა არის თბილისის ცენტრში რკინიგზის აღების მიზანი?! რას გვაძლევს იმ 150 ჰექტარი (ესეც არაა ზუსტად განსაზღვრული) მიწის გამოთავისუფლება, რომელზეც რკინიგზაა განფენილი.

გამოთავისუფლება იმ მოგების მიღების მიზნით, რაზეც ზემოთ ისაუბრეთ?

–იმ ტერიტორიაზე ორი ასობით მილიონი აშშ დოლარია განფენილი მიწის სახით. რაც შეეხება ეკოლოგიას: ვითომ რკინიგზის თბილისის ზღვაზე გატარება ნაკლებ ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე მისი ცენტრში დატოვება?! მაგრამ ეს საკითხი შეიძლება, განვიხილოთ, ოღონდ როდესაც პროექტს წარმოადგენ. არადა დოკუმენტის ვადაა 2030 წლამდე და თუ ჩადებ რკინიგზის გადატანას, უნდა დაასაბუთო და მიუთითო, საიდან მოგაქვს ამისთვის საჭირო თანხა და რა შედეგს მოიტანს?! ბევრი ინფორმაცია არის სურვილების, ანალოგიების დონეზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მაგალითად, რომ ასე ხდება პარიზში და ასე უნდა გავაკეთოთ თბილისში. მტკვარი უნდა იქცეს სარეკლაციო ზონადო. კი ბატონო, მაგრამ მილიონი კაცი, რაც გაუხარდება, იმას უშვებს მტკვარში და ამას რას უპირებ, სანამ პირით მიტრიალდებ მტკვრისკენ?! სატრანსპორტო პრობლემებზე რომ ლაპარაკობ, რა ფულით აკეთებ და როგორ?! ეს არის ზოგადი საუბარი გაანგარიშების გარეშე, რომელიც გამოსროლილია ფანტომივით და არის ინტელექტუალური ხელშეწყობა იმის დასაკანონებლად, რაც დღეს თბილისში ხდება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფულს თუ არ მიაბი იდეა, ის არ არის იდეა; ფული თუ არ მიაბი გეგმას და გეგმა – პასუხისმგებლობასა და შემსრულებელს, შედეგი არ იქნება. ყველაფერი ისევ კონცეფციის დონეზე დარჩება და ასე გაგრძლდება წლიდან წლამდე. კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან: თბილისში წყლის დანაკარგი არის 40 პროცენტი და ჩვენ, აბონენტები, ვიხდით ამ ფულს. თუ დანაკარგებს შეამცირებ, მოსახლეობას შეგიძლია, 40-პროცენტით შეუმცირო ხარჯი, მაგრამ ეს არ აწუხებს წყლის კომპანიას, რადგან დანახარჯები ტარიფშია ასახული. ერთი სიტყვით, ბევრი ასეთი წვრილმანი საკითხია მოსაწესრიგებელი, რომ ცხოვრება ქალაქში არ იყოს ასეთი აუტანელი. რაც მთავარია: ნონსენსია დედაქალაქისთვის კატგი გეგმის შექმნის სურვილი ასეთი გეგმის შემუშავება დედაქალაქისთვის, თუ არ იარსებებს ქვეყნის განსახლების მოწყობილი სისტემა, ქვეყნის ტერიტორიულ–სივრცობრივი მოწყობის გეგმა.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *