ისტორია

თბილისის რომელ ციხეში იხდიდნენ სასჯელს არსენა ოძელაშვილი, ლავრენტი ბერია და მაქსიმ გორკი და სად არის დაკრძალული შუშანიკ წამებული

უშანგი რუხაძე
თბილისის ღირსშესანიშნავ ადგილებს შორის მეტეხის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს ადგილი დიდ ინტერესს იწვევს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე, ტურისტებში. მეტეხს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მის სახელს არაერთი ლეგენდა თუ რეალური ფაქტი უკავშირდება.

სიტყვა „მეტეხი” სასახლის ადგილსამყოფელს, სასახლის მიდამოს ნიშნავს. ამავე სახელწოდებით იყო ცნობილი ღვთისმშობლის ეკლესია ქართლშიც, რომელიც, ასევე, სასახლისეული ყოფილა. თბილისში სახელწოდება „მეტეხი“ მეცამეტე საუკუნის დასასრულს გავრცელდა, როდესაც აქ დემეტრე თავდადებულმა მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია ააშენა. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი და ციხესიმაგრე ამ ადგილზე ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში აუგიათ ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში. ეს გადმოცემა უნდა ჰქონდეს ნაგულისხმევი პლატონ იოსელიანს, როდესაც იგი ამავეს იტყობინებოდა. არსებობს ლეგენდა, რომ ამ ადგილებში დაკრძალულია შუშანიკ წამებული, მაგრამ, ეკლესიის არსებობის შესახებ იმ დროს რაიმე სარწმუნო წყარო არ მოიპოვება, თუმცა, ზოგიერთი მოსაზრებით, აქ ძველი ტაძარი უნდა მდგარიყო.
სასახლე და ეკლესია დაიწვა მონღოლების პირველივე შემოსევისას, 1235 წელს. სასახლე აღუდგენიათ, ხოლო ჩვენამდე მოღწეული ეკლესია 1278-1284 წლებშია აშენებული. სამაბსიდიანი მეტეხის ტაძარი, ოთხი ცალკე მდგომი ბურჯით, ამ ადგილზე ადრე მდგარ ეკლესიის გეგმას უნდა იმეორებდეს, რადგან, ასეთი კომპოზიცია უჩვეულოა. დროთა განმავლობაში მეტეხის ტაძარი არაერთხელ აღდგენილა და შეკეთებულა. უკანასკნელი სამშენებლო ფენები მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებსაც კი განეკუთვნება. სამხრეთის კედლის ვრცელი ნაწილი ერეკლე მეორის დროს არის აღდგენილი, ბურჯები, გუმბათის ყელი, კამარები კი – მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებშია აგურით ამოყვანილი. თავდაპირველი შენობიდან თლილი ქვის გარე კედლების ფრაგმენტებია შემორჩენილი აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეზე. მატიანე მიანიშნებს, რომ მეფე როსტომმა „მოავლო მეტეხს ზღუდე და ქმნა, ვითარცა ციხე მტკიცე, ხიდითურთ”. მეტეხის ციხესიმაგრეს დაახლოებით 0,8 ჰექტარი ეკავა და ორ დონეზე იყო განლაგებული. ისტორიკოსები აღნიშნავენ მეტეხის შეუღწევლობას. თურქი გეოგრაფი ევლია ჩელები აღნიშნავდა, რომ მეტეხი მცირე ოთხკუთხა სიმაგრე ყოფილა. ციხის შიგნით მდგარა სამასი სახლი, ეკლესია და სხვა შენობები. მცირე ციხე-ქალაქი დიდ ციხეზე უფრო მტკიცე ყოფილა. იგივე ევლია ჩელების ცნობით, მეტეხის სიმაგრეში სამი ათასი მცველი მდგარა.
1819 წელს ციხესიმაგრე დაანგრიეს და მისი ქვებით გენერალ ერმოლოვის ბრძანებით, საპყრობილე ააგეს. მეტეხის ციხის ერთ-ერთი პირველი პატიმარი სახალხო გმირი არსენა ოძელაშვილი იყო. 1898 წელს ციხეში მაქსიმ გორკი იჯდა, 1903 წლის აგვისტოში კი ციხის საკნის გისოსთან ვერაგულად მოკლეს რევოლუციონერი ლადო კეცხოველი. მეტეხის ციხის სხვა ცნობილი ტუსაღები იყვნენ: დეკაბრისტი ბესტუჟევ-მერლინსკი; ბოლშევიკები: იოსებ ჯუღაშვილი, კალინინი, კამო, კურნატოვსკი, ლავრენტი ბერია, ფილიპე მახარაძე, ასევე, ცისფერყანწელები, მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი. 1906 წელს მეტეხის ციხის ეზოში ჩამოხრჩობით გამოასალმეს სიცოცხლეს არსენა ჯორჯიაშვილი, რომელსაც იმპერიის გენერლის – გრიაზნოვის აფეთქებაში ედებოდა ბრალი. მეტეხის ციხეში როგორც პოლიტიკური, ასევე, სისხლის სამართლის დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. ციხემ დაახლოებით 120 წელი იარსება და, მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისელებს სიტყვა „მეტეხის” ხსენება შიშის ზარს სცემდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ წლებში, მეტეხის ციხე, მცირე ხნის განმავლობაში საბჭოთა „ჩეკას” დაქვემდებარებაში იყო, ხოლო მისი საბოლოო ბედი მისმა ყოფილმა პატიმარმა – ლავრენტი ბერიამ გადაწყვიტა. მისი განკარგულებით ციხე გაუქმდა, ხოლო ეკლესია, როგორც ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში, ხალხის კუთვნილებად გამოცხადდა. თავდაპირველად ლავრენტი ბერიას ტაძრის შენობის დანგრევაც ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, ქართულმა ინტელიგენციამ, დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით, მას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია. მოგვიანებით ამ წინააღმდეგობის გაწევისთვის დიმიტრი შევარდნაძე დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ, მისი გმირობის ფასად ტაძრის შენობა დანგრევას გადაურჩა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტაძარი უმოქმედოდ იყო, შემდეგ კი ერთხანს იქ სპექტაკლებს მართავდა მეტეხის სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, რომელიც თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მიერ დაარსდა. 1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტაძრის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების იდეით გამოვიდა და დაიწყო აქტიური კამპანია. ამ კამპანიაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, მაშინ ჯერ კიდევ დისიდენტი ზვიად გამსახურდია. 1988 წელს ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო, იმავე წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.
იოანე საბანისძის თხზულების – „აბოს წამების“ თანახმად, მეტეხის ტაძრის ტერიტორიაზე უნდა ეწამებინათ აბო ტფილელი. მცირე ეკლესია კლდის ძირთან სწორედ აბო ტფილელის სახელს ატარებს.
ცხენზე ამხედრებული მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს დაიდგა – ძეგლი საზეიმოდ 1967 წლის აპრილში გაიხსნა. ძეგლის დადგმის შემდგომ მეტეხის პლატომ თანამედროვე იერი მიიღო.
უშანგი რუხაძე
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნებიდან: თ. კვირკველია – „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი) და ვ. ბერიძე „თბილისის მეტეხის ტაძარი” (გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი, 1969 წელი).

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები