ეკონომიკა

თემურ ჭყონია: ახლა უნდა გადავიკიდო, „სტილნი” ჩანთაა, მეც ხომ თანამედროვე ვარ!

რომ გგონია, ყველაზე წარმატებულმა  ბიზნესმენმა, ყველა ოცნება აისრულა,  სულ არ ყოფილა ასე. როგორია ცნობილი ბიზნესმენის ახალი წელი, რა ტრადიციას არ არღვევს ის და ვინ არის ქალბატონი,  ვინც მას არასდროს ღალატობს, ამის შესახებ ბატონი თემური  თავად გიამბობთ.

– ახალი წელი თქვენთვის განსაკუთრებული დღესასწაულია?

–  ბავშვობაში იყო განსაკუთრებული დღესასწაული, ახლა – აღარ. როცა პატარა ხარ, ყველაფრის გჯერა, ყველაფერი სხვანაირია. მერე აღარც აღარაფრის გჯერა და ხიბლიც იკარგება. ჩემი ბავშვობის ახალი წლებიდან  ყველაზე კარგად დედა და მამა მახსოვს,  როცა ისინი ცოცხლები იყვნენ. ჩემს მეხსიერებაში მათთან არის დაკავშირებული ეს დღეები.  გაჭირვებული წლები იყო, ოჯახში ნამდვილ, ბუნებრივ ნაძვის ხეს ვდგამდით, უფრო ხშირად ჩიჩილაკს, რომელსაც მორთვა არ სჭირდება. იმიტომაც გააკეთეს ჩიჩილაკი, რომ არ მოერთოთ. ნაძვის ხეს ხის სათამაშოებით ვრთავდით, ხელით ნაკეთები უფრო მეტი იყო, ვიდრე მზად ნაყიდი, ამიტომაც, სათამაშოებს წლების განმავლობაში ვინახავდით. ახლა ნაძვის ხის აწყობა და დაშლა ხომ სათამაშოების გატეხის გარეშე არ ხდება. ამიტომაცაა, ოჯახებში  სათამაშოებიდან  რომ არაფერი რჩება. ადრინდელი სათამაშოები თაობიდან თაობებს გადაეცემოდა.  ახალ წელს  ყოველთვის სახლში ვხვდებოდით, მაშინ არც იყო წესი, ახალი წლის სადმე აღნიშვნა.  ახალ წელს ყველა რესტორანი დაკეტილი იყო. ახლობლები ერთმანეთთან ოჯახებში  დავდიოდით სტუმრად.  ეს იყო ახალი წლის  უცვლელი წესი და კიდევ მენიუ,  რომელიც არა მარტო ახალ წელსაა  უცვლელი,   ჩვენ ხომ მთელ საქართველოში ყველას  ერთი მენიუ გვაქვს. ამ მხრივ მართლა გამონაკლისები ვართ. თან,  არა მარტო ახალ წელს – დაბადების დღეზე რესტორანში, ოჯახში, ყველგან ერთი და იგივე მენიუა, რაც, ჩემი აზრით, საქებარი სულაც  არ არის. ახალი წლის სუფრა ჩვენც  ჩვეულებრივი  გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ,  ყველაფერი ლამაზად იყოს გაფორმებული. მე გურმანი ვარ, თავადაც ვიცი მომზადება,  სამზარეულოში საინტერესო გამოცდილება მაქვს, მაგრამ ვერიდები.  ეს  ის ადგილია, სადაც ვმარცხდები –  მიყვარს, როცა,  რასაც ვაკეთებ,  ის ბოლომდე თავდება, რაც წონისთვის არაა კარგი.

–  ოჯახში მეკვლის ტრადიციას იცავთ?

– მეკვლის ტრადიციის მჯერა. როცა მეკვლეს არჩევ, ჯობია, საუკეთესო მეგობარი შეარჩიო. ჩვენი ოჯახის მეკვლეები,  ძირითადად,  ახლო მეგობრები არიან, მაგრამ მათ  ხშირად ვცვლი. თუ წელი ისეთი კარგი არ იყო, მეკვლეს ვაბრალებ და ვცვლი (იცინის).  ოჯახის წევრებს მეკვლედ არ ვენდობი, რაღაცას გამომტყუბენ მეკვლეობაში. მეგობრებმაც შეიძლება, გამოგტყუონ, მაგრამ უფრო მოკრძალებულად. ოჯახის წევრებმა იციან ჩემი სუსტი წერტილი. ერთი მოფერება მჭირდება და დამთავრებულია ყველაფერი, ჩემი გული დაპყრობილი აქვთ.

– თქვენ ვისი მეკვლე ხართ ახალ წელს?

– რატომღაც მეკვლედ არავინ მეპატიჟება, არ ვიცი, რატომ. ამაზე არ დავფიქრებულვარ, ახლა მივხვდი, ალბათ, ფიქრობენ, რომ ვერ მოვახერხებ მისვლას. ფაქტია, არავის არასდროს  უთხოვია ჩემთვის მეკვლეობა. არ ვიცი როგორი ფეხი მაქვს, მაგრამ ჩემ ირგვლივ, ვინც არის, ყველა ბედნიერია და  ერთი უნდა გავარკვიო, რატომ არ მიშვებენ მეკვლედ (იცინის).

– ბოლო წლებში უმეტეს დროს ქობულეთში ატარებთ. ახალ წელსაც იქ ხვდებით?

– ქობულეთი და ქობულეთელები ძალიან მიყვარს, მაგრამ ახალ წელს თბილისში, სახლში  ვხვდები, ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. ბევრი ხალხი მოდის, არეულ-დარეულები ვართ. ახალ წელს ყოველთვის, როგორც წესი, მასაჩუქრებენ ჩემი ოჯახის წევრები – სოფიკო,  ასევე ჩემი შვილიშვილი  მარიამი. ის სულ ცდილობს, რომ მაგარი საჩუქარი გამიკეთოს.  „ფერაგამოს” ჩანთა მაჩუქა, რომლითაც წლების წინ ასევე მისი ნაჩუქარი ჩანთა შევცვალე.  რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ვიყავი კარლოვი-ვარში. მაშინ მარიამი რვა-ცხრა  წლის იყო.  იქ ჩანთა მომეწონა, დიდხანს ვუყურე, მაღაზიაში იყო  გამოფენილი.    მარიამს ეს არ გამოჰპარვია. რამაზ ჩხიკვაძეს უთხრა, ბაბუაჩემს ეს ჩანთა უნდა ვუყიდო, დიდხანს უყურებდაო.  ეს ჩანთა იმდენ ხანს ვატარე, ისეთი გაცრეცილი იყო, შიგნით რაც იდო, გარედან ჩანდა. ვერ ველეოდი, რელიკვიაზე მეტი იყო. ახლა მიყიდა ახალი ჩანთა და ძველს თამამად  შევცვლი.  ახლა უნდა გადავიკიდო, „სტილნი” ჩანთაა, მეც ხომ თანამედროვე ვარ. მარიამი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისთვის ყველაფერი შემიძლია, გადავდო და ვფიქრობ მეც, მისთვის ასეთივე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ. ჩვენ ერთმანეთს არაფერში ვღალატობთ.  ის  ჩემზე ბევრად უკეთესია, თუმცა ისეთი თვისებები აქვს, გენეტიკით რომ გადადის. საფრანგეთში კინოხელოვნებას სწავლობს,  ძირითადად, სცენარისტია. კარგ სცენარებს წერს.  სამწუთიანმა ფილმმა, რომელიც მისი სცენარით იყო გაკეთებული, უნივერსიტეტში პირველი ადგილი აიღო.  მარიამი ხელოვანია, მაგრამ   ისეთი მონაცემები აქვს, გამორიცხული არაა, მომავალში ჩემი ბიზნესის სათავეშიც იყოს.

– ქობულეთში ხშირად ყოფნამ, როგორც ამბობენ, ახალი  ჰობი გაგიჩინათ – იახტების კოლექციაც  აქვსო, გამიგია.

– კოლექცია არ მაქვს, თუმცა ვაპირებ. ჯერ  ორი იახტა მაქვს, ვფიქრობ, ბევრი არაა. პორტი თუ ავაშენეთ ქობულეთში, უფრო მეტი მეყოლება. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ქობულეთში საზღვაო პორტი იქნება.  ბათუმსა და ქობულეთს შორის  საზღვაო ხომალდებმა რომ იაროს მგზავრებისთვის. რატომ უნდა იაროს ხალხმა ავტობუსითა და „მარშრუტკით” ამ საცობებში, გამონაბოლქვში. მსოფლიოში, სადაც ზღვაა,  ყველა ასე დადის, ჩვენ დავდივართ გვირაბებით, სერპანტინებით.  მშენებლობაც უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე გვირაბებისა და ესტაკადების აშენებაა.

– თქვენი საახალწლო „არდადეგები” რამდენ ხანს გრძელდება?

– არდადეგები არ ვიცი რა არის, მე ყველაფერი მიყვარს, რაც არის კარგია, მაგრამ ასე, გამოცხადებულ არდადეგებს ვერ ვასრულებ ხოლმე. ერთფეროვნება მბეზრდება. მიყვარს დასვენება, მაგრამ ერთი და იგივე რეჟიმი მალე მბეზრდება. დასვენება და არდადეგები კომპლექსური უნდა იყოს. მე ასე ვარ, დასვენებაშიც ყველაფერი ერთადაა. ვარჯიში, ცეკვა, ქეიფი,  დალევა, მეგობრები – ყველაფერი ერთად უნდა იყოს დასვენების დროს, სხვანაირი „დასვენება” მარტო კუკიაზეა.   უამრავი ოცნება მაქვს, მაგიტომ ვცხოვრობ, რომ ეს ოცნებები ავისრულო. ჩემი ოცნებები ყველაფერს ეხება, მიყვარს ოცნებაში ცხოვრება.  ეს გაცილებით უფრო საინტერესოა და უფრო ბედნიერი ხარ, ვიდრე რეალობაში. თუმცა, რაზეც  ყველაზე მეტად ვოცნებობ, ვიცი, მისი ასრულება ძალიან რთული იქნება.

 თამუნა ნიჟარაძეwww.Fact2.ge

თბილისელები

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *