ისტორია

ილია ჭავჭავაძე – პირველი ქართველი ბანკირი

„ამ ბანკის საქმეს ყველაფერი შევწირე….” – ილია ჭავჭავაძე

თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი დაარსდა 1874 წელს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით. შენობა, რომელშიც ბანკი მდებარეობდა ამჟამად საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის I კორპუსია მოთავსებული.

1874 წლის 28 მაისს რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკის წესდება.

1875 წლის თებერვლიდან ბანკმა ფუნქციონირება დაიწყო და მას 30 წლის განმავლობაში, 1905 წლის 23 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში.

როგორც მაშინდელი საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ყველა სხვა სფეროს, ისე საბანკო სისტემის განვითარების ეროვნულ საქმეშიც ფასდაუდებელია წმინდა ილია მართლის წვლილი.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა. გლეხების ყმობიდან განთავისუფლებისათვის უმაღლესმა ხელისუფლებამ მემამულეებს მისცა გარკვეული თანხა. თავდაპირველად, აი, სწორედ ამ თანხის ნაწილის საფუძველზე სურდა დიმიტრი ყიფიანს საზოგადოებრივი ხასიათის ბანკის დაარსება, რომელიც დამყარებული იქნებოდა საადგილმამულო კრედიტზე. მანვე შეიმუშავა ბანკის საგანგებო წესდების პროექტიც, რომელიც თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ 1867 წლის 6 მაისს ერთხმად მოიწონა, ხოლო 8 მაისის სხდომაზე არჩეული იყო ბანკის წესდების პროექტის შემმუშავებელი სარედაქციო კომიტეტი, გრიგოლ ორბელიანის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის და სხვათა შემადგენლობით. სწორედ ამ დღიდან იწყება ილია ჭავჭავაძის შეუპოვარი ბრძოლა პირველი ქართული ბანკის დაარსებისათვის.

პირველი დაბრკოლება ამ გზაზე თავადაზნაურობის ახლადარჩეული მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი გახლდათ, რომელმაც დაიწუნა ილიას რედაქტორობით შედგენილი ბანკის წესდება და 1872 წლის 25 ნოემბერს მოიწვია თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრება, რომელსაც უნდა განეხილა ახალი საბანკო წესდების პროექტი. ამ სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ბრწყინვალე სიტყვა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც გადაწყვიტა მომავალი ბანკის ტიპის ბედი – ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირეს თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის დაარსებას, როგორც ამას დიმიტრი ყიფიანის და ილიას პროექტი ითვალისწინებდა.

1872 წლის 7 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ბანკის მმართველად აირჩიეს, ხოლო დირექტორებად – დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი, რომლებიც ილიას ძველი მეგობრები იყვნენ.
ადგილზე ბანკის პროექტის მოგვარების შემდეგ ილიამ იტვირთა კიდევ უფრო მძიმე მოვალეობა: ბანკის ამოქმედებისათვის საჭირო იყო პეტერბურგში, ფინანსთა სამინისტროსგან წესდების დამტკიცების დაჩქარება და საბანკო ოპერაციების კარგად შეისწავლა.

ბანკის წესდება პეტერბურგში 1873 წლის 14 მარტს გაიგზავნა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდებოდა.
1873 წლის მაისს სახელმწიფო სამსახურიდან გამოსული ილია (მან თავი დაანება დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლეობას), დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.
პეტერბურგში ილიას ათასგვარ დაბრკოლებას უქმნიან ბანკის წესდების დამტკიცებაზე, ბანკის დირექტორებმა, რომლებიც თან ახლდნენ ილიას, ვეღარ გაუძლეს ამდენ წინააღმდეგობას და 1873 წლის ივლის-აგვისტოში სამშობლოში დაბრუნდნენ.

მარტოდ დარჩენილი ილია ჭავჭავაძე ახერხებს შეაღწიოს მოსკოვის და პეტერბურგის ბანკებში და საფუძვლიანად გაეცნოს საბანკო საქმის წარმოებას.
მთელი ათი თვე მოანდომა ილიამ იმპერიის ბიუროკრატულ აპარატთან ბრძოლას და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა სამშობლოში, როცა წესდების დამტკიცებას კარგი პირი შეატყო .
1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა ბანკის წესდება, ხოლო ივნისში ამის შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა მთავრობის ოფიციალურ უწყებაში, რის შემდეგაც წესდება ძალაში შევიდა.

1875 წლის 28 იანვარს გაიხსნა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა კრება. კრებაზე, ილიამ თავის საპროგრამო სიტყვაში ჩამოაყალიბა ბანკის სახელმძღვანელო პრინციპები. მან პირველ რიგში სასტიკად გაილაშქრა იმათ წინააღმდეგ, ვინც ბანკისგან მხოლოდ კერძო ინტერესებისთვის სარგებელობას მოელოდა. ბანკის მთავარ დანიშნულებად ილია, პირველ ყოვლისა, დაჩაგრული სამშობლოს ინტერესებისათვის სამსახურს მიიჩნევდა.

ამიტომ იყო, რომ მის მიერ დაარსებული ბანკი თავისი სახელმძღვანელო პრინციპით საფუძველშივე განსხვავდებოდა რუსეთის იმპერიის სხვა ანალოგიური ბანკებისაგან.
მოგვიანებით ილია წერდა, რომ „ამ სახით ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თითქმის ერთადერთი დაწესებულებაა საადგილმამულო კრედიტისა რუსეთში, რომლის წესდებითაც სრულიად უარყოფილია კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა საზოგადო სიკეთისა და საჭიროებისათვის“.

1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე – 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე და მას შესწირა თავისი სულიერი და ფიზიკური ენერგიის უდიდესი ნაწილი.

„ბანკი თავად-აზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენის ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთ, რომელნიც რომელიმე უბედურობის გამო სიღარიბეში ჩაცვივნულან და არა იმათ, ვინც გულაღმა წვანან, გულზედ ფაფუკი ხელები დაუკრეფნიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან მასავით და მაჭამეთო….”. 133 წლის წინათ წარმოთქმული ილიას ეს სიტყვები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა საქართველო კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას სიღარიბის დასამარცხებლად.
ეს სიტყვები ცხოვრების წესად უნდა იქცეს ჩვენი ბანკების და მათი დამფუძნებლებისათვის. მათ უნდა ახსოვდეთ ილიას შეგონება, რომ ზოგჯერ აუცილებელია უარყოფილი იქნეს „კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა საზოგადო სიკეთისა და საჭიროებისათვის.“

მოამზადა გოგი ლორთქიფანიძემ
[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები