ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

ისლამური სახალიფო – საბაბი რუსეთისთვის საქართველოში შემოსაჭრელად?

ნინო ხაჩიძე

გასულ კვირას პირველი ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ერთ-ერთმა სამხედრო ხელმძღვანელმა თარხან ბათირაშვილმა, აწ აბუ-უმარ შიშანმა, რამზან კადიროვისა და მისი გარემოცვის ლიკვიდაციისთვის ჯილდოები დააწესა. კერძოდ: რამზან კადიროვის თავი ისლამისტმა ტერორისტებმა 5 მილიონ აშშ დოლარად შეაფასეს. გარემოცვისთვის დაწესებული თანხა კი ნახევარი მილიონიდან 4 მილიონამდე მერყეობს. თავის მხრივ, რამზან კადიროვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ, ჯერ ერთი, არ ეშინია და, რაც მთავარია, აპირებს, რომ იქით გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები. ფაქტობრივად, იმავდროულად, რუსულ მედიაში ახალი პროპაგანდისტული ხაზი გამოიკვეთა – აქცენტი კეთდება თარხან ბათირაშვილის ქართულ წარმომავლობაზე და მუშავდება ვერსია, რომ საქართველოს მოქალაქე, ქართული ჯარის საკადრო ოფიცერი (აწ უკვე ყოფილი) ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გაწვრთნა და ახალი ტერორისტული მოძრაობის ლიდერად წინასწარ შეამზადა. ამ ვერსიის ავტორია ჩეჩენი პოლიტოლოგი ისლამ საიდაევი. ცნობისთვის, საიდაევი, ჯოჰარ დუდაევის გარემოცვის წევრი და თანამოაზრე რუსეთის ხელსიუფლებასთან წლების განმავლობაში იყო დაპირისპირებული, 1999 წელს ის საქართველოში ჩამოვიდა, სადაც 9 წელი იცხოვრა და, თურმე მჭიდრო კონტაქტი ჰქონია საქართველოს სპეცსამსახურებთან. თუმცა, სულ ახლახან ის მოსკოვს დაუზავდა, თან, ისე საფუძვლიანად, რომ, სავარაუდოდ, რუპორის როლიც შეითავსა. მისი აზრით, იმას გარდა, რომ თარხან ბათირაშვილის აბუ-უმარ შიშანად ქცევას ამერიკული სპეცსამსახურების ნაყოფად მიიჩნევს, 2008 წელს რუსეთის არმია რომ თბილისში შესულიყო, დღეს რუსეთის ფედერაციას არც უკრაინის პრობლემა ექნებოდა. რა მიზანს ისახავს პირველი ტერორისტული სახელმწიფოს საქართველოსთან გაიგივება და რა საფრთხეს შეიცავს ის ჩვენი ქვეყნისთვის, – თემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– რატომ გახდნენ კადიროვი და მისი გარემოცვა ისეთი პოპულარულები, რომ მათი ლიკვიდაციისთვის თანხაც კი დააწესეს, თან, ისლამისტებმა?

– არ იქნება ურიგო, თუ ახლო წარსულს გავიხსენებთ. აბსოლუტურად ყველა ეთნიკური ჩეჩენი 1994 წლიდან 2000 წლამდე ნაომარია თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის და კადიროვს ისინი მიიჩნევენ მოღალატედ, რომელიც რუსის ნებას ასრულებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ამით რუსეთს აცილებს პასუხისმგებლობას და იურიდიულად ამართლებს მის ანტიჩეჩნურ ქმედებას. ჩეჩნები არ მიიჩნევენ, რომ ისინი დამარცხნენ. ჩეჩნეთ-ინგუშეთში ორი მიმართულებაა. ერთია, საერთო ცნობიერების ადამიანები, რომლებიც უცხოეთში ძალიან ნაყოფიერად მუშაობენ მედია-საშუალებებით და პოლიტიკური მეთოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ჩეჩეთში არსებული რეალური ვითარება. მეორეა, რადიკალური ფრთა, რომლებიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ისლამური ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით ახერხებდნენ ბრძოლას რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ და რომლებიც შემდეგ წავიდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ისლამურ გაერთიანებებში, მოიპოვეს სახელი და ავტორიტეტი თავიანთი სიცოცხლის ფასად ბრძოლებში, გახდნენ ანგარიშგასაწევი ძალა და ახლა უნდათ, რომ ეს თავიანთი ავტორიტეტი და გავლენა ჩეჩნეთის გასათავისუფლებლად გამოიყენონ.

– ანუ თარხან ბათირაშვილმა, რომელიც ქართველია ეთნიკურად, რადგან მამა ჰყავს ქართველი, კერძოდ, ფშაველი, გაახმოვანა თავისი ჩეჩენი თანამებრძოლების აზრი?

– მან გაახმოვანა კავკასიელების აზრი. რატომ ჩავაცივდით მაინცდამაინც ჩეჩნებს?!

– კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტია და ჯილდო დაწესდა მისი ლიკვიდაციისთვის.

– გასაგებია, მაგრამ ბათირაშვილი არის სარდალი და, ბუნებრივია, მან უნდა გაახმოვანოს თანამებრძოლების აზრი. ისლამური არმიის სარდალთა და მეთაურთა შორის, დაახლოებით, 60-მდე ეთნიკური კავკასიელია და თითოეულს აქვს დიდი ავტორიტეტი. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, მაგრამ ფაქტია, რომ კავკასიელები ყველაზე კარგ მებრძოლებად მიიჩნევიან. როდესაც მამელუქობაში სარდლები გახდნენ და გადიდკაცდნენ დამსახურებისამებრ, მათ თავიანთი კავშირები და ავტორიტეტი უნდათ, რომ გამოიყენონ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად და, ბუნებრივია, უპირველესად, კადიროვის წინააღმდეგ, რადგან კადიროვი ჩრდილოეთ კავკასიაში განიხილება ყველაზე აგრესიულ პრორუსულ ძალად. ის მიიჩნევა რუსეთის ფედერალური ძალების მეთაურად და დიდი დაცვის ქვეშაა, ამიტომ ჩეჩნების აზრით, თუ ისინი კადიროვს მოიშორებენ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვეღარ იპოვის კადიროვისნაირ პრორუსულ და ანტიკავკასიურ ფიგურას.

– ძალიან საინტერესოა ჩეჩენი პოლიტოლოგის, ისლამ საიდაევის ინტერვიუ. იწყებს იმით, 2008 წელს რუსეთის ტანკები რომ თბილისში შესულიყო, რუსეთს უკრაინის პრობლემა არ ექნებოდაო, თარხან ბათირაშვილი კი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შეაგზავნა ისლამურ სახელმწიფოშიო. რაში სჭირდება რუსულ პროპაგანდას ქართული კვალის შეტანა ისლამურ სახელმწიფოს შექმნაში?

– რუსეთი მხოლოდ სამხედრო მიმართულებით ხომ არ იბრძვის? ის იბრძვის საინფორმაციო მიმართულებითაც და ის, რაც თქვენ მოიტანეთ, როგორც ციტატები, გათვლილია შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობისთვის, რომ გაამართლოს რუსუთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედებები. ამ მოსაზრების ავტორს მინდა, ვუთხრა, 2008 წელს რომ რუსეთის ტანკები თბილისში შემოსულიყო, დღეს რუსეთს არა მარტო უკრაინაში, არამედ კავკასიაში ექნებოდა ის, რაც ხდება ახლა სირიასა და ერაყში. ყირიმი  უკრაინის იქნებოდა და ვერც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში გაბედავდა ბრძოლების დაწყებას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

რაც მთავარია: ბათირაშვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჯერ გამოიყენა, შემდეგ ისევე, როგორც 2008 წლის ომში გამოჩენილი ბევრი მეომარი, აომა და ბოლოს ციხეში ჩაყარა, ულუკმაპუროდ დატოვა და აიძულა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებნათ ლუკმაპური. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანი ემიგარციაში მიდის, თუ მუსიკოსია, მუსიკოსების წრეში ხვდება; თუ ბიზნესმენია, ბიზნესმენების წრეში ხვდება. ბათირაშვილი, ბუნებრივია,  მებრძოლების წრეში აღმოჩნდა. თან, ბათირაშვილი უცბად ხომ არ გახდა სარდალი?! რომ დაღუპულიყო, როგორც რამდენიმე დაიღუპა, ხომ ვერ მიაღწევდა ამ სიმაღლეებს. წინასწარ არ იცის ამერიკამ, თურქეთმა, თუ ისრაელმა ვინ გადარჩება, რომ მასზე დადოს ფსონი?!

– ომია, დასასვენებლად ხომ არ არიან?

– ეს ხომ პოლიტიკა არ არის, წინასწარ პიარი გაუკეთო?! კი, ბატონო –  ჩამოვედი მასზე ფსონს, დავდე 5  მილიონი, მაგრამ ერთ დღესაც დააჭედა სნაიპერმა ტყვია შუბლში?! სხვა საკითხია, როდესაც უკვე გარკვეულია სარდლობა, ვის რა პოტენციალი და ავტორიტეტი აქვს, დაიწყებს თუ არა მათთან დიალოგს დასავლეთი ან რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა?! თქვენი ჟურნალის მეშვეობით მე პირდაპირ ვუსვამ კითხვას პრორუსულ კავკასიელებს: საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გარდა, იქ არიან დაღესტნელებიც, ინგუშებიც და ჩეჩნებიც, ეთნიკური თათრებიც თათარსტანიდან და რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტების წარმომადგენლებიც. როგორ მოხვდნენ ისინი იქ სარდლობაში?! რუსეთის სპეცსამსახურებმა გაგზავნეს?! ეს კითხვა ხომ ისმის ლოგიკურად?! იქ ომი კარგა ხნის დაწყებული იყო, როდესაც კავკასიელი მებრძოლების ჩაყვანა მოიფიქრეს. მინდა, იცოდეთ ქრონოლოგია: როდესაც ადგილობრივი ოპოზიცია ფიზიკურად ვერ გაუმკლავდა რუსეთის იარაღით გაძლიერებულ ასადს და მარცხისკენ წავიდა მათი საქმე, სწორედ მაშინ წამოაყენეს არაბმა რადიკალმა მუსლიმანებმა წინადადება, ჩაერთოთ ბრძოლაში კავკასიელი მებრძოლები; ისინი კარგად იბრძვიან, მათაც იომონ ისლამის სახელით, ჩვენც ხომ დავეხმარეთ ჩეჩნეთის ომის დროსო. ამის შემდეგ გადაწყდა კავკასიელების წაყვანა, თორემ თავიდან მათი ჩაბმა დაგეგმილი არ იყო. ამას გარდა, ისმის კითხვები: როგორ გაიარა ამ პროცესმა სააკაშვილის ხელში, რომლის საქმიანობის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებს ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ?! და კიდევ ერთი: როგორ გაიარეს ამხელა თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორია სირიაში მოსახვედრად ისე, რომ ხელი არავინ შეუშალა?!

– მაგრამ ფაქტია, რომ გაიარეს.

– ეს კითხვები პრორუსული ორიენტაციის კავკასიელების გასაგონად დავსვი. ცოტა მეტი იფიქრონ და წინასწარ სულელურ დასკვნებს ნუ გააკეთებენ, იმიტომ რომ, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები: არეულია რუსეთი, ირევა თურქეთიც და იქნებ ისეთი დრო მოვიდეს, კავკასიელები ერთმანეთს ხელების ცეცებით ვეძებდეთ ჩვენი ოჯახების გადასარჩენად.

– ქართული ხაზი რატომ შეიტანეს, ფაქტია, ამას აქვს კონკრეტული მიზანი და სცდება მხოლოდ პროპაგანდას.

– ეს არის რუსული პროპაგანდისტული მანქანის დავალება: გააიგივონ საქართველო ამერიკასთან, „ნატოსთან“, რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველ ტერიტორიასთან. ეს, ჩვენი აზრით, როგორც მოგახსენეთ, რუსეთის მოსახლეობაზეა გათვლილი, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოში შემოსასვლელად ემზადება.

– უცნაური დამთხვევებია: ბათირაშვილმა განაცხადა, რომ კავკასია და ჩეჩნეთი უნდა გაწმინდონ. რუსული მედია კი აცხადებს, რომ ბათირაშვილი, საქართველოს მოქალაქე, ისლამურ სახელმწიფოში შეაგზავნა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა. 

– და ამისთვის უნდა გაიარონ საქართველო. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ორი კურდღლის დაჭერა უნდა: მხოლოდ საქართველოში შემოსვლა წამგებიანია მათთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოში ერთად უნდათ შემოსვლა და გადასარევი მიზეზია, რადგან, თუ რუსეთის ტერიტორიაზე უნდა მებრძოლს შეღწევა, აზერბაიჯანის, ან საქართველოს გავლით უნდა გააკეთოს ეს.

– ანუ ის, რაც რუსული პრესით ვრცელდება, რომ საქართველო ურევია ტერორისტული სახელმწიფოს შექმნაში, არის გზავნილი საქართველოში შესაძლო შემოჭრის დამადასტურებელი?

– ჩვენ ეს აღვიქვით, როგორც პროპაგანდისტული საინფორმაციო ომის დასაწყისი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ოღონდ უფრო ოსტატურად და ეშმაკურად მოფიქრებული: თითქოს ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ისინი უბრალოდ იცავენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებისგან. ეს ძალიან სახიფათო თამაშია, ძალიან ფრთხილად და დიდი გულისყურით უნდა ვიყოთ აზერბაიჯანთან ერთად. და ვფიქრობთ, ამ პროპაგანდისტული მანქანის ამუშავებას აუცილებლად მოჰყვება შიდა პოლიტიკური პროცესების გამწვავება საქართველოსა და აზერბაიჯანში. ანუ აქაც და იქაც ოპოზიცია დაიწყებს აქტიურობას. ამიტომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და თავად უნდა გადადგას ნაბიჯები წინასწარ სიტუაციის განსამუხტავად. აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, რომ პრორუსულ ოპოზიციას არ დაუტოვოს საფუძველი, გაათამაშონ 1992 წლის არეულობის სცენარი.

– როდესაც ლაპარაკია გაწმენდაზე, ვიცით, რომ იგულისხმება ტერიტორიის გაწმენდა ურჯულოებისგან, ანუ ქრისტიანებისგან. ესე იგი, ბათირაშვილის განცხადება გულისხმობს ქრისტიანი ქართველების ამოწყვეტას?

– მას და მისი დონის სარდლებს განცხადებების გაკეთებისას პიროვნული კომენტარების  უფლება არ აქვთ. მე არ მჯერა, რომ ეთნიკურად კავკასიელ სარდლებს ქართველი ქრისტიანების გაწყვეტა უნდათ, თუმცა რადიკალური ისლამი ითვალისწინებს ყველას გამუსლიმანებას, მაგრამ ჩვენ, მგონი, ეს ამბავი არ გვიკვირს.

– მე ის მიკვირს, ფშაველი კაცი, ჩემი თანამემამულე რომ მეუბნება ამას.

– ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ ქართველებისგან გაწმენდას გულისხმობენ, ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გაწმენდა უნდათ რუსეთის ფედერალური ჯარებისგან და რუსებიც, ასევე, კავკასიელის პირით ახვედრებენ კონტრარგუმენტებს და საქართველოს ტერიტორიაზე უნდათ ამ კონფლიქტის გადმოტანა. ჰკითხეთ ხელისუფლებას: არის მზად, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორია?!

2014 წელი, ივნისი, ჟურნალი “თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები