ისტორიაუკატეგორიო

იყო თუ არა ერთი და იგივე პიროვნება გაიოზ ნიჟარაძე, ოჰანეს ტოტომიანცი და იოსებ ჯუღაშვილი

გადასახლებიდან, პირველ წარუმატებელ გაქცევის მცდელობას, სტალინი მორალურად არ გაუტეხია. იგი გულდასმით ემზადებოდა მეორე გაქცევისთვის. 1903 წელს პირველი გაქცევის შემდეგ სტალინი გადასახლების ადგილას – „ნოვაია უდაში“ გლეხ მიტროფანე კუნგაროვის სახლში ცხოვრობდა. პოლიციას ეჭვი რომ არ აეღო, სტალინი სწორედ კუნგაროვის დახმარებით გეგმავდა გაქცევას. მიტროფანე კუნგაროვი არავითარ შემთხვევაში არ გაუმართავდა ხელს გადასახლებულს გაქცევაში, ამისათვის, მას სასჯელი ელოდა. სტალინს კუნგაროვი უნდა მოეტყუებინა. კუნგაროვი საკმაოდ გულუბრყვილო გამოდგა და სტალინის ირწმუნა. სტალინმა ისეთი ამბავი შეთხზა, რომ ფრთხილ და წინდახედულ ციმბირელ გლეხსაც კი შეიყვანდა შეცდომაში. კერძოდ, მან მიტროფანე კუნგაროვს უთხრა, რომ ნოვაია უდადან ზარკოვოში სურდა გამგზავრება, რათა ადგილობრივი პოლიციის უფროსზე საჩივარი შეეტანა. კუნგაროვი არ დაეჭვებულა, რადგან ამის უფლება გადასახლებულს ჰქონდა. მიტროფანე კუნგაროვი, რომ უფრო მეტად დაეინტერესებინა, სტალინი ფულის გარდა, არაყსაც დაჰპირდა. არყის გარეშე, 40-გრადუსიან ყინვაში, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა შეუძლებელი იყო – ადამიანი გაიყინებოდა. კუნგაროვმა მარხილი გაამზადა, სტალინმა მარხილში ჩაალაგა: საკვები და საკმაო რაოდენობის არაყი. მეეტლეცა და მისი მგზავრიც თბილად იყვნენ ჩაცმულნი. არყისაგან შეზარხოშებულმა მიტროფანე კუნგაროვმა მარხილი დიდი სისწრაფით გააქანა. გზადაგზა, შეჩერდებოდნენ და სტალინი არყის მორიგი ულუფით უმასპინძლდებოდა გულუბრყვილო კუნგაროვს. ციმბირელი გლეხი ისე გამოიბრუჟა არყით, რომ შიგადაშიგ გახსნილი ქურქით, მიაქანებდა მარხილს. როცა სტალინმა, მარშრუტი შეცვალა, მიტროფანე კუნგაროვი მიხვდა, რომ გადასახლებული გაქცევას აპირებდა და შეშინდა. სტალინმა ვერაფერი გააწყო, გონს მოსული კუნგაროვი გზის გაგრძელებას არ აპირებდა და უკან დასაბრუნებლად ემზადებოდა. მაშინ, სტალინმა ქურქი გაიხსნა, ხანჯალი ამოიღო და ციმბირელ გლეხს წინააღმდეგობის შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრა. შეშინებულმა კუნგაროვმა გზა განაგრძო. კუნგაროვმა სტალინი ტირეტის სადგურამდე მიიყვანა და უკან გაბრუნდა. ტირეტიდან სტალინმა ირკუტსკში ჩააღწია, საიდანაც, გზა მატარებლით გააგრძელა.

გავრცელებულია ვერსია იმის თაობაზე, რომ ირკუტსკიდან მატარებლით გზის გაგრძელება ჯუღაშვილმა, მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ მას პოლიციის აგენტის ყალბი მოწმობა ჰქონდა. ეს ვერსია უსაფუძვლოა, რადგან ასეთი საბუთის შოვნა, დიდი ფულის გარეშე ციმბირში, შეუძლებელი იყო. სტალინს კი, ფული არ ჰქონდა. სავარაუდოა, რომ სტალინს მართლაც ჰქონდა ყალბი საბუთი (ასეთი საბუთების შოვნა გადასახლებულებს არ უჭირდათ), მაგრამ არა პოლიციის აგენტის მოწმობა. ირკუტსკიდან გაქცეული გადასახლებული სტალინი 10 დღის შემდეგ თბილისში ჩავიდა.

გადასახლებიდან გაქცეული სტალინის დაპატიმრებას ჟანდარმერია 4 წელზე მეტხანს ცდილობდა, მაგრამ წარუმატებლად. სტალინი ყოველთვის ახერხებდა მიმალვას. 1908 წლის 15 მარტს ჟანდარმერიამ ბაქოში დიდი დაპატიმრებები ჩაატარა. სტალინი ამჯერადაც გადარჩა, თუმცა, ჟანდარმერია მის ძებნას განაგრძობდა. 10 დღის შემდეგ, 25 მარტს, ბაქოში, მორიგი დაპატიმრებების დროს ჯუღაშვილიც ჩავარდა. უფრო სწორად, მას გაქცევა არ უცდია, რადგან ამ დროისთვის მოასწრო ყალბი პასპორტის შეძენა, რომლის მიხედვითაც ის იყო გაიოზ ბესარიონის ძე ნიჟარაძე. ჟანდარმერიაში გაიოზ ნიჟარაძის ნამდვილი ვინაობა დაადგინეს. ჟანდარმერიის არქივში არსებული სტალინის ფოტოებით დადასტურდა, რომ ყალბი პასპორტის მფლობელი იყო არა გაიოზ ბესარიონის ძე ნიჟარაძე, არამედ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი.

იოსებ სტალინი ბაქოში ბაილოვის ციხეში ჩასვეს. იმჟამად ბაილოვის ციხე პატიმრებით გადატვირთული იყო – 400 კაცისათვის განკუთვნილ საკნებში 1 500 პატიმარი იხდიდა სასჯელს. სტალინს ფილტვის დაჩრდილვა ჰქონდა და სუფთა ჰაერი ესაჭიროებოდა. მისი თანაპარტიელი ბუდუ მდივანი, ჯუღაშვილს მხრებზე შეისვამდა ხოლმე, რათა სარკმლიდან სუფთა ჰაერი შეესუნთქა. ციხის აუტანელი პირობების გაპროტესტების მიზნით, სტალინმა გაფიცვა მოაწყო. ციხის უფროსმა, ჯარისკაცები გაგზავნა პოლიტპატიმართა დასასჯელად. დასასჯელები ჯარისკაცთა 2 მწკრივს შორის გაატარეს და დაუზოგავად სცემეს კონდახებით. სტალინმა მწკრივებს შორის თავაწეულმა გაიარა, იღლიაში წიგნებამოჩრილს თავი ცინიკურად ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ძლიერი დარტყმა იგემა, წიგნები ხელიდან არ გავარდნია. საკანში მიბრუნებულმა ჯუღაშვილმა, მალე საკნის კარი დაამტვრია. ბაილოვის ციხეში იოსებ სტალინი გაქცევისათვის ემზადებოდა. ღამით იგი, თანაპარტიელების მიერ შეგზავნილი ხერხით, სარკმლის გისოსების გადაჭრას ცდილობდა. სარკმლიდან გადასულ სტალინს, ეტლით თანაპარტიელთა შეიარაღებული რაზმი ელოდა. გაქცევა არ შედგა, რადგან სტალინი გასცეს. გაქცევამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე, ციხის ჩვეულებრივი დაცვა შეიცვალა და მცველთა ადგილი კაზაკებმა დაიკავეს. სავარაუდოა, რომ ჯუღაშვილის გაქცევის გეგმა ციხის იმ ზედამხედველმა გასცა, რომლის საშუალებითაც თანაპარტიელებმა სტალინს საკანში ხერხი შეუგზავნეს.

სტალინი გაასამართლეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. ბაქოდან იგი ჯერ მოსკოვში, ბუტირკის ციხეში, იქიდან კი ვოლოგდაში გადაიყვანეს. ბაქოდან მოსკოვის გავლით ვოლოგდაში ჩასვლას, პატიმართა იმ ჯგუფმა, რომელთან ერთადაც სტალინი მგზავრობდა, 3 თვე მოანდომა.

ვოლოგდის ციხეში სტალინმა მორიგი ამბოხება მოაწყო. ამიტომ გადაწყდა, მისი გადასახლების საბოლოო ადგილას სწრაფად გაემგზავრებინათ. ციმბირის გადასახლებაში გამგზავრება ჯუღაშვილს არ სურდა, რადგან კარგად უწყოდა, თუ რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული იქიდან გაქცევა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ვოლოგდაში სტალინი ტიფით დაავადებულა, რის გამოც ციმბირში გასაგზავნ პატიმართა ჯგუფს ჩამოაცილეს და სამკურნალოდ ვიატკის ჰოსპიტალში მოათავსეს. უფრო სავარაუდო უნდა იყოს ის ვერსია, რომ სტალინს ტიფი არ შეყრია და მან ციხის ექიმი რაღაც საშუალებით აიძულა ყალბი დასკვნა გაეცა. ის რომ ტიფით დაავადებულიყო, ისე სწრაფად ვერ გამოჯანმრთელდებოდა. ვიატკის ჰოსპიტალიდან სტალინი, ისევ ციხეში გადაიყვანეს და პატიმართა მორიგ ჯგუფთან ერთად მაინც გაუყენეს ციმბირის გზას. მისი გადასახლების ადგილად განსაზღვრული იყო სოფელი სოლვიჩეგოდსკი. სადაც სტალინი 1909 წლის თებერვალში მარხილით ჩაიყვანეს. ამ დროისთვის, სოლვიჩეგოდსკში 450 გადასახლებული ცხოვრობდა. მათ უმრავლესობას პოლიტპატიმრები შეადგენდნენ. სოლვიჩეგოდსკი რუსმა კოლონისტებმა 700 წლის წინ დააარსეს. ადგილობრივი მოსახლეობა ბეწვეულის ვაჭრობით ირჩენდა თავს. მდინარე ვიჩეგდაზე მდებარე სოლვიჩეგოდსკის ღირსშესანიშნაობა იყო მეთექვსმეტე საუკუნის რუსული ეკლესია, ფოსტის შენობა და ადგილობრივი ვაჭრის სახლი. სტალინი, თავდაპირველად, 10 გადასახლებულთან ერთად ცხოვრობდა. მას თანაპარტიელები „ოსიპისა“ და „კობას“ ფსევდონიმით იცნობდნენ.

სტალინს გადასახლებიდან გაქცევის უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ მორიგი გაქცევა არ გასჭირვებია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გადასახლებიდან იოსებ სტალინზე გაცილებით ნაკლები შესაძლებლობის პოლიტპატიმრებიც გარბოდნენ. 1906-1909 წლებში ციმბირში გადასახლებული 32 ათასი მსჯავრდებულიდან, სხვადასხვა დროს, 14 ათასმა გაქცევა მოახერხა. მით უმეტეს, გაქცევა არ გასჭირვებია სტალინს. ის სოლვიჩეგოდსკიდან გაქცევის შემდეგ კოტლასში ჩავიდა, სადაც ყალბი დოკუმენტებით პეტერბურგისაკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. სტალინმა პეტერბურგამდე დიდი თავგადასავლების გარეშე ჩააღწია, ხოლო 1909 წლის ივლისში კვლავ ბაქოში გამოჩნდა. ბაქოში ჩასულ სტალინს ახალი ყალბი პასპორტი ჰქონდა, ამჯერად სომეხი ვაჭრის, ოჰანეს ტოტომიანცის სახელზე გაცემული. რაღაც დროიდან ჯუღაშვილს ოხრანკა აედევნა, ეს იქიდან ჩანს, რომ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ოხრანკის შეგზავნილი 2 აგენტი – „ფიკუსი“ და „მიხაილი“, რეგულარულად აწვდიდნენ ოხრანკას ცნობებს სტალინის ბაქოში მოღვაწეობის შესახებ. თავიანთ მოხსენებებში, ცხადია, „ფიკუსი“ და „მიხაილი“ სტალინს ნამდვილი სახელითა და გვარით არ იხსენიებდნენ. ოხრანკის დოკუმენტებში, ძებნილი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი კონსპირაციული მოსაზრებებით „მერძევის“ („მალოჩნის“) ფსევდონიმით იხსენიებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ოხრანკა უთვალთვალებდა, სპეცსამსახურებს დიდი დრო დასჭირდათ იმის დასადგენად, რომ ის იოსებ ჯუღაშვილი და ოჰანეს ტოტომიანცი ერთი და იგივე პიროვნება იყო.

ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით მოამზადა

ანრი შავლაძემ

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები