პოლიტიკა

კალაძის და ნარმანიას ფარული ომი – გახარჯული 4 მილიონი და “გაპრავებული” მგ. გეგმა

თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კახა კახი კალაძე, დიდმასშტაბიან საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მხოლოდ თბილისის მერობა არ უნდა იყოს ყველაფერ ამის მიზეზი. პრინციპში, ასეც არის. კალაძე დღეს არა მხოლოდ თბილისის მერობაზე იბრძვის, არამედ „ქართულ ოცნებაში “ პირველ კაცობაზე და თუ ის პირველ ტურში გაიმარჯვებს, ეს ასეც იქნება.

კახი კალაძე გახდება პოლიტიკოსი, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვის ფინანსებზე და რომლის ლეგიტიმურობა ყველაზე მაღალი იქნება ქვეყანაში.

თბილისის დღეს მოქმედი უფერული მერისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ამბიციებიც აქვს და არც თამამი ნაბიჯების გადადგმის შეეშინდება.

კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის დამუშავება და დამტკიცება.

ამ გენგეგმის თანახმად, თბილისში საბოლოოდ გადაწყდება ქაოტური და უსახური განაშენიანების პრობლემა. ასევე უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარება. გენერალური გეგმის შესაბამისად, განვითარდება მულტიცენტრები ქალაქის სხვადასხვა უბანში.

გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები. მშენებლობებისთვის დადგინდება გამწვანების მაღალი სტანდარტი.

შემუშავდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციის გეგმა. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება დენდროლოგიური პარკი. უზრუნველყოფილი იქნება თბილისის ტყეების აღდგენა და განახლება.

შეიქმნება სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც სავალდებულო იქნება გასათვალისწინებლად სატრანსპორტო მარშრუტების დადგენისას, ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, მშენებლობის ნებართვის გაცემისას და ა.შ.

გაგრძელდება მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია. განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი. დაიწყება მეტროს ახალი ხაზების პროექტირება. უზრუნველყოფილი იქნება მეტროს ინტეგრირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან.

განხორციელდება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტები.

შემუშავდება მუნიციპალური განვითარების გეგმა, რომელსაც დაეფუძნება ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკა.

მშვენიერი დაპირებებია და აქ მიუღებელი არაფერია, გარდა ერთი „პატარა“, 4 მილიონად ღირებული წვრილმანისა – დოკუმენტი სახელად „- დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება“, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია და რომელიც დასამტკიცებლად შეაქვს ქალქის მოქმედ მერს საკრებულოში.

დოკუმენტს აქვს პრეტენზია რომ ერქვას თბილისის განვითარების გენგეგმა და ყველა ის დაპირება, რაც კალაძის წინასარჩევნო პროგრამაშია მოცემული, ამ დოკუმენტში სულ სხვა სულისკვეთებითაა გამსჭვალული.

ეს დოკუმენტი შეიცავს უამრავ ანალიტიკურ და სტატისტიკურ მასალას და სავარაუდოდ, განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალს, რომლის უკანაც არ დგას არანაირი ეკონომიკურ-ფინანსური დასაბუთება.

შედეგად თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად შედის დოკუმენტი, სადაც 1 000-ზე მეტ გვერდზე ჩამოწერილია უამრავი საინტერესო, ეგზოტიკური ინფორმაცია, დაწყებული იმით, თუ როგორი იყო თბილისი ვახტანგ გორგასლის დროს. რეალურად კი მიღებული იქნება გარემოს რეგულირების გეგმა თავისი საყრდენი რუკით, რომელიც ცვლის ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს და საკრებულოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ თბილისი სულ სხვა რეალობაში დაიწყებს უფლებრივად ფუნქციონირებას. ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე , სახეზე გვაქვს კოლიზია ძველი, მოქმედი მერის ნარმანიასა და ჯერ კანდიდატის, მაგრამ, დიდი ალბათობით თბილისის მომავალი მერის, კახი კალაძის სურვილებს და განზრახვებს შორის. ამას დაემატება სულ მცირე 20-25.000 მესაკუთრის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც ,ბუნებრივია, არ დარჩება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ეს “საჩუქარი” წილად ხვდება ქალაქის ახალ მთავრობას და საკრებულოს.

ვინაიდან ახალი გენგეგმის შექმნა დღევანდელი მერის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებაც მისი პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენს. ბ-ნი ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებებიდან თითქმის არაფერი შესრულებულა და თბილისელებიც დაგვეთანხმებიან ამაში. დღეს კი ბ-ნი ნარმანია, თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს , დილემის წინაშე დგას – წავიდეს ასე უსახელოდ , თუ ერთი დაპირება მაინც შეასრულოს, თუნდაც ქაღალდზე და თუნდაც, უხარისხოდ, მაგრამ შეასრულოს.

შედეგად შეიძლება მოხდეს ისე, რომ დღევანდელმა საკრებულომ დაამტკიცოს ეს არკვალიფიციური და სხვადასხვა ინტერესებით დახუნძლული დოკუმენტი და მისი მიღებით გამოწვეული თავის ტკივილი გადაულოცოს ახალ მერს.

ამას ემატებ ისიც, რომ კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ასპექტები დიდ წილად წინააღმდეგობაში მოდის ნარმანიას მიერ შექმნილ დოკუმენტთან, რომელიც მას სურს დაამტკიცებინოს თბილისის საკრებულოს ნაჩქარევად და ყოველგვარი განხილვის გარეშე.

ალბათ , დამეთანხმებით, რომ კალაძის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ჯერ კიდევ მოქმედი მერის არ და ვერ გაკეთებული საქმების გაკეთების და გამოსწორების დაპირების ფონზე. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ეს ბატონები ერთმანეთის ოპოზიციას წარმოადგენენ.

კოლიზია ცალსახად სახეზე გვაქვს და რა არის გამოსავალი?

დახარჯულია 4 მილიონი ლარი და შექმნილია დოკუმენტი, რომელსაც მინიმუმ საფუძვლიანი გადამუშავება ჭირდება. ბუნებრივია ბ-ნი კალაძე ღიად ვერ გამოვა თავისივე პარტიის წევრის მიერ შექმნილი დოკუმენტის წინააღმდეგ, მაგრამ წესით და რიგით ის უნდა აცნობიერებდეს (და დიდი ალბათობით აცნობიერებს კიდეც), რომ ამ დოკუმენტის ასეთი ფორმით მიღება ყოვლად დაუშვებელია და გამოიყენებს საკუთარ გავლენებს, როგორც პარტიაში, ისე საკრებულოს იმ დეპუტატებში, რომლებიც ხელახლა არიან წარდგენილნი მომავალი საკრებულოს წევრებად და ამ დოკუმენტის მიღება-განხილვა გადაიდება უკეთესი დროისთვის. თუ ასე არ მოხდა, ალბათ გავხდებით მომსწრნენი კიდევ ერთი დახარჯული 4 მილიონისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბ-ნი კახი კალაძის წინასაარჩევნო დაპირებების გამართულ დოკუმენტად გადაქცევა.

ცოტა ძვირი ხომ არ დაგვიჯდება „ოცნების“ კულუარული ინტრიგები?

ავტორი: გოგი ლორთქიფანიძე.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *