მთავარი ბლოკი

კახეთის მხედრიონის ყოფილი უფროსი მადლენა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დააკავეს

ბელარუსმა მადლენა ზვორიკინა რუსეთს გადასცა

Simon Kiladze   –   facebook -ის გვერდიდან

სისხლიანი ატამანშის“ საქმე:
ბელარუსმა მადლენა ზვორიკინა რუსეთს გადასცა

ინფორმაციის გლობალურ ნაკადში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა წარსულში ცნობილი დამნაშავის, მრავალგზის გასამართლებული პიროვნების ხელახალი დაკავების ფაქტი, რომელზეც ქართველ სამართალდამცავთა მოთხოვნით, ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

მადლენა – „საზღვრის დამრღვევი“

ოქტომბერში, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 65 წლის რუსეთის მოქალაქე მადლენა ზვორიკინა დააკავეს. იგი ბელარუსმა სამართალდამცველებმა იზოლატორში მოათავსეს, სადაც მან 40 დღე დაჰყო, სანამ რუსეთისადმი საექსტრადიციო დოკუმენტები მზადდებოდა. 25 ნოემბერს მადლენა ზვორიკინა რუსეთს გადაეცა.

ეს პიროვნება იმითაა ცნობილი, რომ მან 1990-იან წლებში, თავის თანამცხოვრებთან (საყვარელთან, სამოქალაქო ქმართან) ალექსანდრე როშინთან ერთად მოსკოვში ბანდა შექმნა და 13 მკვლელობა აქვს ჩადენილი. თბილისელი გამომძიებლების აზრით, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს საქართველოშიც აქვს თავისი საზარელი კვალი დატოვებული. გარდა ამისა, მადლენა ზვორიკინა „მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, რომელსაც თავისი „წვლილი“ აქვს შეტანილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობაში. ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულებათა გამო მადლენას „სისხლიანი ატამანშა“ დაარქვეს.

მასობრივი მკვლელობები

1993 წლის დეკემბერში მოსკოვის იასენევოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების მქონე ექვსი გვამი აღმოაჩინეს. ყველა მოკლული წარმოშობით უკრაინიდან, ლვოვიდან იყო. მილიციის ოპერატიული სამსახურის მუშაკებმა მიაკვლიეს, რომ ისინი მოსკოვში ავტომანქანების მოპარვა-გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. რადგანაც მომხდარი ფაქტი აშკარად უკავშირდებოდა მსხვერპლთა კრიმინალურ ბიზნესს, მილიციამ ეჭვი კონკურენტებზე მიიტანა.

გამოძიება კვალმა საქართველოში მცხოვრებ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილამდე მიიყვანა. როგორც გაირკვა, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წლით ადრე მან ბედის საძებნელად მოსკოვს მიაშურა და სავაჭრო ფირმა „წმინდა გიორგი“ შექმნა, თუმცა კომერციული საქმიანობა მისთვის მხოლოდ ერთგვარი საფარის როლს ასრულებდა – სინამდვილეში „წმინდა გიორგის“ თანამშრომლები მკვლელობებითა და ბანდიტიზმით იყვნენ დაკავებულები. თავდაპირველად გამოძიება დაჯგუფების ლიდერად სწორედ მადლენას მიიჩნევდა, მაგრამ შემდეგ, 1995 წელს, როცა „წმინდა გიორგის“ თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს, აღმოჩნდა, რომ ბანდის მეთაური მადლენას სამოქალაქო ქმარი – ალექსანდრე როშინი იყო.

2002 წლის ზაფხულში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე როშინს, რომელსაც პირადად ხუთი ადამიანი ჰყავდა მოკლული, იმდროისათვის სასჯელის მაქსიმალური ვადა – 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იდენტურად დაისაჯა მისი თანამზრახველი ალექსეი ფოკინი – რვა ადამიანის მკვლელი.

რაც შეეხება მადლენას, მას მკვლელობის ბრალდების ნაწილი მოეხსნა, მაგრამ გისოსებიან შენობაში 9 წლით მაინც გაიგზავნა. ამასთან, მხედველობაში იქნა რა მიღებული, რომ ზვორიკინა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში დაკავებული იყო, მას ეს ვადა პატიმრობად ჩაეთვალა და იგი ციხიდან განაჩენის გამოტანიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. გათავისუფლებულმა მადლენამ ტეროროზმის მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ფონდი „ალდოედი“ დააფუძნა, მაგრამ ფონდის ხელმძღვანელობა არ დასცალდა – მალე თავი ისევ ციხეში ამოჰყო.

ქართული „გასტროლები“

2004 წელს მადლენა ზვორიკინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს, სადაც მასზე 1990-იანი წლებიდან ძებნა იყო გამოცხადებული. ქართველი ძალოვნების მონაცემებით, 1993 წელს მადლენა ალექსანდრე როშინთან, ალექსეი ფოკინთან და ბანდის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად კახეთში ჩავიდა ადგილობრივ მძღოლებში ფულის აკრეფის მიზნით. მეტი დამაჯერებლობისათვის ბანდიტებმა მოიმარაგეს იარაღი, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის უწყებისა და უშიშროების ორგანოების მუშაკთა ყალბი პირადობის მოწმობები.

როგორც გამოძიება მიიჩნევს, მადლენას ბრძანებით გასტროლიერების მიერ რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ასე მაგალითად – თბილისი-გურჯაანის ავტოტრასაზე მოკლული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შემდეგ ისინი ადგილობრივი მცხოვრების – გივი იმერლიშვილის ოჯახს გაუსწორდნენ: არ დაინდეს არც მისი ცოლი ლამარა და არც შვილი ანეტა. სახლიდან წაიღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანადირო თოფები, გაიტაცეს ავტომობილი „ნივა“, რომელიც გაყალბებული დოკუმენტებით გაყიდეს და რუსეთში დაბრუნდნენ.
საქართველოს პროკურატურამ საქმე ბანდიტიზმზე და ოთხი ადამიანის მიმართ წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე აღძრა, რომელიც ჩადენილი იქნა განსაკუთრებულად უმძიმესი გარემოებებით.

ანგარიშსწორების ოთხივე მონაწილეზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. იგი დააკავეს, მაგრამ მადლენა ზვორიკინა საქართველოს პენიტენციალური სისტემის დაწესებულებაში (საპყრობილეში) არ მოხვდა. საქმე იმაშია, რომ მას რუსული პასპორტი აქვს და კონსტიტუციის 61-ე მუხლის თანახმად, რუსეთი თავის მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოებს არ გადასცემს. ამიტომაც მადლენამ მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში მცირე ხანს დაჰყო და გათავისუფლდა.
რას საქმიანობდა მომდევნო წლებში მადლენა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა 2014 წელს იგი აზერბაიჯანში იქნა დაკავებული, ბაქომ ეჭვმიტანილი საქართველოს გადასცა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარ პატიმრობა მიუსაჯა.
„ამასთან, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ხელისუფლება საქმის კურსში არ ჩააყენეს მადლენა ზვორიკინას დაკავებისა და მისთვის სისიხლის სამართლის ბრალდებების წარდგენის დროს“, – განაცხადა იმ დროს ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, – მისმა ადვოკატებმა კლიენტის გათავისუფლება დაბეჯითებით მოითხოვეს და 2015 წლის 21 მარტს სასამართლოს დადგენილებით, იგი გათავისუფლდა“.

ეპიზოდები მადლენას „მხედრიონული“ ცხოვრებიდან

კრიმინალური წარსულის გარდა, მადლენა ზვორიკინას მდიდარი საბრძოლო გამოცდილებაც აქვს. ქართველი სამართალდამცველთა მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისში იგი გასამხედროებული ორგანიზაციის – „მხედრიონის“ („მაშველთა კორპუსის“) კახეთის ფრთას ხელმძღვანელობდა, რომელიც 1989 წელს პოლიტიკოსმა და სამხედრო პირმა (შეთავსებით კი „კანონიერმა ქურდმა“) ჯაბა იოსელიანმა დაარსა. „მხედრიონელები“ ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობდნენ და საკვანძო როლი შეასრულეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში.

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დამნაშავეობამ იმატა. იოსელიანის დაჯგუფება კრიმინალურ საქმეებს განაგებდა. ქართველი სამართალდამცველები წესრიგის მტკიცე დაცვას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს და 1991 წლის თებერვალში ჯაბა იოსელიანი და მისი გარემოცვის წევრები დააკავეს. თუმცა იმავე წლის დეკემბერში, როცა თბილისში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, „მხედრიონელებმა“ საპყრობილე შტურმით აიღეს და თავიანთი ლიდერი გაათავისუფლეს.
მაგრამ, როგორც ნათქვამია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული: 1995 წელს, საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ჟამს, ჯაბა იოსელიანი ქვეყნის მეთაურზე მოწყობილ თავდასხმაში (იმავე წლის 29 აგვისტოს) და რამდენიმე მკვლელობაში დაადანაშაულეს. „მხედრიონის“ საქმიანობა ქვეყანაში აიკრძალა, ხოლო წევრების უმრავლესობა ციხეში აღმოჩნდა. იგივე ბედი ეწია ჯაბა იოსელიანსაც – 1998 წელს მას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა იგი 2000 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. გარდაიცვალა 2003 წელს.

დღეისათვის მადლენა ზვორიკინას სამომავლო ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ მას საქართველოს ისევ არ გადასცემენ, რადგან, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, იგი რუსეთის მოქალაქეა.
———–
მომზადებულია რუსულ და ბელარუსულ მასმედიაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე.
წყაროები:
https://ria.ru/20191130/1561760240.html
https://www.mk.ru/…/v-moskvu-etapirovana-legendarnaya-krova…
https://belaruspartisan.by/life/483315/

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *