კატეგორიამედიცინამთავარი ბლოკი

კვება ახალ წელს

ქართული საახალწლო სუფრა მდიდარია ნახშირწყლების შემცველი საკვებით. ამ პერიოდში ტკბილეულს მიირთმევს არა მარტო ბავშვი, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ზომიერება რომ ყოველთვის საჭიროა, ეს ტკბილეულის მიღებასაც შეეხება, რადგან ორგანიზმში შესაძლებელია, განვითარდეს არასასურველი პროცესები. ახალი წლის შემდგომ მომატებულია ენდოკრინულ პრობლემათა რიცხვი, რომელსაც თავის მხრივ, სხვა სისტემების გართულებაც ახასიათებს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ გავითვალისწინებთ რჩევებს და ორგანიზმს ავარიდებთ საახალწლო გადატვირთვას.

ნორმალური და ჯანმრთელი ბავშვი, ახალგაზრდა, საშუალო ასაკის თუ ხანდაზმული პირი, ანუ ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი, ყოველდღიურად იღებს გარკვეულ საკვებ რაციონს, რომლის დიდი ნაწილი მოდის ნახშირწყალზე. ნახშირწყლების შემცველი საკვები ორ ტიპად შეიძლება დავყოთ. არსებობს ნახშირწყლები, რომელიც იოლად შეიწოვება და არსებობს ისეთიც, რომლის შეწოვა ძნელად ხდება. ადვილად შეიწოვება შაქრები, რომელიც უკვე დაშლილ მდგომარეობაშია ან მონომერია – მონოსაქარიდი გლუკოზის სახით. ის ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედაპირის მთელ სიგრძეზე, ან ისეთი პოლისაქარიდი, რომელიც ძალიან იოლად იშლება გლუკოზამდე და ასევე კარგად შეიწოვება. ასეთ საკვებს განეკუთვნება ის ხილი, რომელიც გლუკოზას ჭარბად შეიცავს და თავისთავად, ფრუქტოზასაც, რომელიც ასევე მონომერია. ამ ტიპს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიცავს თეთრ, უმაღლესი ხარისხის ფქვილს. ასეთი ფქვილი მდიდარია სახამებლით და შესაბამისად, მისგან დამზადებული პროდუქტები, მაკარონი, ვერმიშელი და სხვა ნაწარმიც მდიდარია ამ კომპონენტით. ასეთი პროდუქციის დოზირებულად მიღება არანაირ პრობლემას არ უქმნის ჯანმრთელ ადამიანს. მაგრამ, თუ გადავალთ ჭარბ მიღებაზე, ნებისმიერ ჩვენგანს შეგვექმნება პრობლემები. რაც შეეხება არაჯანმრთელ ადამიანს ან მათ, ვისაც გარკვეული გენეტიკური მიდრეკილება აქვთ ნახშირწყლოვანი ან ცხიმოვანი ცვლის მოშლისკენ, რასაკვირველია, ეს ადამიანი თავისთავად განეკუთვნება სიმსუქნის რისკის ჯგუფს. ამ დროს, ზემოთ ნახსენები ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების ჭარბად მიღება, საკმაოდ მოკლე დროში, აუცილებლად გამოიწვევს წონის მომატებას. ცხიმის ჩალაგების პროცესებს განსაკუთრებული ინტენსივობა ექნება მუცლის მიდამოში, კანქვეშა ცხიმში, კუნთებსა და ღვიძლში. მოხდება ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია, რაც გარკვეულ ეტაპამდე ღვიძლის ფუნქციებზე, ანუ ღვიძლის მუშაობაზე არ აისახება, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ღვიძლის უჯრედები – ჰეპატოციტები, გადაიტვირთება და ვეღარ შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას. უარყოფითი ზეგავლენა აღინიშნება მუსკულატურაზეც, თუნდაც ნავარჯიშებ პირებში. რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით მეტი ინსულინი სჭირდება, ამიტომ დიდი დატვირთვა მოდის ამ ჰორმონის გამომმუშავებელ ჯირკვალზე – პანკრეასზე. ამგვარად, საბოლოოდ შეიძლება, მივიღოთ ინსულინის შედარებითი უკმარისობა და ამით გამოწვეული შაქრიანი დიაბეტი.

ჯერ დაირღვევა ნახშირწყლოვანი ცვლა და გაჩნდება შაქრიანი დიაბეტის პირველი ნიშნები. რისკის ქვეშ იმყოფება ყველა ასაკობრივი ჯგუფი. ამ მხრივ დიფერენცირება არ იქნება მართებული. თუ ადამიანმა იმაზე მეტი ტკბილეული და ნახშირწყლების შემცველი სხვა ნაწარმი მიიღო, ვიდრე მას გენეტიკურად ამის ატანა შეუძლია, რასაკვირველია, წარმოიქმნება პრობლემები. გაჩნდება შაქრიანი დიაბეტის კლინიკური სურათი: ის იწყება პირის სიმშრალით, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნებით, გაძლიერებული დიურეზით, შარდის წარმოქმნის ინტენსივობა იზრდება, ქავილის შეგრძნება ვითარდება მთელ სხეულზე, განსაკუთრებით გენიტალიების, შორისის მიდამოში როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ქავილი ძალიან შემაწუხებელია და კანთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიებიც შეიძლება გამოიწვიოს. ექიმთან მისვლის შემდეგ ჯერ უნდა გაკეთდეს ორგანიზმში შაქრის დონის განმსაზღვრელი ანალიზები. თუ დიაბეტი გამომჟღავნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი ასაკობრივი ჯგუფია, რადგან ბავშვებსა და 25 წლამდე ახალგაზრდებში დიაბეტის მკურნალობის სულ სხვა ტაქტიკა არსებობს, ვიდრე ამ ასაკს გადაცილებული პირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოზრდილთა ასაკში, ძალიან ხშირად, დიაბეტის გამომჟღავნებას წინ უსწრებს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, ანუ ადამიანი ჯერ სუქდება და მერე ხდება ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიმსუქნის პრობლემა მეტად აქტუალური გახდა. პათოლოგია განსაკუთრებით გახშირდა ბავშვთა ასაკში. დედებისა და ოჯახების ძალიან დიდი უმრავლესობა, ვერ უწევს წინააღმდეგობას ბავშვს, რომელიც ტკბილეულს მოითხოვს, ამიტომ, არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთა საკვები რაციონი მხოლოდ ტკბილეულია. საზოგადოებაც, პირიქით, ხელს უწყობს მათ, თუნდაც „ფასტ-ფუდ-ის“ დამამზადებელი დაწესებულებების მომრავლებით ან სკოლის ბუფეტებით, სადაც ძირითადი რაციონი ფუნთუშა ან ტკბილი ღვეზელია. ასეთი არასწორი კვება, ერთმნიშვნელოვნად აისახება ბავშვის წონაზე, ხოლო მსუქანი ბავშვი თავისთავად გულისხმობს მრავალი უარყოფითი პროცესის განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს როგორც ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი დარღვევების, ისე სხვა პათოლოგიების წარმოშობას.

განსაკუთრებული კრიტიკული დღეები ასეთი კვების თვალსაზრისით, არის სწორედ საახალწლო პერიოდი. უამრავი ნამცხვარი ცხვება და ყველა ოჯახში არის ტკბილეული, რომელიც მილოცვისა და ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. ამის მაგალითია გოზინაყი, რომელიც წელიწადში ერთხელ მზადდება, ამიტომ თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში მისი ჭარბად მიღება, არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელი ადამიანისთვის. მაგრამ, თუ გოზინაყის ჭარბი მიღება თანმდევი პროცესია ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობით მიღებისა მთელი წლის განმავლობაში, მაშინ ორგანიზმის სერიოზული დატვირთვის გამო, შეიძლება, გამოვლინდეს შაქრიანი დიაბეტი. ამ დროს ხდება ნახშირწყლების გადამამუშავებელი ჰორმონის – ინსულინის მაწარმოებელი უჯრედების გადატვირთვა და ხდება მისი ფუნქციის დაქვეითება, შემდგომი მოშლით. ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ის, რომ ახალი წლის შემდგომ დღეებში ენდოკრინულ კაბინეტებში მკვეთრად იზრდება პაციენტთა რიცხვი, რადგან დგება დიაბეტის პირველადი გამომჟღავნების პიკი.

ქართული სუფრა არის არაჩვეულებრივად რაციონალური. საახალწლო სუფრაზე დაბალანსებულია კვება, რადგან ამას განაპირობებს საკვები რაციონის მრავალფეროვნება. ცალკე რომ ავიღოთ ხაჭაპური, ის შეიცავს თეთრ ფქვილს და ჭარბი ცხიმის შემცველ შიგთავსს, თუმცა სუფრაზე პრაქტიკულად ერთ ნაჭერზე მეტს არ მივირთმევთ, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის მისი გადამუშავება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, მით უმეტეს, თუ ვიღებთ სხვა საკვებთან, მაგალითად, ფხალთან და ბოსტნეულთან ერთად. ბოსტნეულის დიდი ნაწილი არ გადამუშავდება და არ შეიწოვება, რადგან ის შეიცავს ცელულოზას, ამასთან, დეფეკაციისას მას თან გააქვს არასასურველი წიდები და აძლიერებს პერისტალტიკას და სეკრეციის პროცესებს. შესაბამისად, სუფრაზე რაც მეტია ფხალი, ბოსტნეული და არატკბილი ხილი, მით უკეთესია ორგანიზმისთვის. ასევე, სრულიად მისაღებია ნიგოზი, თუ ადამიანს რამე სხვა პრობლემა, მაგალითად, ნაღვლის ბუშტის დაავადებები არ აწუხებს. მჭადი და ღომიც საკმაოდ სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. თევზი და ხორცი, თუ ის არ არის ცხიმიანი, ნებისმიერი ფორმით მომზადებული სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ქართული ტრადიციული სუფრა არასოდეს იყო დატვირთული ნახშირწყლებით იმდენად, რამდენადაც მდიდარია ცილებით და უჯრედისის შემცველი პროდუქტებით. დღესდღეობით სრული აღრევა ხდება. საკვებ რაციონში არასასურველი პროდუქტის წილი გაზრდილია. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ჩვენ ვეწევით ცხოვრების ჰიპოდინამიკურ წესს, რის გამოც მიღებული ენერგიის რაოდენობა აღემატება დახარჯულისას და ვითარდება სიმსუქნე.

დიეტოლოგების აზრით, ქართული ტრადიციული სუფრა არ გვიქადის არანაირ საფრთხეს, უბრალოდ, უნდა დავიცვათ ზომიერება. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ის, ვინც პრაქტიკულად არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მაგრამ მისი ოჯახის წევრი არის მსუქანი, ან დიაბეტიანი ან გადატანილი აქვს ინსულტი თუ ინფარქტი, ამ შემთხვევაში იმყოფება რისკ-ჯგუფში. ამიტომ, ნახშირწყლების შემცველი საკვების მიმართ ფრთხილად უნდა იყოთ.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები