ლიტერატურა

ლევან ლორია – საცაა და შემოჰკრავს ზარებს

გოგა: ,,რა მაგარი ხარ, ლილი, დამწვარი ნაგვის

ბუნკერი ვიყო, თუ აწი ჩიტი გულნარა დაგიძახო!”
ელიზბარის ნაცნობი: ,,გულს ასანთი რად უნდა, ისე უნდა იწვოდეს
საათის გუგული: ,,ღუღუ, ღუღუ…”

– დღეს ვის შეხვდი?

– არავის!
– სად გაიკეთე?
– არ მახსოვს!
– საიდან მოდიხარ?
– არ მახსოვს!
– ვისთან იყავი?
– არ მახსოვს!
– ვისგან აიღე წამალი?
– არ ვიცნობ!
– წვიმა რომ მოდის, ასფალტს რა მოსდის?
– …
– წვიმა რომ მოდის, ასფალტს რა მოსდის?
– სველდება!
– ოოო, ეს გცოდნია… დააა, ე. ი. გოგა გოცაძე, პროფესორი ელიზბარ გოცაძე გაგიგია?
– კი!
– ვინ არის შენი?
– მამა!
– მამა?!  ბიჭო, რა კაცს არცხვენ, ხვდები მაინც?! წადი ახლა აქედან, აქ არ ყოფილხარ და არ მინახიხარ!  სად გამოვყო თავი, საყვარელ ლექტორს შვილი დავუჭირე-მეთქი!

 * * *

ხელში ერთლიტრიანი პაკეტით ალუბლის წვენი უჭირავს, გახსნილი და ოდნავ ნაკლული. გზაზე მიმავალი, თან სვამს, თან ვერ ხვდება, როგორ წუწავს გამვლელს. უკან მოიხედა და პატარა ბავშვი დაინახა, მასავით წვენის პაკეტით ხელში, რომელიც უღიმოდა. თვითონაც გაიღიმებდა, მაგრამ ბავშვის იქეთ პოლიციელს მოჰკრა თვალი… ისევ მიჭერენო და ნაბიჯს აუჩქარა. მერე რომ გამოიხედა, ბავშვი არ ჩანდა, ის პოლიციელი კი მომხიბლველ ქალად გადაქცეულიყო, ისეთ ქალად, დაიჭიროს თუნდაც. კიდევ რომ მოიხედა,  ვიღაც დაღვრემილი კაცი მოსდევდა, არც ქალი და არც პოლიციელი არსად ჩანდნენ. შემდეგ მოხედვაზე კი დაღვრემილი კაცი დაჩაჩანაკებულ მოხუცად მოევლინა, ცხელ ზაფხულის დღეს შარფშემოხვეული, თითქოსდა პეპელასავით რომ მოაფარფატებდა სიცოცხლის ბოლო წუთებს. რა მალე გადის დროო, გაიფიქრა და იქვე ჩამოვლილ ყვითელ მიკროავტობუსს დაუქნია ხელი. მძღოლის უკან ერთი ცარიელი ადგილი იყო, იქ დაჯდა და მერეღა იკითხა,  ეს „მარშუტკა“ ვაკეში თუ  მიდისო. მძღოლმა დაღლილი სახით გამოხედა, უფრო იმის სათქმელად, ტრაფარეტზე წაგეკითხაო, მაგრამ რომ შეხედა, კითხვა-პასუხის სურვილი დაკარგა და მხოლოდ _ კიო, ესღა უთხრა. მერე დიდხანს ეხვეწა მძღოლს, წვენი მოსვი, ვიტამინები წაგივა ჯანშიო. იმან რომ უარი უთხრა, გვერდით მჯდომ მამაკაცს შესთავაზა, იქნებ თქვენ მაინც მოსვათო, ამასობაში კი ისიც გაწუწა. ფანჯრიდან ტროტუარზე მიმავალ კატას მოჰკრა თვალი. მოეჩვენა, თითქოს კატა თათს წევდა და გაუჩერეო, მძღოლს ვედრება დაუწყო… მან მკვეთრად დაამუხრუჭა, იფიქრა, მგზავრი ვერ შევამჩნიეო და კარგა გვარიანად ამოევლო წვენში…

 * * * 

კორპუსიდან მხოლოდ მეზობელი კორპუსები ჩანს, ცა რომ დაინახო, ძალიან უნდა გამოწიო ფანჯრიდან თავი. გამოწევ და მეზობლის გადმოგდებულმა ნაგავმა ან ვინმე, სუიციდით დაკავებულმა ტიპმა შეიძლება ტარანით გაგიტანოს და ასფალტის ადუღებულ გუდრონს დაგანარცხოს. ჰოდა, რჩები ასე, მიწისა და ცის გარეშე. დედა ოდნავღა ახსოვს, ძალიან თბილი და სულ მომღიმარი, მოდილიანის დახატული ჟანა ებიუტერნის თვალებით. ისიც ახსოვს, საავადმყოფოში დედა მამას როგორ ეჩურჩულებოდა, ცოლი მოიყვანე, შენ და ბავშვს მოხედვა ხო გჭირდებათო. ჰოდა, ტირილი დაიწყო, არ მინდა სხვა დედაო. მხოლოდ დიდი ხნის მერე, სტუდენტი რომ გახდა, მაშინ ჩამოუგდო სიტყვა მამამ, კი ხარ ახლა იმ ასაკში, ცოლი უნდა მოგყავდეს, ოჯახს ქალი სჭირდებაო. სიცილად არ ეყო. მაშინ, ბატონმა ელიზბარმა, ერთი ქალბატონი მომწონს, ცოლად მოყვანას ვაპირებ და წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო. დათანხმდა, რადგან მოგწონს, მოიყვანე, მხოლოდ იმ პირობით, სადმე ბინა მიქირავე, დამოუკიდებლობას მინდა გემო გავუგოო. თავიდან ყოყმანობდა ბატონი ელიზბარი, მაგრამ იფიქრა, მალე მოსწყინდება მარტო ყოფნა და თვითონ დაბრუნდებაო. ბინაც უქირავა და დამლაგებელიც. იქ საათის გუგული დახვდა. ეტყობა, წინა პატრონს შეაწყინა თავი და დატოვეს. არადა, გუგულზე ცუდს ვერაფრით იტყვი, არც დამლაგებელი სჭირდება, ბინის თავისი ნაწილი ყოველთვის მილაგებული აქვს. დროსაც ზუსტად აჩვენებს. ცუდი ისაა, არ ლაპარაკობს. ,,გუ-გუ-საც” მხოლოდ კვირაობით ამბობს, სამჯერ თერთმეტზე, როცა დამლაგებელი კარინა მოდის და სამჯერაც  _ თორმეტზე, როცა კარინა მიდის და მორჩა, მეტს არც შეგაწუხებს.

 * * * 

ნიკასთან ერთად დადიოდა ჯერ ბაღში, მერე სკოლაში… უნივერსიტეტშიც ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მერე კი ომი… ეს ყველაზე დიდი, მოუშორებელი და უკურნებელი ჭირი. სახადი, რომელსაც, რაც კაცობრიობა შეიქმნა, იხდის და ვერ მოუხდია. ომი, რომელიც მაშინაც კი უბედურებაა, სადღაც, შორს, დედამიწის მეორე მხარეს რომ არის გაჩაღებული. ახლა კი, მით უმეტეს, როცა მტერმა საზღვრები გადმოლახა და უძველესი ქართული მიწის, სამაჩაბლოს წართმევით იმუქრება. ხედავდნენ ხალხის გაფითრებულ სახეებს, როგორ იკეტებოდა მაღაზიები, როგორ ცარიელდებოდა ქუჩები და სულის შემძვრელი სიჩუმე იდგა. რა მნიშვნელობა ჰქონდა,  პირველი ვინ დაარღვევდა ამ სიჩუმეს, უნდა წავიდეთო და… წავიდნენ.
რეზერვისტების რაზმში ჩაეწერნენ. ფორმები და იარაღიც მიიღეს. ქვეითთა გადასაყვანი საბრძოლო მანქანით მიდიოდნენ ფრონტის ხაზისკენ. გზაში ასწავლიდათ ერთი ვიღაც ავტომატის გადატენვას და აბოიმის მიერთებას… თამარაშენში იყვნენ, ახალგაზრდა კაპრალმა, „ჰაერიო…“ – დაძახება მოასწრო… მტრის ორი თვითმფრინავი უტევდათ. აფეთქებამ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან თხრილში გადააგდო… ყველაფერი კვამლმა დაფარა. გონდაკარგული და ლამის სისხლისგან დაცლილი გოგა კაპრალმა ზურგით ატარა ტყე-ტყე და სანიტარულ ნაწილამდე მიაღწია. ერთ დღეში დამთავრდა გოგასთვის ომი… გონს თბილისში, საავადმყოფოში მოვიდა. თვალი რომ გაახილა, პირველად ნიკა იკითხა, სად არისო… არავინ იცოდა. მხოლოდ ათი დღის შემდეგ, სამღვდელოების დახმარებით მოხდა გარდაცვლილი ჯარისკაცების გადმოსვენება და მათ შორის ნიკაც  იყო…
თავს ვერ პატიობდა, გონება რომ არ დამეკარგა, იქნებ მეშველა, იქნებ დაჭრილი იყო და გამომეყვანაო… დავიწყება უნდოდა იმ კოშმარული წუთების. კომპიუტერის შურდა, არ გჭირდება ინფორმაცია, მონიშნავ მაუსით, დააჭერ „დილეითს“ და წაშლიო. ამოშლა უნდოდა იმ დღეების, ამდენი ტკივილი რომ მოუტანა მას, სხვას, მთელ საქართველოს. ბიჭებმა _ წამალი ავიწყებს ყველაფერსო და ერთხელ სცადა… ნარკომანი მეზობელი ჰყავდა, იმან შესთავაზა, წამო, კაიფის გემოს გაიგებ, ამ ცხოვრებას ფხიზლად მტერმა უყურაო. „ზუსტად ამ ანდაზით ვცხოვრობთ, ასეა, მტერი უფრო ფხიზლადაა, ვიდრე ჩვენო…”, – კი თქვა, მაგრამ უარიც არ უთქვამს. ჰოდა, გაიკეთა. ჯერ უსაშველო ტკბილ ბურუსში გაეხვია. მასზე მომზირალი სახეები რომ დაინახა, ხარხარი აუტყდა, რა დებილური სიფათები გაქვთო. მერე ცხვირის ქავილი დაეწყო, თან  მოშივდა. სამზარეულოში უბრალო პურის ნატეხიც რომ ვერ ნახა, წავედიო და სადარბაზოდან სირბილით გამოვარდა… ბავშვობის სახლი იქვე, ორი კორპუსის იქით იყო, მაგრამ გზა ჯერ უსასრულოდ და უსაშველოდ გაწელილი მოეჩვენა, ცის დასალიერამდე. კიდევ კარგი, თითქოს ბოტასები კი არა, მფრინავი ქოშები ეცვა, ეგონა წამის უსწრაფესად მიაღწია სახლამდე. სამზარეულოში შევიდა და მშიაო, ყვირილი ატეხა. დედინაცვალმა პიურე და კატლეტი დაულაგა მაგიდაზე. სანამ ჭამას დაიწყებდა, მოეჩვენა, თითქოს მისით ამოდიოდა ჩანგალზე კატლეტი, დიდი თვალებით და დაღებული ხახით და აქეთ აპირებდა მის შეჭმას. შეშინებულმა დააგდო ჩანგალი და ქუჩაში გავარდა. ნაქირავებ ბინაში გაიქცა… ძლივს გააღო კარი, გულისრევა იგრძნო და გონება დაკარგა…
არც თერთმეტი ხდებოდა,   არც კვირა იყო, თუმცა, რატომღაც  გუგულმა „გუგუ-გუგუო“ – გამწარებული ხმით მორთო ძახილი. ხმაურზე გარეთ გამოსულმა მეზობელმა წაქცეული გოგა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა… ძლივს გადაარჩინეს.

 * * * 

გუგულიანი საათი რეკავს, თერთმეტია. ახლა კარის ზარი დარეკავს და იცის, კარინა მოვა, ცოტა ცას შემოიტანს, ცოტა მიწას, ბალახს, ყვავილებს და სახლს დაალაგებს…
რა პუნქტუალურია, ზარის ხმაა. … შემოვა ახლა და იტყვის, ცავათანემ, როგორა ხარ? კარს აღებს.
– გამარჯობა!

ანგელოზი?! ანგელოზი ამბობს გამარჯობას?! თუ ანგელოზია, ფრთები უნდა ჰქონდესო, გაიფიქრა და გარს შემოუარა. არავითარი ფრთები. გული დასწყდა. მერეღა შენიშნა, მუხლზე დახეული ჯინსი და თეთრი მაისური, ისიც დახეული. ანგელოზები დახეული მაისურით როგორ ივლიან, ანუ ჩვეულებრივი ადამიანია, ალბათ რომელიმე ომშია ნამყოფი, ომებს რა დალევს. ხო, გარდა ამისა, მხარზე ჩანთა აქვს გადაკიდებული, ოღონდ, მთელი, კალათივით მოწნული. ვინ არის? აშკარად სხვაგან მოხვდა.
– შეგეშალათ!
– მეჩვიდმეტე ბინა, მეშვიდე სართული?
– მგონი, კი!
– კარინა ხო აქ მუშაობს?
– მგონი, კი!
– მე მითხრა, ვმუშაობო! კარინა მეზობელია ჩემი, დღეს ვერ შეძლო მოსვლა და მე მთხოვა მოვსულიყავი!

უცებ წარმოიდგინა, წითელქუდა მოვიდა, თვითონ კი მგელია.
– კალათში ნამცხვრები გიდევს?
– არა!
– მაშინ წითელი ქუდი რატომ არ გახურავს?
– და რატომ უნდა მეხუროს?
– შენ ხო წითელქუდა ხარ, კალათით!
– აჰა, შენ კი მგელი ხარ და გშია, წითელქუდა მოგინდა?
– მაგარი ტიპი ხარ, საიდან მიხვდი?
– კარინამ მითხრა, თუ სახლში დაგხვდა, არ შეგეშინდეს, დიდი-დიდი ბალახის მორყეული ძირი იყოსო, ის არ უთქვამს, მგელი იქნებაო!
– ასე გითხრა?
– კი!
– შეშლია… ბალახის მორყეული ძირი კი არა, მორყეული ბალახის ძირი!
– რა განსხვავებაა?
– ის, რომ ძირი, ანუ ფესვი არ ირყევა, ბალახი კი, სადაც დაუბერავს ქარი, იქვე მიაწვენს! თან ეს წინა კვირას ვიყავი, დღეს კი რუხი მგელი ვარ, არ გაგიმართლა… კიდევ რა გითხრა კარინამ?
– მაგრად ერეკებაო, მაგრამ ეს არ უთხრაო, გამაფრთხილა!
– მაშინ რატო მითხარი?!
– რა ვიცი, ისე! შემომიშვებ, თუ წავიდე?
– შემოდი!

ერთოთახიანი ბინა ნაომარს ჰგავს. კედელზე ჩამოკიდებულ პლაზმურ ტელევიზორზე წინდებია გადაფენილი, ტახტზე ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ერთადაა მიყრილი. ვენტილატორზე პირსახოცია გადაფარებული, მაგიდაზე ნამწვავებით სავსე საფერფლე გადავსებულია და ბოლავს. ბინაში არყის, ლუდის და სიგარეტის სუნია არეული…
– ამას რა დაალაგებს! – გული უსუსტდება გოგოს. – აირწინაღი გაქვს?
– არა.

გოგომ ფანჯრები გააღო. ქუჩას გახედა. მერე მობრუნდა, სავარძელში ჩაჯდა…
– კარინას მოვკლავ! არა, დავახრჩობ!
– რატო?
– არ უთქვამს, თუ ბინა ასე დამხვდებოდა! მიდი რა, ეს ნამწვავები გადაყარე, გავიგუდე.

უარი ვერ უთხრა. ნამწვავებით სავსე საფერფლე სამზარეულოში გაიტანა და სანაგვე ყუთში ჩააგდო საფერფლიანად.  „მგონი, ეს გოგო ბინას მე მალაგებინებს”.
– იცი… !? – უცებ ბიჭმა იფიქრა, სუნი თუ აწუხებს, სააფთიაქო პირბადე ხომ არ შევთავაზოო. კარინას ჰქონდა რამდენიმე მოტანილი. თუმცა, თუ პირბადე გაიკეთა, ნიღბიანი რაღა წითელქუდა იქნება, თან მერე შეიძლება შაჰიდის ქამარიც მომთხოვოსო და გადაიფიქრა.
– რა ვიცი?!
– ლამაზი ხარ! – წამოცდა ბიჭს. გაეღიმა. თვითონაც დაჯდა, ოღონდ იქვე, მეორე სავარძელში ჩაჯდომისა მოერიდა, ცოტა მოშორებით, დივანზე დაეშვა.
– ვიცი!
– საიდან?
– სარკემ მითხრა!
– კიდე რა გითხრა!
– არაფერი, დამღუპა!
– რატო?
– არაა საინტერესო!
– მაინც!
– ეროვნულ გამოცდაზე სარკის წინ მომიწია ჯდომა და სანამ ვიპრანჭებოდი, გამოცდაც დამთავრდა და ჩავიჭერი!
– ხო? აბა რას ეუბნებოდი სარკეს? სარკევ, სარკევ, ვინ არის ჩემზე ლამაზი?!
– არაფერს არ ვეუბნებოდი!
– რაზე აბარებდი?
– ტელეჟურნალისტიკა!
– დიდი პრანჭია ვინმე იქნები, გინდა ქვეყანამ გაგიცნოს და ქუჩაში ავტოგრაფები არიგო…
– არა, მაგიტო არა, საინტერესოა, მოვლენების შუაში ხარ!
– მოვლენების შუაში არა… შუაში, ზევით, ქვევით, ერთი ფეხებია ყველა… სადაც შენ ხარ, ისაა შუაში…
– მე?
– შენ, მე, ყველა… თუ ფიქრი შეგიძლია…
– შენ ფიქრი შეგიძლია?
– ფიქრი კი, იოლია ფიქრი… აი, ახლა ვფიქრობ, უცხო მამაკაცთან რომ შედიხარ სახლში, არ გეშინია?
– კარინამ, ბუნჩულა ტიპია, არაფერს არ გაწყენინებს, შენ არ აწყენინო, სამუშაო არ დამაკარგვინოო, ასე დამარიგა! – იცინის.
უნდა გავიდეს გარეთ. აშინებს ეს გოგო, მისი სილამაზე. ბუნჩულა ტიპობა ეწყინა. არ უნდა ბუნჩულა ტიპობა, ურჩევნია მგელი იყოს, ოღონდ მართლა ხო არ შეჭამს გოგოს. თან თუ შეჭმაა და ჯერ ბებიათი უნდა დაეწყო. ოღონდ იცის, ვერსად ვერ წავა ახლა, ფეხები არ დაემორჩილება. მოსწონს ეს უქუდო წითელქუდა, ჰოდა, სად უნდა წავიდეს, არსადაც არ წავა, თუგინდ მონადირეთა ხროვა მოვიდეს, წითელქუდას არვის დაუთმობს.
– თუგინდ მონადირეთა ხროვა მოვიდეს, შენს თავს არვის დავუთმობ! – თქვა უცებ.
– რა?
– ხო, არაფერი!
– კარინა კვირაში ერთხელ დადის, ხო?
– ხო!
– ერთ კვირაში ასე როგორ ახერხებ ბინის არევას?
– მეგობრები მეხმარებიან!
– ვინ მეგობრები?
– ჩემი მეგობრები!
– ბიჭები?
– კი, ბიჭები!
– გოგოები?
– რა გოგოები!
– გოგოები არ ამოგყავს?
– აბა, ამ ბინას გოგოს რამე ეტყობა?
– ანუ, გოგოები არ გიზიდავს?
– მიზიდავს რომელია! აი, ახლა შენ ლამის მაგნიტივით მიმიზიდო, მარა ვერ გეუბნები.
– მითხარი და… – იცინის გოგო.
– შენ მაიძულე! – ბოდიშობს ბიჭი.
– მაპატიე, ეჭვი შევიტანე შენს ორიენტაციაში!
– ხო, გასაგებია, შენ იცი, რატომ მომრავლდა ეს ორიენტაცია არეული ხალხი?
– რატო?
– ყველას ხო თავის მფარველი ანგელოზი ჰყავს, შენ, მე, სხვასაც. სექსსაც თავის მფარველი ანგელოზი ჰყავდა, ხოდა, გააბრაზა ერთხელ ღმერთი, მაშინ იყო ღმერთმა სოდომს და გომორს რომ რისხვა დაატეხა და სექსის მფარველი ანგელოზიც მოხსნა, გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან! ხოდა, დახეტიალობენ ახლა უთავბოლოდ ცალკე სექსი, ცალკე მისი მფარველი ანგელოზი…
– მაგარი ხარ! – იცინის გოგო…
– კიდე რა გითხრა კარინამ ჩემზე!
– გაგლეჯილი პლანაქეშია, მარა კეთილი ტიპია, შიშით არ შეგეშინდეს, თავი არც არაფრის ექნებაო.
– ასე გითხრა? მოვიდეს კარინა!
– არაფერი არ უთხრა, გთხოვ!
– კარგი, არ ვეტყვი!
– მართლა არაფერს არ ეტყვი?
– ხო ვთქვი არა-მეთქი!
– ისიც მითხრა, ომში რომ იბრძოდი, ძლივს რომ გადაგარჩინეს! ვინ გადაგარჩინა, გახსოვს?
– არა!
– ალბათ, შენმა მფარველმა ანგელოზმა! შეიძლება რაღაც გკითხო?
– მკითხე!
– ვიცი, რომ მეგობარი დაგეღუპა ომში, მერე დაიწყე… ხო, არ მინდა ვთქვა, რაც. როგორ გგონია, გაუხარდებოდა, ასე რომ ენახე?
– რა კითხვა ამას უნდა, იასნია, არ გაუხარდებოდა!
– კარგი, მაპატიე, უნდა წავიდე!
– აბა, ბინა უნდა დავალაგოო!
– მოგატყუე! ერთ გაზეთში ვმუშაობ სტაჟიორად და ნარკომანებზე რეპორტაჟის გაკეთება დამავალეს… კარინა ჩვენს გაზეთშიც მუშაობს, იმან მომიყვა შენზე და დავინტერესდი! ხო დამპირდი, ხო არაფერს ეტყვი?!
–  კარგი!
– არა მგონია, შენზე რამე დავწერო! ჩამივარდა ჩემი პირველი ინტერვიუ-რეპორტაჟი, კარგად იყავი…
და ისე წავიდა, თითქოს არც მოსულა.  გოგა ალბათ ნახევარი საათი  გაუნძრევლად, ქანდაკებასავით იჯდა. გუგულმა დარაბა რომ გამოაღო, სამჯერ დაიძახა: „გუ-გუო”, თან თორმეტიაო, ანიშნა, არც ეს გაუგია. ასე მჯდარს ჩაეძინა. სიზმარში დაფრინავდა თითქოს ახლად მოვლენილ გოგოსთან ერთად, რომელსაც ახლა ფრთები ჰქონდა. თვითონაც ფრთები ჰქონდა, მაგრამ ანგელოზად სულაც ვერ გრძნობდა თავს. ის კი იყო, უხაროდა… კარის ზარის ხმამ მოაფხიზლა მხოლოდ, ცუნამივით გადაუარა სასიამოვნო ტალღამ, იფიქრა, გოგო დაბრუნდაო. უკვე მონატრებოდა. ინტერვიუს კი არა, ყველაფერს მისცემდა, ოღონდ მოსულიყო. კარს მივარდა, გააღო და კაპრალი დაინახა სამხედრო მანქანიდან, ოღონდ უკვე კაპიტნის სამხრეებით. უცებ მეხსიერებამ აღადგინა ომის წუთები, ამ კაცს გამოჰყავდა წინა ხაზიდან ზურგზე აკიდებული…
– შეიძლება?
– მობრძანდით!
– ასე ცხოვრობ?! – ბინას ათვალიერებს სტუმარი.
– ჰო, არეულობა მაქვს ცოტა! დამლაგებელმაც გადამაგდო!
– არეულობა ნამდვილად გაქვს! ბიჭებმა მითხრეს, წამალზე შეჯდაო!
– ხანდახან ესეც ხდება!
– სუნს ვერ გრძნობ? რაღაცა იწვის!
სამზარეულოში შევიდნენ. პლასტმასის სანაგვე დანახშირებული იყო, ცეცხლი სამზარეულოს იატაკზე დაგებულ ლინოლიუმზე იყო უკვე გადასული… სანამ გოგა დაბნეული აცეცებდა თვალებს, კაპიტანმა იქვე მდგარი წყლით სავსე გრაფინით ჩააქრო ცეცხლი. მისაღებ ოთახში დაბრუნდნენ.
– მგონი, ისევ თქვენ გადამარჩინეთ! – ოფლი მოიწმინდა გოგამ.
–  ჰო, რა ვიცი! იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია!  არ გეგონოს, რამეს გამადლიდე, იმ დღეს მანქანა რომ აგვიფეთქეს, ალყაშიც მოვხვდით, ცოცხლად გარჩენილი შენ იყავი ყველაზე ახლოს, მხოლოდ შენი გადარჩენა შევძელი…
უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, თითქოს ენა ამოაცალეს.
– შენ იცი! – თქვა კაპრალ-კაპიტანმა. დაუმშვიდობებლად წავიდა, ისე, რომ უკან არც მოუხედავს. მეორეჯერ დატოვეს ასე ქანდაკებასავით… ოღონდ ახლა მალე გამოერკვა და დაედევნა…

 * * * 

– მამა!
– რა გაყვირებს! იცი, რომელი საათია? შემოდი სახლში!
– არ მინდა სახლში, სად არის მამაჩემი!
– დამაგვიანდებაო…
– როდის მოვალო?
– არ უთქვამს!
– გულნარა დეიდა, ფული გაქვს?
რატომღაც ჩიტ გულნარას აგონებდა დედინაცვალი.
– ჯერ ეს ერთი, რომ გულნარა კი არა, ლილი მქვია. მეორე ის, რომ დეიდა არ ვარ, მერე რა, რომ დედინაცვალი, მაინც დედა ვარ, მამაშენის კანონიერი მეუღლე.
– დედა ლილი, ფული მომე რა, ორმოცდაათი ლარი მინდა, მეტი არა. მამას გამოვართმევ და მოგცემ, დედის სულს გეფიცები!
– რად გინდა ფული?! მამაშენმა უჩემოდ ფული არ მისცეო!
– ნუ ეტყვი, რას გაიგებს?!
– მითხარი, წამლისთვის თუ გინდა, იცოდე, არ მოგცემ!
– შევეშვი წამალს, თეატრში მიმყავს შეყვარებული!
– ადრეც მიგყავდა, სისხლი მოგეწამლა შპრიცით და ძლივს გადაგარჩინეს!
– ახლა მართლა მიმყავს!
– ათ საათზე?
– კი, საღამოს სეანსია…
ამ დროს იქვე მანქანა გაჩერდა.
– აი, მამაშენი მოვიდა და იმას ელაპარაკე!
– ვა, მამა! ფული მომე, რა!
– რა ფული!
– შეყვარებულს სანთლებით გული მინდა დავუხატო!
– მე მეუბნებოდა, თეატრში მიმყავსო! – ქალბატონი ლილი ჩაერთო საუბარში.
– ვინ შეყვარებულს!
– კარინას მეზობელია, მომე, მა, რა!
– რამდენი გინდა!?
– ასი ლარი!
– მე მეუბნებოდა, ორმოცდაათი მომეციო!
– გულნარა დეიდა, შენ არ ამბობდი, მამაშენის მეორე ნახევარი ვარო? ჰოდა, იმიტომ გთხოვდი ნახევარს!
– უთხარი რა, გულნარას და დეიდას ნუ მეძახის!
– შემოდი სახლში, არ გშია?
– არა, მა, ფული მინდა, რა!
– შემოდი, უნდა გელაპარაკო!
– კაი რა, მამა, ოცდაორი წელია მელაპარაკები, არ მოგწყინდა?!
– ვერ გელაპარაკე, როგორც საჭირო იყო…
– აუუ, ჯერ მითხარი, ფულს მაძლევ?
– ჯერ შემოდი!
– ახლა ფული მომეცი და ხვალ გინდა აქ მოვალ, გინდა უნივერსიტეტში. ჰოდა, მთელი დღე მელაპარაკე!
– წავალ, აბა ერთი, გავყვები, მართლა შეყვარებული ჰყავს?! – ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა მამამ.
– მეც წამოვალ!
– ვინც არა! მაგარი იქნება, გინდათ, გიტარა წამოიღეთ. ლილი, შენ ხო მაგრად უკრავ, აი, ის სიმღერა რომ არის: „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია, ის ვუმღეროთ…“ კარგი, მამა?
– კარგი!
– გაგიჟდი ეს პროფესორი კაცი, სერენადა უნდა იმღერო ღამე, ქუჩაში… შენი რომელიმე სტუდენტი თუ ცხოვრობს იქ, რას შვრები მერე?
– რას ვშვრები, სერენადას ვმღერი, ცუდი რა არის?!
– მაშინ მეც მოვდივარ, მეც მინდა სიმღერა!
– რა მაგარია, ტო, მამა, ახლა მივხვდი, რატომ მოგეწონა ლილი. რა მაგარი ხარ, ლილი, დამწვარი ნაგვის ბუნკერი ვიყო, აწი თუ ჩიტი გულნარა დაგიძახო…
გზაზე ჯერ ყვავილები იყიდეს, მერე სანთლები გულის დასახატად… მერე ქუჩაში ამწე კრანი შენიშნეს ასაწევი კალათით. გოგამ ყვავილებს პირდაპირ ფანჯარაში მივაწოდებო და ისიც დაიქირავეს. კარინას სახლთან ჯერ სანთლებით გული დახატეს. ლილიმ, სახელი არ დავწეროთო? გოგამ, არ ვიციო… ასანთი არც ერთს არ აღმოაჩნდა…
– ნარკომანი რომ ჯოჯოხეთში მოხვდება, ანეკდოტი იცით? – ამბობს ელიზბარი.
– მამა, შევეშვი! ხო, არ გითხარი? ჯარში ვიწყებ სამსახურს!
– მართლა?
– ხო-მეთქი!
– ანეკდოტი მოყევი, რა! – წინასწარ იცინის ლილი.
– რატომღა მოვყვე, შეეშვა!
– მოყევი, მე მაინც შევეშვი! _ თქვა გოგამ
– ჰოდა, ზის ეს ნარკომანი ჯოჯოხეთში პლანის ზვინის წინ და ტირის.
– რატო?
– ასანთი არ აქვს!

ლილი იცინის მხოლოდ. ამ დროს ელიზბარის ნაცნობმა გამოიარა. რას აკეთებთო? აი, შვილის შეყვარებულს სიმღერა უნდა ვუმღეროთ, მაგრამ გულის ასანთებად ასანთი არ გვაქვსო, ელიზბარმა. ნაცნობმა,  გულს ასანთი რად უნდა, ისე უნდა იწვოდესო! თუმცა, ასანთიც აღმოაჩნდა და მესამე ხმაც. ყველაფერი მოამზადეს, ლილიმ გიტარა მოიმარჯვა, გოგა ამწეს კალათში ავიდა ყვავილებით. გულიც უკვე ანთებული იყო…
დაიწყეს სიმღერა: „შენ დაგეძებ, დილაა თუ ბინდია…“ მშვენივარად აეწყო ხმები. რამდენიმე ფანჯარას მაყურებელი მოადგა. გოგამ ლექსი წამოიწყო: „ოდეს გნახო, ვთქვა, გეთაყვა, ჩემი ხარ… “  ზოგმა ტაშიც კი დაუკრა, გოგო კი არსად ჩანდა.

უცებ კარინას ფანჯარა გაიღო.
– ბატო ელიზბარ, ცავათანემ , თქვენა ბრძანდებით!
– გამარჯობა, კარინა!
– კარინა, იმ გოგოს ფანჯარა რომელია? – გოგა თავს ძლივს იმაგრებს კრანის კალათში, თან ხელში ყვავილები უჭირავს.
– რომელი გოგო!
– როგორ თუ რომელი გოგო, შენს მაგივრად რომ იყო ჩემთან დღეს, შენი მეზობელი რომ არის…
– უიმე, თეკლა? ანუ დლია ნეიო ეს გული და სანთელები? ცავათანემ, ის ხო ჩემი მეზობელი არ არის! გლდანში ცხოვრობს…

 * * *

სამი თვის შემდეგ.
გოგას ომის ის ერთი დღე ჯარში სამსახურად ჩაუთვალეს და კაპიტნის რეკომენდაციით ფეხოსანთა ბატალიონში კაპრალად მსახურობს. ცდილობს ყოველ კვირას სახლში იყოს. კარინამ უთხრა: _ ცავათანემ, თეკლამ ისე სიყვარულით მიამბო შენზე, აუცილებლად მოვა. მეც ის ვუამბე, სერენადას როგორ მიმღეროდი მის მაგივრად. ის ყვავილებიც წავუღე. აბა, მე რად უნდა დამეტოვა, ხო მისი იყო. ისიც ვუთხარი, რომ გამოსწორდი და აღარა ნარკომანობ და ჯარში რომ ხარ. იცი, ეს რომ გაიგო, იტირა, თან მაფიცა, არ უთხრაო. მეც ვიფიცე, არ ვეტყვი-მეთქი. ერთი ჩათლახი მეზობელი მყავს, იმის თავს ვფიცულობდი, მაშინვე ვიცოდი, რომ გეტყოდი. გეუბნები, გოგო ლამის დაგიწვავს, აუცილებლად მოვაო. ვის ვინ დაუწვავს, ეს კიდე საკითხავიაო, _ ფიქრობს გოგა. გუგულიც, ყოველ კვირას, თერთმეტზე გამოაღებს დარაბებს და სამჯერ ახარებს: „მო-ვა“, „მო-ვა“, „მო-ვა“… ჰოდა, ელიან ის და გუგული.
სამი თვის თავზე, ზუსტად თერთმეტ საათზე, ჯერ გუგულმა უთხრა: მოვაო – სამჯერ, მერე ზარმაც დარეკა. თეკლა იყო…

კიდევ სამი თვის შემდეგ… 
გოგამ ერთი დღით გაინთავისუფლა ჯარიდან თავი. ექიმიდან გამოსულები სახლში დაბრუნდნენ. გუგულმა, თითქოს ამათ ელოდაო, ჟრიამული ატეხა: „ღუ-ღუ, ღუ-ღუო…“ ეს კი არაფერი, ხომ ორშაბათი დღე იყო, საინტერესო ის იყო, არც თერთმეტი საათი იყო, არც თორმეტი, სადღაც შუა იყო. თუმცა, ეს არც ერთს არ შეუნიშნავს, სხვა დროში იყვნენ თითქოს. გიომ თეკლას თვალები დაუკოცნა, მერე თვალი თვალზე მიადო და მხედავო? – ჰკითხა. კიო, – თეკლამ თავი დაუქნია. თვალხილულები, თვალზე თვალ მიდებულები უყურებდნენ ერთმანეთს. მერე დედას და შვილს, ორივეს ერთად დაუჩოქა გოგამ, ჯერ ყური მიადო მუცელს, ეგებ რამე მითხრასო. მერე აკოცა. წამოდგა, გულზე მიიხუტა გოგო და ყურში უჩურჩულა. ახლა საქმე მაქვს, მალე მოვალო. კაპრალის ფორმა გადაიცვა. ქუჩაში გასულმა, ტაქსი გააჩერა, მძღოლს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე წამიყვანეო, სთხოვა… გაოცებული უყურებდა ტაქსის მძღოლი, ღვარად მოსდიოდა ცრემლები კაპრალს…

* * * 

„ნიკა, ძმა, როგორ ხარ, ძმა?! არ გეწყინოს, ვერ ამოვდიოდი… შენი ამბავი რომ გავიგე, სიცოცხლე არ მინდოდა… თავი დამნაშავე მეგონა შენს სიკვდილში. მე აგტეხე, წავიდეთ-მეთქი. რომელი მეომრები ჩვენ ვიყავით, მაგრამ ქვეყანას უჭირსო… შენი ამბავი რომ მითხრეს, თავის მოკვლაც მინდოდა და იცი, რატო გადავიფიქრე, შენ ხო, იასნია, სამოთხეში ხარ, ძმა, სამშობლოს შეეწირე, თვითმკვლელები ჯოჯოხეთში მიდიან და არ მინდა იმ ქვეყანაზე ვერ გნახო… რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი…

აქ კი… ჯარში ვარ, ძმა. ხოდა, მაგარი გითხრა, ძმაო, შვილს ველოდები. მაგარი კაცია. სამი თვისაა უკვე. დღეს ექოზე ვნახეთ. ახალგაზრდა კაცი იყო ექიმი და ბიჭიაო! მართლა ბიჭია-მეთქი? – ვეკითხები. აგერ ა, ძმა, ნახე ზარებივით აქვს კვერცხები, საცაა და შემოჰკრავსო. ხოდა, დამანახა. თუ არ დავიბრიდებოდი, ძმა, არ მეგონა. ისე მიხაროდა, გული ხელით დასაჭერი გამიხდა, არ ამოხტეს და არ გაფრინდეს-მეთქი… უკვე სახელი აქვს. იასნია, ხვდები, რასაც დავარქმევ… ხოდა, ისე გავზრდი, არ შეგრცხვეს, ძმაო, შენი სახელი რომ ჰქვია. რომ გაიზრდება, შენს ამბებს მოვუყვები, შენისთანა ჯიგარი მინდა რომ იყოს. აბა, ჩემისთანა გულსუსტი რად მინდა, გულამოსკვნილი რომ ვტირი, მარა არც ამ ბიჭების მრცხვენია, აგერ რომ წვანან შენ გვერდით და არც შენი… მასაც სამშობლოს ჯარისკაცად გავზრდი, ძმებო, ამ ქვეყანას რომ დარაჯად ედგეს… “

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები