მთავარი ბლოკიპოლიტიკა

მამუკა გიორგაძე: ე.წ. ღირსების სასამართლოს კადრები სპეცსამსახურმა კრიმინალური გზით მოიპოვა.

ალა გრიგალაშვილი

„სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე მედიაში გავრცელებულ ე.წ. „ღირსების სასამართლოს” ვიდეოს ეხმაურება, სადაც ასახულია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის ამსახველი კადრები. როგორც გიორგაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული კადრები სიახლეს არ წარმოადგენდა, რადგან ის ჯერ კიდევ 26 წლის წინ აჩვენა საბჭოთა ტელევიზიამ.

„ამ კადრების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო. გარკვეული ეპიზოდები -ყველაზე ემოციური ნაწილები – ჯერ კიდევ 26 წლის წინ აჩვენა საბჭოთა ტელევიზიამ. ეს რაიმე სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. დღეს კი ეს კადრები გამოყენებულ იქნა არამარტო იმისთვის, რომ ეჩვენებინათ ეროვნული მოძრაობის სამზარეულო და კონკრეტულ ლიდერთა ქცევები, არამედ გამოყენებულ იქნა ეროვნული იდეის, საქართველოს დამოუკიდებლობის დისკრედიტაციისთვის. ვალერი კვარაცხელიამ „ობიექტივის” ეთერში განაცხადა, რომ ამ კადრებს უშვებს იმიტომ, რომ 9 აპრილი მოდის და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა იდგა ამის უკან, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს კულტურის ის დონე, რომელიც ჰქონდა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს. გასაგებია მისი ნოლსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი აღმოჩნდა წინათქმა, რომელიც „იმედის” ეთერში გაჟღერდა, როდესაც ამ კადრების გარკვეული ნაწილები გამოაქვეყნეს – ნახეთ, რა პირობებში იქმნებოდა საქართველოს ისტორიაო. დიახ, ეს საქართველოს ისტორიის კადრებია, ისტორიას კი მოფრთხილება და პატივისცემა სჭირდება. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდი და თუ ეს კადრები 26 წლის კომუნისტურმა რეჟიმმა გაუშვა, სრულიად გასაგები იყო, რომ ისინი დამოუკიდებლბის იდეის წინააღმდეგ იყვნენ. მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როდესაც ეს ხდება უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. ისტორია ისე უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ ყურადღება იყოს გამახვილებული მის შინაარსზე, იდეებზე, პრობლემებზე და არა ის, რომ ვაჩვენოთ სამზარეულო, რომელიც შესაძლოა, არ არის ისეთი დახვეწილი, რაფინირებული, როგორც ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა პირობებში. ეს კი ბრძოლის პირობებია, ეს ხდება 1988 წლის ნოემბრის აქციის შემდეგ, დაძაბულ დროში და ბუნებრივია, რომ ლექსიკა და მოქცევა არაა შესაბამისი. დღეს კი ამრეზით უყურებენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას”, – განაცხადა გიორგაძემ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული კადრები არის მოპარული.

„ეს კადრები კრიმინალური გზით არის მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ატვირთა ზაქარია ლაშქარაშვილმა, ეს კასეტა არის მოპოვებული უკანონოდ სპეცსამსახურების მიერ. ამ 26 წლის განმავლობაში ეს ფირი შენახული იყო ერთ ადგილზე, რომლის ადგილსამყოფელიც ვიცოდი მხოლოდ და მხოლოდ მე. ვადასტურებ, რომ ეს ფირები უკანონოდ არის მოპოვებული, რაც არის დასჯადი ქმედება. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე. ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტომ აუცილებლად უნდა ჩაატაროს შესაბამისი მოკვლევა. როდესაც „კაგებე” მოიპოვებდა მასალებს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ მტერი იყო, მაგრამ ჩემთვის შემაშფოთბელია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროება და სპეცსამსახური აკეთებს ამას. დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება იმავე გზას ადგას, რა გზასაც 26 წლის წინანდელი საბჭოთა ხელისუფლება ადგა”, – განაცხადა გიორგაძემ.

,,რეპორტიორი”. 7 აპრილი.2015 წელი[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები