მთავარი ბლოკიპოლიტიკა

მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა 

ქვეყნის ეკონომიკაც და მათ შორის სოფლის მეურნეობაც, ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს

 

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფუნქციონირების სამმა ათწლეულმა აჩვენა, რომ მხოლოდ ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ე.წ. კომერციალიზაცია ვერ გახდება სოფლის მეურნეობის დაჩქარებული განვითარების, სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მასობრივი უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის საშუალება.

გლობალური სასურსათო კრიზისი მნიშვნელოვნად აძლიერებს სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დახმარებისა და რეგულირების მოტივაციას, რათა ამოქმედდეს ის ბერკეტები, რომლებიც არაა უზრუნველყოფილი თვითრეგულირების საბაზრო მექანიზმებით. მხოლოდ მრავალ ფაქტორთა ბალანსირებული მოქმედებით მიიღწევა აგროსასურსათო სექტორის ეფექტური მართვა, რაც საფუძველს უქმნის დაფინანსების ყველა სუბიექტის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების მაქსიმალურ და გარანტირებულ რეალიზაციას.

2018 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1358,8 მლნ აშშ დოლარის სასურსათი, ხოლო ექსპორტმა 959,3 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიანად, 2010 წლის შემდეგ პერიოდში საქართველოში იმპორტირებული აგროსასურსათის  ჯამურმა ღირებულებამ  შესაბამისი პერიოდისა და პროფილის ექსპორტს 4.5 მლრდ  დოლარით გადააჭარბა. 2019 წელს სურსათის იმპორტმა 980,9 მლნ. დოლარი (მთლიანი იმპორტის 10,6%), ხოლო ექსპორტმა 244,6  მლნ. დოლარი შეადგინა.

აგროსასურსათო სექტორის სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია საქართველოსათვის, სადაც მეტისმეტად ღია ბაზარმა, სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამმუშავებელი საწარმოებისა და სხვა მომსახურე დარგების მონოპოლიურმა მდგომარეობამ (განსაკუთრებით პურპროდუქტების სისტემაში, მეღვინეობაში, საკონსერვო მრეწველობაში, მინერალური სასუქების წარმოებაში და ა.შ.) და გადახდისუნარიანი მოთხოვნის დაცემამ – არსებითად შეარყია აგროსასურსათო სექტორის ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ფონზე ეროვნული სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა განხილული უნდა იქნეს ეკონომიკური უშიშროების გადაწყვეტის საერთო მექანიზმებთან მჭიდრო კავშირში.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ ტიპის პრობლემათა გადაწყვეტა მინდობილი აქვს მარეგულირებელ სტრუქტურებს, ანუ ბაზარზე ჩამრევ სამსახურებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროების დაქვემდებარებაში იმყოფებიან (სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, საგარეო ვაჭრობის). ისინი ერთსა და იმავე დროს არიან როგორც ადმინისტრაციული (მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობაში), ისე კომერციული ხასიათის დაწესებულებები. ჩამრევი სამსახურები ისე არიან ორგანიზებული, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მწარმოებლების, გამსაღებლების, მომხმარებლების შეკრებას და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე. ასეთი მარეგულირებელი სამსახურები არსებობს ერთმანეთისაგან ეკონომიკურად განსხვავებულ ქვეყნებში: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ალჟირი, ბრაზილია, პოლონეთი და ა.შ.

რატომაა აუცილებელი მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნა საქართველოში? უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში არსებული უმწვავესი აგრარული კრიზისის, იმპორტზე დამოკიდებულების უკიდურესად მაღალი დონის, სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებისა და სურსათზე ფასების პერმანენტული ზრდის გამო.

რამდენადაც ჩამრევი სამსახურები ხელს უწყობენ სასურსათო ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების სტაბილურობას, საქართველომ უნდა შექმნას ერთი ან რამდენიმე მარეგულირებელი სამსახური – მარცვლეულის (ხორბალი), მეცხოველეობის პროდუქციის (ხორცი და რძე) და სხვა პროდუქტების წარმოების სფეროში.

იმ ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ჩამრევი სამსახურები ჭარბწარმოების პირობებში მუშაობენ, საქართველოში მათ ფუნქციონირება საპირისპირო პირობებში მოუწევთ. ამიტომ ამოცანებიც განსხვავებული ექნებათ. კერძოდ, მათ უნდა განსაზღვრონ ქვეყანაში წარმოებული საქონლის მოსალოდნელი რესურსები დროის ამა თუ იმ პერიოდისათვის, შეაფასონ (შეისწავლონ) მოსახლეობის მოთხოვნილება ამა თუ იმ პროდუქტზე, ბალანსური გაანგარიშების საფუძველზე წინასწარ დაადგინონ იმპორტის მოცულობა, რომელიც საჭირო იქნება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების რაოდენობრივი თანაფარდობის შენარჩუნებისთვის. მარეგულირებელი სამსახურების ფუნქციონირებას მხოლოდ მაშინ მოაქვს სასურველი ეფექტი, თუ იგი ხორციელდება სისტემურად და კომპლექსურად.

სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების ტოლფასია. როგორც დასავლეთის გამოცდილება გვიჩვენებს, საკუთარი წარმოების სასურსათო უზრუნველყოფა უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა, რასაც შეუძლია მულტიპლიკაციური ეფექტის მოცემა და გაძლიერებული მიგრაციის პროცესში მყოფი სოფლის გადარჩენა.

ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი. თუ გვსურს 2025 წლისათვის მივაღწიოთ გაწონასწორებულ სავაჭრო ბალანსს, მნიშვნელოვნად უნდა გავადიდოთ სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რათა, შემცირდეს სურსათისათვის იმპორტისათვის ვალუტის ზედმეტი ხარჯვა.

სურსათის ადგილობრივი რესურსების წარმოების გადიდება, ობიექტურად მოითხოვს სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ადგილი დაეთმობა სასურსათო ბალანსის ფორმირებისათვის საჭირო პროდუქტების წარმოებას. უნდა გვახსოვდეს 1990-ანი წლების აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების ვალუტის მოპოვების მცდარი სტრატეგია, როდესაც ყურადღების მიღმა დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აგრარული სექტორი. ვალუტის მოპოვება ქვეყნისათვის ე.წ. მეორადი ამოცანაა და ასეც უნდა იყოს. ქვეყნის ეკონომიკაც და მათ შორის სოფლის მეურნეობაც, ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

შექმნილ სიტუაციაში, საჭიროა ხუთწლიანი პერიოდისათვის სასურსათო დარგების განვითარების ხელშემწყობი პირობების შემუშავება, როგორც ეკონომიკურ-ფინანსური, ისე ორგანიზაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც უნდა მოიცავდეს საგადასახადო, სადაზღვევო და საკრედიტო სტიმულებს. შესაძლებელია პროდუქციის მწარმოებლებთან ფიუჩერსული კონტრაქტების გაფორმების საფუძველზე გარანტირებული ფასების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფისა და სხვა პირობების (განვადებით შეძენა და სხვ.) წინასწარ განსაზღვრა. ორგანიზაციული თვალსაზრისით მხედველობაში გვაქვს სრულფასოვანი საბითუმო ბაზრების ორგანიზება რაიონულ ჭრილში და მსხვილ ქალაქებში, რომელსაც სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდების მაღალი კონცენტრაციის უზრუნველყოფა შეუძლია, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით – შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

სახელმწიფომ ბაზარზე მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და პროდუქციაზე მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიაღწიოს, საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი სტრუქტურების შექმნით – მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურები, სასაქონლო ბირჟები, სავაჭრო სახლები, საბითუმო ბაზრები, კომერციული ცენტრები, სააგენტოები, საგარანტიო ფონდები, დარგობრივი ასოციაციები, კავშირები, საკონსულტაციო-სასწავლო ცენტრები და სხვ. ასევე, ეფექტური საგადასახადო, სადაზღვევო, საფინანსო, ფულად-საკრედიტო, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებითა და გატარებით.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მთავარი როლი უნდა მიენიჭოს აგრობიზნესის სტრატეგიულ დარგებში დაკრედიტების (გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი), პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის პროგრამების, მარეგულირებელი სტრუქტურების ფორმირების პროექტების დაფინანსების საკითხს. პრობლემათა გადაწყვეტა მთავრობის ნებაზე და აგრარული სექტორის დარგების განვითარების ყოველმხრივ შეჯერებული პროგრამების შემუშავება-რეალიზაციაზეა დამოკიდებული.

საქართველოში შექმნილი აგროსასურსათო კრიზისი, სურსათზე ფასების პერმანენტული ზრდა, დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფო მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღების აუცილებლობას. აგრარული სექტორის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრა გადაუდებლად მოითხოვს მეწარმეობის და მეცნიერების პარტნიორობას, სამეწარმეო საქმიანობისადმი მხარდაჭერას, შესატყვისი ეკონომიკური გარემოს შექმნას, დარგობრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მიმართულებათა გარდაქმნას.

პერსპექტივაში მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის ფორმირებისა და განვითარების მთავარი ბერკეტია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვა, რაც ეფექტიანად ჩართავს სამეურნეო ბრუნვაში მთელ არსებულ რესურსებს.

გვახსოვდეს: სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა!

 

პაატა კოღუაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *