ლიტერატურაყირამალა

მეათე ისტორია – ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

წინასიტყვაობა: ერთი არაჩვეულებრივი მწერალი ამბობდა, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო… მეორე კი ამტკიცებდა, რომ ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურიაო… რა კავშირი აქვს სხვისი ქმრის შეყვარებას იმედგაცრუებულ პირველ სიყვარულთან და მოახერხებს თუ არა თეო ლანას ზურასთვის ჩამოშორებას? და, რაც მთავარია, რატომ ვერ ღალატობენ მოღალატე ქმრები ღალატის მავნე ჩვევას?

ისტორია მეათე
„მზრუნველი“ სტუმარი

(მოქმედი პირი: თეო)

სტუმარიც ამას ჰქვია?! მახათს ტომარაში ვერ დამალავო და არც არაფერია დამალული, ფაქტია. ეს რომ მოხდებოდა, ადრე თუ გვიან, ვიცოდი, ჰოდა, აგერ მოხდა. ნეტა, ვინ იცის კიდევ? ალბათ, ბევრმა. მე მგონი, ყველამ, იმ ტუტუცი დედაკაცის გარდა. ან იქნებ ლანამაც გაიგო? და მერე? თუ გაიგო, რა ჯანდაბას ელოდება? დავიჯერო, ასე მშვიდად გაატარა? არა, არ იცის. მაგან არ იცის და ლიანამ. აი, ლიანა რომ გაიგებს, იქ დავიღუპე! მერე სად დავემალები? დედაჩემისთვის ხომ საყვარლის სტატუსი სამყაროს დამაქცევლის სტატუსია. არა, მართლა რომ გაიგოს? ან ინფარქტი დაარტყამს, ან მე მიმასიკვდილებს. ჰოდა, ამის დაშვება არ შეიძლება. რა ჯანდაბა შეიძლება? ამაზე ფიქრი ახლა დაგვიანებულია. ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო, ამ ლანას რა მოვუხერხო? ღმერთო, როგორ დავიღალე! როგორ აღარ მინდა აღარაფერი… არც ზურა, და არც მისი ცოლ–შვილი… ხომ შეიძლებოდა, მეც ნორმალური ოჯახი მქონოდა… დუდუს რომ გავყოლოდი… ჰო, რომ გავყოლოდი, მაგრამ ვინ დაგაცადა! მაგ დეგენერატის დამსახურებაა, დღეს რომ ასე ვცხოვრობ, ნეტა, თვითონ, მართლა, რა ჯანდაბას აკეთებს? ვითომ მოიყვანა მეორედ ცოლი? ჰო, აი, პირველი ხომ ისეთი დაისვა… ყოველ შემთხვევაში, მე ესეც არ მეღირსა… და ახლა უნდა მეღირსოს! მე ეს დავიმსახურე. ზურას ჩემნარი ქალი არ ღირსებია. თვითონაც იცის ეს. და, საერთოდ, ჩემთან თავს სრულყოფილ და ძლიერ მამაკაცად გრძნობს. ჩემი გაკეთებული ხინკალიც მოეწონა და ხაჭაპურზეც არ არის უარზე. მაგრამ ლანას სულ სამაგალითოდ ახსენებს, როცა ვჩხუბობ: ჩემი ცოლი, ჩემი ცოლი…
შენი ცოლიც და შენიც! ამოხვედით ყელში! კაცი ხარ თუ ჩვარი?! რით ვერ ჩამოყალიბდი, ვინ გინდა? სად გინდა? ორივე ერთდროულად არ გამოვა, არა! კმარა– მეთქი! მე მეტის ატანა და მოთმენა აღარ შემიძლია, დავიღალე, ძაააალიან დავიღალე! მეც მინდა, თავი ვიგრძნო ერთადერთ ქალად, მეც მინდა, არ ვიმალებოდე და არ მეშინოდეს საყვარელ მამაკაცთან ერთად სეირნობის და ჩახუტების. სადამდე უნდა დავმალო ეს ურთიერთობაი? და ვიღას ვუმალავ? აგერ ირა-მირამაც იცის, ამ დამპალმა ჯონდოიამ, ესე იგი – უკვე ნახევარმა ქალაქმაც. და ლიანა? ვაიმე! ლიანამ არ უნდა გაიგოს… გამორიცხულია! ამას ვერ გამიგებს და ან მოკვდება, ან მომკლავს… რა გავაკეთო? ნეტა, როგორ ახერხებენ ქალები, ცოლები მიატოვებინონ ქმრებს? როგორ? რა იციან ასეთი? არადა, ხომ ახერხებენ?! აგერ მარინემ 4 შვილი დაატოვებინა კაცს. თან, თანამდებობიდანაც წამოვიდა მის გამო, და ახლა მასზე ამოსდის მზე და მთვარე. კი, ლამაზია, ეს დედააფეთქებული მარინე! მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, მესამეა ეს ქმარი და მერამდენეა, როგორც საყვარელი, არავინ იცის… იქნებ ზუსტად ამიტომაც? იქნებ გამოცდილებაა მთავარი და სექსუალური უნარებია გადამწყვეტი? რა ჯანდაბაღა უნდა გავაკეთო? ყირამალას ისედაც ვჭიმავ! ელასტიკური ვარ. ისეთი, დაავადებაც კი აღმომიჩინეს რაღაც ექსკლუზიური, ძვლების დრეკადობას რომ იწვევს და შაქარიც ამიკრძალეს და ყავაც… მოიცა, სულ დამავიწყდა ეს აკრძალვა. რა სულ რაღაცას მიკრძალავენ?! თან, იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ზურაც აკრძალული მაქვს! მაგრამ ვერა, ვერ მოგართვით! მეორედ არ ვაპირებ, დავთმო ჩემი სიყვარული! მაშინაც შემეშალა, რომ იმ უკანალწამოხდილ დედაკაცს გავაყოლე ჩემი პირველი სიყვარული. როგორც გოიმს, ისე დამაწერა თვალსა და ხელს შუა. ვინ იფიქრებდა?! მე და დუდუ ხომ ერთ სულ და ერთ ხორც ვიყავით დაბადებიდან?! ბაღში ჩემ გამო ერთხელ ბორშჩი შეჭამა მეორე თეფში, ამას როგორ დავუვიწყებ?!..
დედა, რა სისულელეებზე ვფიქრობ, სულ ირას ბრალია. ახლა ზურაზე და მის ცოლზე უნდა ჩამოვყალიბდე! კმარა, აქტიურ მოქმედებებზე გადავდივარ! ინიციატივა უნდა ავიღო ხელში და ვმართო სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავარკვიო – მართლა საყვარლად ვუნდივარ თუ ვუყვარვარ…
და მე? მე მიყვარს? ალბათ, მიყვარს. დიახ, მიყვარს! აბა, რომ არ მიყვარდეს, ტუჩებში ხომ არ ვაკოცებდი? და არც ამდენ წელიწადს დაველოდებოდი… და როგორ შეიძლება, მიყვარდეს და მაინც ვეგუებოდე სხვა ქალის არსებობას? თან, ლანასნაირი უდრტვინველი დიასახლისის?! როგორ კლასიკურად შემაძულეს დღესასწაულები – აბა, ლანას ხომ არ დატოვებს მარტო? ჩემი დატოვება მოსულა და ამ ქათმის – არა?! ჰოდა, მორჩა – აღარ მინდა სამუშაო საათებისა და დღეების ქალი ვიყო! ან მე და ან ცოლი! ჩამოყალიბდეს! და რომ თქვას, ცოლიო? არ იტყვის. უჩემოდ ორგაზმიც კი დაავიწყდება, რა ფერია. და მაინც? რომ მიმატოვოს? ჯანდაბამდე გზა ჰქონია! მიმატოვოს, რა, ნივთი ვარ? აქეთ მივატოვებ მაგ ტუტუცს! არა, ეს ლანა უნდა ვნახო. ან აქამდე რატომ არ გავიცანი? რამდენჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა! თითქოს ინტუიციურად ვარიდებდი თავს მათთან ოჯახში სტუმრობას, მაშინაც კი, როცა არც არაფერი იყო ჩვენ შორის. ნეტა რატომ? ფოტოებზე კი ვიცი, იცოცხლე, მისი სოციალური ქსელი საკუთარზე უკეთესად მაქვს შესწავლილი… მაგრამ სულ სხვაა პირადი შთაბეჭდილება. და ახლა რომ მივადგე? აი, ავდგები და მივალ. მოვიგონებ რამეს და კარზე დავუკაკუნენ. რას იზამ ზურა? მოუწევს ითამაშოს. კაი სანახავი კი იქნება, ღმერთმანი. ამის შემდეგ რას იზამს, არ ვიცი, იქნებ გაბრაზდეს და არც შემირიგდეს კაი ხანს, მაგრამ მკიდია, უკვე ყველაფერი სულერთია! რამე უნდა გამოვცვალო ჩვენს ცხოვრებაში! რომ რამე სხვა მოხდეს.
როგორ ამბობენ? თუ გინდა რამე ისეთი მოხდეს, რაც აქამდე არ მომხდარა, მოიქეცი ისე, როგორც აქამდე არასდროს მოქცეულხარო! ჰოდა, გადაწყდა – მივდივარ ზურასთან სტუმრად! ტელეფონი… სულ როგორ უდრო დროს რეკავს და ამ ჩანთაში მისი მოძებნა რატომ ჭირს ასე? – თეომ როგორც იქნა ჩანთიდან მობილური ამოქექა და სახე დაებრიცა. ერთდროულად ზიზღი, გაბრაზება და ირონია დაეწერა საკმაოდ ლამაზ და მაკიაჟის გარეშეც მომხიბვლელ სახეზე. მკვეთრად გაუსვა საჩვენებელი თითი ეკრანს და ხმაში ისეთი სარკაზმი გაურია, მკვდარიც იგრძნობდა:
– გისმენ, ჩემო ყველაზე მზრუნველო ადამიანო!..

წარსულის აჩრდილი, ანუ რა უნდათ ქმრებს

(მოქმედი პირები: ეკა და მისი მეგობარი ნიკუშა, ასევე, ცოლის მოღალატე ქმარი)

– ზურა არ ვარ…
ხმა მეცნო, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ჩემ წინ, სიბნელიდან ამოსვეტილი ერთი ჩემი ძველი მეგობარი იდგა.
–ნიკუშ, აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო?!
–შენთან ვიყავი, არავინ დამხვდა სახლში და ვიფიქრე, სადარბაზოსთან დაველოდები-მეთქი.
–და სად არის თაიგული, ორკესტრი და რატომ არ მესმის „ტუში“?! არა, ის ჯობია – „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“! და ასეთი ძველმოდური რატომ ხარ? მობილური ტელეფონი რომ გამოიგონა კაცობრიობამ, ეგ ფაქტი შენთვის უცნობია?! გულით საყვარლებს აღარ ელიან სადარბაზოსთან რაინდები და…
–ისევ ბევრს ლაპარაკობ?
–აბა, მე რა გამომცვლიდა?! პირიქით, უფრო დავიხვეწე, ლექსიკური მარაგიც გავიმდიდრე და გამოცდილებაც გავიმრავლე. ახლა, ფაქტობრივად, უძლეველობის ბოლო სტადიას გავდივარ ენით შერკინებაში.
–გეტყობა. თუმცა სულ გეტყობოდა.
–ხომ მშვიდობაა?! მხოლოდ ჩემს სანახავად შენ აქ არ მოხვიდოდი და მით უმეტეს, არც დაეყუდებოდი. შემოდი…
–კი, მშვიდობასავითაა. მარტო ცხოვრობ?
–ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შენი სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი პრობლემის გადაჭრისთვის?!
–არა, მართა დეიდას ნახვა გამიხარდებოდა.
–მართა დეიდა რომ სახლში არ იყო და ვერ გაგახარებდა თავისი გამობრწყინებით, ამას, წესით, კი უნდა მიმხვდარიყავი, იმ მარტივი მიზეზით, რომ კარი არავინ გაგიღო.
–აუტანელი ხარ.
–რაც ვარ, ეგ ვარ. თან, მე არ მომიწვევიხარ შენ. ასე რომ, უნდა ამიტანო, როგორიც ვარ. საჭმელი არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს შემოგთავაზებ. მაგრამ კარგ ჩაის დაგალევინებ, სამაგიეროდ.
–ჰო, ჩაის დავლევ.
სამზარეულოში გავედი. ნიკუშას ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ოღონდ იყო. წლები თავისას შვება: ადამიანები იცვლებიან და თუმცა მას ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი, მისი მესმოდა, მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებდა. პრინციპში, ეს მარტო ნიკუშასთან არ მემართებოდა.
–ესეც, ჩაი. აბა, გისმენ, რა გჭირს?
–შენი რჩევა მჭირდება.
–უფასოდ, კაცო?!
–ნაცნობობის ხათრით, ცოტა დამიკელი და დამაცადე.
–ოკ. ოღონდ პროცენტებს დავარიცხავ… ჰე, მიდი, ამოღერღე. გისმენ.
–მოკლედ, მაგარ შარში ვარ.
–ქალი შეგიყვარდა, ესე იგი, ნამეტნავად!
–ნუ, მთლად ნამეტნავადაც არა, მაგრამ იმ ქალს შევუყვარდი ნამეტნავად.
–და უნდა, რომ მიატოვო ოჯახი და ის მოიყვანო ცოლად, ხომ გამოვიცანი?! ნუ – გენიოსი ვარ, ფაქტობრივად.
–არა, მასე პირდაპირაც არ ამბობს, მაგრამ…
–შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და კი უნდა ახერხებდე ამგვარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას.
–არ მინდა, ვაწყენინო, მაგრამ არც მაგის ცოლად მოყვანა მინდა.
–მესმის, ცოლი გყავს და მეორე ცოლს რა თავში იხლი?! სექსი კიდევ ისედაც გაქვთ, ხომ?! თან, ეგზოტიკაა: იმასთან მიდიხარ, მერე ამასთან ბრუნდები სახლში, ხარ ერთ ამბავში. მთელი თავგადასავალია. რაღა შენ და რაღა ტარიელი, ვეფხის ტყავკაბა გაკლია და დახოცილი ლომები.
–ძალიან ამარტივებ.
–მე არ ვამარტივებ. მე სიმართლეს ვამბობ. თუ ცოლი გინდა, საყვარლები არ გეყოლებოდა, თუ არ გინდა, გაეყრებოდი და მარტო ყოფნას არჩევდი. ის ქალი რომ გიყვარდეს, მასთან წახვიდოდი. თუ ყველაფერი ერთად გინდა, მაშინ ცოტა უნდა გაწვალდე კიდეც, გენაცვალე, აბა, როგორ?!
–შენ რომ გგონია, ისე იოლიც არ არის. ჩემი ოჯახი ჩემი ოჯახია. ყოველთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ წარმომიდგენია, ოჯახი მივატოვო. ის კიდევ ჩემი თავისუფლების სივრცეა.
–ჰო, სადაც პასუხისმგებლობა არ გაქვს და მხოლოდ შენს სიამოვნებაზე ფიქრობ. მესმის.
– მაგრამ იმასაც ხომ სიამოვნებს?! ხომ არ ვაძალებ რამეს?!
–არა, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, ხელები არ გადაგიგრიხავს და ორმხრივი ნება-სურვილით აღსრულდა ყოველივე.
– არც დავპირებივარ რამეს. არც მომიტყუებია.
–მოიცა, გეშინია, არ ჩაიშვას ცოლთან?
–არ ვიცი. მაგაზე არ მიფიქრია. მაგრამ ეგ არ მგონია.
–აბა, მაშინ დაანებე თავი და ახალი რომანი გააჩაღე. რა გიშლის ხელს? მერე კიდევ ახალი, იმასაც რომ ცოლობა მოუნდება და ასე დაუსრულებლად, სანამ რამის თავი გექნება. რა პრობლემაა?!
–შენი ლოგიკით, ყველაფერი იოლია. ასე როგორ ახერხებ ცხოვრებას?
–აა, შენ გგონია, რომ შენ ახერხებ, ხომ?! მე ვიცი დაზუსტებით, რომ მარტო ვარ. შენ გგონია, რომ მარტო არ ხარ და ჩემზე მარტო ხარ სინამდვილეში და მუდმივ ტყუილში ცხოვრობ. ამას ატყუებ, იმასაც ატყუებ, იმასაც იყენებ, ამასაც იყენებ, მერე აქ ჩამომიჯექი და მიამბობ ტრაგიკულ ისტორიას, თუ რა უბედური ხარ. კარგი, რა. მეც მეგონა, პრობლემა გქონდა. გაარკვიე, რომელი ქალი გიღირს და იმასთან წადი ან დარჩი. ან დატოვე ყველაფერი ისე, როგორც არის. იქნებ მომავალ ცხოვრებაში გაგიმართლოს და შეხვდე შენს დულსინეიას.
–შენ ისევ ტარიელს ელოდები?
–არა, უკვე დე გრიეს. კეი გამახსენე, შენი რჩევა მჭირდება ახლა. ჩემს ერთ ნაცნობს ქმარი ღალატობს და ვიღაცამ დაურეკა, ასეა და ისეო. აბა, მითხარი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ქმრის საყვარელს დაახვევინოს და ქმარი დატოვოს?
–მარტივად: თუ აქამდე არ წასულა, ესე იგი, ცოლმა არ უნდა მისცეს საბაბი, რომ ქმარს სულ დანაშაულის შეგრძნება ჰქონდეს. ეშინოდეს, ცოლმა თავს რამე არ აუტეხოს და ასე. ისედაც იცი ეს შენ.
–და ასეთი ქალები გიყვართ, თავმოყვარეობის ნასახი რომ არ აქვთ და მარტო სიბრალულის გამო რომ დარჩები მასთან?
– თავმოყვარეობა რა შუაშია?! რა თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს ქალს თავსი ქმართან?! ქალია “ბე ტე ერი” ხომ არა?!
–მოკლედ, სანამ სულ გამარეკინებ და მეტყვი, რომ ცოლს იმაში დასარწმუნებლად ღალატობ, რომ მასზე კარგი არავინაა. მოვამრგვალოთ ეს შენი აღსარება… წადი, გვიანია უკვე და საქმეები მაქვს.
–ეკა, კარზე ზარია, ასე გვიან ელოდები ვინმეს?
–ხომ არ გეშინია, ვინმემ მაუზერის ტყვია არ დაგაჭედოს შუბლში, აქ რას აკეთებო? დაიმშვიდე გული – კარადაში დაგმალავ და, თუ ამანაც არ გადაჭრა, ჯანდაბას ჩემი თავი, გადაგეფარები, აბა, იმ ორ ქალს ხომ არ დავაობლებ და დავტოვებ შენნაირი ნანინანატრი რაინდის გარეშე?!

(გაგრძელება მეთერთმეტე ისტორიაში)

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები