ლიტერატურაყირამალა

მეექვსე ისტორია – ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

წინასიტყვაობა: გოთვერანმა ჯონდო-ჯამლეთამ თავისი გეგმა სისრულეში მოიყვანა (რომ არ მოეყვანა, მაშინ ხომ გოთვერანიც არ იქნებოდა?!) და ლანას აუწყა, რომ ქმარი ღალატობს. როგორ იქცევიან ასეთ დროს ცოლები და ვინ ევლინებათ ხოლმე მხსნელად?!

ისტორია მეექვსე

„უცხო კაცი“, ანუ უცხოს ზარი

(მოქმედი პირები: ჯამლეთა-ჯონდო, თეოზე შეყვარებული გოთვერანი და ლანა, თეოს საყვარელი ზურას ცოლი)

– ზურა არ ვარ, ქალბატონო. მე თქვენ არ მიცნობთ, სამაგიეროდ, მე გიცნობთ თქვენც, ზურასაც და კიდევ იმას, ვისაც თქვენ არ იცნობთ და იცნობს ზურა…

– ვერ გავიგე, ვინ ხართ? რა გინდათ, ვის იცნობთ, რაში მაინტერესებს…

– უნდა გაინტერესებდეთ! თან. ძალიან გაინტერესებდეთ უნდა, ქალბატონო ლანა!

– მიცნობთ?

– ხომ გითხარით, მე ყველას ვიცნობ…

– ვინ ყველას, რის თქმა გინდათ ამით?

– არც არაფრის, მე მხოლოდ არ მინდა, ასე იტყუებდეთ თავს და ატყუებინებდეთ. თქვენ ამას არ იმსახურებთ, ქალბატონო ლანა! თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე.

– რა სიმართლე? – ლანას ხმაში ბზარი გაუჩნდა, ეს კარგია, ესე იგი, ნოყიერ ნიადაგზე დაეშვა ეჭვი…

– სიმართლე მწარეა, მაგრამ ხომ იცით, ჯერ მწარე ჭამეო…

– რას მიედ-მოედებით, რა გინდათ, ან თქვით, ან…

– გეტყვით, ნუ ბრაზობთ. ჩემზე გასაბრაზებელი რა გაქვთ, ქალბატონო ლანა… ზურასთვის შემოინახეთ ნერვები.

– ზურას მივაწოდებ ახლა ტელეფონს და იმას აუხსენით!

– ქალბატონო ლანა, ზურა ახლა იქ და იმასთან იმყოფება, სადაც თქვენს ზარს არ უპასუხებს. მოკლედ, არ გვინდა ეს „რიჟა ბაზარი“. ქმარი გღალატობს და დროა, თვალები გაახილო!.. ხმას რად არ მცემთ, ქალბატონო, რამე ახალი გაიგონეთ? მთელმა თბილისმა იცის ეს ამბავი, რამდენი წელია თან და არ მითხრათ, რომ მე პირველი ვარ, ვინც ეს თქვა. მაპატიეთ, არ მეგონა, რომ არ იცოდით, თორემ არც ვიტყოდი… კარგი, აბა, მე გითხარით მაინც და, აწი თქვენ იცით თქვენი ამბავი. გინდა – აპატიეთ და გინდა, გადაამოწმეთ. ისე, ჰკითხეთ, აბა, ამ საღამოს სად იქნება გვიანობამდე… – ტელეფონი გავთიშე. ესეც ასე!

არა, რა, ტუტუცი დედაკაცი! ისე დამუნჯდა, ვითომ მესიმ კარს თერთმეტმეტრიანი ააცილა… არა, ასეთი ტლუ როგორ არის?! თუმცა ზურაბას სხვანაირი ცოლი როგორ ეყოლებოდა?! ჩემმა კნეინამ არმომხდარი ამბავი იყნოსა ერთი დანახვით, ეგრევე. ჰოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იქნება აწი ზურაბას ოჯახური იდილია… მთავარი გაკეთებულია. დანარჩენს უკვე თვითონ მიხედავენ. ახლა მეორე ფრონტზე უნდა გადავინაცვლო და ეს მეორე ქალიც დავაკარგვინო. მე არ ვიყო ჯამლეთ აფაქიძე, თუ ზურაბა მშრალზე არ დავსვა! გამომივიდა კაზანოვა და როტშილდი ერთ შეფუთვაში! ვერ მოგართვეს, ახლა ჩემი დროა, ძამიკო, დამაცადე, ისეთ ოინს გიზამ, სულ ძმრად ამოგადენ, რაც ვიეჭვიანე და სიგარეტში ფული ვყარე . ახლა შენს ბიზნესსაც უნდა შევუყენო წყალი. საყვარელ ცოლისძმასაც მიუვა „ქსივა:, რომ ფულს საყვარლებს ახარჯავ და ცოლს გულს უხეთქავ. ფიქრობ, როგორც აგსვეს გამზადებულ სავარძელზე, ისე ვერ ჩამოგაპინტრიშებენ?! ვნახოთ ერთი, ჯაფარიძეების ქონებისა და კავშირების გარეშე რა ხვითოც ხარ. მერე დავითვალოთ, რამდენი ქალი დაგეკიდება კისერზე… სად არის ის ქალბატონი, ნეტა, ისევ ერთად ჭუკჭუკებთ, გვრიტებო? რას არ მივცემდი, თქვენი სახეები დამენახა, ლანა რომ დარეკავს და ზურაბას იხმობს. ან იქნებ სულაც სამსახურში დაგადგეთ… ჰა, ჯერ ბოლომდე არ გაგთქვი და არ გაგყიდე. მაგრამ, თუ არ მოეგები გონს, ამის დროც მოვა, საყვარელო. ახლა ჩემს ხელშია შენი სიყვარულების ამბები და შენი კეთილდღეობაც. თორემ სამსახურიდანაც გამოვაპანღურებინებ შენს თავს ლანას ძმას, მერე ზურაბაც მიგაგდებს და მიყარე კაკალი. სად წახვალ? ჯამლეთ ბიძიასი ვერ აგცდება! მუხლებზე მოხვალ, კისერზე დამეკიდები და შენ რომ იცი, ისეთ ყირამალებს გაჭიმავ ლოგინში. ყველგან უნდა გაგჟიმო, ყველა კუთხეში, როცა მომინდება, სადაც ამიდგება და მომეხოშება. სულ კატასავით უნდა გაკრუტუნო და დაგავიწყო ეგ პიჟონი პედერასტი ზურაბა. რა იცი შენ ნამდვილი კაცის ძალა და ფასი! გაჩვენებს ჯამლეთა ბიძია, მალე, კნუტო, მალე…

ისევ „ცოლი“, ანუ რატომ არ უნდა იყოს ქალი სამზარეულოს კომბაინი

(მოქმედი პირები: ლანა და ეკა, ლანასა და ზურას მეზობელი)

– მშვიდად, ლანა, მშვიდად… არ ჩაიშხამო საღამო… ბოროტებს რა დალევს ამ ქვეყანაზე?! სად უნდა იყოს ზურა, რა თქმა უნდა, საქმეზე… არ უნდა მეპასუხა უცხო ნომრისთვის. არ უნდა მეპასუხა! ჩემი ბრალია, ან რას გავუბი ვიღაც თავხედს დაპარაკი?! ვერ დავკიდე მაშინვე ყურმილი?! ჰო, უნდა დამეკიდა და თუ კიდევ გადმორეკავდა, პატრულისთვის გადამეცა მისი ნომერი!!! უნდა არსებობდეს; აუცილებლად უნდა არსებობდეს პოლიციაში განყოფილება, რომელიც ოჯახებს დაიცავდა ასეთი ტიპებისგან. რაო, რა თქვა?! სად არისო?! შენს ზარს არ უპასუხებსო?! ზურა ყოველთვის იღებს ყურმილს ან მითიშავს, თუ ლაპარაკი არ შეუძლია და შემდეგ თვითონ გადმომირეკავს ხოლმე. ყოველთვის, არასდროს ავიწყდება! ზურა, სად ხარ, ზურა?! დამირეკე! გამიფანტე ეს ეჭვები…  საიდან მოვიდა ეს „ზურა“, სულ „ზურიკოს“ ვეძახდი…

დავურეკო?! არა – ვერ დავურეკავ. გამოდის, რომ იმ საზიზღარმა ტიპმა თავისი გაიტანა.

-ალო… ალო… არ ისმის ჩემი ხმა? მე ვარ, აბა, ვინ იქნება? რა ხმა? მშვენიერი ხმა მაქვს, დავიღალე. ჯერ სამსახურში, მერე სახლში, იმდენი საქმე მქონდა. აბა, ბავშვები რატომ გამოვუშვი თქვენთან? თუ რამე დაგჭირდათ დარეკეთ. წავედი. კიდევ დაგირეკავთ.

-ვინ არის?! ვითომ ზურა მოვიდა?! ჰო, ჩემი ზურიკო მოვიდა!

–ლანა, ცოტა ქინძი მინდა. ვაჰ, რა ლამაზი ხარ, გოგონა, რა ხდება, საყვარელი ხომ არ გაიჩინე?! ჰო, გეხუმრე, გეხუმრე. შენ, მგონი, ზურასთანაც არ წვები, ხომ?! ჰაჰაჰაჰაჰა…

–არ მიყვარს, ეკა, ხომ იცი, ასეთი რაღაცეები?!

–როგორი რაღაცეები?! რა, ზურას გარდა კაცი მართლა არ გყოლია?! და რა შეგრჩება ხელში, რომ დაბერდები?! რას გაიხსენებ, რამდენი „ნასკი“ დაუკემსე შენს ქმარს?! თუ ღამით, რომ ხვრინავდა, ბალიშს როგორ უსწორებდი?! ნუ მაცინებ! ქალი ხარ თუ სამზარეულოს კომბაინი?! ტექნიკა, იცი, რატომ განვითარდა, რომ ჩვენ, ქალებსაც, გვქონოდა თავზე საყრელად სექსი და კაცები გამოგვეცვალა ხელთათმანებივით!

–აი, შენი ქინძი.

–ოქრო-გოგო ხარ. მგონი, კაი ამბავს აპირებ… ოო, ხედავ შენ, სუფრაც მოუმზადებია, სანთლებით. სწორია, კაცი პრიმიტიულია, უნდა აჭამო… გესმის – უნდა აჭამო და გარდა საჭმლისა, სხვა რამეებიც. ოღონდ მკერდი ცოტა მოიღეღე და ბარძაყიც გამოჩინე, რომ გაძღება, კიდევ რამეც რომ მოუნდეს. თორემ უბიწო ქალქულთა გიმნაზიის მოსწავლეს ჰგავხარ.

–ეკა?!

–მივდივარ, მივდივარ! მისიონერული პოზა არ დამანახვო. რამე ეგზოტიკური, სიახლე და გარყვნილება. ჭამის მერე ესაა მნიშვნელოვანი ამ ორფეხა პირუტყვებისთვის. რა გჭირს, ლანა?! ლანა?! ლანა?!..

-როგორ შემაშინე. რა დაგემართა?! რა გატირებს?! ლანა, ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი საყვარელი გოგო. თუ ასე გეწყინებოდა, სულ არ მინდა შენი ქინძი, უქინძო სადილს გავაკეთებ. მოდი, ზურას დავურეკოთ…

–არა, არა. ზურა ახლა საქმეზეა და ვერ მოვაცდენ.

–ლანა, ნუ ტირი, საყვარელო…

–ეკა, რატომ დადის ამდენი შურიანი და ბოროტი ადამიანი ამ დედამიწაზე?! რატომ არ გვასვენებენ?! ბავშვები გავუშვი დედაჩემთან და მამაჩემთან. ვიფიქრე, რომანტიკულ ვახშამს მოვაწყობ-მეთქი. ეს სულელური კაბაც ჩავიცვი და უცებ რეკავს ვიღაც ტიპი და…

–კარგი, ამოგიჯდა გული, სულ ცახცახებ. ვინ ტიპი, რა უნდოდა, რა გითხრა?

–მთელმა თბილისმა ი…ცისო… შენს ქმარს საყვარელი ჰყავსო…

–და ამის გამო ტირი და იშლი ნერვებს?! იმან რა იცის, ვის ვინ ჰყავს? მივხვდი – კაცი იყო ხომ?! თვითონ მოწონს ზურა და უნდა, რომ დაგაშოროს. ახლა ეს ძალიან მოდურია. ვითომ ქალები არ გვყოფნიდა, ხომ იცი, თითქო კაცზე ხუთი ქალი მოდისო და ახლა კაცებიც დაგვემატნენ!!! მოკლედ, დიდი და დაუნდობელი კონკურენციაა ლოგინში, ამიტომ სულ ფორმაში უნდა ვიყოთ. მიდი, მოწესრიგდი. სულ დაგავიწყდება ვიღაცის ბჟუტური, დაშხოშიანად რომ გაგჟიმავს შენი ზურიკო.

–ეკა, ვინმე მკითხავს არ იცნობ?

–ვის ვიცნობ?! მე ვიცნობ მკითხავს?! არა – მე ვიცნობ, ასე, 450 პოზას და თუ გინდა შენც გაგაცნობ! სულ რომ ხარჩოზე ფიქრობ, იმიტომ ხარ ასე დაშტერებული, გინდა, გითხრა, რაზე უნდა ფიქრობდეს ოჯახის პატიოსანი დედა?! მაგალითად…

–ეკა… გთხოვ, გამიგე და წამომყევი, რა. მე მარტო ვერ წავალ. ახლავე გამიგე და წავიდეთ. შეიძლება, გული ამომივარდეს, სადღაც აქ, ყელში მირტყამს და საფეთქლებში. ასე მგონია, თავსაც გამიხეთქავს. წამომყევი, გთხოვ…

–კარგი, კარგი, ნუ ტირი!.. გაგიგებ კი არადა, ვიცი, უბრალოდ დავიფიცე აითოდე წლის წინათ, რომ მასთან აღარასდროს მივიდოდი. მაგრამ წავიდეთ. ცოტა წყალი შეისხი სახეზე, ადამიანს დაემსგავსე და წავიდეთ.

–მოიცა, ზურას მესიჯს მივწერ, რომ არ ინერვიულოს.

–არაფერსაც არ მისწერ. გასაღები აქვს და შემოვა სახლში. ინერვიულოს ცოტა, არაფერი მოუვა. ეგენი ასე ადვილად არ იხოცებიან. საერთოდაც, მგონია, რომ არც კი იხოცებიან, თავს იკატუნებენ. ვერსად წაგივა ეგ შენი ზურა, გეფიცები 450–ვე პოზას!

(გაგრძელება მეშვიდე ისტორიაში)

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები