ლიტერატურაყირამალა

მეთერთმეტე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია მეთერთმეტე

ქალი თამარისიდასალომეასგასაჭირი

(მოქმედი პირები: ეკას მეგობარი ნიკას ცოლი)

ვიცი, რომ ერთადერთი ქალი როდი ვარ ამ ქალაქში, ვინც ქმარი საყვარლის მესიჯებითა და სხვა თანმხლები სიხარულებით ამხილა. ისიც ვიცი, რომ ცოლების უმრავლესობა ასეთ ყოფას ეგუება და ვითომც არაფერი – საჯარო სივრცეში კვლავ კეკლუცობს ოჯახური იდილიით. ვიცი, მაგრამ არაფერი გამომდის! იმ დღიდან, რაც ნიკას ტელეფონში ჩვენმა ქალიშვილმა სხვისი მესიჯები ამოყარა ( ნეტავ, როგორ დავრთე ნება?! მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა და არც არასდროს გამეგო!), ჩემი ოჯახის სანაქებო იდილიაც ჩამოიშალა.

დიახ, იდილია, რადგან სამეგობრო-სანათესაოსთვის დღიდან შეუღლებისა თითით საჩვენებელი და შესაშური ურთიერთობა გვქონდა. სკოლის ბანკეტიდან გავიპარეთ. სკოლის პერიოდი ერთ მერხთან გავატარეთ და ეზოშიც სულ ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით. უბანში ჯერ დაგვცინოდნენ, მერე მუშტების ქნევის დროც დადგა – ნიკამ ყველას აუკრძალა ჩემთან მოახლოება. და ბოლოს, მხოლოდ დროის ამბავი გახდა, როდის დავქორწინდებოდით.

ამიტომ ბანკეტიდან რომ პირდაპირ სანკტპეტერბურგში ამოვყავით თავი, არც არავის უდარდია ზედმეტად. გზაში ფულიც დაგვაწიეს და ეგ იყო. როცა ჩამოვედით, ქორწილი არც გადაგვიხდია, რა აზრი ჰქონდა?! არც მე და არც ნიკას არ გვიყვარს ეს უაზრო ქართული პომპეზური სუფრები და სადღეგრძელოები. სამაგიეროდ, სახლი, რომელიც მამაჩემმა გვაჩუქა, სიხარულით მივიღეთ და დაიწყო ყოველდღიურობა. არაფერი ისეთი, რაც სხვასთან და სხვაგან არ მომხდარა. გარდა იმისა, რომ ერთმანეთის გარეშე ერთი ღამეც არ გაგვიტარებია და თუ ნიკას აგვიანდებოდა, თვალს ვერა ძალა მომახუჭინებდა. გვერდიგვერდ და ხელიხელგადახვეულებს გვეძინა წლები.

არადა გამოცდილი ხალხი ამტკიცებს, რომ სულ რამდენიმე თვის შემდეგ ზურგშექცევით სძინავს წყვილსო. ჩვენ კი…

მაგრამ არ ყოფილა არც ეს საკმარისი. ამდენი წელი გავატარეთ ასე ჩახვეულ-ჩაწნულებმა, ჭირსა და ლხინში ერთად. ხან ისე იყო და ხანაც – ასე. ბოლოს, ნიკამ სერიოზული ბიზნესი ააწყო. გაფართოვდა. ფილიალებიც გახსნა ბათუმსა და ქუთაისში. ჰოდა, უწევდა სიარული. დაიწყო ღამეების სახლის გარეთ გათენება. გამიჭირდა, მაგრამ გვიანობამდე ტელეფონით ვსაუბრობდით და ისე ვიძინებდი.

ახლა კი… ახლა ვიცი, რომ მაშინაც, როცა ტელეფონზე მაძინებდა და მეფერებოდა – ჩემი კუდრაჭა გოგო, ისევ ისე მინდიხარ, როგორც მეათეკლასელსო, თურმე, პარალელურად იმას, თამარას, ემესიჯებოდა.

თამარა ვინ არის?! ვინ არის და ჯანდაბა! მისი ბიზნესპარტნიორია. ერთ–ერთი ფილიალის ხელმძღვანელი და შეთავსებით – საყვარელი.

როცა პირველად წავიკითხე თამარას მიწერილი მესიჯები, მეგონა, ცა ჩამობნელდა და გულზე გავარვარებული ორლესური დამატაკეს. რომ არა შვილი, ისიც გაფითრებული და აცრემლებული, გიჟივით ვიყმუვლებდი. მსგავსი სიმწარე არავის გენახოთ. ან თუ იცით, გესმით ჩემიც.

ნიკაც არ ჩავარდა უკეთეს დღეში. როცა ფაქტის წინაშე დავაყენე, გაშრა და მიწისფერი დაედო. მერე მუხლებში ჩამივარდა – მაპატიეო. შენ და მხოლოდ შენ მიყვარხარ. ამ ქალთან სექსი მაქვს და ისიც მომბეზრდაო. მაგრამ თავს არ მანებებს და შენ უნდა გადაარჩინო ჩვენი ოჯახიც და სიყვარულიცო.

სახლიდან გავაგდე, სულ ფანჯრიდან გადავყარე მისი პერანგები და კოსტიუმები. ზედ დავაყოლე მისი ნაჩუქარი ნივთები და კარგი სიცილიურის მსგავსი სეირიც ვაყურებინე პირდაღებულ სამეზობლოს.

მაგრამ… მაგრამ როცა ორი კვირის განმავლობაში გაუთავებლად მირეკავდა და მწერდა, რომ მეპატიებინა, მარწმუნებდა, რომ აღარასოდეს განმეორდებოდა ეს სისულელე და მეც მივხვდი, რომ სახლში ვეღარ ვპოულობდი ადგილს და არც საჭმელი და არც გათენება მინდებოდა – ნიკას შევურიგდი.

დავიწყეთ ხელახლა თანაცხოვრება. ვცდილობდი, გამეხსენებინა მხოლოდ ლამაზი დღეები და ჩვენი სიყვარულის ამბები. ნიკაც ცდილობდა. საღამოობით ყვავილებით ბრუნდებოდა სახლში. თვალებში შემომციცინებდა. ყველა სურვილს მისრულებდა. მაგრამ გულს ვერაფერი მოვუხერხე. სულ ეჭვი და ტკივილი დამყვება თან. ახლაც. და, ალბათ, სამუდამოდ.  ამ განცდამ პიკს მიაღწია! მეტის ატანა და მოთმენა აღარ გამომდის. რაღაც უნდა შევცვალო ჩვენს ცხოვრებაში.

მაგრამ ჯერ ეკა უნდა ვინახულო. ნიკას ერთადერთი ნორმალური საახლობლო ეგ არის. დაველაპარაკები. მოვუყვები ყველაფერს. მარტო მე სიტუაციას ვერ გავუმკლავდები. დიდი ხანი გავიდა, რაც არ მინახავს, მაგრამ ვიცი, გულიანი გოგოა და დამაკვალიანებს…

სამნი ერთ ლოგინში

(მოქმედი პირები: ეკა და ნიკას ცოლი სალომე)

კარი ისე გავაღე, რომ არც გამიხედავს, ვინ იყო (ვერ მოვიშორე ეს უაზრო ჩვევა) და ხელში შემრჩა სალომე, ნიკუშას მეორე ნახევარი. ცოტა არ იყოს დავიბენი.

–ასე ცალ-ცალკე რატომ მოხვედით თუ შეთქმულებას მიწყობთ ცოლ-ქმარი? – სალომეს ოთახში შევუძეხი, თუმცა ნიკუშას გაოცებული სახე რომ დავინახე, მივხვდი, მანაც არაფერი იცოდა. მაგრამ მისი გამომეტყველება მხოლოდ მე ამოვიცანი. და იმასაც მივხვდი, რომ დიდ შარში გავები, რადგან რთული ამოსაცნობი არ ყოფილა სალომეს სტუმრობის მიზეზი, ამიტომ არც ერთს არ ვაცალე ხმის ამოღება და დავჭექე.

–მამაკაცები გვტოვებენ ქალებს. წადი, ნიკუშ, გაისეირნე და დაგირეკავთ, როგორც კი ქალბატონი სალომე გათავისუფლდება, – ნიკა მოულოდნელობისგან დაიბნა (ასე ემართებოდა ბავშვობიდან, მეც დრო ვიხელთე და ჩემთვის, თავისი გაბრაზებით ან რამე სხვა რეაქციით, გეგმების ჩაშლის საშუალება მოვუსპე), ამიტომ მექანიკურად დამემორჩილა.

–მე წავალ, სალო და გამოგივლი, როცა მეტყვი.

–იცი, კარი სადაცაა, გაიკეტე, გენაცვალე… – მივაძახე ნიკას.

–ეკა,რისთვის იყო მოსული ეგ ჩემი ქმარი, გული რომ გადაეშალა შენთვის?

–ცნობისთვის: სანამ შენი ქმარი გახდებოდა, მანამდეც ვიცნობდი, ასე რომ, მოვა, როცა უნდა, ისევე, როგორც შენ. არაფერიც არ უთქვამს, მე რა მესაქმება თქვენს ოჯახურ ამბებში? და რა უნდა ეთქვა? რამე ხდება?

–კარგი, ეგრე იყოს, რომ არ უთქვამს, მაშინ მე გეტყვი. შენი რჩევა მჭირდება.

–მე რომელი მრჩეველი მნახე?! რამე რომ ვიცოდე, საკუთარ თავს ვურჩევდი. ნუ მაცინებ!

–შენ არ გინდა და არ გაქვს, რაც არ გინდა. ვატყობ, რომ… რას ვატყობ, ზუსტად ვიცი, რომ ვიღაცასაა გადაკიდებული…

–სალომე, მერე? ფიქრობ, რომ წასვლას აპირებს? – ვითომ გაოცებულმა ვკითხე.

–არ ვიცი. ეკა, არ მგონია, მიმტკიცებს, მიყვარხარო.

–კაცები, თან, თუ დანაშაულზე წაუსწრებ, პატარა ბავშვებივით არიან, ოღონდ თავი გაიმართლონ და რას არ იტყვიან. ამიტომ რას ამბობს, არ არის მთავარი. მთავარია, როგორ იქცევა. და როგორ იქცევა?

–ნორმალურად თითქოს. მაგრამ ის ქალია არანორმალური. ასეთი არაფერი უტიფარი არაფერი მინახავს. ქმარიც ჰყავს, ოჯახი, ზრდასრული შვილები.

–უი, ყველა სიკეთესთან ერთად ბებერიც არის?! მე მეგონა, ნიკუშას უკეთესი გემოვნება ექნებოდა. მოიცა და, ნიკუშამ იცის, რომ შენ იცი?!

–შემთხვევით გავიგე, როგორც ხდება ხოლმე. ჯერ იუარა, მერე პატიება მთხოვა. დამპირდა, რომ გაწყვეტდა ამ ურთიერთობას. არც კი ვიცი, როგორ დამემართაო. მაგრამ ვგრძნობ. აი, ვგრძნობ, რომ ისევ ხვდება. მაგიჟებს ამაზე ფიქრი და ამიტომ სულ ვჩხუბობთ. მგონია, რომ ის ქალი აშანტაჟებს.

–შენც შეამოწმე ერთხელაც. დაიჭირე ფაქტზე და აცნობე ამის შესახებ იმ დედაკაცის ოჯახს. გაშანტაჟებს არა – იხვი. ნიკუშაც მყავს რა 15 წლის უბიწო გოგო. კაცია თუ ცარიელი ადგილი. ვინ უნდა დამაშანტაჟოს, თუ მე არ მინდა?!

–შენ არ იცნობ „თამარის“!!!

–თამარა ჰქვია?

– ჰო… ჯიბიდან გავარდნილია. ურეკავს გაუთავებლად, უგზავნის მესიჯებს. წარმოგიდგენია?!

–და ეს რას ამბობს?! რატომ არ ბლოკავს მის ნომერს. რატომ ელოლიავება?! ან თუ მოამთავრა ურთიერთობა, ის რატომღა აქვს ურთიერთობა?! ენა არ აქვს შენს ქმარს, რომ აუხსნას მამაპაპურად იმ შალავას, რომ უნდა დაახვიოს?!

–ეს მე მეჩხუბება, შენი ეჭვებით ჩვენს ურთიერთობას აფუჭებო.

–ლამაზო და მშვენიერო, არ გიფიქრია, საყვარელი გაგეჩინა?! ოღონდ შენს ქმარზე ჭკვიანურად უნდა მოიქცე. ვინმე ახალგაზრდა და ენერგიული შეარჩიე და თავში ქვაც უხლია ნიკუშას იმ თავის ბებრუხანასთან?! რას იშლი ნერვებს?! შეხედე საკითხს მსუბუქად.

–ეკა, მე რჩევა მინდა. შენ კიდევ…

–რა რჩევა გინდა, რომელი რჩევა?! რაც შენს ყურებს ესიამოვნება თუ რაც არის?! მე თუ არ მინდა, ვინმე დამირეკავს და მესიჯებს გამომიგზავნის კი არადა, კილომეტრის რადიუსში ვერ მომიახლოვდება! თუ ურეკავს და ურთიერთობს, ესე იგი, შენი ქმარი აძლევს ამის ნებას. ვერ უთხრა, მაშასადამე, გარკვევით, რაც საჭიროა, ან მოწონს ეს ურთიერთობა და აგრძელებს. სხვა რა ვარიანტია, რჩება კიდევ რამე?

– ეკა! კაცი ვერ მოიქცევა ისე, როგორც ქალი. კაცი ვერ ეტყვის ქალს იმას, რასაც ქალი ეტყვის კაცს.

–ჰოო, მართალი ხარ. კაცი ხომ ვერ იკადრებს, ქალს უთხრას, აღარ მინდიხარო. კაცი ორივე ქალთან იქნება მორიგეობით ან სამთან, ან ოთხთან, თუ მაგდენს გაქაჩავს, რა თქმა უნდა. თავგადასავლებით გაიმრავალფეროვნებს ცხოვრებას და მერე არაფრის თავი რომ არ ექნება და შენი მოსავლელი გახდება, გაიხსენებს, მე რომ კაზანოვას ნაჯვარი ვიყავი დონ ჟუანთანო…

–რა გავაკეთო?! მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ.

–მარტო დარჩენის გეშინია ანუ.

–პატარა ხომ არ ვარ?! მე თავიდან ვეღარაფერს დავიწყებ.

–მაშინ უნდა შეეგუო. დახუჭო თვალები და თავი მოიტყუო. თან, თუ გეუბნება, შენ მიყვარხარო, ბევრჯერ ათქმევინე ეს, ყურს მაინც ესიამოვნება. საჩუქრები აყიდინე, ბევრი ფული გამოართვი, ისიამოვნე ცხოვრებით. მასაჟი გაიკეთე, დაბოტოქსდი, არა – დაფილერდი, უფრო სანდოა, ვინმეს ეფლირტავე.

–არაფრის თავი აღარ მაქვს, არც სურვილი. გიჟივით სულ იმაზე ვფიქრობ, თუ ტელეფონს არ პასუხობს, რომ იმასთან არის. მგონია, რომ გავგიჟდები.

–ასე მართლა გააფრენ. მოანდომე შენს თავს რამე. არავინ მოვა შენი ცხოვრების გასალამაზებლად და გასახალისებლად. ეგ შენ უნდა გააკეთო. შენ კიდევ გაგიმართლა. წარმოიდგინე, უფულოც რომ იყოს ნიკუშა.

–უფულო არ იყო, რომ გავყევი?!

–ეგეც გენანება, ხომ, შენს ხელში რომ იქცა კაცად?!

–კი, უკან მინდა, წავართვა ყველაფერი. ისევ ნულზე რომ დარჩეს და ვნახავ ერთი, ვის მოუნდება.

–მერედა, წაართვი. გადმოიფორმე ყველაფერი და დატოვე მათხოვრად. ვნახოთ, ეგ ჩვენი „თამარისი“ რას იზამს, უფულო ნიკუშა თუ მიიზავს ისევ. და იქნებ მართლაც ჭეშმარიტი სიყვარულია,  მაშინ უფულო ნიკუშამაც უნდა აღაგზნოს ჩვენი „ქალღმერთი“?!

–როგორ, თორემ… მე ბიზნესის არაფერი გამეგება.

–ჰოდა, მაგრად მიგიქარავს, რომ არ გაგეგება. მერე ისწავლე, გაერკვიე. ხალხმა კვანტური ფიზიკა გაიგო და შენ ქართულ ბიზნესს ვერ გაუგებ?!

–არ შემიძლია.

–აბა, რა შეგიძლია?! ნერვები ითხარო ვიღაც შალავის გამო?! მგონი, ყველაზე სწორი იქნება, თუ არ შეიმჩნევ. ეგეთ შალავებს აცოცხლებს, როდესაც ამჩნევენ. ენერგია ემატებათ, შენ რომ ნერვიულობ. აღარ ინერვიულო. რამე უნდა მონახო გასართობი: სალონების მეტი რაა?! წველე და წველე შენს ქმარს ფულები და მიიღე სიამოვნება იმით, რომ ცოცხალი ხარ და ყოველდღე მზის ამოსვლას უყურებ, რომ შვილები ჯანმრთელები გყავს და ცოცხლები.

–რაღაც უნდა ვქნა. მოვიფიქრო. თორემ ასე გავგიჟდები.

–დიახ, გაგიჟდები და ხომ იცი, რომ საგიჟეთიც კი აღარ არის. ორი ვარიანტია: ან ეგუები, ან ეყრები. ჰო, მესამეცაა – შენც იჩენ საყვარელს, არა – საყვარლები ჯობია.

–მე ეგ არ შემიძლია.

–სცადე და არ გამოგივიდა?! აბა, რა იცი, რომ არ შეგიძლია?!

–ვიცი, რომ არ შემიძლია. სულელი ვარ ხომ?

–არა, ყველა თავისებურად ცხოვრობს. არავინ იცის, რა არის მეორისთვის უკეთესი. უნდა იპოვო შენთვის ოპტიმალური გამოსავალი, რომელშიც ყველაზე მშვიდად იქნები. ამაში კი ვერავინ დაგეხმარება საკუთარი თავის გარდა.

–მიყვარს შენთან ლაპარაკი. ვმშვიდდები ხოლმე.

–ოღონდ იცოდე, მე არ მიყვარს გაბმულად ერთსა და იმავე პრობლემაზე ლაპარაკი და ოხვრა. ნიკუშას ვეღარავინ შეცვლის, რა უხერხემლოც არის, ის დარჩება. მაგრამ შენ გამომიარე ხოლმე. ვიჭორაოთ. თუ გინდა, მასაჟზე დამპატიჟე – ნიკუშას ფულებით, რასაკვირველია და გაჩვენებ, როგორ უნდა გართობა.

–  ეგ იდეაა. ვქნათ ერთხელაც ეგ საქმე. მადლობა, რომ მომისმინე.

–მე რა მოგისმინე, სულ მე ვლაპარაკობდი, გაუჩერებლად?!

–მაინც მადლობა. ნიკუშას მივწერე და საცაა მოვა, გავუყვები მეც ნელ-ნელა.

–ჰო, აქ დგას უკვე მისი მანქანა. მგონი, არსად წასულა. სულ აქ იდგა. ჩაგაცილო? მოიცა, რა ხმაურია. ვინ ჩხუბობს?!

ლანას ხმაა. რა მოხდა?! ვის უყვირის ნეტავ?! ოო – ამასაც მოვესწარით…

(გაგრძელება მეთორმეტე ისტორიაში)

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები