ლიტერატურაყირამალა

მეთექვსმეტე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია მეთექვსმეტე

მოულოდნელი სანათესაო

(მოქმედი პირები: თეო, ბაგრატიჩი, ანუ ბაბუამისი და ლევანო, ირა–მირას ქმარი)

 – ესე იგი, ვიცნობ? თუმცა, ვისაც მეგონა გიცნობდით, საერთოდ არ მცნობიხართ და რაღა უნდა გამიკვირდეს… და ბებიამ იცის?

– აკი გითხარი, ამაზე ყველაფერი ვუამბე. იცის, მაგრამ მითხრა, საკმარისია, რაც ვიცი, მეტი არაფერი მაინტერესებს და არც არაფერი გამაგებინოო. ამიტომ არც სახელი უკითხავს და არც ამბით დაინტერესებულა. საერთოდ ამ თემაზე მას მერე არასდროს დაგვიძრავს კრინტი.

– არც ერთხელ?!

– არც ერთხელ…

– გადამრევს მე ეს ქალი!

– მეც… – ჩაგვერთო საუბარში ლევანოც.

– შენ რა ხმას იღებ – გამოყო კუმ ფეხი! და საერთოდ, ახლა შენთვის და შენი შალავასთვის არ მცალია, ხომ ხედავ! აახვიე, თუ ძმა ხარ და ცოლს გაუფრთხილდი! ირა ბებიაჩემი ნანული არ გეგონოს და არც მე დაგინდობ, აკი დაგპირდი!

– რა იყო, მაგდებ? – საცოდავი თვალებით შმომხედა ლევანომ.

– კი, და თან სასწრაფოდ! – ვთქვი უაპელაციოდ.

– ბაბუ, რა დაგემართა? სტუმარი სახლიდან დაითხოვო, გაუგონარი საქციელია! – აღშფოთდა ბაბუაჩემი.

– კაი რა, ბაგრატიჩ! გაუგონარი გამაგონე აგერ და მაცადე, გთხოვ – სანამ არ დაგკითხავ დაწვრილებით, რა მომასვენებს და უცხო ყურებს რაც ესმათ, ისიც ზედმეტია!

– წავალ მე, ბატონო სანდრო! მიყვარს თქვენთან საუბარი და ბევრს ვსწავლობდი და ვსწავლობ თქვენგან… – ლევანო წამოდგა…

– განსაკუთრებულად დღეს ისწავლიდი, ვატყობ მე!

– თეო, მე რას მერჩი? ეგ შენი ნათესავი მე კი არ გაგიჩალიჩე, მართლა და მართლა?!

– წადი, შე აბდალა და მოვიცლი მე შენთვის! ჩემს მეგობარს თბილი და ტკბილი სული დაჰბერე, თორემ იცი, იმედია, რასაც დაგპირდი – აგისრულებ! ნანულის შვილიშვილი ვარ, ბოლო ბოლო… – ვაჰ, ძლივს არ გავტენე! აბა, ბაბუ, დაჯდა და დაფქვა!

– გოგონა, რანაირად მეტყველებ! ქართულია ახლა ეს? თუ გაბრაზდი და იმიტომ მეუბნები ასე ოჩოქურთულად? – მისაყვედურა ბარგატიჩმა.

– ბაგრატიჩ! სანდრო ბატონო! უმორჩილესად გეაჯებით – დამდეთ პატივი და თქვენი ბულბულისებრი ქართულით ამოშაქრეთ, ვინ, სად, რა და რატომ. ასე უკეთესია? ადამიანო, გადამრიე და ახლა ითხოვ დალაგებულ საუბარს? მოყევი დანარჩენიც და ბარემ მოვწევ კიდევ ერთ ღერს. არაფერი მითხრა! აქამდე შენ თანდასწრებით არ ვეწეოდი! საერთოდაც, არ ვეწევი, თუ არავინ მანერვიანებს!

– კარგი, დამნაშავე ვარ! გასაგებია, მაგრამ თავს ამის გამო ნუ მოიშხამავ, ბაბუ! მე კიდევ, რა გითხრა! ტკივილიც ბევრი იყო და სიხარულიც ამ სიყვარულში. ორივე ერთნაირად მახსოვს და რომ შემძლებოდა, ამ გზას საჩემოდ არ დავიჩემებდი.

– დაგაძალა ვინმემ თუ?

– თეო, რა იცი შენ სიყვარულის? მით უფრო, აკრძალული სიყვარულის?!

– რა ვიცი, მე, მე არაფერი ვიცი…

– ჰოდა, ნუ განსჯი! საერთოდაც, რას გაუგებ სხვის ტკივილსა და გრძნობას! ეს ბებიაშენმა ზუსტად იცის! ბრძენი ქალია და ისწავლო მისგან უნდა. როცა გიყვარს, საკუთარ თავს არ ეკუთვნი. არ გახსოვს, რა არის სწორი და რა მრუდე. ვერ მართავ სურვილებს, ფიქრებს, საქციელს. და როცა ეს სიყვარული მოულოდნელი მეწყერივით დაგატყდება, როცა მანამდე ბედნიერი და მშვიდი იყავი, როცა არც არაფერი გეთმობა, რაც გაგაჩნია და ახალი ყველაფერს ყირამალა აყენებს… აი, მაშინ იწყება თავდავიწყება!

– პოეტი ხარ, მოკლედ…

– არა, იღბლიანი კაცი ვარ მე და თან, ძალიან უბედური! ორ ისეთ ქალს შემახვედრა ბედმა, ბევრს ასეთი ერთის გაცნობაც არ ღირსებია. მე ორივეს თავდავიწყებით ვუყვარდი და ორივემ დიდი სიხარული განმაცდევინა…

– და შენ ორივეს ატკინე… როგორც ყველა კაცმა! არადა, მეგონა განსხვავებული იყავი! მეგონა, არასდროს გააკეთებდი ისეთ რამეს, რაც სხვას დააზიანებდა. რამდენი რამე მეგონა, ხომ?

– ბაბუ, გამიგებდი მეგონა. რატომ არ გინდა მომისმინო…

– გისმენ, აბა რასაა რომ ვაკეთებ… დაიცა, ვუპასუხებ ტელეფონს…

– კი… არა… არა მეთქი! მერე აგიხსნი! ახლა არ მცალია, არც საღამოს მეცლება! არაფერი ისეთი – ოჯახური ამბებია! კარგი, დაგირეკავ. კარგი – არ დაგირეკავ… – გააგრძელე ბაბუ, ეს სამსახურიდან დამირეკეს…

– სამსახურიდან? კვირა დღეს? და ასე აბარებ ანგარიშს კოლეგებს? რა ვიცი, ჩემ დროს არ ვურეკავდით კვირაობით ერთმანეთს…

– ბაბუ, თემის შეცვლა თუ გინდა, არ ვიცი და ჩემი თანამშრომელია! ხოლო საქმემ კვირა და ორშაბათი არ ისიც, აი სიყვარულივითაა – უნდა და გირეკავს, საჭიროა და უნდა მიხედო! მერე, რა მოხდა მერე?

– მერე, მერე იმას შვილი ეყოლა. წასვლას რომ ვგეგმავდი – ფეხმძიმედ იყო. დედაშენი სამი წლის იყო, ბიძაშენი – ექვსის. მესამეც გოგო მყავდა. გვარი მივეცი.  დედაჩემის სახელი, დარიკო დავარქვით.

– დიდი დარიკოც გარიეთ ამ ბნელ საქმეში?

– დარიკო ისე გაიზარდა, ჩემთვის მამა არ დაუძახია, ასე რომ, არ გინდა, თეო. მე ჩემი მყოფნის.

– რატომ არ დაუძახია? არ ნახულობდი?

– ვნახულობდი. თვეში ერთხელ. ფული მიმქონდა, საჭირო რაც იყო ყველაფერი. მაგრამ დედამისმა არ ინდომა, რომ დარიკოს სცოდნოდა, მე ვინ ვიყავი. მერე უთხრა, მამაშენი მაღაროელი იყო და დაიღუპაო. მე მითხრა – შენ ჩემთვის იმ დღეს დაიღუპე, როცა ჩემზე და დარიკოზე უარი თქვიო. და შავები ჩაიცვა. და არც გაუხდია, სანამ არ გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. სიმსივნე აღმოაჩნდა და დაგვიანებული იყო. მეოთხე სტადიაში დაუდგინეს და ერთ თვეში წავიდა. არ მაპატია, ისე წავიდა. დარიკოსაც არაფერი უთხრა. არც მე ვეუბნები. უკვე შენხელა შვილი ჰყავს. ჩემი შვილიშვილი. არც იმან იცის არაფერი და ახლა უკვე არ ვიცი, სწორად ვიქცევი, რომ არ ვეუბნები? განა სამართალია, ასე ერთ ქალაქში ვიცხოვროთ და ერთმანეთს არ ვცნობდეთ?

– და რა გინდა? ბებიაჩემმა ხაბიზგინები დაუცხოს კვირაობით? თუ მე ყავაზე დავპატიჟო ხოლმე?

– ნანულიმ არა და შენ კი, მინდა! მინდა, ის მისცე, რაც მე დავაკელი!

– მაინც რა? – სიყვარული, თეო! სიყვარული დავაკელი მე მათ დედასა და ბებიას. ანიტა საოცარი ქალი იყო. ჩემს მეტი არავინ ჰყვარებია და არც გაუხარია უჩემოდ. ახლა მისი შთამომავალი მაინც უნდა გავახარო. თორემ იმ ქვეყნად არ მიმესვლება, ბაბუ. ვერ ვაპატიებ თავს და ანიტაც არ მაპატიებს. იქ მაინც ხომ უნდა შემოვირიგო?

– გადამრევთ მე თქვენ! იქ შემოირიგო, რა, ახლა საიქიოს აპირებ სამკუთხედების ხლართვას, თუ ფიქრობ ნანულის ფრთები წამოეზრდება იქ და სულ სხვანაირად შეხედავს შენს საქციელს?

– იქ ყველაფერი სხვანაირადაა, ბაბუ…

– და შენ რა იცი, ნეტა? აქაურის ვერაფერი გაგირკვევია და მე კიდევ სულ იმას ვიქადნი – მე რომ ბაბუა მყავს, ისეთი კაცი არ დაბადებულა… ახლა, სამაგალითოც არაფერი დამრჩება. და სრულად წამიხდება სრულიად საკაცეთზე წარმოდგენა…

– ჰო, შენ ჯერ ყველაფერი არ იცი, ბაბუ და რომ გეტყვი, მერე მართლა წაგიხდეს იქნებ ხასიათი…

– რაღა დამრჩა გასაგები? კიდევ გყავს შვილიშვილები, თუ ქონებას უტოვებ იმათ და მე მტოვებ უკაპიკოდ?

– სერიალებს ნუ უყურებ, ბაბუ! სისულელეა იქ და ცხოვრება ყველაზე მეტად საინტერესო და მოულოდნელი რეჟისორია. ისეთს ჩაახლაფორთებს, რომელი კინო მიედრება. წყალი დამალევინე, ყელი გამიშრა და გეტყვი, ბოლომდე მოგიყვები ყველაფერს… იმედია, სწორად გაიგებ და ცეცხლზე ნავთს არ დაასხამ, ამ ისედაც ცეცხლწაკიდებულ ისტორიას…

ეკას დილემა

(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)

რა უაზროდ დავეთანხმე, ამას ვინ ეკითხება ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სურათებს?! – ვფიქრობდი ჩემთვის და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. ასეთი იაღლიშები, როგორც წესი, არ მომდის ხოლმე. ვერ ვიტან უცერემონიო ტიპებს. თან, ასეთ თვითკმაყოფილებს, როგორიც ეს ლაშაა, – ამას ჩემთვის ვფიქრობდი, ხმამაღლა კი ხაზგასმულად ზრდილობიანად ვუთხარი:

–მობრძანდით.

–რა მყუდრო სახლი გქონია.

ჰო, კიდევ, ორგანულად ვერ ვიტან ფარისევლებს. ჩემი სახლი ემყუდროვა ბიჭს, თავისი სახლის პატრონს?! ან შენობით რას მელაპარკება, რომელი თავისი სიყრმის მეგობარი მანახა?! – ესეც, რა თქმა უნდა, ჩემთვის გავიფიქრე, ხმამაღლა კი დაუპატიჟებელ, არა – ძალით შემოჭრილ სტუმარს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივართვი: შენობით რატომ? დავმოყვრდით უკვე და მე ეს მნიშვნელოვანი ამბავი გამომეპარა მეხუთე და მეოთხე სართულებს შორის?

–მე ყველას შენობით ველაპარაკები. თქვენობით ხელოვნურია.

–მე არა, ძვირფასო! ხელოვნური კი არადა, ასე დისტანცია ნარჩუნდება და ყველამ თავისი ადგილი იცის.

–კარგი, ბატონო. იყოს თქვენობით.

–ჰოდა, მშვენიერია. მთელი ჩემი საგვარეულო ალბომის დათვალიერებას ინებებთ თუ მხოლოდ ბაბუაჩემის ერთი ფოტოთი დაიცხრობთ ცნობისმოყვარეობას?

–ასეთი დისტანციაც არ ვარგა.

–სახლი ჩემია და მე დავადგენ, რა ვარგა და რა – არა.

–მთელ ალბომს დავათვალიერებდი სიამოვნებით.

ჩემი საოჯახო ალბომი გადმოვიღე, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვათვალიერებ, იმიტომ რომ  სიამოვნება გამოვიზოგო. შუალედებს ვახანგრძლივებ, რომ შემდეგი ნახვა უფრო სასურველი და ემოციური იყოს.

–მაგრამ, მგონია, რომ აქ ჩემი იმქვეყნად დავანებული წინაპრების ფოტოების დასათვალიერებლად არ ჩამოსულხარ. რაკი ჩემი ოჯახი უნდა გაგაცნო, უკვე შენობითაც შეიძლება.

–მართლა მაინტერესებს. ბაბუას არ მოვსწრებივართ მე და ჩემი და, ბავშვობაში ამას ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, მეც მყოლოდა ბაბუა.

–აი, ესეც შოთა.

–სახელით რატომ?

–არასდროს დამიძახია მისთვის ბაბუა.

–რატომ?

–ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ, ამიტომ ადრევე გახდნენ ბებია-ბაბუა, ასე, 4 წლის ვიქნებოდი, სახლში ტელეფონმა დარეკა, მე ვუპასუხე. ბაბუაჩემი იყო, მითხრა, დედაშენს დაუძახეო. მე დავუძახე დედაჩემს და ვუთხარი, შოთა ბაბუაა-მეთქი. ბაბუაჩემმა სიცილით ჩაილაპარაკა, ვინ არის, გოგო, ბაბუაო. ახლა კი ვიცი, რომ გამეხუმრა, მაგრამ მაშინ ძალიან მეწყინა. ის დღე იყო და ის დღე, მისთვის ბაბუა არასდროს დამიძახია. სულ სახელით მივმართავდი, მაგრამ ძალიან კარგი კაცი იყო და ძალიან მიყვარდა.

–რა გულღრძო ყოფილხარ?!

–ალბათ, მაგრამ რაც ვარ, ეს ვარ.

–სიმპათიურია.

–საკმაოდ.

–აი, ეს ბებიჩემია.

–ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.

–საოცრად. 25 წლისაც არ იყვნენ, როდესაც ერთმანეთს გაშორდნენ. ამ საქმეში ჩემმა დიდმა ბებიამ, ბაბუაჩემის დედამ შეასრულა მთავარი როლი. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ქმარი 37-ში დაუხვრიტეს, თავისი 10 წლის შვილი ცოლიანი და ორშვილიანი დაუხვდა. ჰოდა, ბებიაჩემი შეიძულა და იმდენი მოახერხა, რომ დააშორა კიდეც ერთმანეთს. მაგრამ მთავარი ამბავი სხვაა – ამ ქმარგაყრილსა და ორშვილიან ბებიაჩემზე ისეთი ამბავი იყო, საქმროებს ვერ იგერიებდა. სულ მაგას ვდარდობ, ჩემთვისაც ესწავლებინა რამე, იქნებ მეც ბედს ვწეოდი, – ეს ვთქვი და ისეთი გადავიხარხარე, რომ ჩემი მოძალადე სტუმარი ლამის შეხტა.

–გარეგნულად ბებიას ჰგავხარ, მაგრამ ბებიაშენი ასეთი უხეში არ უნდა ყოფილიყო.

–ბებიაჩემი კლასიკური „ისტერიჩკა“ იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, რომ კაცებს მის გამო ტანზე შემოეხიათ. თან – ქვრივებსა და გაყრილებს კი არა, სულ უცოლო ყმაწვილებს. მოგწონთ ხომ ისტერიული ქალები?!

–ალბათ. ქალი ცოტა მოსულელო უნდა იყოს.

–და ასეთ ქალთან ცხოვრება მოსაწყენი არ არის?

–არა. მსუბუქია და მოულოდნელობების გარეშე. რა უნდა მოუვიდეს თავში ისეთი, რომ ვერ გამოიცნო?!

–ნუ იქნებით მთლად ასე გულდამშვიდებულიც. ქალები ხშირად თავს იშტერებენ, რომ ამ ნიღბით ისეთები ჩაიდინონ, მათი თავის თავში დარწმუნებულდი ქმრები თვით ყველაზე თამამ ფანტაზიაშიც რომ ვერ წარმოიდგენენ.

–რის თქმა გინდა?

–არაფრის, და შენ რატომ მოგხვდა გულზე?! რომელი გღალატობს, ცოლი თუ საყვარელი? თუ ორივე ერთად?!

–მე საყვარელი არ მყავს…

–რატომ? ცოლს, როგორც წესი, ერთ პაკეტში მოჰყვება ხოლმე საყვარელიც. ხომ გახსოვს ის გამონათქვამი: როდესაც კაცი ცუდადაა ის ეძებს ქალს, როდესაც კარგადაა – კიდევ ერთ ქალს. როგორც ვიცი, ლანასგან, საქმეები მშვენივრად მიგდით შენ და ზურას. ასე რომ, ლოგიკურად…

–შენ გყავს ქმარი?

–არა. ზედმეტად ჭკვიანი ვარ და ამიტომ ცოლის როლს ვერასდროს იმეტებენ ჩემთვის. ამიტომ სულ სათადარიგო მსახიობად ვარ ყოველ სპექტაკლში. არ ჩამოსულხარ აქ შენ ფოტოების დასათვალიერებლად. რა გინდა?

– ყოველთვის ასე პირდაპირ სვამ კითხვებს? არ გეჩვენება, რომ ამით უხერხულად აგრძნობინე თავს ადამიანს?

–არა, არ მეჩვენება. მაგრამ აი, ის კი მეჩვენება, რომ შენ მე ახლა მსუბუქად მეარშიყები. ამიტომ პირდაპირ გეტყვი, არანაირი გეგმები არ მაქვს შენთან დაკავშირებით. საერთოდაც, მე ჩემი პრინციპებით ვცხოვრობ, რომლებიც გამორიცხავს არშიყს ჩემს მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან და მათი ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით – ცოლიანებთან.

–მგონი, ცოლი მღალატობს.

–მე რატომ მეუბნები ამას?

–ქალის აზრი მაინტერესებს,  როგორ უნდა მიხვდე, რომ ქალი გღალატობს?

–მე დიდი კომპეტენციით ვერ დავიკვეხნი ამურულ საქმეებში, ეს ინდივიდუალურია. თუმცა, თუ ზოგადად, ეჭვიანი ადამიანი არ ხარ, მაგრამ უსიამოვნოდ გაგკრავს ეჭვი, იმ ეჭვს საფუძველი აუცილებლად ექნება.

–რას მირჩევ?

–ჩემი რჩევა რად გინდა. გადასარევად იცი, რაც უნდა გააკეთო. ის, თუ მოახერხე, ფული გეშოვა და ბიზნესი აგეწყო, რამენაირად იმდენსაც მოახერხებ, რომ რქები არ დაიდგა. მაგრამ რა ვიცი, აბა, სულელი ქალები მომწონსო და სულელ ქალს ჭკუა როდის იყო, მოეკითხებოდა?! იქნება და, შეაცდინა ვინმემ?!

–ზურას დაბადების დღეზე მოხვალ?

–თუ დამპატიჟეს, მოვალ.

–ჩემს ცოლს გაგაცნობ.

–მე ვიცნობ შენს ცოლს. ლანამ გავაცნო. და, რაკი გული ასე გადამიშალე, ეგ ცოლად რამ მოგაყვანინა?

–შენი საქმე არ არის.

–ვაჰ, იმას მარჩევინებ, ცოლმა გიღალატა თუ არა და ეს ჩემი საქმე არ არის?! მოკლედ, მეგობარო, გულგატეხილი ქმრების დამშვიდება ჩემი საქმე არ არის. სადმე სხვაგან იქვითინე. სეანსი დასრულებულია. მეჩქარება. სასაფლაოზე უნდა გავიდე.

–შევხვდებით ზურას დაბადების დღეზე.

ლაშა გავაცილე და ჩემთვის ვიფქრობდი, არა, რა, ერთი ის ვერ გავიგე, როგორ შოულობენ უზნეო მამაკაცები ფულს და მეორე – როგორ შოულობენ უზნეო ქალები მამაკაცებს. ვინმე ხელს წამაშველებდეს, რომ ეს ამოვიცნო და თუ გინდა, დილამდე მეარშიყოს!

(გაგრძელება მეჩვიდმეტე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *