ლიტერატურაყირამალა

მეთხუთმეტე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

წინასიტყვაობა: რატომღაც, გვგონია, რომ ჩვენი მშობლები, მშობლებსაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ბებია–ბაბუები იდეალურები არიან, მათთვის ღალატიც უცხოა, გაორებაც, ტყუილიც და შავბნელი საქმეებიც… როგორ იქცევა შვილიშვილი, რომელიც თავის ბაბუას აღმერთებს და მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მთელი ცხოვრება ერთ დიდსა და გაბმულ ტყუილში უცხოვრია? უფრო მეტიც – შესწრებიხართ, როგორ იწყება ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავად მათ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად დაიწერა ჩვენი მეთხუთმეტე ისტორია…

ანუ როგორ ღალატობდნენ მაშინ და როგორ ვღალატობთ ახლა?!

ისტორია მეთხუთმეტე

ბაბუის საყვარელი

(მოქმედი პირები: თეო, თეოს ბაბუა ბაგრატიჩი, ანუ ბატონი სანდრო და ლევანო)

მეზობელი არა? – ლევანომ მომაკვდინებელი მზერა მესროლასავით და საზურგეს მიეყრდნო. ხმა თითქოს მეცნო, მაგრამ იმდენად დავიბენი, ვერ მივხვდი, ვინ შემოაღო კარი. ზურაა?! ვაი და, ზურაა…

–ბაბუ, ხმას რატომ არ მცემ?

–ბაგრატიჩ! – ლევანო ფეხზე წამოფრინდა და ჯარისკაცივით, პოსტზე გენერალს რომ გადაეყრება უდროო დროს, ისე გაიჭიმა და თან, დაპატარავდა: ბატონო სანდრო, თქვენ ბრძანდებით?

–აბა, ვის ელოდებოდით? ბაბუ, კარი ღია გაქვს, ხმას არ მცემ, ხომ კარგად ხარ? გამომართვი, ეს ბებიაშენმა დილაუთენია დააცხო და არ მომასვენა, აუტანე, თვითონ მაინც არ ჩამოვა და ბოლოს, ნეტა, როდის ჭამა სახლში დამცხვავარი ხაბიძგინებიო… ბაბუ, ეს ცარიელა ჩაი რომ დაგიდგამს სუფრაზე, მარცხვენ?

–10 წუთია, რაც მოვიდა და…

–გოგონა, სად გაიზარდე შენ?! 10 წუთში ბებიაშენი ნანული ათი კაცის სუფრას შლიდა. კიდევ ათ წუთში – ასისას!

–თქვენს სახლში, პატივცემულო ბაბუავ ჩემო, ოთხი დამხმარე ქალი ტრიალებდა, სამი მაცივარი გაძეძგილი ძლივს იღებოდა და ოთხი გაზქურა არ ქრებოდა. მასე გინდა, ხომ დავემსგავსო ბებას? მე ყველაფერი სათითაოდ მაქვს და დამხმარე კიდევ საერთოდ არ მყოლია…

–ჰო, ის დრო წავიდა, ბაბუ, მაგრამ სტუმარი სტუმარია და მიდი, ამოალაგე, რაც მოვიტანე, რაკი სახლში ერთ მაცივარშიც არაფერია! ახლა შენ მიპასუხე, ყმაწვილო, კვირა დილას რას აკეთებ აქ? სახლში მშვიდობაა?

–მშვიდობა, აბა! მაგის ხელში როდის იყო, ნეტა, მშვიდობა!

–გოგონა, მიხედე სუფრას, კაცები გავარკვევთ! ლევან, აბა გადაიღე შვილო, მარტო ჩაი რა კაცის საკადრისია და მითხარი, რა გაწუხებს. სახეზე გაწერია, მთლად კარგად ვერ უნდა გრძნობდე თავს…

–ეჰ, ბაგრატიჩ, ბატონო სანდრო…ცუდ დღეში ვარ და გამოსავალსაც ვერ ვპოულობ. თეოსთან ამიტომ მოვედი, მაგრამ…

–თეოს დასახმარებლად გაქვს, ბაბუ, საქმე? ეს გოგო იქით მყავს მისახედი და ასეთი რა გაგჭირვებია?

=ქალების ამბავია, ბაბუ და მიხვდი ახლა!

–მერე, ქალების ამბავში შენი დახმარება უნდა? ვერაფერი გავიგე და, ნუ დამაბნიეთ მოხუცი…

–ბაბუ, სამკუთხედში ცხოვრობს ეს ბედოვლათი და ვერც გამოდის, არც შედის და ირას რომ რამე დაემართოს, დავპირდი, რომ მივგუდავ!

–ირას რატომ უნდა დაემართოს რამე? რავა, ლევან, შვილო, ცოლმა გაიგო, რასაც მაიმუნობ, თუ? ჰო, ეგ ვერ დაგმართნია კაი ამბავი! ასე როგორ უნდა შეგეშალოს კაცს, ცოლის ყურამდე მივიდეს საქმე?!

–ბაბუ, შენ რასაა ახლა რომ ამბობ?! მიდი, გამოტყდი აწი, ბებას ღალატობდი?! არ არსებობს!  ქალბატონი ნანული ღრმად დარწმუნებულია, რომ არასდროს გაგიხედავს სხვისკენ.

–ასეც უნდა იყოს, ბაბუ! აბა, ცოლია ის ჩემი და ჩემი შვილების დედაა! ვინ აკადრებს სხვას და წყენას! ოჯახის ღალატი – სამშობლოს ღალატზე ნაკლები არ არის! და კაცი თუ ხარ, არ უნდა იკადრო!

–ხან ისე ჭრი და ხან ასე კერავ! მაინც ვერ გავიგე, რის თქმა გინდა?!

–ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო! ჭამე, ბაბუ, ცხელია და გემრიელია. ასეთ ხაბიზგინებს ყაზბეგშიც ვერავინ აცხობს! თქმით კიდე, იმას ვამბობ, რომ ცხოვრება ჭრელია და კაცის გული მჩატეა! თვალებით უყვარს კაცს და ეს ოხერი თვალი კიდევ ვერა და ვერ ძღება! აბა, რა გინდა გააკეთო, როცა ლამაზი ქალი გიღიმის? თვალებს ხომ არ დაითხრი? მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს, რომ სახლში ყველაზე ლამაზი გყავს და მისი ღიმილია მთავარი.

–ბაგრატიჩ, მეც დამაბნიეთ. ეგ კარგია, მაგრამ თუკი მჩატეა ეს გული და თვალი – ოხერია, როგორ უნდა დაიძვრინო თავი ახალგაზრდა კაცმა? დავიჯერო, მარტო თვალი გეპარებოდათ სხვისკენ?

–მერე ვინ გითხრა, დაიჯერეო!?

– ბაბუ?!

–რა იყო, გოგონა, დიდი ხარ უკვე და არაფერია აქ გასაოცარი! ქალი სხვადასხვანაირია ამ ქვეყანაზე. ზოგი ცოლი შეიძლება იყოს, ზოგი მხოლოდ საყვარელი. არიან ქალები – ერთი შეხვედრაც ყელში ამოგივა და ისეთი ქალებიც არიან, ვისაც თავმოყვარე კაცი არც უნდა გაეკაროს. მაგრამ, თუკი შეგხვდა ისეთი ქალი, რომელიც ცოლი შეიძლება იყოს და უკვე ცოლი გყავს – აი, ეს არის კაცისთვის ყველაზე დიდი გამოცდა.

–ბაბუ, რაღაცას მალავ ახლა შენ, თუ …

–ვმალავ ბაბუ, წლებია, ვმალავ და იქნებ დროა, გითხრა და ცოტა გულზეც მომეშვება.

–ამ დილისთვის ცოტა ბევრი ხომ არ არის ამდენი აღსარება. დამაცადე, დავჯდები და ერთი ყლუპი ყავა მაცადეთ, თორემ …

–არაფერია, აწი, ბაბუ, სანერვიულო. მე და ბებიაშენი იმდენი ხანია, ერთად ვართ, იმქვეყნადაც ვერ დაგვაშორებენ. მაგრამ იყო დრო, კინაღამ ჩემი ნებით დავშორდი და სხვასთან წავედი. მაგრამ, ნანული ბრძენი ქალია და არ გამიშვა.

–ნანულიმ იცის?!

–აბა, ცოლს ამას როგორ გამოაპარებ?

– მოიცა, ბაგრატიჩ! წეღან არ ამბობდი – ცოლმა ეს არ უნდა გაიგოსო?

–მე სხვა ქალების არსებობაზე ვამბობდი. ეგ არც გაუგია. მაგრამ, როცა შემხვდა ის ქალი, რომელიც ცოლი შეიძლება ყოფილიყო…

–ბაბუ, რას ნიშნავს, ეს  – ცოლი შეიძლება ყოფილიყო?

–იმას, რომ არიან ქალები, შენთვის შექმნილი! აი, როგორც ნანულია და ისიც ასეთია. იყო, უფრო ზუსტად. და გულს ვერაფერი მოვუხერხე! ნანულის ვუთხარი – მიყვარს! როგორც შენ, ისიც ისე მიყვარს! როგორც გადაწყვეტ, ისე მოვიქცევი!

–რას არ გაიგებს კაცი! მე კი მეგონა, სამაგალითო ბებია-ბაბუა მყავდით..

–და მერე რით არ ვართ სამაგალითო? იცი, ბებიაშენმა რა მითხრა? სანდრო ბაგრატას ძევ, ამ სახლიდან ნაბიჯის გადადგმას გაბედავ და დანას ზურგში დაგაყოლებ. მერე, რომ დავრწმუნდები, ნამდვილად გამოგასალმე სიცოცხლეს, გვერდით მოგიწვები და საიქიოშიც გამოგყვებიო. სანამ მე ცოცხალი ვარ, სხვა ქალი არ იარსებებსო!

–სპასობნია, ბებია! მახევეა, მაგკლავდა, მააშ!

–შენ ხუმრობ და, იზამდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ზუსტად ის მითხრა, რის გაგონებაც მჭირდებოდა! როცა ქალს ისე უყვარხარ, რომ შეუძლია მოგკლას, ოღონდ არ დაგკარგოს, საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობ. და როცა საკუთარი თავი გიყვარს – სხვის სიყვარულს ვეღარ ღალატობ. ვერც ვეღარაფერს ღალატობ…

–მერე, ბაგრატიჩ, ის მეორე?

–ის მეორეც მიყვარდა. მას მერეც. მაგრამ სახლიდან წასვლა აღარ მიცდია. მიუხედავად იმისა, რომ შვილი იქაც მყავდა.

–ბაბუ! რასაა, რომ ამბობ, შვილი გყავს სხვისგან?

–კი, ბაბუ. და შენი ტოლი შვილიშვილიც…

– უნამუსო ვიყო, მიმიქარავს ეს თურქული სერიალები! მე უნდა დავლიო და თქვენი არ ვიცი! – სამზარეულოს ზედა თაროს მივწვდი, ზურას ჩამოტანილი „ჯეკ დანიელსი“ გადმოვიღე და ვისკის გაბერილ ჭიქაში ჩამოვისხი. მერე უხმოდ ამოვაცალე ლევანოს ჯიბიდან სიგარეტი და, ასევე, უხმოდ მოვუკიდე…

–იქნებ მითხრა ვინ არის? ან იქნებ ვიცნობ კიდეც.

– იქნებ იცნობ კიდეც, ბაბუ…

ეძებე ქალი

(მოქმედი პირები: ზურა, ლანა, ლანას ძმა და ზურას სიძე, ანუ ლაშა და ეკა)

მე კი ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გეგმა ჩემმა მოულოდნელმა სტუმარმა ჩამიშალა. კარი გავაღე და ლაშა შემრჩა ხელში.

–სად მიდიხარ, ზურა? საქმე მაქვს შენთან, ოღონდ მარტო უნდა ველაპარაკო, ლანუკა დაგვტოვე.

–ხომ მშვიდობაა? – იკითხა ლანამ.

–კი, კი, – ნაჩქარევად უპასუხა ლაშამ.

–მაშინ მე ეკასთან ჩავალ და რომ დაამთავრებთ საუბარს, დამირეკეთ. თუ სახლიდან მაგდებთ, ყავაც თვითონ მოიდუღეთ. ასეთი პასუხი ლანასგან იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მე და ლაშამ ერთმანეთს შევხედეთ.

ლაშა მისაღებ ოთახში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა, მეც შევყევი. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. ჩემი ცოლისძმა დაძაბული იყო. მეც; გასაგებია, რომ მე მიზეზი მქონდა.

–მიტყდება, მაგრამ შენ გარდა ვერავის ვეტყვი. ქეთა სალონში წავიდა და ეგრევე შენთან გამოვვარდი. ბიჭო, რა ხდება, იცი, დაცვამ მითხრა, თქვენთან ვიღაც კაცი მოვიდაო. ახალია და სახეზე არ იცნობს არავის, ნუ, მიმსვლელ-მომსვლელს, რა.  კაროჩე, თქვენმა ცოლმა დამირეკა და მითხრა, რომ თქვენთან სტუმარი მოვიდოდა და შემომეშვა ზედმეტი კითხვების გარეშე. მერე თქვენც მოხვედით, ის სტუმარი კიდევ წავიდაო, თქვენი მოსვლის შემდეგო. არადა, სახლში არავინ ყოფილა, რომ მივედი. თან, ზარიც არ დამირეკავს, ისე შევედი. ვინმე რომ ყოფილიყო, როგორ ვერ შევამჩნევდი, კვერცხი ხომ არ ვარ?!

–ქეთას არ ჰკითხე?

–რა უნდა მეკითხა?! სად დამალე საყვარელი-მეთქი?!

–კაი, რა ეგრევე საყვარელი.

–აბა, ბავშვობის მეგობარი?!

–არ ვიცი, მარა იმ დაცვას ეშლება იქნება.

–კაროჩე, არ ვიცი. ვიცი, რომ რაღაც არ მომწონს და ცოცხალი ვერ გადამირჩება. ისევ იმ წუმპეში ვუკრავ თავს, საიდანაც ამოვათრიე!!!

–რას აპირებ?

–რას ვაპირებ და დეტექტივს დავიქირავებ და გველივით გავუჭეჭყავ თავს, თუ რამე. დაგეწვა ხელი, ჩააფერფლე, – მე ჩემი გამჭირვებოდა და სულ დამავიწყდა, რომ ხელში სიგარეტი მეჭირა. ჩავაფერფლე და შევეცადე, მშვიდი გამომეტყველება მიმეღო. ისიც კი ვიფიქრე, ვეტყვი, როგორც იყო, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. ლაშა ის კაცი არ იყო, ბოლომდე მოესმინა და სწორიც იქნებოდა. ეგრევე უნდა გავსულიყავი წუხელ, მოვიდა თუ არა. მაგარი უტრაკო ვარ, მაგრამ ხმამაღლა ეს ვთქვი: დეტექტივი ღირს ვითომ?

–ღირს?! აბა, თუ რქიანი ვარ და არ ვიცი, შემომაკვდება! შენ რამე ხომ არ შეგიმჩნევია?

– რა უნდა შემემჩნია…

–რა ვიცი, მაგრამ ამასხა. მოკლედ, შენც დააკვირდი, რა.

–კაი, ძმა. სულ ეგ იყო?

–ჰოოო. ლანა ამოვიდეს. მაგასთან არაფერი წამოგცდეს, ისედაც ვერ იტანს ქეთას. არ იმჩნევს, მაგრამ მოხარშულს ვიცნობ, ქეთაზე ალერგია აქვს.

–რა უნდა წამომცდეს?!

ლანა მარტო არ ამოსულა, ეკაც ამოიყოლა.

–ეს ეკაა, ჩვენი მეზობელი. ეს ლაშაა, ლანას ძმა, – ახლაღა მივხვდი, რომ ეკა და ლაშა არ იცნობდნენ ერთმანეთს.

–ვაჰ, ეს ვარდი ქმარმა მოგართვა? – ეკა ვარდისკენ დაიხარა.

–მართლა, ვაა, შენ რომანტიკოსი გახდი, სიძე! – აჰყვა ლაშაც.

–გეყოფათ ახლა, – ჩემთვის უხერხული სიტუაცია ისევ ლანამ განმუხტა. წუხელ დიდი ჩხუბი ყოფილა და ეკას ეგონა, მე ვჩხუბობდი, გაიცინა ლანამ და მითხრა, ხომ გეჩქარებოდა, გადაიფიქრე?

–არა, მაინც დამაგვიანდა და მერე წავალ, – ლაშა ისე იყო გართული თავის ფიქრებში, რომ არც კი უკითხავს, სად მეჩქარებოდა.

–ჩვენ სამზარეულოში გავალთ. თქვენ ილაპარაკეთ.

–არა, დარჩით თქვენც, – იუარა ლაშამ და უცებ მივხვდი, რომ ეკას უცნაურად უყურებდა. ისე, ეკა თვითონაც უცნაურია და ქეთას სრული ანტიპოდი. ასე რომ, ლაშასთვის ახლა ეკასნაირი ქალი მისწრება იქნებოდა.

–მე და ეკა ვაპირებთ, გავაკეთოთ სახის კრემი… – საზეიმოდ წარმოქთვა ლანამ.

–რა უნდა გააკეთოთ?! შენი ქმარი გაძუნწდა?! ბიჭო, დას მიჩაგრავ?

–არა, ეკამ მითხრა, ვცადოთო. გავერთობით.

–ბებიაჩემი მიმზადებდა ხოლმე სახის კრემებს. მეხვეწებოდა, გასწავლიო და მე თავიდან ვიშორებდი. დღეს ბაბუაჩემის გარდაცვალების დღეა და…

–და ბაბუის გარდაცვალების დღეს ბებიას რატომ იგონებთ? – უცებ იკითხა ლაშამ.

–ოო, ეს დიდი ისტორიაა და ტრაგიკული. სხვა დროს მოგიყვებით. ბაბუაჩემი საოცარი კაცი იყო, ჰქონდა ბევრი ფული, მოსწონდა ქალები, იყო დაუჯერებლად ხელგაშლილი, უყვარდა ყველას, ჰქონდა ყველაფერი და ამავე დროს არ ჰქონდა არაფერი და იყო საოცრად უბედური.

–და ბებია რას ამბობდა ბაბუის ქალებზე? – ისევ იკითხა ლაშამ.

–გაყრილები იყვნენ. ასე რომ, არც არაფერს ამბობდა.

–ვაა, გაყრილები მაშინ?! – ლაშა იმდენს ლაპარაკობდა, ვერ ვცნობდი.

–გაყრა დანაშაულია?! – ეკამ ცალი წარბი აწია.

–არა, რატომ არის დანაშაული, უბრალოდ გამიკვირდა. ბაბუის სურათი გაქვთ?

მე და ლანამ, გაკვირვებულებმა, ერთდროულად შევხედეთ ლაშას.

–ბაბუის სურათი არ მექნება?!

–მაჩვენებთ?! ბებიის სურათიც მაინტერესებს.

აქ უკვე ეკაც დაიბნა მოულოდნელობისგან, – გაჩვენებთ. ახლა გნებავთ?

–დიახ, თუ არ შეწუხდებით.

ლაშა და ეკა რომ გავიდნენ, მე და ლანა ისევ ერთმანეთს ვუყურებდით. ტელეფონის ხმამ გამოგვაფხიზლა: ლაშას ტელეფონი დარჩენოდა. ქეთა ურეკავდა…

(გაგრძელება მეთექვსმეტე ისტორიაში)

 

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *