ლიტერატურაქალი და მამაკაციყირამალა

მეოთხე ისტორია – ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

წინასიტყვაობა: ამ ცოდვილ მიწაზე მხოლოდ სასიყვარულო სამკუთხედები რომ არსებობდეს, ამას კიდევ მოვინელებდით რამენაირად, მაგრამ არც “ოთხკუთხედებია” გამონაკლისი. მეოთხე ისტორიაში ორ ახალ პერსონაჟს გავიცნობთ – ჯონდო-ჯამლეთას, გამოუსწორებელ გოთვერანსა და თეოზე მეოცნებეს და ლანას, ამ ჩვენი თეოს საყვარელი ზურას ცოლს, რომელსაც თავისი ზურიკო ყველაფერს ურჩევნია.

ნუ რატომ ხუჭავენ ღალატზე თვალს ქალები და არც თუ იშვიათად – მამაკაცებიც?!

ისტორია მეოთხე

„სხვა კაცი“, ანუ სასიყვარულო ოთხკუთხედი

(მოქმედი პირი: ჯონდო-ჯამლეთა, გოთვერანი და თეოზე უგზოუკვლოდ და უიმედოდ შეყვარებული)

ეს ქალი ჩემთვის მინდა! ზუსტად ეს მჭირს, დავინახე თუ არა თეო, იმ დღიდან ასე ვფიქრობ. არადა, როდის დავინახე?! მაშინ პირველ კურსზე ვიყავი, ეს – მეორეზე. ჩემზე ორი წლით უფროსია, მაგრამ მაშინ ჩემზე უმცროსიც კი მეგონა. სტუდენტურ კაფეში ლიზიკოს ცხელი ყავა გადავასხი. შემთხვევით, რა თქმა უნდა. ისეთი ამომხედა, ჯობდა, მეორეც მჭეროდა ხელში და იქვე, უხმოდ გადამესხა თავზე. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ეს მზერა მახსოვს.

მერე იმდენ ხანს დავყვებოდი უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეორეში, მეორიდან – მეექვსეში, მეექვსიდან – კაფეში და მერე სამხედრო კორპუსშიც, რომ ერთხელაც გაჩერდა, მოტრიალდა, გოგონებს გამოეყო და დამცინავი ღიმილით დაოინჯი შემოიყარა:

–მეტი ყავა არ გაქვს, რომ გადამავლო?! რას დამყვები კუდში, მოდი და გამეცანი, კი არ ვიკბინები, ადამიანო.

–ვიცი.

–რა იცი, რომ დამყვები, თუ ის, რომ არ ვიკბინები? – მერე აკისკისდა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

მეგობრობას ეგ უძახდა და დღემდე აგრძელებს, თორემ აკი ვთქვი – პირველი დღიდან და იმ მდუღარე ყავის გადავლებიდან მოყოლებული, დავიჩემე. ხოლო მე რასაც დავიჩემებ… მაინც ამოვთხრი. რა აღარ ვცადე ამ წლების განმავლობაში, არაფერმა გაჭრა. ცოლიც კი მოვიყვანე ამის ჯინაზე – ისე გაიხარა! სულელია, თუ მე მასულელებს, ხანდახან მართლა ვერ ვხვდები. ქორწილში გამოცხადდა, საჩუქარი მოგვართვა და მერე, როგორც იცის, ყირამალა დადგა! იცეკვა და იკისკისა, გადარია ჩემი ბიჭები და ჩემი ცოლიც ზედ მიაყოლა. მას მერე, სანამ არ გავშორდი, ამის ხსენებაზე სულ ცხვირს იბზუებდა – ეგ არ გამაგონო და მით უფრო, არ დამანახვოო!

ქალებს, ისე, მაგარი ინტუიცია კი აქვთ. ხომ არც არაფერი იცოდა ჩემმა კნეინამ ან რა უნდა სცოდნოდა, სეირნობისა და ცეკვის გარდა ხელზე ხელიც არ წამიტანებია არასდროს, მაინც უცბად ამოიჩემა და აიკვიატა – არ მომწონს მე ეს შენი „დაქალოჩკა“ და ქალის და კაცის მეგობრობა არ გამიგია მეო.

ამაში კი მართალი იყო! მაგრამ საქმეს სჭირდება და ახლაც განვაგრძობ ამ სულელურ თამაშს. რამდენჯერმე კი ვცადე, ხან მთვრალმა და ხან ფხიზელმა, მაგრამ გზა ეგრევე გადამიკეტა და ან მეგობრებად დავრჩებით და ან „დავაი, დასვიდანიაო“. ჰოდა, უკვე მეც პრინციპულად უნდა გავჟიმო. მორჩა და გათავდა. ამდენი წელია, მაწვალა და მერე ადგა, ამ ზურიკელას არ მისცა?! ისე ინაზება, ვითომ არაფერიო და რას გამომაპარებდა?! ყველა ქალი ბოზია, მთავარია, ეს არავინ გაიგოს და ისეთ ყირამალას გაჭიმავენ?!.. სამაგიეროდ, შენთან უმწიკვლოსა და უკარებას ითამაშებს. ითამაშოს, სადამდე ეყოფა, ვნახავ ერთი. მაგრამ, სანამ თვითონ არ შემეხვეწება, და კისერზე არ დამეკიდება, მანამ ვაცდი. ცოტაღა დამრჩა. მერე ვნახოთ. ზურიკელას, „სექენდ ჰენდს“ რაც ეკუთვნის, ზუსტად იმას მივართმევ! არ უნდოდა, რასაც ვთავაზობდი – ახლა მიყუროს, რასაც გამოჰკრავს ხელს. მეგობრობა არა, ორში – გრძელი…

ისე, ეს ზურაბას ცოლიც კაი შტერი დედაკაცია. ამდენი ხანია, მის ცხვირწინ ჟიმაობენ  და ვერაფერს ხედავს. ისე იქცევა, თითქოს მის მეუღლეს მასზე ამოსდის მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც. ისე, ხომ არ „დავუზვანოკო“ ერთი? სახლში ერთი ხარისხიანი სკანდალი რომ გამოუცხოს ამ პიჟონს.

არა, მაინც რა მოეწონა? რატომ მამჯობინა ვითომ ეს ქლესა ესა. დადის და ვითომ კაი ტიპია. ძმაო, და ჭირიმე შენით, მხვდება. რა ჩემი ძმა შენ ხარ, შენი დედაც…

ყველა ქალს ერთი და იგივე ხიბლავს: მანქანა, “პაეზდკები“, ჭინჭები. ასეა. ამ პიჟონს კიდევ გაუმართლა. ამხელა ბიზნესი აუწყო ცოლის ძმამ. ჰოდა, ამ ცოლს ახლა თბილი ნიავი უბეროს  უნდა. ეს ჩემი ტუტუცი ქალბატონი თეო კიდევ ფიქრობს, რომ ცოლს მიატოვებს და მასთან გამოიქცევა… არა, რა, ქალის ჭკუა თხამ შეჭამა, ზუსტი ნათქვამია!

ცოლი, ანუ სასიყვარულო სამკუთხედში

(მოქმედი პირები: ლანა, ზურას ცოლი, თავის ქმარზე გულშევარდნილი და ზურა, ლანას ქმარი და თეოს საყვარელი, მათ შორის გახლართული)

საღამოები მიყვარს, ყველა რომ სახლშია: ბავშვები თავისთვის ზუზუნებენ, ზურა კი ტახტზეა წამოწოლილი, ვითომ ტელევიზორს უყურებს (ტელევიზორი სულ ჩართული უნდა იყოს, ასე უყვარს) და შიგადაშიგ ჩაეძინება ხოლმე. თუ თავი ცუდად უდევს, ხვრინავს, შიგადაშიგ კი ფშვინვას გამოურევს. ძალიან მშვიდად ვარ ასეთ დროს. არაფრით იფარებს წამოწოლილი, მე კიდევ სულ მეშინია, რომ გაცივდება. ავადმყოფობის, როგორც ყველა კაცს, მასაც პანიკურად ეშინია. არც კითხულობს, რა წამალს ასმევ, შოშიასავით გიღებს პირს. ამიტომაც ვეხუმრები, საწამლავი რომ მოგაწოდო, იმასაც დალევ-მეთქი.

ასეთ ოჯახზე ვოცნებობდი ბაშვობიდან: სიმშვიდესა და დაცულობაზე, რომ მარტო არასდროს დავრჩებოდი. ზურა რომ არა, ასე მგონია, ბავშვებს ვერც კი გავზრდიდი – მისი იმედი ყოველთვის და ყველაფერში მაქვს. ძალიან კარგი მამაა, ხანდახან მგონია, ბავშვებს ის უფრო უყვართ, ვიდრე მე. უყვარდეთ, კარგიცაა. ზურამ ჩემ გარეშეც რომ გაძლოს, ამათ გარეშე ხომ მაინც ვერ იცოცხლებს?! ღმერთო, რა სისულელეებს ვამბობ – ჩემ გარეშე როგორ უნდა გაძლოს, ისიც კი არ იცის, რამდენ შაქარს იყრის ჩაიში ან სად დევს მისი წინდები?! ან მე როგორ გავძლებ მის გარეშე?! ფუი ეშმაკს – ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.

რომ დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, აი, ასეთი კაცის ცოლი მინდა ვიყო-მეთქი. დახვეწილი მანერები აქვს. კარგა ხანს მეგონა, რომ გინება უბრალოდ არ იცოდა. ისე საინტერესოდ ლაპარაკობდა, სულ მინდოდა, მესმინა მისთვის. ახლაც მიყვარს, რომ ლაპარაკობს, მისი ხმა მაწყნარებს. ხმაც ისეთი სასიამოვნო აქვს – დაბალი, ხავერდოვანი. ვერ ვიტან, კაცს რომ წკავწკავა ხმა ამოსდის პირიდან.

რაღაც არათანაბრად სუნთქავს – ძალიან ბევრს ეწევა ამ ბოლო დროს. რაღაცაზე ნერვიულობს, აშკარაა, მაგრამ მიმალავს… მიფრთხილდება, ვიცი. მაგრამ რაზე უნდა ნერვიულობდეს?! ბიზნესის საქმე კარგად მისდის, ჩემს ძმას ვერაფერს ვამჩნევ, ის კი მეტყოდა, რამე პრობლემა რომ ჰქონდეთ. მე მეტყოდა, აბა, სხვას – ვის?! უვარგისი ცოლი შეხვდა, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს და იმაზეა გამეცადინებული, ჩემს ძმას, რაც შეიძლება, მეტი ფული დასცინცლოს. კი, ვიცი, ვიცი, ჩემი ძმა მისი ქმარია… სუფთა ქუჩის ქალია – აშკარად ჯადოს უკეთებს. ჩემი ძმა თავის თავს არ ჰგავს, იმ ძუკნას რომ ხედავს. ისე დაჰკანკალებს თავზე, თითქოს ბროლის იყოს ის კახპა. ისიც რა უსიცხვილოა?! ისე დაასკუპდება ხოლმე ამდენ ხალხში მუხლებზე თავის ქმარს, თითქოს მარტონი იყვნენ. კოცნის, ეფერება, ენას უჩლიქავს, ხელებს ისე უფათურებს, უხერხულობისგან თვალები სად წავიღო, აღარც კი ვიცი. თან – თითქმის შიშველი დადის. რომ გადაიწევა, ლამისაა საცვალი გამოუჩნდეს. სულ დაძაბული ვარ. ისევ სისულეებს ვამბობ, რამ უნდა დამძაბოს?! ან ის რამ ათქმევინა – ლანა, რამდენი ხანია, შენს ქმართან სექსი არ გქონიაო… სპეციალურად მეუბნება, რომ გამაცოფოს. ჩემს ძმას რამე უნდა მოვუხერხო, რომ იმ ქალს თავი დაანებოს და კიდევ კარგი, შვილი არ ჰყავთ!

არა, არ მომწონს მისი სუნთქვა. უნდა დავიყოლიო, რომ ექიმთან წამომყვეს. რამე უნდა მოვახერხო! არ იღვიძებს ნეტავ?! მისი საყვარელი კუპატი მოვუმზადე.

–რომელი საათია? – მკითხა ზურამ.

–თორმეტი დაიწყო.

–რამდენ ხანს მიძინია?!

– ივახშმებ?

-ცოტა ხანში.

ასე რომ უშტერდება თვალები, რაღაცაზე ფიქრობს და არ უნდა შეაწუხო. სამზარეულოში გავედი, გაწყობილ სუფრაზე უყვარს საუზმობაც, სადილობაც და ვახშმობაც. ბებიაჩემი მასწავლიდა – კაცს ისეთი კომფორტი უნდა შეუქმნა სახლში, თავი სამოთხეში ეგონოს და არასდროს წავა შენგანო და კიდევ, სასთუმალი არ გაუყო ქმარს. მე და ბაბუაშენს ერთ ბალიშზე გვეძინაო. ისევ იმ თავის ბუღალტერს ელაპარაკება… ყველაფერი ამის გასაკეთებელი როგორაა?! აბა, ჩემი ძმა იმ საზიზღარ ქალსაა გადაყოლილი!

მგონი, დამთავრა ლაპარაკი: ზურა, მოდი, ვახშამი მზადაა, – არ ესმის თუ რატომ არ იღებს ტელეფონს ან ვინ უნდა ურეკავდეს ასეთ დროს?! ღამით სატელეფონო ზარების მეშინია – ომის გამოცხადებასავით ჩამესმის ყურში. თითქოს საცაა კარს შემოამტვრევენ. არა, რატომ არ უპასუხებს, ხომ მშვიდობაა?!

–ზურა, შენი ტელეფონი რეკავს, – ვეძახი სამზარეულოდან.

ზურას ხმა წყვეტილად მესმის, შევალ, მერე რა მოხდა?! არა, არ მომწონს ეს სატელეფონო ზარები. მიზეზი არ მაქვს. უბრალოდ არ მომწონს. გული მიჩქარდება ხოლმე და ჩამესმის იმ კახპის დამცინავი ხმა: „ლანა, რამდენი ხანია, შენს ქმართან სექსი არ გქონია?!“

(გაგრძელება მეხუთე ისტორიაში)

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები