ლიტერატურამეორეხარისხოვანი ბლოკიყირამალა

მეოცე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

პატარა სექსის დიდი ამბები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია მეოცე

ფერადი ფიქრების სიბნელე

(მოქმედი პირები: თეოს არატრადიციულივე ახალგამომცხვარი ნახევარძმა ლადო, თეოს არატრადიციული მეგობარი დიტო და თეო)

ბედი ხომ გინდა, ერთხელ დაიბადო და ისიც საქართველოში?! თან, მოახერხო და უკანონო–ნაბიჭვარი დედის შვილი გახდე?! მერე ადგე და არატრადიციული ორიენტაცია დაიჩემო?! მოკლედ, ამას მოხერხება უნდა. და მე ეს მოვიხერხ-გავიჩალიჩე. არა, ბედის უმადური მთლად არ უნდა ვიყო: არავინ მიბურღავს ტვინს, არც ტრადიციებით მბოჭავს ვინმე და ვერც ჭკუის დარიგებას მიბედავს. არის ცოდვაში გარკვეული ხიბლი, აშკარად. თუმცა ჩემთვის ეს ცოდვა, მაინცადამაინც, საინტერესო მხარით შემოტრიალდა და სულ ასე ბზრიალებს. ქართველობა ძნელია და თან სავალდებულოო, – ერთი წმიდანის სიტყვები მახსოვს. მაგრამ მე მთელი ჩემი არსებობით ვანგრევ ქართველობის სტერეოტიპს და სიძნეელების ახალ ბილიკებს ვალაგებ. არავის გაუგია, თუ როგორ მიჭირდა სკოლაში სწავლის დროს. ეს მინდა, დავივიწყო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ორმაგად ვიტანჯებოდი – საკუთარი ოჯახის გამო და მერე, ოდნავ მოგვიანებით, აღმოჩენილი სურვილების გაურკვევლობა მაგიჟებდა. მოკლედ, როგორც იყო… იყო, რა. მე მაინც გავიარე ეს დრო და უკან ჩამოვიტოვე. ახლა მითხრას ვინმემ, თუ კაი ბიჭია, რამე! მაგრამ ადამიანებს მხოლოდ ძალა აჩუმებთ. მათვის სულერთია, ცისფერი ხარ, ნაბიჭვარი თუ წმიდანი – მთავარია, ძალა გქონდეს და შენი ეშინოდეთ. თორემ ერთნაირად გაგიგდებენ წიხლის ქვეშ, და არას დაგიდევენ, ვინ ხარ და როგორი ორიენტაციის. ამიტომ ვიარე კარატეზე. მერე კუნ-ფუს შავი ქამარიც დავირტყი. ახლა იოგას და სუნთქვას ვამუღამებ. მედიტაციაში ისე გავდივარ სინათლეში, უკან დაბრუნება აღარ მინდა ხოლმე. თუმცა არც იქ მაჩერებენ დიდი ხნით. ეტყობა, არსად არის ჩემთვის ადგილი. ნეტა, იმ სინათლეშიც ამ ორიენტაციის გამო უნდა დავიჩაგრო? ესაა სამყაროს ჰარმონიული წყობა და სამართლიანობა? ვითომ ჩემი ბრალია, ასეთ ოჯახში რომ დავიბადე და იმთავითვე ერთი კაცი წამლად არ მყავდა გვერდით. ქალებმა რაც მოახლაფორთეს – ეს ვარ…

რაღაც დღეს სენტიმენტალურ ტალღაზე გამეღვიძა. რა ხდება, ლადო?! ხომ არ გეწყება მორიგი დეპრესიონერა? თუმცა არც ესაა გასაკვირი – ქვეყანა, ხომ, ისეთი ქრონიკული დეპრესიის მატარებელია, აქ სხვაგვარად რომ იყო ადამიანი, ესაა საკითხავი, თორემ გულშემოყრილი და არეული, ზუსტადაც რომ ნორმაა. ჰოდა, ასე, აქ მაინც დავექვემდებარები სტანდარტსა და ნორმებს…

ისე, გუშინ მაგარი გავიწეწე. ის ტიპი ჩემზე „იდეინი“ აღმოჩნდა და კი მომიხაზა, მაგრამ ეს მოულოდნელობის ეფექტის ბრალია. დღეს უნდა ვნახო და „აბაროტი“ ავუღო, მე არ ვიყო ლადო ფორჩხიძე! ვიღაცა პიდერმა დამაგოიმოს… ნეტა, მეც ასე მომიხსენიებს სხვა? არა, მე რატომ? ყველამ ისიც, რომ ერთი ხელის მოძრაობით შემიძლია სამუდამოდ დავახეიბრო და ამის გაფიქრებასაც ვერ გაბედავს ვერავინ. აი, დიტო კი მეგესლება ხოლმე, მაგრამ დიტოსგან არ მწყინს, ვიცი, გულში რაც აქვს და მიტომ.

ა, ძაღლი ახსენე და…

–ახლა გფიქრობდი ზუსტად, გაგახსენდი თუ?

–როდის მყავდი დავიწყებული, დედუ? მაგრამ ახლა საქმიანი ვიზიტით ვარ შენთან და კარი გამიღო უნდა.

–არ მითხრა, რომ ამ უთენია ჩემს სადარბაზოსთან დგახარ!?

–არ გეტყვი! მაგრამ კარის გაღება მაინც მოგიწევს. მარტო არ ვდგავარ.

–გამოცანებით იწყებ დილას, დიტოიავ და არ წაიმტვრიო ცხვირი. მეორედ ოპერაციაც ვერ გიშველის, იცოდე…

–უფ, როგორ შემეშინდა! მიდი, გააღე ეს ცხრაკლიტული, რავა დამფრთხალი კურდღელივით ჩაკეტილხარ.

უყურე შენ?! ამ უთენია რატომ დგას ჩემს სახლთან და თან. მარტოც არ ვარო? ვითომ ის ამბავი გასკდა? თუ რამე ძველი კუდი გაახსენდა? არა, დიტო ისე არ დამადგებოდა სახლში. თან, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ. ვნახოთ, აბა. ისე, რა ინტუიცია მაქვს! გაფიქრებას ვერ ვასწრებ და სიტუაცია ადგილზეა.

–უფ, რა ძვირი სანახავივით იქცევი, დედი, თითქოს არ გიცნობდე, – დიტო შინაურივით ჩაეხეთქა ლადოს საყვარელ მოწნულ სავარძელში და ფეხი ფეხზე შემოიგდო. ეგრევე სიგარეტს დასწვდა და ღრმად დაარტყა ნაფასი, – აბა, ახლა სმენა იყოს და გაგონება! მე აქ საქმით ვარ და არა გავლით. დაჯექი, გოგო, რას დამდგარხარ, გინდა, დაგვყარო უწყვილოდ ეს ანგელოზივით ბალღები? ჰოდა, ასე, ლადოს ჭირიმები, ხომ გეუბნები, უჩემოდ შენი გზა ჯოჯოხეთზეც ვერ გადაივლის–მეთქი და დამიჯერო უნდა. თორემ სადაც წახვედი, ყველგან მე რომ დაგხვდი, ატყობ?

–დიტო, არ ვიცი, რა გინდა და არც ის, ეა ქალი რატომ მოიყვანე ჩემთან, მაგრამ, დროულად თუ არ ამოღერღავ, იცი შენ ჩემი ამბავი.

–ხოხ, ვინ არ იცის? თუმცა აგერ ამ ქალმა ჯერ არ იცის, რა საჩუქარი ერგო და ბარემ გაიგოს – იცნობდე: თეო! შენი დაიკო. აი, ეს კი ლადო – შენი ძამიკო. თუმცა, ეს ბოლო ვერსია პაწა დასაბუთებას მოითხოვს…

–დიტო, ტვინი აგტკივდა, თუ გინდა აგატკიო, რაც ტვინის ნაცვლად გითუხთუხებს მაგ დაპომადებულ თავში.

–თეო, ხომ გეუბნებოდი, საინტერესო სიურპრიზი გელის–მეთქი. აი, ეს არის შენი ძმა, თუ რა ვიცი, კიდევ რა ჰქვია ასეთ სანათესაოს. მე მოგიყვანე და ახლა თავში ქვა იხალეთ ორივემ, დავიღალე მე, რომელი უინსტონ ჩერჩილი მე ვარ ან თქვენ – რიბენტროპ-მოლოტოვი..

–რაებს ჩმახავ, შე უბედურო, ისტორია არ იცი, არ იცი, მაგრამ ენას კბილი რომ დააჭირო, მაგდენსაც ვერ ახერხებ, ხომ…

–ლადო, დამაცადეთ. მე მართლა საქმე მაქვს და მართლა თქვენი, შენი.. მოკლედ, მე და შენ საერთო პაპა გვყავს და ეს მისი თხოვნით…

–ეგ ბებერი ავაზაკი, ბაგრატიჩი, ხომ?

–ასე ბაბუაჩემს ნუ ახ…

–ვითომ რატომ? არ არის ბებერი თუ ავაზაკური საქციელი არ ეკადრება?

–მე მისი თხოვნით მოვედი და მინდა…

–აუ, შენ შიგ ხომ არა გაქვს, „დაიკო“? რა ბაბუა, რის თხოვნა, რისი ნათესაობა? მე საკუთარ ოჯახს არ ვაძლევ უფლებას, დაუპატიჟებლად მომადგეს და შენ ვის დაკარგვიხარ?

–მე არავის დავკარგვივარ! ასეა, მაგრამ შენთან მოსვლა იმ კაცმა მთხოვა, ვინც გამზარდა, ვინც დარდობს, რომ შენ ვერ გაგზარდა და ახლა ვხედავ, მართალს ამბობს – გაუზრდელი და ხეპრე ხარ!

–ფრთხილად, გოგონი, არ მოსრიალდე, აქ შენი ბაბუაშენის სახლი არ არის! და მე არ დამიპატიჟიხარ. დიტო, შე უდღეურო, ცოტა იყო, ეტყობა, შენთვის, რაც მიიღე ჩემგან და ვერ დაყენდი თუ?

–მე მხოლოდ მეგობრის თხოვნა შევასრულე. რას მერჩი, ლადო? და მოგიყვანე და ამის გამო ილანძღები? არა, მართლა არატრადიციული ადამიანი ხარ და ეგაა!

–წავიდეთ, დიტო, აქედან, ეს ტიპი აშკარად არ არის იმის ღირსი მასზე დრო დავხარჯოთ. ბაგრატიჩი იმაზე მეტად უნდა დარდობდეს, თურმე, ვიდრე ჰგონია…

–სადარდებელი რა მაქვს, შენი მოკლე ჭკუით? შენ რომ არ გგავარ, თუ შენი დაშტერებული ბებრუხანასავით რომ არ ვაკეთებ უბან-უბან ნაბიჭვრებს და არ ვყრი ღვთის ანაბარა? ადექით ახლა, აკრიფეთ ძონძები და გაეტიეთ აქედან, სანამ დაგნაყეთ და იმ გამოსირკუტუებულ ბებერს გადაეცი, დაივიწყოს ჩემი ასავალ–დასავალი. არ მყავს მე ოჯახი და მით უფრო, ბაბუა და დაიკო. ვაჰ, რა მარაზმია, ჩემი! გააჯვით აქედან და არსად გადამეყაროთ. შენ კიდევ, უბედურო დიტოია, გნახავ, როგორც საჭიროა და დაგელაპარაკები.

არა, რა! დილაც ამას ჰქვია. რას მოვიფიქრებდი, რომ წარსულის აჩრდილები დამატყდებოდნენ. მაინც, რა უცნაურია სამყარო. ვერასოდეს გათვლი, მეორე წუთში რას დაგახვედრებს… ბაგრატიჩიო. ვახ, ეს ბებერი ძაღლი, მაშინ უნდა მიმეთეთქვა, პირველად რომ ფული შემომთავაზა. ახლა გაახსენდა, რომ ბებიაჩემი მიაგდო და დედაჩემი თვალითაც არ უნახავს. ან თუ ნახა, შვილად არ გაუზრდია და ოჯახის კაცი იყო, თურმე, ბოლომდე. ჰოდა, დარჩი, შე პიდარასტო, ვინ გექაჩება ერთ ადგილას? გთხოვე რამე? ვინმეს სჭირდება შენი ფული და შენი ახლობლობა? რა არ გასვენებს… ეტყობა მიქელ-გაბრიელმა ჩამოუქროლა და ატყდა შიშით. მაგრამ ვერ მოგართვი, მე შენი ცოდვების მომნანიებელი სახელოსნო როდი მაქვს. საკუთარიც მყოფნის. ეს გოგო კიდევ, ტუტუცი! რამ მოათრია უთენია ჩემთან. რას ელოდა, ნეტა? მკერდში ჩავიკრავდი და ავქვითინდებოდი?!

გადამრევს ეს ხალხი! სულ „ცისფერების“ არატრადიციულობაზე იხოკავენ ღაწვებს და თვითონ იმდენ საზიზღრობას ჩადიან და თანაც ჩქმალავენ, თმა ყალყზე დაგიდგება კაცს. ჰა, ეს რა კალამბურია,  სად მაქვს თმა და საერთოდ, კაციც გადამეტებულია აშკარად. თუმცა ბაგრატიჩისნაირ კაცებზე უკეთესი კაცი თუ არ ვიყო, ჩემი დედას ვფიცავარ! ნაბიჭვრები უნდა ვამრავლო მაინცადამაინც და მჯიღი ვირტყა ბანჯგვლიან მკერდზე, რომ ნაღდი ქართველის წოდების ღირსი გავხდე? რატომ არ ვარ ვითომ ნაღდი და მაგარი ქართველი? სად წერია, როგორი უნდა იყოს ქართველი? ვინ ასრულებს ამ წესებს, დამანახვეთ და ვილაპარაკოთ. ლოთობენ, უსაქმურობენ. სადღეგრძელოების კაცუნებად იქცნენ. ქალებს თურქეთში თუ საბერძნეთში მიერეკებიან, რომ სხვისი „სუდნოები“ ასუფთავებინონ მყრალმა მოხუცებმა და იქ  და ასე ნაშოვნი ფულით ეს ვაჟკაცები აქ დომინოს ურახუნებენ და „ტაბურეტკას“ გვირახუნებენ, აქაოდა, ქართველობას გვართმევენო. მითხარით, რატომ არის ასეთი კაცი ნამდვილი ქართველი და მე არატრადიციული, „ცისფერი“ და მით უფრო, პიდერი?!

ჩემზე მეტად უყვარს სამშობლო და დედა იმას, ვინც საკუთარ დედას აგინებს წარამარა? ვინც თბილისში ქეიფობს, როცა სოხუმი იწვის და სამაჩაბლო ინგრევა? იმიტომ, რომ მაინცადამაინც ქალი უნდა გავჟიმო? ეს არის ქართველობის და ტრადიციულობის საკმარისი და აუცილებელი კომპონენტი? ამით განისაზღვრება კაცობა და ქართველობა? სხვა რა განსხვავებაა ჩვენს შორი? რითი მჯობია ასეთი კაცი მე, ლადო ფორჩხიძეს?  ჰოდა, სანამ პასუხი არ გაქვთ და სანამ ასეთები ხართ, თქვენი დედების მეც და გაიკმინდეთ ხმა…

ლადო დაჭრილი ლომივით ბდღვინავდა და საკუთარი ბუნაგის კედლებს აწყდებოდა. ეს მერამდენედ არწმუნებდა საკუთარ თავს, რომ სხვაზე ნაკლები არაფრით არის. რომ იყო ქართველი, სულაც, არ ნიშნავს იყო ჰეტეროსექსუალი და რომ მამაკაცობა და ადამიანობა იმით არ განისაზღვრება, ქალს ჟიმავ თუ მამაკაცთან გირჩევნია ჩახუტება… არწმუნებდა ლადო საკუთარ თავს და ვერა და ვერ უჯერებდა… მაინც იყო რაღაც და სადღაც, რაც ეწინააღმდეგებოდა და ვერა და ვერ იყოლიებდა ამ უხილავ მტერს, რომელიც ასე მუხანათურად ერჩოდა. ღრნიდა და მოსვენებას უკარგავდა. და როცა თავს წამოყოფდა, იცოდა ლადომ, რომ ის დღე გამწარებული იყო. და დღევანდელი დღის სიმწარე მთლად დიტოს მხრებს დააწვა. კარგი დღე არ ელოდა ამის გამო დიტოია ბოთეს და ახლა ლადო შურისძიების გეგმის დასალაგებლად ცდილობდა საკუთარი აშლილი ვნებების დალაგებას…

ჯადო-მადო, ანუ როგორ გამოვაშტეროთ ქმარი

(მოქმედი პირები: ეკა, ლანა და მკითხავი ლელი)

ლაშას მოვატყუე, სასაფლაოზე წასვლას არ ვაპირებდი, იმიტომ კი არა, რომ მეზარებოდა. დღეს არ მინდოდა, რატომღაც. მაგრამ ლაშას საზოგადოებას მეტს ვეღარ გავუძლებდი. არასდროს ვარჩევ, ადამიანი ცუდია თუ კარგი, ეგ ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, თუ მამძიმებს, ვწყვეტ კონტაქტს, თუ კონტაქტის გაწყვეტა შეუძლებელია, მინიმუმამდე დამყავს. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, რომ უგულო ვარ. ოღონდ მე არ ვეთანხმები, უგულო რატომ ვარ, შემაწუხებელ ადამიანებს რომ არ ვატანჯვინებ თავს?! თუ ვინმეს მოსწონს ტანჯვა, იტანჯოს, მაგრამ მე „პას“, გმადლობთ, არ მინდა და ისიც სულ გადადებული ფეხის ცერზე მკიდია, ვის არ მოეწონება. თუ არ მოეწონება და, ცივი წყალი დალიოს, ოღონდ საკუთარი მაცივრიდან.

ისე, მგონი, რაღაც მჭირს და გავლევ სიცოცხლის ბოლო წლებს კატების ან ძაღლების გარემოცვაში. არა, მაინც რომელი სჯობს: კატა თუ ძაღლი?! იქნებ – ორივენიცა?! ვიფიქრებ მაგ საკითხზე. ესეც ასე – ეს პრობლემაც მოვაგვარე. როგორ ამბობდა სოკრატე? სიამაყე მარტოობის ერთადერთი მეგობარიაო?! ეტყობა, არ იცოდა, რომ კატაც გამოდგება მაგ საქმისთვის და ძაღლიც. ვარ თუ არა სოკრატეზე ჭკვიანი?! რა თქმა უნდა – ოღონდ არ მაფასებს ეს უმადური კაცობრიობა.

რა უნდა მჭირდეს?! ჯადო ხომ არ მაქვს გაკეთებული?! სულ გავრეკე – ჯადო არა, კიდევ ჯაშუშები დამსდევენ, ეკამ არ გაბედოს პირადი ცხოვრების მოწყობაო?!

ვითომ, რატომ არ შეიძლება, ჯადო მქონდეს გაკეთებული?! და ვის უნდა გაეკეთებინა?! აბა, მე რა ვიცი?! ცოტაა მოცლილი?! ლანაც საეჭვოდ დუმს. ლელისთან, აბა, რისთვის მივიდა?! გენიოსი ვარ – ნამდვილად რაღაც უნდა, რომ უხიმანდროს ზურას. ნეტავ, რა თავში იხლიან ასე დაჭერილ კაცებს, გინდა ქმარი იყოს და გინდა – საყვარელი?! გამორიცხულია, მე ასე გამოვშტერდე.

მაგრამ აი, საგვარეულო წყევლების მჯერასავით. მოდი და, ნუ დაიჯერებ, ოთხი გვარი ამოგვიწყდა უკვე. ვითომ დამთხვევაა?! უცნაური დამთხვევა კი არის. ბებიაჩემი რა საშინელ ისტორიას მიამბობდა ხოლმე?! გახსენებაც არ მინდა, ისე მზარავს. არა, მაინც როგორ გაიმეტა ძმამ ძმა?! ვითომ მართალია ეს ამბავი?! ერთი დედაჩემს თავიდან უნდა მოვაყოლო. იქნებ რამეს მივხვდე, რატომ არ მეპიტნავებიან ეს მამაკაცები. იქნებ ქალები მომწონს?! არააა – ქალები არ მომწონს კატეგორიულად! ამ საქმეში გრანტებიც რომ თავზე დამაცვივდეს, ქალი გამორიცხულია!!!

აბა, რა ჯანდაბა მინდა?! რა მინდა და, უნდა გავარკვიო, მაქვს თუ არა ჯადო. აჰა, აი, ესეც – დაილოცა “გუგლი”, ყველაფრის პასუხი აქ არის…

თუ ლოგიკურად ვიმსჯელებ, უნდა მქონდეს მარტოობის ჯადო… აი, ეს იქნება… და როგორ უნდა გავიგო?! ოპა – ეს მეთოდი მარტივია. ამას ახლავე გავაკეთებ და გავიგებ ყველაფერს. მაგრამ სად ვიშოვო ახლა მე სოფლის კვერცხი?! ქარხნულიც შეიძლება, თურმე, თუ მაცივარში არ არის ნამყოფი. მეზარება… არა, არ მეზარება. ჩავალ „მარკეტში“ და ვიყიდი.

ვინ მოცლილი რეკავს?! ახლა ხელს ვერ შევიშლი. მერე გადავურეკავ, არ მგონია, ვინმე იღუპებოდეს, თუ ჩემს ხმას ვერ გაიგონებს…

ესეც კვერცხიც ვიყიდე, იმედია, მაცივარში არ ყოფილა. ჰო, რა უნდა გავაკეთო? წყალი ავავსო ჭიქაში. ჩავახალო კვერცხი ისე, რომ გული მთელი დარჩეს. კარგია. და მერე? მერა ჭიქა დავიდო კეფაზე და გავიჩერო სამ წუთს.

ვაჰ, რა ნელა გადის დრო. გამიშეშდა ხელი. ორივეთი დავიჭერ… თავზე არ გადამესხას. ახლა რომ ვინმე მიყურებდეს, ხომ იფიქრებს, გააფრინა ამ საცოდავმაო. ესეც ასე, აბა, ვნახოთ, რა მჭირს. როგორ ეწერა? თუ წყალმა ბუშტუკები გაიკეთა, სუსტი ჯადო გაქვთო, თუ ცილა თეთრ ხაზებად დაეკიდა წყლის ზედაპირს, დაგერხათო…

ვაი – ერთიც და მეორეც!!! არაა – სისულელეა! კვერცხით რომ ეს დგინდებოდეს, ამდენი მჩხიბავი კი არ იქნებოდა?! ვაა – ლელი მირეკავდა, თურმე. ნეტავ, რა უნდოდა?!

–ლელიკო, საყვარელო, ვერ გიპასუხე, ხელები მქონდა დაკავებული. არა მიშავს, შენ ხომ კარგად?! ლანამ არ გიპასუხა? მგონი, სახლში უნდა იყოს. ვეტყვი, რომ დაგირეკოს. დღეს უნდა მოვიდეს?! ვეტყვი, კაი, გკოცნი. კი, მეც გამოვყვები, – ტელეფონი გავთიშე და ხმამაღლა მივმართე ლანას, სანამ მის ნომერს ვეძებდი ტელეფონში: ლანა, ლანა, აი, დღეს კი შანსი არ გაქვს, ვერ მომტეხავ, სულ დაწვრილებით უნდა გავიგო, რას უპირებ შენს ზურას. ისე, კი დადგა დრო, ცოტა უწესოდ მოვიქცე, ამოვიდა ყელში ეს წესიერება. ადამიანები მაინც იმას ფიქრობენ შენზე, რაც უნდათ, რომ იფიქრონ, თავით სულაც მარილი რომ დაუნაყო. ჰოდა, ცოტას მეც ვიცუღლუტებ. ბოროტი ვარ? არაა – ბოროტი არ ვარ, უბრალოდ, როგორც მექცევიან, ვცდილობ, ისეთივე ხურდა დავუბრუნო. სახლიდან ასე მარტივად ვერ გავა, მე დავჭირდები, როგორც ალიბი და ზურგი. ამიტომაც მე – შენ, შენ – მე, ლანა, ძვირფასო.

–ლანა, ჰო, ეკა ვარ. ლელიმ დამირეკა, ვერ დაგიკავშირდა, დღეს უნდა მოვიდესო… აუცილებლადო და ისიც წამოიღოს, რაც ვუთხარიო… მე მხოლოდ ამბავი გადმოგეცი. საქმეები მაქვს, თორემ ხომ იცი, უარს არ გეტყოდი, თან, ისევ არ მინდა, რომ გამომაბუნძულოთ… ვხუმრობ, ვხუმრობ… რა პრობლემაა სახლიდან გასვლა? სადაც გინდა, იქ წახვალ. პრობაციონერი ხომ არ ხარ, რომ შენი გადაადგილების კოორდინატები ამცნო ერსა და ბერს?! თუ რამეს მოვახერხებ, დაგირეკავ ნახევარ საათში. ვნახოთ, ვერაფერს გპირდები, მთლად ჩემს იმედად ნუ იქნები.

არ მომწონს, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ ისიც რომ არ მომწონს, ასე რომ მექცევიან?! ცოდვაა, გავყვები და კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ მაინტერესებს მათი ოჯახის ამბავი. ღმერთმა მოახმაროს ის თავისი ზურა, თუ ასე უნდა. ბოლოს და ბოლოს, იმ დილემის წინაშე მაინც არ დადგება სიბერეში, კატა იყიდოს თუ ძაღლი?! – ჩავილაპარაკე ისევ ხმამაღლა და ლანას დავურეკე, აბა, რა ჩემი წონითი კატეგორია იყო ლანა, რომ ასეთი სულმდაბლობა გამომეჩინა და ლელისთან არ წავყოლოდი?!

–ლანა, წავიდეთ, უთხარი ზურას, რომ მე მომყვები სასაფლაოზე ან სადმე, რა ვიცი, შენ მოიფიქრე. ჩამომიარე. აა, მე ამოგიარო?! კარგი.

ფიქრი კი ისევ გულში განვაგრძე.

ნეტავ, ბოლოს ისე არ მოხდებოდეს, სანთელს დამაჭერინებდეს. სანთელი კი კარგია, მაგრამ იმ შტერმა ვითომ მართალი მითხრა, ჯადო მაქვს?! ლელის უნდა ვკითხო. არაა, ლელის არა! ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე!

ჩავიცვი, დავიხურე და ავედი ლანასთან. ლანა ხალათში იყო და დამინახა თუ არა, შესძახა: ეს რა მომივიდა, ეკა, კინაღამ დამავიწყდა, რომ დაგპირდი, წამოგყვები-მეთქი.

–ოჰო, გაჭირვება მიჩვენეო და, აგერ ლანასაც უსწავლია ეშმაკობები, – მაგრამ ეს ისევ ჩემთვის გავიფიქრე, ხმამაღლა კი ეს ვთქვი: ლანა, არ დამღუპო, მარტო არ გამიშვა, – თან, ხმაში საწყალი ინტონაცია გამოვურიე, თუ თამაშია, თამაში იყოს-მეთქი.

სამზარეულოში დავჯექი, ზურასთან ხელოვნური გასაუბრების თავი არ მქონდა. ლანა საკმაოდ სწრაფად გამოეწყო და გავედით. მანქანაში რომ ჩავსხედით, უცებ თქვა: ეკლესიაში უნდა გამატარო და კუთხეში რომ მარკეტია, იქაც უნდა შევიარო.

როგორც მივხვდი, მარკეტში პური იყიდა, შავი, მრგვალი. გზად ეკლესიასთანაც გავუჩერე. მალევე დაბრუნდა უკან. აი, იქ რა იყიდა, აღარ დამინახავს, ალბათ, ჩანთაში ჩადო-მეთქი, გავიფიქრე. ლელის კარი, ჩვეულებისამებრ, ღია ჰქონდა დატოვებული და ფეხი შევდგით თუ არა, მისი ხმაც წამოგვეწია:

–ქვემოთ ვარ, გოგონებო, ჩამოდით, – ჰოდა, ჩვენც ჩავედით.

–მოიტანე, რაც გითხარი? – საქმიანად ჰკითხა ლანას. ლანამ თავი დაუკრა. მე ფეხზე ვიდექი, რაღაც მეექვსე გრძნობა გარეთ მექაჩებოდა. იქ დარჩენის სურვილი არ მქონდა, რომ ლელის ხმა-ბრძანება ჩამესმა: რა უცხოსავით იქცევი, დაჯექი, ადამიანო. მექანიკურად დავმორჩილდი. დავრჩები, ჩემი რა მიდის?! ყოველდღე ხომ არ ვესწრები ქმრის გასაშტერებელ ცერემონიალებს?!

ლანამ ამოალაგა, რაც, ეტყობა, ლელიმ დააბარა, ვცდილობდი, არ დამენახა, მაგრამ თვალი მოვკარი შავ, მრგვალ პურს, წყლიან ბოთლსა და სანთლებს. დანარჩენი არ დამინახავს, პარკში იყო რაღაც გახვეული და ერთიც – ქაღალდში. ლელიმ გამჭვირვალე თასი აიღო, ჩაასხა ლანას მიერ მიტანილი ბოთლიდან წყალი, გარშემო ჩაამაგრა სანთლები, ყველა აანთო და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო. აი, ამ ადგილას უკვე თვალები დავხუჭე. ამის დანახვა აღარ შემეძლო. თითქოს ტრანსში ვიყავი. ლელის ხმა საიდანღაც შორიდან ჩამესმოდა. იქ ვიყავი და თან, არ ვიყავი. გარშემო სიჩუმე და სიბნელე ჩამოწოლილიყო. თავში ერთი აზრიც კი არ მიტრიალებდა: ყველგან ბნელოდა: თავშიც და გულშიც. ასე მეგონა, გულიც გამიჩერდა, არც სისხლი მოძრაობდა სისხლძარღვებში. ერთი ის იყო, რომ ფეხებში, წვივებში, თითქოს ჭიანჭველები დამიფუთფუთებდნენ. რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, არ მახსოვს, სიცივის შეგრძნებამ გამომაფხიზლა. თვალები გავახილე. ლელი ისევ ლაპარაკობდა, ოღონდ ამჯერად ლანას მიმართავდა: ხომ იცი, ამას რა შეიძლება, მოჰყვეს?! ცოტა გამოშტერდება, მაგრამ შენს იქით გზა არ ექნება. შენ გარდა ვერავის დაინახავს და შეამჩნევს,  სადაც უნდა იყოს, აი, იმ სანთელს დაწვავ, წითელს და მაშინვე შენთან მოვა. თუ შორს არის, არ გარისკო სანთლის გამოყენება, ისე იჩქარებს სახლში დაბრუნებას, რომ შეიძლება, რამე შეემთხვეს. ამ პურს დაფხვნი და ლეიბის ქვეშ დაუყრი. შარვლისა და პერანგის ჯიბეებშიც ჩაუყარე. საჭმელში კი, ოღონდ დაიმახსოვრე, მხოლოდ მის თეფშში, აი, ეს დაუმატე. არ აგერიოს, ვინმე სხვას არ ჩაუმატო, თორემ შენ იქნები ყველაფერზე პასუხისმგებელი, იცოდე! აი, ეს ჩაიცვი, როდესაც მარტონი დარჩებით. აბა, შენ იცი და ერთ კვირაში გელოდები, – და ახლა უკვე ჩემკენ შემობრუნდა ლელი და სიყვარულით მკითხა: შენ როდისღა გაგათხოვოთ?

–მგონი, ჯადო მაქვს, – წამოვროშე, თვითონაც არ ვიცი, რატომ და როგორ.

–ვიცი, მშვიდად მიპასუხა.

–იცი და ამდენ ხანს ჩუმად ხარ?! – თითქმის გავბრაზდი მე.

–და რომ მეთქვა, დამიჯერებდი?! რა თქმა უნდა, სიცილად არ გეყოფოდა. შენით უნდა მისულიყავი ამ დასკვნამდე.

–მომიხსნი? – თითქმის შევევედრე ლელის.

–აბა, რას ვიზამ?! – შენ ოღონდ მთხოვე.

–გთხოვ, – საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და ცოტა მეუხერხულებოდა, რომ გამოშტერებული ქალების რიცხვში ვეწერებოდი. ასე იცის სხვებზე ქილიკმა, გამომიჭირეს თუ არა პინგვინივით?! ჰოდა, ახია ჩემზე.

–თუ მთხოვ, მაგას შენ გარეშეც ვიზამ, – თვალი ჩამიკრა ლელიმ.

ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე: კარგი ლელი, წავალთ ახლა ჩვენც, თუ თქვენ უკვე დაამთავრეთ.

–წავიდეთ, – ამყვა ლანა, დიდი მადლობა, ქალბატონო ლელი, და ერთ კვირაში თქვენთან ვარ!

ლელი გადავკოცნე გამომშვიდობების ნიშნად. ლანას გზაში კრინტი არ დაუძრავს, არც მე. სახლთან რომ მივედით და მანქანა გავაჩერე, ლანა მომიტრიალდა: საერთოდ არ მცემ, არა პატივს?

–რატომ არ უნდა გცემდე პატივს?

–იმისთვის, რასაც ვაკეთებ.

–სხვის ქმარს ხომ არაფერს უშავებ, საკუთარზე ზრუნავ. თან, რა ჩემი საქმეა ეს.

–რომ დამირეკა იმ ვიღაც ტუტუცმა კაცმა, არ დავიჯერე, მაგრამ ზურას ტელეფონი ვნახე, სააბაზანოში იყო და ტელეფონი დარჩა გარეთ. ძალიან ბევრი გზავნილი მოუვიდა და იმიტომ მივაქციე ყურადღება. ელექტრიკოსისგან იყო. მაგრამ დამაეჭვა, ელექტრიკოსი ამდენს რას წერს-მეთქი და წავიკითხე ყველა. ის ქალი წერდა, რომ იცოდე, როგორ ლანძღავდა, მე მაგის მეასედიც კი არასდროს მითქვამს მისთვის და იმ დედაკაცის გამო არც კი მეკარება უკვე კარგა ხანია. ისე მიმართავდა, თითქოს მისი საკუთრება არის ზურა, თან, აგდებით და კატეგორიულად, ადრეც მღალატობდა, ვგრძნობდი მის ტანსაცმელზე უცხო სურნელებით, მაგრამ მე მაინც პირველი ვიყავი, ახლა კი, საერთოდ, ვერ მამჩნევს, – ლანამ ტირილი დაიწყო.

არც კი ვიცი ხოლმე, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს, რა უნდა ვთქვა, რომ თან ვანუგეშო და თან, ცეცხლზე ნავთიც არ დავასხა. ბოლოს ამოვღერღე: ხდება ხოლმე, შენ შენი სცადე, ლელი ნამდვილი ჯადოქარია, აი, ნახე, ყველაფერი გამოგივა და ძალიან ბედნიერად იცხოვრებთ. პირობას გაძლევ, ლელის ჩემს თავზე მეტად ვენდობი.

ლანამ გამიღიმა, ცრემლები მოიწმინდა: არავის უთხრა, გთხოვ.

–სამარე ვარ, ოღონდ შენც არავის უთხრა, რომ ჯადო მაქვს, – მეც ჩამოვართვი პირობა.

სახლში შევედი. ერთი სული მქონდა, აბაზანაში როდის შევიდოდი, რომ წყლისთვის გამეტანებინა დღევანდელი დღის ნეგატივი, რომ კარზე ვიღაცამ დარეკა. ამჯერად გავიხედე. კართან ზურა იდგა. გავაღე.

–ვიცი, სადაც იყავით შენ და ლანა!..

(გაგრძელება ოცდამეერთე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *