ლიტერატურაყირამალა

მეცხრამეტე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია მეცხრამეტე

„ცისფერი“ „ცისფრის“ ტყავს არ დახევს

(მოქმედი პირები: თეო და არატრადიციული დიტო)

დიტოსთან მეორე ჯერზე, როგორც იქნა, დროულად ავაღწიე, – ის იყო, ბოლო კლიენტს ემშვიდობებოდა და  პარალელურად და შეუმჩნევლად წინსაფარში ჩაკუჭულ „ზედნადებს“ (ასე ეხუმრება დიტოია მადლიერი კლიენტების დატოვებულ თანხებს ჩეკის მიღმა და სალაროს გარეშე) ასწორებდა. როცა ახლად თმა–წამწამდაგრძელებულმა ქალბატონმა კარი გაიხურა, დიტომ ასლარიანები ამოყარა და გაშალა, თან – ჰაეროვანი კოცნა მსტყორცნა და სანამ სააბაზანოში მიიმალებოდა, მომაძახა: დედი, ახლავე, მოვალ გონს და მოგხედავ. დაისხი ყავა და მეც ჩამომისხი, დავქლიავდი და ეგაა…

–ჰო,  მეც არ ვარ მთლად ფრთებშესხმული, რაღა დაგიმალო…და არც ყავა მინდა. შენთვის ვიზამ, – მივაძახე მეც და ფიქრებში წავედი: როცა ფალიაშვილზე ამოვუხვიე, უკვე ვიცოდი, რომ საერთოდ არ მინდოდა არც თმა, არც წარბი და არც მაკიაჟი. არაფერი მინდოდა და არავინ. რაღაცნაირად გამიქრა სურვილი, ხალისი და უნარიც კი, მეფიქრა საკუთარ გარეგნობასა და, მით უფრო, ზურას ცოლსა და მის ვნებებზე. მივხვდი, რომ დავიღალე. სრულად დავიღალე ასეთი ცხოვრებით. სულ ტყუილი, სულ დამალობანა, სულ დამნაშავის როლი, სულ ფიქრი და ტკივილი. ახლა ამას ბაბუაჩემის წარსული ცოდვები და მოულოდნელი აღსარება დაემატა. ამან, ეტყობა, ბოლო წვეთის როლი შეასრულა და … არა, რატომ უნდა მჭირდეს, მაინცადამაინც, მე ასეთი უსაშველო და უიმედო ისტორიები? პირველი სიყვარულიდან დაწყებული. არა შვილი, არა ქმარი, არა ოჯახი… როდემდე? და ახლა რა ავიტეხე? რის სხვისი ოჯახის დამგრეველი ვარ, მე სულელი? აქამდე ვიზამდი, რომ შემძლებოდა. სულ პირიქითაა – თავს დამნაშავედ ვგრძნობ ზურას ცოლის წინაშე. მათი შვილების წინაშეც. საკუთარ ოჯახს ხომ ვემალები და ვემალები?! მეგობრებს გავურბივარ. საკუთარ თავს არ ვუტყდები, რომ დავიღალე! რომ დავიშალე და ასეთი ცხოვრება არ მინდა! და რა მინდა? სიმშვიდე მინდა. მინდა ჩვეულებრივი, მარტივი, ქალური ბედნიერება. შაბათ-კვირას მინდა, თეატრში ვიარო ქმართან ერთად, მინდა, ბავშვები ვასეირნოთ, მინდა, სუფრები გავუშალო მის მეგობრებს… ღმერთო, ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ? რატომ არ შეიძლება, რომ ლანა გაეყაროს? სხვა შეუყვარდეს და წავიდეს? ან მოულოდნელად გარდაიცვალოს, ასეც ხომ ხდება? არა, ეს რა საშინელება გავიფიქრე! ღმერთო, მაპატიე, სულ გავრეკე! ეტყობა, მართლა ზედმეტი ვარ ამ სამკუთხედში და უნდა გავერიდო. მაგრამ როგორ? რომ არ შემიძლია? ასე მგონია,ზურას გარეშე უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ. რომ დასჭირდეს, მზად ვარ შხამით სავსე სასმისი დავცალო…

–თეო, თეო, გოგო! სად წახვედი? რა სახე გაქვს? შენ, მე მგონი, ერთი შემოლაწუნება მოგიხდება და ეგაა! აბა, დაჯდა, დალია ყავა, მოუკიდა სიგარეტს და დაფქვა! – დიტო შეშფოთებული მადგა თავზე და დოინჯშემოყრილი მათვალიერებდა. ეტყობა, მართლა ისეთი სახე მაქვს…

–სახე მეც არ მომწონს, ჰოდა, ამიტომ ამოვედი – მომხედე და მოსაწონი გახადე!

–მაგას მოევლება, დედი, მაგრამ შენ რაღაც არ მომწონხარ. რა ხდება? კიდევ რა გაქვს გასასწორებელი? ისევ შენი ბიჭი ცელქობს, ხომ? ნუ გამტანჯე, ამოღერღე!

–არა, ზურა… თუმცა, არც ვიცი, რას აკეთებს. ახლა მე სხვა საფიქრალი მაქვს, დიტო. და თან – რამდენიმე! შენი რჩევაც მინდა. და თან ერთ საკმაოდ დელიკატურ საკითხზე.

–მე თვით დელიკატურობა ვარ და დელიკატესიც, კსტატი. – დიტომ ჩაიკისკისა და მანერულად მიიტანა მარჯვენა თითები ნაოპერაციები ცხვირის ჩამოთლილ ნესტოებთან. მართლა ისეთი დახვეწილი და ნაპატიებია, ხანდახან მერიდება, მე რომ ქალი ვარ და დიტო კი… თუმცა, აბა, დიტო რა კაცია…

–ჰოდა, მომისმინე. სანამ მომხედავ და ქალს დამამსგავსებ, თუ ეს შესაძლებელია ამ სიტუაციაში, ახალი ამბავი მაქვს  და რა ვიცი, სხვას ვის ვეტყვი და ვინ დამეხმარება.

–გოგონი, ახლა აფხაზეთის დაბრუნებას თუ გეგმავ, მე ნუ გამრევ, პაციფისტი ვარ მე და დანარჩენზე მოგიკვდა ჩემი თავი!

–მოკლედ გეტყვი და პირდაპირ: ბაბუაჩემს, ბაგრატიჩს, ესე იგი, საიდუმლო ცოლ–შვილი ჰყოლია. არ გამაწყვეტინო, თუ ძმა ხარ! ახლა გამიმხილა და თან დამავალა, მივხედო მის შვილიშვილს, რომელიც  „ცისფერია” და ბაბუა ამაში თავს იდანაშაულებს…

–რაო? და ეს დანაშაულიაო? გადამრევს მე ეს ძველი ნაკომუნისტარი სასტავი! ბაბუაშენია, თორემ თავს ვერც შევიკავებდი!

–კაი, ახლა, საწყენად არაფერი მითქვამს! დახმარება მჭირდება. ჯერ ერთი, იქნებ იცნობ კიდეც, თუ არადა, მაინც უნდა გაგაცნო.

–შენ ფიქრობ, ჩვენ ისეთი, „წითელ წიგნში“ შესატანი ხალხი ვართ, რომ ყველა ვიცნობთ ერთმანეთს? დედი, სად ბანაობ? ამ ქალაქში თქვენზე მეტი თუ არა, ნაკლებიც არ უნდა ვიყოთ!

–კაი ახლა, ნუ აზვიადებ და ცოტა სერიოზულად მომხედე – ვერ ვარ მთლად ჩემს მოტორზე და ნუღარ მიმატებ!

–კაი, ჰო, მიპატიებია! გააგრძელე. და მე რა უნდა გავაკეთო?

–ფიქრობ, მე ვიცი, მე რა უნდა გავაკეთო? ბაგრატიჩმა, მიმიხედეო, გზაზე დააბრუნებასავით გამოუვიდა. მოკლედ, ჯერ ვნახო უნდა და მერე ჩამოვყალიბდებით დანარჩენზე. ჰოდა, მარტო ვერ მივადგები. გამომყვე უნდა.

–სულ ესაა? მე კი მეგონა…

–დიტო, შენ გეხუმრება და მე ახლა ნათესავების ორიენტაციების გარკვევა არ მესაჭიროებოდა. იცი შენ, რა პრობლემებიც მაქვს?!

–კაი ერთი, პრობლემა არა, ის გაქვს! მშვენიერი ნაშა ხარ! მაგარ კაცს ყვარობ, ახლა გაგალამაზებ და სულ გადარევ და ეგაა! აბა, ვინ არის ის შენი ძამიკო?

–ლადო ფორჩხიძე, სამხატვრო აკადემია დაუმთავრებია, ახლა უსაქმურადაა და დეპრესიაშიცო…

–ჰო, ეგ არ არის ადვილი საქმე. ლადო რთული ადამიანია…

–ესე იგი, მაინც იცნობ, ხომ?

–მასე გამოდის. და თან, იმაზე კარგად ვიცნობ, ვიდრე საჭიროა, რომ იცოდე.

–მე ინტიმური დეტალები არ მაინტერესებს! ერთხელ შემახვედრე და მერე ვნახოთ. ბაგრატიჩს სიტყვა მივეცი და უნდა გადავიტანო ეს შეხვედრაც.

–სასიამოვნო სიურპრიზი გელით ორივეს!

–დიტო, ახლა ამაზე არც ფიქრის და არც ამის მოსმენის ნერვი მაქვს. ჯერ ზურას დაბადების დღემ გადაიაროს. შეიძლება, ვერც გადავრჩე ცოცხალი და წინასწარ რატომ ავიკიდო თავსატკივარი.

–რავა, თავის მოკვლაზე ფიქრობ, თუ რაშია საქმე? დამიჯექი აქ, ისე უნდა დაგამუშავო, ცოლმა და ცოლის დებმა სულ ღერა–ღერა დაიპუტონ! გოგონი, ხომ არ დაგვეზვანოკებინა ისევ?

–ჰო, აბა! ისევ, თორემ სულ ლექსი დედაზე მოუყევი მაშინ!

–აბა, გოგო! რა უზრდელი ძროხაა! ვერ მომინელებია, ამიტომ მინდა, დავრეკო და გადავრიო!

–არა, ჯერ არ მინდა. არ მინდა, შეემზადოს და რაიმე მოიფიქროს. მოულოდნელობაა ახლა ჩემი მოკავშირე. იცი, ჯერ არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ! ერთი ფაქტია: მე ასე ცხოვრებას აღარ ვგეგმავ! უბრალოდ გავრეკავ და ეგაა. მაგრამ ამ სამკუთხედს როგორ დავშლი, ვერ მომიფიქრებია. რამე იდეა ხომ არ გაწუხებს, შემთხვევით?

–შემთხვევით არადა, ისე, კი მაქვს ერთი იდეა, ნა მილიონ! გააჩერე, გოგო, თავი და მისმინე! კაცი იგივე ბავშვია! მოფერება და კანფეტი უნდა, და კიდევ, სათამაშო. ძველი სათამაშო უნდა გატყდეს, რომ ახალი მოინდომოს. ჰოდა, მისი ძველი სათამაშო უნდა გავაფუჭოთ. გაიგე, დედი?

–ვერა, დიტო, მართლა ვერ ვხვდები, რის თქმა გინდა?

–არა, რა, სრულად დახშული გაქვს რუხი ნივთიერება და ეგაა! მომისმინე ყურადღებით:  ჩვენ, ნუ, ჩვენ, თქვენგან განსხვავებული და ამიტომ გონებაგამძაფრებული ადამიანები, ყველაფერს სიღრმისეულად ვაანალიზებთ. იმისათვის, რომ გადავრჩეთ და თან თქვენზე უარესად არ ვიცხოვროთ, ბევრი რამის გააზრება და წინჭვრეტა გვიწევს. ამიტომაც ჩემი ტვინი შენს ტვინზე სხარტია, დედი… მე გასწავლი, რა უნდა გააკეთო, რომ ზურამ ის გააკეთოს, რასაც შენ მოინდომებ… სამაგიეროდ, ლადოსთან ისე მოიქცევი, მე როგორც გეტყვი, შევთანხმდით?!

როდესაც „ბოზები ბოზობენ“, ქარავანი კი მიდის

(მოქმედი პირები: ლაშას ცოლი ქეთა და ბოზი მარინა)

მარინას ხმის გაგონება ისე გამიხარდა, მეგონა, ცა განათდა: სულზე მომისწარი, ახლავე უნდა გნახო, სად ხარ? მოვდივარ! – გახარებულმა ჩავძახე ტელეფონს, საიდანაც მარინას ოდნავ ხრინწიანმა ხმამ ამომძახა:

–თუ ასე გჭირდებოდი, ვერ დამირეკე?! თან, მე შენ გეტყვი, ოდესმე მოგიკითხივარ, თუ რამე არ გჭირდებოდა?! რა მოგივიდა? ქმართან ხომ არ გაქვს პრობლემები? რაც მე შენს გასაღებაზე ვიმუშავე. ჰაჰაჰაჰა, იცოდე, ჩემი ვალიდან ჯერ არ ამოსულხარ! ისე, გეკითხა, მე ხომ არ მიჭირს რამე, პირდაპირ რომ მეცი!

–შენი მოვალე ვარ კუბოს კარამდე, მიმსახურე, როგორც გაგიხარდება და როცა გაგიხდება. მარო, უნდა გნახო, მგონი, კვალიფიკაცია დამიჩლუნგდა, კაცებს ვეღარ ვაგდებ.

–მეც მჭირდები, შენი ნახვა მინდა და იმიტომ დაგირეკე. სად შევხვდეთ?

–კარგა ხანია, სახლიდან ვარ გამოსული, ჩემი ქმარიკო გაჭედავს, თუ სახლში არ მივედი. ამო ჩემთან. ან მითხარი, სად ხარ, გამოგივლი და ავიდეთ ჩემთან. ოღონდ “სკრომნად” ჩაიცვი, კაცი არ გადამირიო. ხომ გახსოვს, ჩემი შორეული ნათესავი ხარ, ქვრივი, თავისი მკვდარი ქმრის სახელზე რომ დნება?!

–კაი გამახსენე, რა დავაბოლეთ შენი ლაშიკო?! ეჰ, კარგი დრო იყო, შენც სულ წიწკვი იყავი. გამო ჩემთან, სახლში ვარ. ამასობაში შევიმოსები, როგორც პატიოსან ქვრივს შეშვენის.

–მოვფრინავ, – ჩავძახე ჩემს მაშველ რგოლს ყურმილში და მაშინვე ლაშას ნომერი ავკრიფე: ჩემი ბიჭი სად არის?! რატომ არ ახსოვს თავისი კნუტიკო?!დაგაგვიანდება?! სულ მარტო მიმაგდე დღეს მთელი დღეა…  მე კიდევ მასაჟი გავიკეთე დღეს, ისეთი ლაპლაპა ვარ, ისეთი, ხელს რომ დავისვამ, მე თვითონ ცუდად ვხდები… და კიდევ, ახალი საცვლები ვიყიდე, აბრეშუმის, შენ რომ მოგწონს, ისეთი. ზედ მაკვდება… გპირდები, შენც დამაკვდები… ლაშიკო, რა უნდა მეკითხა შენთვის, დეიდაჩემმა დამირეკა. რა რომელმა? აი, ქმარი რომ მოუკვდა და მთელი ცხოვრებაა გლოვობს. ისეთი საცოდავი ხმა ჰქონდა, გულმა ვერ მომითმინა და დავპატიჟე ჩვენთან. სანამ შენ მოხვალ, ფისუნია, ცოტას გულს გადავაყოლებინებ. კარგი, მადლობა. უუკეთილესი ადამიანი ხარ. ვგიჟდები შენზე. დღეს არ დაიღალო, ძალები შეინახე. ისე უნდა გაკრუტუნო, მეხვეწებოდე, დამინდეო. გკოცნი, იცი, სადაც…

ისე შევედი როლში, ის ცვედანი ზურა ლამის გადამავიწყდა. არა, ეს როგორ გამიბედა, მაგ უდღეურმა?! ჩემნაირმა ქალმა მაგასთან იკადრა და უარი მითხრა?! ოოო, შენ გაგითენებ ჯოჯოხეთს, შე უბედურო! ისეთს მოგიწყობ, ქალის დანახვაზე გაჟრიალებდეს კარგა ხანს!

არადა, მაგისი რა მიდიოდა?! რამეს ვთხოვდი თუ?! საცოდავი! ქალი წესიერად არც გაუჟიმავს, ალბათ. დაკვირვებული ვარ, ეგეთი ქათამი-ლოქო ცოლების პატრონებს საყვარლებიც მასეთები ჰყავთ. შენც „ლანა 2“ გეყოლება ხასად, არ გინდოდა, ხარისხიანად ჟიმაობა, მიიღებ ხარისხიან ჯოჯოხეთს! უჰ, გმადლობ, ღმერთო, მარინა რომ გამომიგზავნე…

ამასობაში მარინას სახლსაც მივადექი და დავურეკე: მოვედი, ჩამო. არა, მე ვერ ამოვალ. ისედაც დრო ცოტა გვაქვს, ლაშა არ დაბრუნდეს სახლში დროზე ადრე, კი თქვა, დამაგვიანდებაო, მაგრამ, ადრე რომ მოვიდეს და ვერ მოვასწროთ?!

მარინა ისეთ „სკრომნი ვიდზე“ იყო, გეგონებოდა, კაცს მხოლოდ „მარშრუტკაში“ თუ გახახუნებიაო. ერთმანეთი ჩავკოცნეთ.

–მარო, უნდა მასწავლო ეგეთები, უცებ როგორ მივიღო უმწიკვლო ანგელოზის სახე.

–ყველაფერს თავისი დრო აქვს, გენაცვალე. ცოტა გამოცდილება დააგროვე. ეგ წლებით მოდის, წლებით და კაცებით. შენ ჯერ კიდევ „მწვანე“ ხარ.

–რაღა „მწვანე“…

–შემოგევლე, მიაჩიჩინდი ამ ერთ ლაშას. ასე კი შორს ვერ წახვალ, ერთფეროვნება კლავს და კვალიფიკაციასაც გაკარგვინებს. მეტი კრეატივი, მეტი ინტრიგა, მეტი ექსტრემი, მეტი ადრენალინი. საფრთხის მოლოდინი ტვინს აიძულებს, იმუშაოს სწრაფად და შემოქმედებითად. ისეთ კომბინაციებს ჩახლართავ, თვითონ გაგიკვირდება, ეგ როგორ გამომივიდაო?! როგორ და ეგრე – ისეთები უნდა მოიფიქრო, ეშმაკს შეშურდეს.

მარინას ხრინწიან ხმას მონუსხულივით ვუსმენდი. დავაკვირდი, ეს ხრინწი უცხო ხალხთან ლაპარაკისას სადღაც უქრებოდა და ისეთ ბგერებს ამოუშვებდა ხოლმე, სირინოზი გეგონებოდა. თან, თვალებს ისე დააფახულებდა, როდესაც ვითომ თავის მკვდარ ქმარს იხსენებდა, თვალებიც ისე უწყლიანდებოდა, რომ არ ვიცოდე, მოგონილ ამბავს ყვება, მეც კი დავიჯერებდი. მაგრამ აი, ამ სიცილს ვერ უხერხებდა ვერაფერს. უსიამოვნო სიცილი აქვს, თითქოს ეშმაკი გიქირქილებს ყურთანო. მოკლედ, მე ახლა ყველაფერი „მეკიდა“, მარინას შურისძიების გეგმის სცენარი უნდა მოეწოდებინა ჩემთვის.

–დედაშენი როგორ არის? – მკითხა უცებ.

–ჯიგრულად.

–იმას რატომ არ დაურეკე რჩევისთვის?

–მარო, შენ ვინ შეგედრება?! დედაჩემი შენთან სად მოვა! შენ ამ საქმის ღმერთი ხარ!

–ღმერთს ნუ ახსენებ, არ მიყვარს, ხომ იცი. მკითხე მაინც, რატომ დაგირეკე. რა ტუტუცი ეგოისტი გოგო ხარ. ვერ გაგზარდა რა დედაშენმა?!

–მეგონა, ჩემს მოსაკითხად დარეკე.

–აბა, აბა, ჩემთან ეგეთები არ იყოს. დაბადებული არ იყავი, მე რომ ხალხს „ვაბოლებდი“. შენს მულს ლანა ჰქვია ხომ?

–ჰო. შენ საიდან იცნობ?

–ვიცნობ, არა ის კიდევ. მაგის ქმარს ზურა, ხომ?

–მეკაიფები?!

–შენზე რით უნდა ვიკაიფო, გოგონა?! მე მამრები მიყვარს, მაგრამ გპირდები, თუ ოდესმე მაგის გასინჯვას გადავწყეტ, პირველი შენ იქნები. ზურა ხომ ჰქვია?

–კი, მე მაგ ზურას „ზუბი“ მაქვს და შენ უნდა მატირებინო მაგისთვის ყოფა.

–იცი, ვინ არის მაგ ზურას საყვარელი? – ყურებს არ ვუჯერებდი. კოზირები თავისით მიცვივდებოდა ხელებში.

–შენ იცი? ვინ არის? მითხარი სასწრაფოდ!!!

–დაწყნარდი, ვერ გასწავლე მე შენ სიდინჯე. აჩქარება არ ვარგა. ვიცი და იმ გოგოს დედა უნდა მ—-ა და შენ უნდა დამეხმარო!

–მარო, ასეთი გამართლება წარმოუდგენელია! მიყვარხარ!!!! – ისეთ ხმაზე ავკივლდი, მარინამ დაფეთებულმა გადმომხედა, სულს ძლივს ვითქვამდი: ავიდეთ ჩემთან და ყველაფერს მოგიყვები.

მანქანის გასაღები დაცვას გადავუგდე, ახლა პარკირების ნერვი არ მქონდა. ლიფტში კრინტი არ დამიძრავს. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი გამართლება შესაძლებელი იყო. სახლში შევვარდი, ფეხსაცმელები მივყარე და მაცივრიდან წყალი გამოვიღე. პირი ისე მქონდა გამშრალი, ენას ვერ ვატრიალებდი.

–მე რამე მაგარი დამისხი, მომაძახა მარინამ და რომ დაინახა, „ჯინის“ ბოთლს წავეტანე, არაფერი დაუმატოო, მომაძახა.

მასაც დავუსხი და მეც დავისხი, ოღონდ ჩემი „ტონიკით“ გავაზავე. გადავუძახე და დივანზე მოვკალათდი: მომიყევი, რა გინდა ზურას საყვარლისგან?!

–ეგ ძუკნა ჩემი ლევანჩოს ცოლის დაქალია და მინდა, გავამწარო.

აღარ ჩავძიებივარ, მაგრამ ისე გამოცრა კბილებში, „დაქალიო“, მივხვდი, რაღაც ცუდად  ჩაუჭრა მაროს გზა.

–ახლა შენი ამბავი მომიყევი.

–მაგ ზურამ ისე დამამცირა, კინაღამ გავრეკე. ტიპმა უარი მითხრა და გამომაგდო!

–შენ? რათა? ის ძუკნა ასე ხარისხიანად აკმაყოფილებს ვითომ?! რა იცის ასეთი, ხომ არ მივებაროთ? – მარომ ისეთ ხმაზე გაიცინა, ლამის სისხლი გამეყინა. მტრისას, ამის გადაკიდება-მეთქი, გავიფიქრე. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მეშინოდა ამ ქალის, გულის სიღრმეში იმასაც ვფიქრობდი, ლაშა არ წამართვას-მეთქი, ამიტომ ვცდილობდი, ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. რა იცი, რა ხდება: ბოზი მაინც ბოზია. მაროს კი არადა, დედაჩემს არ ვენდობოდი მაგ ამბავში.

–მინდა, რომ ეგ ზურა გავაფუჭო, ჩემი ქმრის პონტში აქვს ფული, თავის ბიზნესში ჰყავს ლაშას და მაგის დაც იმიტომ მოათრია ცოლად, რომ მის ქონებას მოსჯდომოდა. მე, რა, პროსტა გართობა მინდოდა, აქ, ამ დივანზე, დავამუშავე ცოტა წუხელ და დღეს მინდოდა, დამეგვირგვინებინა, მაგრამ დამახვევინა მაგ ახვარმა.

–კაცად კაცი ვარგა? თუ რატომ გადაეკიდე?

–იდეალური ვარიანტია, არ აწყობს გაბაზრება, ამიტომ ლაშა ისე შეირგებდა რქებს, აზრზეც ვერ მოვიდოდა. თან, ეგ ჩემი მულიც არ მევასება, ცხვირაბზუებული მიყურებს და გამისწორდებოდა, თუ ქმარს გავუჟიმავდი, როცა მომინდებოდა. მაგრამ, როგორც უკანასკნელი ძუკნა, ისე გამომაგდო მანქანიდან. არადა, რაც მე დღეს მაგისთვის ვეცადე, მასაჟი, საცვლები, სურნელი…

–მანდ ცოტა რთულად იქნება საქმე, ქალის გაჟიმვაზე უარს არავინ ამბობს, ეტყობა, ის ქალი უყვარს, თორემ შენზე უარი რატომ უნდა ეთქვა?! არა უშავს, მაგას სხვანაირად მოვუვლით. თეოს…

–თეო ვინაა?

–შენი ზურას საყვარელი. მოკლედ, უნდა გამოვიჭიროთ ეგენი, დეტექტივს დავიქირავებ, პრობლემა არაა. გადავუღებთ ფოტოებს. ეგ ფოტოები ერთ ჩემს ნაცნობსაც სჭირდება ძალიან. ისე უნდა ვიჩალიჩოთ, რომ ლოგინშიც რამენაირად. ამას მერე დავგეგმავთ, რომ გავიგებთ, სად ხვდებიან ერთმანეთს. მერე შენ ამას აჩვენებ ზურას და დააშანტაჟებ.

–ფულს გამოვართმევ?

–მოიცა, რა დროს ფულია. ძაან „მწვანე“ ხარ, რა. ფულს არა, ეტყვი, რომ საიდუმლოს შენახვის სანაცვლოდ შენთან უნდა დაწვეს, ნუ, მე დაგარიგებ, რომ შეგიყვარდა და ასეთები. ამასაც გადავიღებთ, უკვე კამერით. და, საერთოდაც, ასეთ ჩანაწერს ბევრს დავაგროვებთ. აი, მერე მოსთხოვ ფულს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ცოლითაც გამოიჭერ და საყვარლითაც. ისე, ფული რად გინდა?!

–რავი, იყოს მაინც, ზედმეტი არ მაწყენს.

–კაი, ნახევარს მე მომცემ. მერე დაორსულდები ამ ჩვენი ზურასგან და გააჩენ ბავშვს და ასე გეყოლება გამოჭერილი მთელი ცხოვრება. ჰო, ერთი ისე უნდა მოახერხო, რომ ძალადობას ჰგავდეს, ექსპერტიზის ცნობასაც ავიღებთ დაზიანებებზე. რომ, თუ დაგვჭირდა, ისიც  თქვა, თითქოს იძალადა შენზე. მოკლედ, გამოჭერილი გეყოლება პინგვინივით. როცა მოგინდება, მაშინ დაუნგრევ ყველაფერს. დეტალებს გზადაგზა გეტყვი: მე გეუბნები, შენ ასრულებ და ჩემი ვალიც აღარ გექნება. მოსულა?!

–მოსულა! და შენ მერე?

–შენ ეგენი გააკეთე, რაც გითხარი და ჩემი საქმისა მე ვიცი. ჰო, კიდევ რაღაცეებს მოგცემ და ჩაუსხი ხოლმე იმ ზურას ცივ სასმელებში. აბა, წავედი ახლა მე. იფიქრე, რას როგორ იზამ. და ლაშას ხომ ასმევ ხოლმე, რაც გასწავლე, იმას?

–კი, აბა?! მაგას გამოვტოვებ?! – მარინა ავტომატურად გავაცილე. ვცდილობდი, დავმშვიდებულიყავი. ოო, დიდი და მხიარული ამბები იწყებოდა. გემრიელად გავიზმორე: არა, რა, კარგი რამეა ეს ცხოვრება. კარგი და გემრიელი!

(გაგრძელება მეოცე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *