გოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

მთაწმინდის პარკი, მამა დავითი, ბოტანიკური ბაღი და უნივერსიტეტის ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღეს?

ბიზნეს ინტერესებზე მორგებულები

დავით ნარმანიას მერობა „სულს ღაფავს“, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში დედაქალაქს ახალი მერი ეყოლება. როგორ შევა ნარმანია თბილისის ისტორიაში? – ამაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ერთი ამთავითვე ნათელია: მილიონი ხე, რომლის დაპირებაც ბატონმა ნარმანიამ 2014 წელს, ანუ საარჩევნო კამპანიის დროს დადო, მარადიულ ანეგდოტად დარჩება. ამას გარდა, ნარმანიას პასუხს, ალბათ, თბილისის მიწათსარგებლობის იმ გენგეგმისთვისაც მოსთხოვენ, რომლის დამტკიცებასაც „დღეებდათვლილი“ მერი კოსმიური სიჩქარით ცდილობს. რატომ არის „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ შექმნილი გენგეგმის პროექტი ცუდი? – ამ კითხვით საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარეს, გოგი ლორთქიფანიძეს მივმართეთ:

– ცუდსა და მიუღებელზე რომ არაფერი ვთქვა, ამ გენგეგმაში, ერთი შეხედვითვე, კონკრეტული ჯგუფების კონკრეტული ინტერესები ჩანს.

– ანუ, აქცენტს ბიზნეს ინტერესებზე აკეთებთ?

– დიახ. სხვათა შორის, ამ გენგეგმის მიხედვით, მთაწმინდის პარკი, მამა დავითი, ბოტანიკური ბაღი და, ასევე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შეტანა „გამორჩათ“. დაცვისა და რეგულირების ზონის ფარგლებს გარეთ არსებული ისტორიულ-კულტურული ღირებულებების ობიექტის დაცვის არეალების (ზონირების) რუკაში ეს ობიექტები უბრალოდ გამორჩენილი იყო და ბოლოს რუკაში შეიტანეს თუ არა, ცნობილი არაა.

– ვითომ, დაავიწყდათ?

– აი, მეც სწორედ ეს მაინტერსებს.

– ესე იგი, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო გენგეგმის პროექტს დაამტკიცებს, შეიძლება, უნივერსიტეტი ვინმეს ბიზნესინტერესებს შეეწიროს და დაანგრიონ?

– დანგრევა-არდანგრევაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ უნივერსიტეტი ისტორიულ -კულტურულ მემკვიდრეობის ზონაში აღარ შევა, გამორიცხული არაა, რომ იქ რაღაც მშენებლობა წამოიწყონ.

მოკლედ, ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობის ზონის მოხსნა იმას ნიშნავს, რომ ყველაფერ ამაში ვიღაცის კერძო ინტერესებია.

– არადა, გენგეგმის პროექტის ავტორები თავს იმით იწონებენ, რომ მათი ამოსავალი წერტილი თბილისში რეკრეაციული ზონების შექმნაა…

– მე იმას ვამბობ, რაც რუკაზე იკითხება, თორემ რეკრეაციული ზონის საბაბით მხოლოდ აგლაძის ყელთან, ანუ იმ ადგილთან დაკავშირებით იხელმძღვანელეს, სადაც ელიავას ბაზრობაა.

ისე, თუ გამწვანებაზეა საუბარია, მაინტერსებს, მხოლოდ ელიავას ბაზრობის ტერიტორია რატომ უნდა გამწვანდეს და არა, ვთქვათ, იგივე ხოშარაულის ქუჩის მიმდებარე სხვა ტერიტორიებიც?.

საერთოდ, გეგნგეგმის პროექტი, რომელიც „სიტი ინსტიტუტი-საქართველო“-მ შეადგინა, მე თუ მკითხავთ, უფრო კეთილი სურვილია. სხვათა შორის, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ პროექტმა თბილისში სამი ძირითადი პრობლემა უნდა გადაჭრას, თუმცა აქედან ორს გენგეგმასთან შეხება არ აქვს.

– რას გულისხმობთ?

– რას და, მაგალითად, რკინიგზის ქალაქგარეთ გატანას, რომელსაც თბილისის მთავრობას არავინ ჰკითხავს. დავუშვათ, რკინიგზა ქალაქგარეთ, მართლაც, გაიტანეს, მაგრამ თბილისის მთავრობას ამით გამოთავისუფლებული ფართობის განაშენიანებასაც არავინ შეეკითხება.

მოკლედ, ამ გენგეგმის პროექტით, მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ აგლაძის ყელი გაფართოვდება და მიმდებარე ტერიტორიას რეკრეაციული ზონის ფუნქცია მიენიჭება, სადაც მშენებლობის უფლება არავის ექნება.

– ბატონო გოგი, რამდენჯერმე ახსენეთ, გენგეგმის პროექტში ვიღაცების კერძო ინტერესები იკითხებაო. ეს „ვიღაცები“ მაინც, ვინ არიან?

– ეს არ ვიცი, მაგრამ ყველა, ვინც ქალაქგეგმარებაში ერკვევა, საყრდენ რუკას დახედავს თუ არა, მიხვდება, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ვამბობ…

– მე, როგორც რიგითი თბილისელი, ქალაქგეგმარებაში ვერ ვერკვევი. ამიტომ, მოდით, მარტივად ამიხსენით, ჩემთვის ამ გენგეგმის პროექტი ცუდი რატომაა?

– კი ბატონო, აგიხსნით. მაგალითად, დიდ დიღომში ცხოვრობთ, სადაც ახლა აგარაკები შენდება. ჰოდა, თუ საკრებულო ამ გენგეგმის პროექტს დაამტკიცებს, მშენებლობა შეიძლება შეიზღუდოს, რადგან იმ ადგილს ზონირება უკვე შეცვლილი ექნება, რასაც საჯარო და კერძო ინტერესს შორის კოლიზია მოჰყვება.

– რატომ?

– რატომ და, ზონირების შეცვლის შემთხვევაში, მივა იქ ზედამხედველობის სამსახური და მას, ვინც იგივე კოტეჯებს აშენებს, ჯარიმას გამოუწერს. კი ბატონო, ყველაფერ ამას შეიძლება, სასამართლო გარჩევა მოჰყვეს, მაგრამ ამასობაში კერძო მესაკუთრე ხომ დაზარალდება? იგივე პრობლემის წინაშე შესაძლოა, ის ადამიანიც აღმოჩნდეს, ვინც ბინას კანონის დაცვით აშენებს…

– ბატონო გოგი, თქვენი აზრით, ნარმანია და მისი გარემოცვა გენგეგმის მიღებას დაჩაქარებული წესით რატომ ცდილობენ?

– ჯერ ერთი, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის შექმნა ნარმანიას საპროგრამო დაპირებაა. მეორეც, გეგნგეგმის პროექტზე, ასე ვთქვათ, კონკურსი 2015 წლის გაზაფხულზე, კერძოდ, 21 მაისს, ესე იგი, ნარმანიას არჩევიდან 9 თვის მერე გამოცხადდა. კონკურსი, წესით, 18 თვე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ უფრო მეტხანს გაგრძელდა. მოკლედ, ამ გენგეგმის პროექტის გარდა, ნარმანიას სხვა დაპირება, პრაქტიკულად, არ შეუსრულებია.

– დედაქალაქის მმართველობა თავს იმით იწონებს, რომ ნარმანიამ მილიონი ხე დარგო. თქვენ კი ამბობთ, დაპირებები არ შეუსრულებიაო…

– მე კი არ ვამბობ, თავად ნარმანიამ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს, 700 ათასი ხე იქნება დარგულიო.

– ჰოდა, მილიონამდე რაღა დარჩა?!

– (იღიმის) რაღა დარჩა და, 300 ათასი.

სხვათა შორის, გენგეგმის პროექტის შექმნაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა. ამასთან, 400 ათასი დოლარი გერმანულ კომპანიას გადაუხადეს, რომელმაც კონკურსში მონაწილე კომპანიები შეაფასა.

– საქართველოში პროფესიონალი არქიტექტორები არ გყვავს, რომ შეფასებისთვის გერმანული კომპანია არ დაექირავებინათ?

– ეს ცალკე სალაპარაკოა. საერთოდ, მერიის საქმიანობას ე.წ. გერმანული კვალი წითელ ხაზად მისდევს. ისე, ვიდრე გენგეგმაზე კონკურსი გამოცხადდებოდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25%-იანი და გერმანული ორგანიზაცია KFW-ს 75%-იანი ფინანსური კონტრიბუციით უნდა განხორციელებულიყო პროექტი – „მომავლის ქალაქი“, რომელიც ათ მიმართულებას მოიცავდა. საბოლოო ჯამში, „მომავლის ქალაქის“ ეს ათივე მიმართლება „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ შექმნილი გენგეგმის პროექტში კოპირებით გადაიტანეს. გემრანული კომპანია „მომავლის ქალაქის“ პროექტშიც იყო ჩართული, თუმცა დღეს „მომავლის ქალაქზე“ აღარავინ ლაპარაკობს.

– ბატონო გოგი, გენგეგმის პროექტის შექმნით ფული გათეთრდა?

– ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია: ვიღაცების ინტერესები დაკმაყოფილდა.

– მაინც, ვერ გავიგე, რა ინტერესებზეა ლაპარაკი?

– წარმოიგდინეთ, 2030 წლამდე, საინვესტიციო კუთხით, 400 ჰექტრის ათვისება უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომაც მგონია, რომ გენგეგმის პროექტით ვიღაცების ინტერესის დაკმაყოფილება მოხდა…

გარდა ამისა, ისიც საგულისხმოა, რომ გენგეგმის პროექტს ფინანსური გათვლა არ ახლავს. ისიც უტოპიური სცენარია, რომ ამბობენ, შემოვლით რკინიგზას გავაკეთებთ, მაგრამ რკინიგზის ლიანდაგები დარჩება, რომელზეც მეტროს გავუშვებთო.

– ნარმანია და „სითი ინსტიტუტი-საქართველო“ იმითაც აპელირებენ, რომ დღემდე თბილისის გენგეგმა არ არსებობდა…

– როგორ გეკადრებათ! „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ შექმნილ დოკუმენტში პირველი ოცი გვერდი სწორედ ძველი გენგეგმების განხილვას ეთმობა…

– გენგემის ახალი პროექტი ძველ გენგეგმას ჯობია?

– ვერ ვიტყვი, რომ ის უკეთესი იყო…

– საერთოდ, გენგეგმა რამდენწლიანია?

– გააჩნია. მაგალითად, გენგეგმის ეს პროექტი სამ არჩევნებაზეა გათვლილი, ანუ თუ საკრებულო დაამტკიცებს, ამ გენგეგმამ 2030 წლამდე უნდა იმუშაოს, ესე იგი, ყველა მომავალმა მერმა ამ გენგეგმით უნდა იხელმძღვანელოს, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს გენგეგმა კი არა, უბრალოდ, კეთილი სურვილებია!

– გამორიცხავთ, ბატონო გოგი, რომ საკრებულომ გენგეგმის პროექტი არ დაამტკიცოს?

– საკრებულოც, ნარმანიასი არ იყოს, კარის გაჯახუნებაზეა. პირველი მოსმენით განხილვაზე, არ გამოჩნდა, საკრებულოს ეს დოკუმენტი მოსწონს თუ არა. უფრო მეტიც, პირადად მე, ისეთი შთაბეჭდილება შემექნა, რომ საკრებულოს წევრებიდან ეს 2500-გვერდიანი დოკუმენტი წაკითხული ერთსაც არ ჰქონდა!

– წეღან აღნიშნეთ, რომ გენგეგმის პროექტის შექმნა 2 მილიონ 800 ათასი დაჯდა. იცით, ეს თანხა კონკრეტულად რაზე დაიხარჯა?

– არა და არც ისაა ცნობილი თუ როგორ განაწილდა ფული ქართველ და უცხოურ მონაწილეებს შორის. ალბათ ძირითადი თანხა, მაინც ხელფასებზე წავიდა. სხვათა შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ გენგეგმის პროექტის განხილვაზე განაცხადეს, დამსწრეთა უმეტესობა პროექტის შედგენაში იყო ჩართულიო. ჰოდა, იცით, როგორ გამოვიდა? – პროექტს ისინი განხილავენ, ვინც მის შექმნაში მონაწილეობდნენ. შესაბამისად, სულაც არ მიკვირს, რომ პროფესიული თვალსაზრისით, ერთი კრიტიკული შენიშნვაც არავის ჰქონია. უფრო სწორად, ერთადერთი კრიტიკული შეკითხვა დაისვა ტრანსპორტის თემასთან დაკავშირებით, რაზეც უპასუხეს, ამაზე კომპეტენტურები არ ვართ, სექტემბერში ჩვენი პარტნიორი გერმანული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და პასუხსაც ისინი გაგცემენო.

წყარო: Newpost.ge – ანა აბაშიძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები