უკატეგორიო

მოკბეჩილი ჩურჩხელა

– რას შვები?
– რავი ვარ, შენ?
– მე ცუდად, მაქაურობა მენატრება, ყველაფერი მენატრება.
– კარგია რომ გენატრება, ცუდი იქნებოდა, რომ არ მოგნატრებოდა!
– სიზმრებში სულ საქართველოში ვარ.
– შენც ჩამოდი, ხო დალიე ოკეანის წყალი? მაინც და მაინც უნდა გაიჭყიპო?
– სათქმელად იოლია!
– პირველ კლასში რომ ამბობდი „არ გავცვლი სალსა კლდეებსაო………”
– რა ვქნა, ერთი წელი დამრჩა, ახლა მივატოვო ყველაფერი?
– რაში გჭირდება დიპლომი? ქალის დიპლომი ოჯახია და სახლი!
– შენ გგონია ჩამოვალ და სახლში დაგიჯდები?
– ხო, არ იქნება ცუდი, კაცი ოჯახში რომ დაბრუნდება, ცოლმა უნდა გაუღოს კარი.
– გექნება გასაღები და შენ თვითონ გააღე.
– მე მთვრალი ვიქნები!
– სერიოზულად ამბობ?
– „დავლევ, დავლევ აბა რას ვიზამ!¬¬¬
– ლოთი ხარ?
– ლოთი კაცი, კაი კაცი.
– სულ არ ჩამოვალ, არ მოგყვები ცოლად!
– აბა რად მომყვები?
– არაფრად, სულ არ მიყვარხარ!
– მართლა?
– ხო მართლა!
– ხო კაი გეხუმრე…
– მეც გეხუმრე……
– ვიცი…
– იცი, დეიდაშვილი მოდის ჩემი? ისე მიხარია?!
– როდის მოდის?
– საახალწლოდ აქ იქნება. ერთად შევხვდებით ახალ წელს.
– ის რატომღა მოდის?
– მუშაობას იწყებს აქ ერთ ოჯახში და თან ისწავლის.
– გინდა გამოვატანო რამე?
– არა, ნუ წუხდები, არაფერი მინდა.
– არ ვწუხდები! შენ მითხარი, რა გინდა გამოვატანო!
– გითხრა? შემისრულებ?
– კი.
– შენი თავი მინდა!
– ჩემი თავი?! პაატა ხო არ ვარ?!
– საზიზღარო.
– ხო, კარგი, ხო იცი ვერ მოვდივარ!
– ვიცი, ისე ვთქვი.
– კარგი.
– იცი რა მინდა? ჩურჩხელა მინდა დედაშენის გაკეთებული. ხო გაქვთ სოფელში?
– კი.
– ჰოდა გამოატანე, ოღონდ თუ შენი სახლის არ იქნა, არ მინდა, არ იყიდო იცოდე!
– კარგი, 10 ცალს გამოვატან!
– იცი რა?
– რა?
– არ დამცინო, კარგი?
– კარგი.
– ერთს მოაკბიჩე და ისე გამოატანე!
– რატო?
– მინდაა! შენი სითბო გამოჰყვება!
– კაი, თუ გინდა ათივეს მოვაკბეჩ.
– საზიზღარო!
– კაი, სორი.
– არანორმალური ხარ.
– ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია.
– ხო ალბათ.
– ე. ი. ჩურჩხელები?
– მიიტან ჩვენებთან? ისინიც ატანენ ცოტა რაღაცას.
– კი. უხერხული ხომ არაა?
– უხერხული რა არის?! სულ შენზე ველაპარაკები ჩვენებს!
– კაი, მივიტან.
– გკოცნი.
– მეც.

* * *

– დე, რას შვებით, როგორა ხართ?
– კარგად შვილო, შენ რას შვები?
– სამეცადინო მაქვს ბევრი, საერთოდ ვერ გავდივარ გარეთ. ისე კარგად ვარ. არ ინერვიულოთ…
– კარგი შვილო!
– დე, ჩურჩხელები მოიტანა?
– კი მოიტანა.
– ხო კარგი ბიჭია?
– არის რა, მთავარია შენ მოგწონს!
– კი, მომწონს. წამოვიდა ნათია უკვე?
– კი დედა, თვითმფრინავში იქნება ახლა, გამოვატანე ყველაფერი რაც მთხოვე.
– ჩურჩხელა რამდენი იყო დე?
– ცხრა ცალი.
– მითხრა ათს გამოვატანო?
– ერთს მოტეხილი ჰქონდა ცოტა და ძმისშვილებმა შეგიჭამეს….

ლევან ლორია.

თეგები
იხილეთ მეტი