სპორტი

კიდევ ერთი ქართველის წრმატება მსოფლიო ასპარეზზე! 22 ქვეყნის აბსოლუტური ჩემპიონი ინფორმატიკაში – ნიკა ბირკაძე

ნიკა ბირკაძე ევროპის იუნიორ მოსწავლეთა ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონია ინფორმატიკაში!

ახლახან დასრულდა ოლიმპიადის გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც მედლების განაწილება დამტკიცდა. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ნაცნობი თუ უცნობი, ყველა გვილოცავდა ბირკაძის აბსოლუტურ პირველ ადგილს.

ქართველი მოსწავლე სრულიად ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონია….

ნიკა ბირკაძემ დიდი უპირატესობით მოუგო ყველა მის თანატოლს და ღირსეულად ჩაწერა თავისი გვარი და ქვეყანა სრულიად ევროპის ოლიმპიადების ისტორიაში, რომლის წერაც დღეს დაიწყო… კიდევ ორი ვერცხლი (თეიმურაზ თოლორაია და იოანე კაპანაძე) და ერთი ბრინაჯაო (გიორგი კობახია). ბიჭებმა პირველ ტურზე მიღწეული შედეგები არათუ შეინარჩუნეს, კიდევ უფრო გააუმჯობესეს და პოზიციები არ დათმეს. 1 ოქრო (და აბსოლუტური ჩემპიონობა), 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ბრწყინვალე შედეგია! გილოცავთ ყველას და სრულიად საქართველოს!

ზაზა გამეზარდაშვილი: მინდა ცოტა დეტალურად აღვწერო ის პერიპეტიები, რაც ევროპის იუნიორ მოსწავლეთა შეჯიბრის მეორე დღეს მოხდა ინფორმატიკაში.
ეს შეჯიბრი წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 22 ქვეყნის 85-მა მოსწავლემ მიიღო (არაუმეტეს 4 მოსწავლისა თითო ქვეყნიდან). ფავორიტებად (ძირითადად კოდფორსის რეიტინგებით) რუსი და ბულგარელი მოსწავლეები ითვლებოდნენ. შეჯიბრის პირველი დღის შემდეგ რუსი მოსწავლე დაწინაურდა, მას ცოტათი ჩამორჩებოდა ბულგარელი. მესამე ადგილზე ნიკა ბირკაძე იყო, რომელსაც რუსი და უკრაინელი მოსწავლეების ჯგუფი მოსდევდა. ქულებს შორის სხვაობა მცირე იყო და ყველაფერი მეორე ტურს უნდა გადაეწყვიტა.
ქართველმა მოსწავლეებმა მეორე ტური მძიმედ დაიწყეს. როცა 4-საათიანი შეჯიბრის თითქმის 3 საათი მიილია, ბირკაძეს და თოლორაიას მხოლოდ 20-20 ქულა ჰქონდათ 300-დან, კობახიას – 30 და მარტო იოანე კაპანაძის შედეგს ეთქმოდა ნორმალური – 120 ქულა, რითაც ის მყარად დამკვიდრდა ვერცხლის ზონაში. მწვრთნელები ვხედავდით, რომ ბირკაძე გამუდმებით პირველ ამოცანაზე მუშაობდა, რომელშიც 20 ქულაზე მეტი არცერთ მონაწილეს არ ჰქონდა (თითო ამოცანა 100-ქულიანია) და ხელს არ ჰკიდებდა მეორე ამოცანას, რომელშიც ლიდერების უმეტესობამ 100 ქულა აიღო. ნიკამ ორი დღის ჯამში უკვე მე-11-ზე გადაინაცვლა, თემურმა კი 27-ზე. მესამე საათის ბოლოს ცხრილის პირველ სამ ადგილზე რუსი მოსწავლეები დამკვიდრდნენ და რადგან ვერც მესამე ამოცანაში გროვდებოდა ბევრი ქულები, თითქოს მათი უპირობო ჰეგემონიით უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი. რუსი მწვრთნელები უკვე იმაზე ბჭობდნენ, თუ როგორ დალაგდებოდა პირველ სამეულში მათი მოსწავლეები, რომ მოულოდნელად ნიკამ პირველ ამოცანაში 100, ხოლო მესამეში 50 ქულა აიღო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, რაც უკვე ფარულ ლიდერობას ნიშნავდა, რადგან მეორე – შედარებით მარტივ ამოცანაში ქულების აღება ბოლო 1 საათში სულაც არ ჩანდა შეუძლებელი. თუმცა ნიკა ისევ არაორდინალურად მოიქცა. მან მესამე ამოცანაზე გააგრძელა მუშაობა, ცოტა ხანში მასშიც 100 ქულა აიღო და გალიდერდა. რჩებოდა ნახევარი საათი და რუს მოსწავლეებს ნიკას გადასასწრებად ძალზე მცირე შანსი ჰქონდათ, თუმცა ეს მცირე შანსიც მალე მოესპოთ. ნიკა მიხვდა, რომ მეორე ამოცანის სრულად ამოხსნას ვეღარ მოასწრებდა, არასრული ამოხსნით კიდევ 40 ქულა მიიმატა და სოლიდური 50-ქულიანი უპირატესობით დაამთავრა შეჯიბრი. ამასობაში თოლორაიამაც 100 ქულა აიღო მესამეში და მეორე დღის შედეგებით მეოთხე ადგილზე გავიდა, ჯამურად კი – მეთოთხმეტეზე, რაც ვერცხლის მედლის ტოლფასია.
მოკლედ, ევროპის პირველი ოლიმპიადის ჩემპიონი იუნიორებში ქართველი მოსწავლე გახდა. ორიოდე თვის წინ უფროს მოსწავლეებში ევროპის ჩემპიონი გახდა გიორგი კლდიაშვილი. აწი ალბათ, უფრო დაბალ შედეგზე საყვედურსაც გვეტყვით.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *