მეორეხარისხოვანი ბლოკიპოლიტიკა

მურუსიძეა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ოცნებამ სისტემა თავის სიმახინჯეებთან ერთად გადაიბარა

ორიოდ დღის წინ, ლევან მურუსიძემ განაცხადა: გირგვლიანის მკვლელების სასამართლოზე, მე თუ გავიხდიდი მანტიას და უარს ვიტყოდი პროცესში მონაწილეობაზე, ვინმე სხვა მურუსიძე გამოჩნდებოდა ჩემ მაგიერ და ის მოაწერდა ხელსო. ამ არსებამ, რომელსაც დღეს წამყვანი როლი აქვს დაკისრებული მოსამართლეთა შერჩევაში, ამ ფრაზით, უნებლიედ კი არა, სრულიად შეგნებულად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც შევარდნაძის დროს ძირმომპალი იყო, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ბოლომდე გაიხრწნა და აბსოლუტურად ჩამოშორდა მორალს. მორალი კი, სწორედ ის განზომილება და, თუ გნებავთ, კრიტერიუმია, რომლის გარეშეც ადამიანი, როგორც სახე და ხატი ღვთისა, ნამდვილად ვერ იარსებებს. ეს სწორედ ის საზომია, რომელსაც, ეტალონთა შორისაც კი, ვერ მოუნახეს ადგილი და მიწიერ, ყოფით ცხოვრებაში, ყველასათვის დაუწერელ უზენაეს კანონადაა მიჩნეული. აქამდე, ზუსტად მასზე დაყრდნობით დაწერილა ყველა კანონი, რომელმაც ჟამთა ცვლას გაუძლო და რომლისთვისაც საუკუნეებს ვერაფერი დაუკლია.

საუბედუროდ, ამორალური მიდგომა ყველა იმ ფასეულობისადმი, რაც ნორმალური ადამიანებისათვის საწყისთა საწყისია, არის იმ გულგრილობის შედეგი, რომელსაც, არა მარტო ხალხის ვითომდა რჩეული პარლამენტარები იჩენენ მსგავს პერსონათა შერჩევის დროს, არამედ საზოგადოებაც. სწორედ საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი ამ ხალხს ღიად და დაუფარავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნელ-ნელა ნაციონალებს დამსგავსებული ოცნება, თუ მომავალში ნებისმიერი „სათაურით“ ხელისუფლებაში მოსული ვაი-ხელისუფალნი, ისევ მურუსიძეებს გადააწყვეტინებენ ჩვენი შვილების ბედს – ისინიც ვერ ეღირსებიან სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას.

მურუსიძეა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ოცნებამ სისტემა თავის სიმახინჯეებთან ერთად გადაიბარა – მურუსიძისნაირთა გარეშე ხომ სისტემა ვერ იმუშავებდა.

შედეგი უკვე სახეზეა – სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, ვანო მერაბიშვილის უფლებები პროცესუალური ნორმების არამართლზომიერი გამოყენებით დაირღვა. იუსტიციის მინისტრ, წულუკიანის დამსახურებით სასამართლოსა და პროკურატურაში მოკალათებული მურუსიძეების ბრალია ეს გადაწყვეტილებაც. მათი გამოისობით, მერაბიშვილის საქმეში, რითაც პროკურატურა ამაყობს, ერთ-ერთი მთავარი ბრალდება დოკუმენტების ფალსიფიკაცია და ამისთვის შეფარდებული სამი წელია. არავის უფიქრია, ამ დამნაშავეს მკვლელობის შეკვეთისათვის აგებინოს პასუხი – გაიხსენეთ მისი ფრთიანი ფრაზა – ორი გვამი მჭირდება! არც აპირებენ ამისთვის პასუხი მოსთხოვონ, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ვერვინ გამოაცხადებს მას „პოლიტპატიმრად“ და ვერც ექვსწლიანი ციხით დააღწევს თავს პასუხისმგებლობას.

მალე მორალთან მწყალად მყოფ პროკურორ მურუსიძეებსაც მონათლავენ სისტემის მსხვერპლად და ისევ ქართველ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან უნდა წავიდეს საკმაოდ სოლიდური თანხები მათთან, ვინც მურუსიძეობის ტრადიცია დაამკვიდრა ამ ქვეყანაში.

ისევ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე, ხმაშეწყობილად გვთავაზობენ ერთმანეთს პოლიტიკურ არენაზე ქოცები და ნაცები, თანაც გვიმტკიცებენ, მორალის ადგილი ამ შერკინებაში არ არისო.

სახალხო პარტია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ გუნდიშვილი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები