ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

ნავთობის და გაზის რა მარაგია საქართველოში და რა სიმდიდრეს მალავს შავი ზღვას

ნინო ხაჩიძე

ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ გვაცნობა სიხარულით ბნელ 90-ანებში, საქართველო ნავთობსა და გაზზე დგასო და ისიც გვახსოვს, როგორ დალია ჭიქა ნავთობი ერთ-ერთ ჭაბურღილთან, ამის პარალელურად, აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ საძიებო სამუშაოები არ მიმდინარეობს ჯეროვნად, თორემ აქეთ – ნავთობი წაგვლეკავს და იქით – გაზი დაგვახრჩობს. ამასობაში, ანუ 2015 წელს ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, რომელიც საძიებო სამუშაოებს კახეთში ატარებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზის 42 მილიარდი კუბური მეტრი დაზვერილი მარაგი აღმოაჩინა. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ფრონტერამ” 5, 3 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აღმოაჩინა, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და, საერთოდაც, როგორია საქართველოს საგაზო და სანავთობო პერსპექტივა?  – ამ თემაზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის მთავარ გეოლოგს, ექსპერტ სოსო ღუდუშაურს გავესაუბრეთ.

რას ნიშნავს დაზვერილი მარაგები და რამდენი ამოვა რეალურად მიწის ზედაპირზე?

ჩვენს დარგში, ნავთობის გეოლოგიაში, ზოგადი ტერმინია ნავთობისა და გაზის რესურსი, შემდეგ მიდის მისი დეტალიზაცია, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს რესურსი იქნება მოპოვებული. ყველაზე მაღალი ალბათობის რესურსს ჩვენ ვუწოდებთ მარაგს, ეს არის იმ რესურსის კატეგორია, რომლის არსებობა დადასტურებულია ჭაბურღილების ბურღვის შედეგად და მოპოვება შესაძლებელია დღეს არსებული ტექნოლოგიით. შემდეგი ეს არის პირობითი რესურსი, რომელიც აღმოჩენილია ბურღვით, რათა ჯეროვანი სიზუსტით განვსაზღვროთ, თუ რა რაოდენობისაა, რა შესაძლებლობა არსებობს მის მოსაპოვებლად და არის თუ არა კომერციული, რადგან, თუ 1 000 კვადრატული მეტრი გაზის მოპოვება 500 დოლარი ჯდება და ამ დროს გასაყიდი ფასი 300 დოლარია, მის მოპოვებას აზრი არ აქვს. და ყველაზე უფრო ნაკლები ალბათობის რესურსია პერსპექტიული რესურსი, რომელიც არ არის შესწავლილი ბურღვით, მაგრამ გეოფიზიკურ და გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ არის წიაღის ამა თუ იმ უბანზე.

 

საიდან მოვიდა მაშინ ეს ტერმინი – დაზვერილი?

ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენს დარგში დასავლური ტერმინოლოგიაც იხმარება და ყოფილი საბჭოთაც. მე ახლა ჩამოვთვალე დასავლური ტერმინოლოგია. დაზვერილი მარაგი კი უფრო საბჭოთა ტერმინოლოგიას განეკუთვნება. ეს ორი ტიპის ტერმინოლოგია ერთმანეთთან ახლოსაა, მაგრამ ერთი და იგივე არ არის, რადგან საბჭოთა ეკონომიკა განსხვავდებოდა დასავლურისგან და არ იყო ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკასთან. დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას: თქვენ მიერ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა კატეგორიის რესურსზე იყო ლაპარაკი. მათგან ველით ოფიციალურ წერილს, რომლის წარმოდგენაც მათ ევალებათ საქართველოს კანონმდებლობით.

დღეს არსებული ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის რა მარაგია საქართველოში?

თქვენ სწორად გახსოვთ, რაც შევარდნაძემ თქვა თავის დროზე. დარწმუნებული ვარ, კარგად გახსოვთ, რას ამბობდა პრეზიდენტი სააკაშვილიც: მან მრავალგზის გაიმეორა, რომ საქართველოში ნავთობი და გაზი არ არის, როგორც ყოველთვის, სიმართლე სადღაც შუაშია. მშრალ ფაქტებს მოვიტან და თავად გააკეთეთ დასკვნები: საქართველოს წიაღიდან გასული საუკუნის 30-ანი წლებიდან დღემდე ჯამურად მოპოვებულია, დაახლოებით, 27,5 მილიონი ტონა ნავთობი და 3,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი. თუ აზერბაიჯანს შევადარებთ, ეს ცოტაა, მაგრამ, თუ სომხეთს, მოლდოვას ან ყირგიზეთს, მაშინ ბევრია.

თუ ამას შევადარებთ საქართველოს მიერ გაზის დღევანდელ წლიურ მოხმარებას, 1,8 მილიარდ კუბურ მეტრს, მაშინაც ძალიან ცოტა გამოდის.

დღეს საქართველო წლიურად მოიხმარს, დაახლოებით, 1,8-2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზსა და 800 000-დან 1 მილიონ ტონამდე ნავთოპროდუქტებს. გადავხედოთ, როგორ იცვლებოდა წლიური მოპოვება საქართველოში: გასული საუკუნის 30-ანი წლებიდან დაწყებული ნავთობის წლიური მოპოვება იყო რამდენიმე ათეული ათასი ტონა, მაგრამ საკმაოდ გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის დროს, იმიტომ რომ ომის დროს, სადაც კი საბადო იყო, მაქსიმალურად დაიწყეს საექსპლუატაციო ჭაბურღილების ბურღვა და იმ წლებში საქართველოში წელიწადში 55 000-56 000 ტონა ნავთობი მოიპოვებოდა. გასული საუკუნის 70-ან წლებში თბილისის ახლოს, სართიჭალასთან, აღმოაჩინეს მაღალდებეტიანი საბადო  „სამგორი“.მაღალდებეტიანს ვუწოდებთ ჭაბურღილებს, თუ ის დღე-ღამეში 10-15 ტონა ნავთობზე მეტს იძლევა. საბადო ექსპლუატაციაში 70-ანი წლების პირველ ნახევარში შევიდა და 1980 წელს უკვე საქართველოში ნავთობის მოპოვებამ წელიწადში 3 მილიონ ტონას გადააჭარბა და ასე იყო კიდევ სამი წლის განმავლობაში.

მერე სად წავიდა ეს ნავთობი?

ამ საბადოს გარდა, აქვე თბილისის ახლოს გაიხსნა საკმაოდ მნიშვნელოვანი საბადოები: „თელეთი“, „სამგორის სამხრეთი თაღი“, „რუსთავი“, „დასავლეთ რუსთავი“. ამ საბადოების  ექსპლუატაციაში შეყვანამ გამოიწვია წლიური მოპოვების ასეთი შთამბეჭდავი ზრდა. ამის შემდეგ ახალი, მაღალდებეტიანი საბადოების აღმოჩენა ვეღარ მოხერხდა. საერთოდ, როდესაც აღმოაჩენ საბადოს, ის არის ხელუხლებელი საბადო, იწყებ იქიდან მოპოვებას, მარაგი იკლებს და მოპოვების მიღწეული დონე რომ შეინარჩუნო, ამ უკვე გამოფიტულ საბადოს უნდა შეეშველოს ახლად აღმოჩენილი, ხელუხლებელი საბადო. მაგრამ შემდეგ ახალი, მსგავსი მახასიათებლების მქონე საბადოების აღმოჩენა ვეღარ მოხერხდა: მოგეხსენებათ, 80-ანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემა მოირყა და დასრულდა სრული კოლაფსით.
გაზის მარაგის მხრივ როგორი მონაცემებია?

გაზი არის ორი სახის: თავისუფალი, რომელიც წიაღში დაგროვილია ნავთობის გარეშე და თანმყოლი გაზი, რომელიც წიაღში დაგროვილ ნავთობშია გახსნილი. გეტყვით მონაცემებს, ძირითადად, თავისუფალი გაზის რესურსის შესახებ. საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით, გაზის ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე მარაგი არის, დაახლოებით, 7 მილიარდი კუბური მეტრი. პირობითი რესურსი – რომლის არსებობა ბურღვითაა დადასტურებული, მაგრამ არ ვიცით, რამდენად იქნება შესაძლებელი დღეს არსებული ტექნიკური საშუალებებით მისი კომერციული მოპოვება – დათვლილი გვაქვს 15,4 მილიარდი კუბური მეტრი. რაც შეეხება პროგნოზულ რესურსს – ასეთი დათვლილი გვაქვს, დაახლოებით, 150 მილიარდი კუბური მეტრი. ეს ციფრები არც ისე პატარაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რა თქმა უნდა, უპირველესად, უნდა ვიმუშაოთ იმ რესურსის მოპოვებაზე, რომელთა არსებობის ალბათობა უფრო გამყარებულია, ვგულისხმობ, 7 მილიარდ კუბურ მეტრს. რაც შეეხება ნავთობის რესურსს: მარაგებია 7,3 მილიონი ტონა, პირობითი რესურსი – 51,4 ტონა და პერსპექტიული რესურსი – 677 მილიონი ტონა.

დღეის მდგომარეობით, როგორია გაზის მოპოვების მაჩვენებელი?

ბოლო წლებში ჩვენ მოვიპოვებთ საკმაოდ ცოტა რაოდენობას. მაგალითად, გასულ წელს მოვიპოვეთ 15,6 მილიონი კუბური მეტრი გაზი.

ჩვენთან მოპოვებული გაზის თვითღირებულება როგორია?

ამის თქმა რთულია, იმიტომ რომ გაზი, რასაც ჩვენ მოვიპოვებთ, არის როგორც თანმყოლი, ისე თავისუფალი, რომლის ღირებულების დადგენაც ძალიან რთულია.

მაშინ ჩვენთან მოპოვებული ნავთობის თვითღირებულება ვთქვათ, თუ ეს შესაძლებელია?

ძალიან მიჭირს კონკრეტული ციფრების დასახელება, იმიტომ რომ 5 კომპანია მოიპოვებს ნავთობს და თან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, თუმცა შემიძლია გითხრათ ზოგადი მოსაზრება. ახლა დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ნავთობის ფასის ვარდნაზე მსოფლიო ბაზარზე: ნავთობის ყველაზე დაბალი თვითღირებულებაა ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად, საუდის არაბეთში ბარელი ნავთობის თვითღირებულება 4-5 დოლარია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვითღირებულება აქვს რუსეთში მოპოვებულ ნავთობს – 30-35 დოლარი. საქართველოში სადღაც ამათ შორისაა მოპოვებული ნავთობის თვითღირებულება, რადგან საქართველო გეოგრაფიულად ისეთ რეგიონშია, რომ ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მისი ბათუმამდე მიტანა დაგვჭირდება მხოლოდ. ნავთობის თვითღირებულებაში შედის სამი ძირითადი კომპონენტი: ბურღვითი სამუშაოები, საოპერაციო ხარჯი და ტრანსპორტირება. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, საექსპლუატაციო ბურღვა მინიმალური მოცულობით მიმდინარეობს ჩვენთან, რადგან ახალი საბადოები არ გვაქვს გახსნილი; ბუნებრივია, არის საოპერაციო ხარჯიც, მაგრამ ტრანსპორტირების ხარჯი ძვირი არ იქნება. წარმოიდგინეთ, რუსეთში ციმბირიდან ნოვოროსიისკამდეა ტრანსპორტირების გზა, ჩვენთან კი – ბათუმამდე. ამდენად, საქართველოში ნავთობის მოპოვება ცალსახად მომგებიანია დღეს არსებული ფასების პირობებშიც კი.

თქვით, რომ 1980 წლამდე საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობის ნავთობს მოიპოვებდნენ „სამგორის“ საბადოზე,  წელიწადში 3 მილიონ ტონას, მაგრამ ახალი საბადოების აღმოჩენა შეწყდა. არის ალბათობა, რომ იქ მართლაც იყოს ნავთობი და თუ არის, რით ვერ აღმოაჩინეს ამდენ ხანს?

არის ალბათობა და ის უცხოური კომპანიებიც სწორედ ამისთვის შემოვიდნენ. გარდა ბურღვითი სამუშაოებისა, ბოლო პერიოდში ჩატარდა სეისმოძიება როგორც საქართველოს ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში და ამ სამუშაოების შედეგად საქართველოში აღმოჩენილია 40-მდე პერპექტიული უბანი, სადაც ვვარაუდობთ, რომ იქნება ნავთობისა და გაზის საბადოები, მათ შორის, 6-7 უბანი არის შავი ზღვის შელფზეც. მათი ნაწილი არის აფხაზეთის მხარეს.

აი, იქ, სადაც „როსნეფტი“ აპირებდა ბურღვის დაწყებას?

დიახ, ხმა დადიოდა ამის შესახებ. მათ შორის, ასევე, გამოვლინდა ძალიან პერსპექტიული უბნები თბილისის სიახლოვეს. უახლოეს დღეებში ერთ-ერთ ასეთ უბანზე დაიწყება ღრმა შემფასებელი ჭაბურღილის ბურღვა კახეთში, მანავის ფართობზე.

ხშირად მსმენია, რომ თითქოს აზერბაიჯანისა და საქართველოს გაზისა და ნავთობის რესურსი დაკავშირებულია ერთმანეთთან და აქ იმიტომაც არ ბურღავენ, რომ აზერბაიჯანს არ დააკლდეს. ეს მართლაც ასეა?

არა. იმ დანალექი ქანების აუზი, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანში ნავთობი და გაზი მოიპოვება, გრძელდება საქართველოში, სურამის ქედამდე, აღმოსავლეთით კი – თურქმენეთისკენ. ამ თვალსაზრისით, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანის გეოლოგიასთან, მაგრამ ნავთობისა და გაზის საბადოები ძალიან ლოკალურ უბნებზეა გავრცელებული და ამიტომ საქართველოსა და აზერბაიჯანში აღმოჩენილი საბადოებიდან ნავთობისა და გაზის მოპოვებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ ეს მოსაზრება, მაგრამ რეალობას არ შეესაბამება. უბრალოდ მსგავსი გეოლოგიური აგებულებაა.

ანუ იმათ თავიანთი მარაგი აქვთ, ჩვენ – ჩვენი?

დიახ… აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდ სიტყვა შავი ზღვის შელფზე. შავი ზღვა ბოლო ათწლეულია მსოფლიოს დიდ ყურადღებას იქცევს, რადგან ის თავისი აგებულებით ძალიან ჰგავს, ერთი მხრივ, კასპიის ზღვას, რომელშიც გაზისა და ნავთობის ბევრი საბადოა და, მეორე მხრივ, ჩრდილოეთის ზღვას, რომელშიც ნორვეგია, ბრიტანეთი და ჰოლანდია მოიპოვებენ დიდი რაოდენობით ნავთობსა და გაზს, მაგრამ მათგან განსხვავებით, შავი ზღვა თითქმის შეუსწავლელია, განსაკუთრებით, ბურღვით. შედარებისთვის: ჩრდილოეთის ზღვაში რამდენიმე ათეული ათასი ჭაბურღილია გაბურღული, თუ არ ვცდები, 50 000-70 000, შავ ზღვაში კი – 200-ზე ცოტა მეტი. საქართველოს ნაწილში კი საერთოდ არ არის გაბურღული. უმეტესად საბჭოთა დროს ბურღავდნენ, ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით, უკრაინის შელფზე.

იპოვეს რამე?

მოიპოვებენ, მაგრამ ისეთი დიდი რაოდენობით არა, როგორც კასპიისა და ჩრდილოეთის ზღვებში. ანუ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ბურღვის თვალსაზრისით, შავი ზღვის აუზი თითქმის ხელშეუხებელია, ამიტომ შავ ზღვას უყურებენ, როგორც ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სამომავლო ახალ მძლავრ კერას. ამდენად, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. ამერიკულმა კომპანიამ „ანადარკომ“ საქართველოს კუთვნილ საზღვაო ნაწილში ჩაატარა კვლევები, მოამზადა ყველა პირობა ბურღვისთვის, შერჩეულია ადგილები, სადაც  უნდა გაიბურღოს ორი საძიებო ჭაბურღილი, მაგრამ ეს ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა: თუ ხმელეთზე 10-30 მილიონი ჯდება ერთი ჭაბურღილის გაბურღვა, ასეთივე სიღრმის ჭაბურღილის გაბურღვის ღირებულება ზღვაში, დაახლოებით, 100-150 მილიონი დოლარია. ასე რომ, აქ დიდი და მძლავრი კომპანია უნდა შემოვიდეს. მოგეხსენებათ, ომის დროს ყველა გენერალს თავისი ფრონტი მიაჩნია გადამწყვეტად. მეც, როგორც ნავთობის მრეწველობის წარმომადგენელს, მიმაჩნია, რომ ეს არის დარგი, რომელიც, ნავთობის ფასის დღევანდელ პირობებშიც კი, წარმატების შემთხვევაში ისეთ ბიძგს მისცემს ქვეყანსის ეკონომიკას, რის პოტენციალიც სხვა დარგებს ნაკლებად აქვს.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები