მეორეხარისხოვანი ბლოკიქალი და მამაკაცი

ნაშებო გემშვიდობებით! – აღდგომას ყველანი ჩემს სახლში შევხვდეთ…

პოპულარული ბიჭი ვიყავი (ისე, ახლაც პოპულარული ვარ ქალებში) და ეს, ცოტა არ იყოს, თავში ამივარდა. გოგოები ჩემ გამო ვენებს იჭრიდნენ და მეც დარწმუნებული ვიყავი, მუდამ ასე იქნებოდა, რომ „არჩევან-არადანში“ „არჩევანი“ ყოველთვის მე ვიქნებოდი, რომ ვერასდროს ვერც ერთი გოგო ვერ „დამიჭერდა ყურებით“, რომ ყველა ქალს ჩემს ნებაზე ვაბზრიალებდი… ჩემი ყველაზე ხანგრძლივი რომანი ერთ თვეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. საწყალი დედაჩემი აკლებული ჰყავდათ – თითოეული დღეში ასჯერ რეკავდა: ზოგი ტიროდა, ზოგი იმუქრებოდა, ზოგი ილანძღებოდა… მობილურზე ვერ მირეკავდნენ, რადგან კვირაში ერთხელ ვცვლიდი ნომერს. ცოტა გვიან მივხვდი ერთ რამეს: ასე ხშირად იმიტომ ვიცვლიდი „ნაშებს“, რომ ვეძებდი გოგოს, რომელშიც დავინახავდი არა მხოლოდ ინტიმის ან გათხოვების სურვილს, არამედ რაღაც სხვას – კდემას, ღირსებას, მეგობრობის სურვილს – ასეთი კი ვერა და ვერ ვიპოვე, ალბათ, ამიტომაც „გავგულავდი“.

რადენიმე თვის წინ კი სრულიად შემთხვევით, სამსახურში გავიცანი გოგონა. ძალიან საშუალო გარეგნობა ჰქონდა და ამიტომ თავიდან ყურადღება არც კი მიმიქცევია, მაგრამ თანდათან ისე დამაინტერესა მისმა პიროვნებამ, რომ გადავწყვიტე, მასთანაც გამომეყენებინა ჩემი შარმი და ცოტა ხანს გავრთობილიყავი. გადავწყვიტე და „შევუტიე“ კიდეც. მეგონა, გაუხარდებოდა, რომ ასეთი ბიჭის ყურადღება დაიმსახურა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, სალ კლდეს წავაწყდი. ზედაც არ შემომხედა, ვერც კი მამჩნევდა, არაფრად აგდებდა იმას, რომ ტყავიდან ვძვრებოდი მისი ყურადღების დასამსახურებლად. ამან ჯერ ძალიან გამაცოფა, მერე კი ინტერესში ჩამაგდო. თითქოს დავმეგობრდით კიდეც, მაგრამ ამის იქით ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიე წინ. თან, ისე იქცეოდა, შარსაც ვერ მოვდებდი. ისე დაიყენა თავი ამ ციცქნა გოგომ, რომ სულ წარბებში ვუყურებდი – რა ეწყინებოდა და რა გაუხარდებოდა. მერე ვიფიქრე, ამას ვაჩვენებ სეირს-მეთქი და საერთოდ აღარ ვეკონტაქტებოდი. თუ საქმეზე უნდა დავლაპარაკებოდი, ძალიან ოფიციალური და შეუვალი ვიყავი, მაგრამ ის თითქოს ვერ ამჩნევდა ამას, ისევ ჩვეულებრივად მექცეოდა. ერთხელ ავად გავხდი და ისე გადამყვა თან, მეგონა, ბოლოს სიყვარულში გამომიტყდებოდა, მაგრამ, როგორც კი ფეხზე დავდექი, მაშინვე მოუკლო სითბოს გამომჟღავნებას ჩემ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობთ, ვერაფრით დავითანხმე, ჩემთან სახლში მოსულიყო. არადა, უკვე ისე ვიყავი ინტერესში ჩავარდნილი, დედაჩემსაც კი ვუთხარი, მგონი, სერიოზულად შემიყვარდა და, თუ მისი გული დავიპყარი, მალე ცოლადაც მოვიყვან-მეთქი. დედას არც კი უკითხავს, ვინ არის ან როგორი გოგოაო, მაშინვე პირჯვარი გადაიწერა რამდენჯერმე, თვალები ჭერში აღაპყრო და ხმამაღლა დაიწყო ლოცვა: ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე, ოღონდაც ამის ჭკუაზე მოსვლას მომასწარიო.

ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვიტყუო ჩემთან სახლში, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდე-მეთქი და მოვიფიქრე: სამსახურში გამოვაცხადე: ინიციატივა შემომაქვს, აღდგომას ყველანი ჩემს სახლში შევხვდეთ-მეთქი. წინადადება ერთხმად მიიღეს. სახლი იმხელა მაქვს, თავისი ეზოთი, ორი იმდენი ხალხი დაეტევა. ამის პრობლემა არ არის, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ, რა მოხდება, არ ვიცი. რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩავიფიქრე, შეიძლება, ნინო სახლში აღარც კი გავუშვა და სამუდამოდ ჩემთან დავტოვო.

ასე რომ, ჩემო ძვირფასო „ნაშებო“, გემშვიდობებით, პირად ბედნიერებას გისურვებთ. ჩემი იმედი კი ნუღარ გექნებათ!

დათო ასათიანი – Fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები